ფაქტ-მეტრი პრემიერის ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ჩვენ, პროექტების: „შეღავათიანი აგროკრედიტი“ და „აწარმოე საქართველოში“შესახებ უკვე ვწერდით, ამიტომ ამ პროექტებს აქ დაწვრილებით აღარ შევეხებით.
სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ გამართულ პრეზენტაციას ფაქტ-მეტრიც დაესწრო. პრეზენტაციაზე სოფლის მეურნეობის პროექტების მიმდინარეობის ამსახველი ბუკლეტებიც დარიგდა, სადაც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საწარმოების (როგორც ახალი, ასევე გაფართოებულ-გადაიარაღებული) შესახებ ამომწურავი ინფორმაციაა მოცემული: საწარმოს ტიპი, აგროკრედიტის რაოდენობა, მიზნობრიობა და დასაქმებულთა რაოდენობა. ჩვენ ამ ინფორმაციას დაწვრილებით გავეცანით და რადგან კვლევის საგანს ამ საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა წარმოადგენს, ყურადღება შედარებით დიდ საწარმოებზე გავამახვილეთ, სადაც დასაქმებულთა რაოდენობა 20-150 ადამიანის ფარგლებში მერყეობს. ჩვენ რამდენიმე საწარმო შევარჩიეთ და მათში დასაქმებულთა რაოდენობის დასადგენად უშუალოდ საწარმოების მფლობელებს დავუკავშირდით. ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებულ ინფორმაციას ქვემოთ გთავაზობთ:
შპს „ლაურუსმა“ 150 000 დოლარი "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში აიღო. გაარემონტა და მოაწყო დაფნის საწარმო, რომელიც ექსპორტს ყაზახეთსა და რუსეთში ახორციელებს. სეზონზე (რომელიც 6-8 თვე გრძელდება) საწარმოში დასაქმებულია 130 ადამიანი, მუდმივად კი - 30 ადამიანი.
შპს „ვაზიანი კომპანიმ“ "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში მიღებული 600 000 დოლარის ოდენობის სესხის დახმარებით ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. კომპანია ღვინის ექსპორტს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებს (უკრაინა, რუსეთი, ჩინეთი და სხვ.) მასში 40 ადამიანია დასაქმებული.
შპს „სდ ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიამ“ 420 000 დოლარის კრედიტით ციტრუსის გადამამუშავებელი ხაზების მოწყობა და შესანახი საწყობის და სამაცივრე მეურნეობის მშენებლობა დაასრულა. სამაცივრე მეურნეობაში სუბტროპიკული ხილის საექსპორტოდ შეფუთვა ხორციელდება. კომპანიაში მუდმივად 50 ადამიანია დასაქმებული, სეზონზე კი დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანამდე იზრდება.
შპს „ქართული ღვინის და ალკოჰოლური სასმელების კომპანიამ“ "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში 600 000 დოლარის ოდენობის სესხი მიიღო და ღვინის დასამზადებლად საჭირო დანადგარები შეიძინა. კომპანიაში დასაქმებულია 130 ადამიანი.
შპს „ფარნავაზმა“ 600 000 დოლარის აგროკრედიტი მიიღო. ის აწარმოებს ღვინოს, რომელიც ექსპორტზე გადის. საწარმოს წარმომადგენლის ინფორმაციით, დასაქმებულია 100 ადამიანი. სეზონზე დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება.
შპს „აბდ ჯორჯიამ“ 300 000 დოლარის ოდენობის სესხი მიიღო, რის საშუალებითაც ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა, სადაც ღორების სასაკლაოც არის მოწყობილი. ხორცისგან ძეხვს, სოსისს და სარდელს ამზადებენ. საწარმოში 200 ადამიანია დასაქმებული.
ინდმეწარმე ბადრი გერაძემ "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტით ისარგებლა და 150 000 დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. მან სასათბურე მეურნეობა მოაწყო, სადაც ძირითადად მწვანილი მოჰყავს და სარეალიზაციოდ რუსეთში გააქვს. მას 50 ადამიანი ჰყავს დასაქმებული.
შპს „სამეგობრომ“ 470 000 დოლარის ოდენობის სესხი მიიღო და ხილის გადამამუშავებელი საწარმო გახსნა. კომპანია ვაშლის ექსტრატს საექსპორტოდ ამზადებს. დასაქმებულია 80 ადამიანი, რომელთა რაოდენობა სეზონზე 150-მდე იზრდება.
შპს „თხილის საექსპორტო კომპანიამ“ 600 000 დოლარის ოდენობის კრედიტი თხილის გადამამუშავებელი საწარმოსთვის მიიღო. საწარმოში 180 ადამიანია დასაქმებული.
შპს “უნიგრეი ჯორჯიამ“ 150 000 დოლარის კრედიტით სოიოს გადამამუშავებელი საწარმო გახსნა, დასაქმებულია 90 ადამიანი.
შპს „ანკა ფეა თრეიდმა“ 600 000 დოლარის ოდენობის შეღავათიანი აგროკრედიტით თხილის გადამამუშავებელი საწარმო ააშენა. დასაქმებულია 20 ადამიანი, სეზონზე კი (ივლისი-დეკემბერი) 100 ადამიანი.
ჩვენ, სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებში დასაქმებულთა რაოდენობის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდანაც გამოვითხოვეთ. სააგენტოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, სულ, სამ პროექტში: „შეღავათიანი აგროკრედიტი,“ „გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი“ და „აწარმოე საქართველოში“ 10 644 ადამიანი დასაქმდება. დღეის მდგომარეობით კი, უკვე დასაქმებულია 9 165 ადამიანი, დანარჩენი 1 479 (679 ადამიანი „გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების“ პროექტის და 800 ადამიანი „აწარმოე საქართველოში“ პროექტის ფარგლებში) უკვე დაფინანსებული პროექტების განხორციელების შემდეგ დასაქმდება. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში დაფინანსებულ ახალ 89 საწარმოში 1 965 ადამიანი უკვე დასაქმებულია, გაფართოებულ-გადაიარაღებულ 580 საწარმოში 7200 ადამიანია დასაქმებული, მაგრამ ამ რიცხვში შედის დასაქმებულთა ის რაოდენობა, რომლებიც ამ საწარმოებში გაფართოება-გადაიარაღებამდეც მუშაობდნენ. ზუსტად რამდენი ადამიანი დასაქმდა საწარმოების გაფართოება-გადაიარაღების შემდეგ, რაც "შეღავათიანი აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში განხორციელდა, ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ვერ გვაწვდის.
დასკვნასოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მათ მიერ განხორციელებულ სამი პროექტის ფარგლებში 9 165 ადამიანია დასაქმებული, მათ შორის ახალ საწარმოებში (89) - 1 965, ხოლო გაფართოებულ-გადაიარაღებულ საწარმოებში (580) 7200 ადამიანი. ეს უკანასკნელი არის ამ საწარმოებში დასაქმებულთა საერთო რაოდენობა, რომლებიც მათში გაფართოებამდე და გაფართოების შემდეგ დასაქმდა. გაფართოება-გადაიარაღებამდე ამ საწარმოებში რამდენი ადამიანი იყო დასაქმებული, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია არ გაგვაჩნია.
ფაქტ-მეტრის მიერ მოპოვებული მონაცემების თანახმად, დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებულ პროექტების შედეგად 1 965 ახალი სამუშაო ადგილია შექმნილი (ახალ 89 საწარმოში), გაფართოებულ-გადაიარღებულ 580 საწარმოში დასაქმებულ 7200 ადამიანიდან რამდენია გაფართოების შედეგად დასაქმებული, ამის თქმა ზუსტად არ შეგვიძლია. თუ პრემიერ-მინისტრი თავის განცხადებაში ამ საწარმოებში გაფართოება-გადაიარაღებამდე დასაქმებულთა და გადაიარაღების შედეგად დასაქმებულთა საერთო რიცხვს გულისხმობდა, მაშინ მისი განცხადება სიმართლეა, ხოლო თუ იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ 10 000 სამუშაო ადგილი ამ საწარმოებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ფარგლებში შეიქმნა, მაშინ ის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანას ცდილობს.