რეზიუმე:
„საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ბათუმი თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცეს, ყალბია. რეჯეფ ტაიპ ერდოღანის განცხადება რეგიონში არსებულ კულტურულ და ისტორიულ კავშირებს ეხება. თურქეთის პრეზიდენტის ამავე გამოსვლაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ თურქეთი მეზობელი ქვეყნების გეოგრაფიულ საზღვრებს პატივს სცემს.
ანალიზი: 2016 წლის 26 ოქტომბერს ონლაინ გამოცემა „საქართველო და მსოფლიომ“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „თურქეთი თავს ბათუმის ოლქის სიუზერენად მიიჩნევს“. მიუხედავად იმისა, რომ სტატია 2016 წელს არის გამოქვეყნებული, ფაქტ-მეტრმა გადაწყვიტა სტატიაში მოცემული ინფორმაციის გადამოწმება, რადგან აღნიშნული სტატია კვლავ აქტიურად ხვდება სოციალურ ქსელში. გარდა ამისა, ბოლო პერიოდში სოციალურ ქსელებსა თუ სხვადასხვა ონლაინ გამოცემაში თურქეთ-საქართველოს ურთიერთობები და, მათ შორის, ბათუმის საკითხი ხშირად მანიპულაციური სახით ქვეყნდება.
„საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა რიზეს უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ჩამოთვალა ქალაქები, რომლებიც, მისი აზრით, თურქეთის საზღვრებში უნდა მოექცეს. “საქართველო და მსოფლიოს” თანახმად, ჩამოთვლილ ქვეყნებსა და ქალაქებს შორის პრეზიდენტმა ერდოღანმა ვარნა, კვიპროსი, ეგეოსის კუძულები და ბათუმი დაასახელა.
ამ ინფორმაციის გადამოწმებისას აღმოჩნდა, რომ “საქართველო და მსოფლიოს” მიერ გამოქვეყნებული სტატია ეხება 2016 წლის 15 ოქტომბერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში, ქალაქ რიზეში, თურქეთის პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას 2016-2017სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე. ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ერდოღანმა ისაუბრა თურქეთის ისტორიულ კავშირებზე ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებთან. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისტორიული და კულტურული ურთიერთობის გამო ამ რეგიონის ხალხებს შორის მჭიდრო კავშირებია. გამოსვლაში რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა ისაუბრა სირიის ქალაქ მოსულში მიმდინარე ოპერაციაზეც და განმარტა, რომ თურქეთი მუდამ მხარს დაუჭერს ჩაგრულებს: „თურქეთი ის ქვეყანაა, რომელიც მუდამ გულში იკრავდა დაზარალებულებსა და დაჩაგრულებს და არც ახლა მიატოვებს თავის მონათესავე ხალხს“. ამავე კონტექსტში პრეზიდენტმა საუბარი გააგრძელა რეგიონში არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე და განაცხადა: „ჩვენი ფიზიკური საზღვრები განსხვავდება გულის საზღვრისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ფიზიკურ საზღვრებს, თუმცა გულზე საზღვარს ვერ გავავლებთ“. ამ სიტყვებით პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ თურქეთი მეზობელ სახელმწიფოებში მიმდინარე პროცესების მიმართ გულგრილი ვერ იქნება და უპირველესად, აქ სირიაში მიმდინარე ამბებს გულისხმობდა. ამავე გამოსვლაში პრეზინდენტმა ახსენა საქართველო, უკრაინა, ყირიმი, აზერბაიჯანი, ყარაბახი, ბალკანეთი და ჩრდილოეთ აფრიკა იმის აღსანიშნავად, რომ ამ ტერიტორიებზე მცხოვრებ ხალხთან თურქეთს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ისტორიული ურთიერთკავშირების გამო. მან რიტორიკული კითხვა დასვა: „შესაძლებელია ბათუმის რიზესგან გამოყოფა“? „შესაძლებელია ედირნეზე ფიქრი სალონიკისგან განცალკევებით?“. ამ შეკითხვებით ერდოღანმა კულტურულ კავშირებს გაუსვა ხაზი და ახსნა, თუ რატომ არის რეგიონში მდებარე სახელმწიფოებთან ურთიერთობა თურქეთისთვის და თურქი ხალხისთვის პრიორიტეტული.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა თბილისშიც, რაზეც საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ზექი ლევენჩ გუმრუქჩუმა განცხადებაგააკეთა: „ბათუმი საქართველოა, რიზე კი თურქეთი... პრეზიდენტის გამოსვლა ასახავს რეგიონის ხალხების ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. ხალხების, რომლებიც მრავალი საუკუნის განმავლობაში გვერდიგვერდ ცხოვრობს. ეს არის ასევე ხაზგასმა სოციალური და კულტურული მსგავსების“.
აღსანიშნავია, რომ “საქართველო და მსოფლიოს“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში მოცემულია ასევე სიმონ კილაძესთან ინტერვიუ, სადაც რესპონდენტი საქართველო-თურქეთის ურთიერთობების ღია დისკრედიტაციას ახდენს. ინტერვიუში საუბარია ყარსის ხელშეკრულებასა და საქართველოს სუვერენიტეტისთვის ამ ხელშეკრულებიდან მომდინარე საფრთხეებზე. ყარსის ხელშეკრულებაზე ე.წ. შეთქმულების თეორიები დროდადრო ვრცელდება ინტერნეტ სივრცესა და სოციალურ ქსელში. ამ ხელშეკრულების ირგვლივ გავრცელებულ მითებსა და მათ უსაფუძვლობაზე დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ „მედიის განვითარების ფონდის“ მიერ მომზადებულ კვლევაში.