გააკეთა: "გაზის გადასახადი ზამთარში უფრო ძვირია, ვიდრე ზაფხულში. ზამთარში 0.46 თეთრს ვიხდით, ზაფხულში 0.45 თეთრს. თუმცა, უკვე მესამე თვეა, "სოკარი ჯორჯია გაზი" ზამთრის ტარიფით გვახდევინებს გაზის გადასახადს. მსგავსი შემთხვევა 2013 წელსაც დაფიქსირდა. როდესაც მივმართე კომპანიას, მითხრეს, რომ ეს იყო კომპიუტერული ხარვეზი. ახლა კი, ისევ მეორდება ეს მარაზმი. მივმართავ კახა კალაძეს, კეთილი ინებოს და დაიცვას მოქალაქეების უფლებები, ასევე მივმართავ ქალაქის მერს, შოთა მურღულიას, დაიცვას თანაქალაქელები ძარცვისგან. შესაძლოა, ეს თანხა ვინმესთვის ცოტა იყოს, მაგრამ იურიდიული პირებისთვის სერიოზული თანხაა".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
გოგი წულაიას მიერ მოყვანილი მონაცემების გადასამოწმებლად ჩვენ "სოკარ ჯორჯია გაზის" სათაო ოფისს დავუკავშირდით და ტარიფებთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გამოვითხოვეთ. მოპოვებული დოკუმენტაციიდან დგინდება, რომ გაზის გადასახადის მაჩვნებელი მთელი წლის განმავლობაში ერთია და შესაბამისად ე.წ. "ზამთრის და ზაფხულის" განსხვავებული გადასახადი არ არსებობს. ამ საკითხის შესახებ ჩვენ კომპანიის პრესსამსახურის წარმომადგნელებსაც ვესაუბრეთ. მათი განცხადებით, გაზის ტარიფი ერთნაირია როგორც მთელი წლის მანძილზე, ასევე ნებისმიერი ქალაქისთვის და სოფლისთვის. შესაბამისად, აბონენტებისთვის რაიმე ტიპის განსხვავებული რეჟიმი არ არსებობს.
ე.წ. "ზამთრისა და ზაფხულის" განსხვავებული ტარიფის არარსებობა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისის (სემეკი) 2005 წლის 30 დეკემბრის დადგენილებიდანაც ირკვევა.გაზის მიმწოდებელი კომპანიების მიერ დაწესებული ტარიფები სწორედ ამ დოკუმენტის მიხედვით არის განსაზღვრული. შესაბამისად, სხვადასხვა ტიპის გადასახადის არსებობა კვლავ არ დასტურდება. დღეისთვის, ქართულ ბაზარზე სულ სამი კომპანია ("სოკარ ჯორჯია გაზი", "საქორგაზი", "ყაზტრანსგაზ თბილისი") ოპერირებს და მათ ტარიფის საკუთარი სურვილის მიხედვით დადგენის შესაძებლობა არ აქვთ. კანონმდებლობის მიხედვით, ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების და მოხმარების ტარიფის განსაზღვრა სემეკის კომპეტენციას ეკუთვნის და მიმწოდებელ კომპანიას მისი შეცვლა მხოლოდ სპეციალური ნებართვის მიღების შემდეგ შეუძლია.
განცხადების დაზუსტების მიზნით, ფაქტ-მეტრი პირადად ესაუბრა პარტია "თავისუფალი საქართველოს" ადგილობრივ ლიდერ გოგი წულაიას. მან ჩვენთან საუბარში კვლავ აღნიშნა, რომ ქუთაისის მოსახლეობა გამოყენებული გაზის სანაცვლოდ უკვე მესამე თვეა ე.წ. "ზამთრის ტარიფს" იხდის, თუმცა რაიმე დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. წარსულში, იყო შემთხვევები, როდესაც ცალკეულ მოქალაქეებს კომპიუტერული ხარვეზების გამო გაზრდილი გადასახადი დაერიცხათ, თუმცა სემეკისა და ენერგო ომბუდსმენის ჩარევით, აღნიშნული პრობლემები მალევე გადაიჭრა და სისტემური ხასიათი არ მიუღია.
დასკვნა
ე.წ. "ზამთრის ტარიფის" არსებობა არცერთ ოფიციალურ დოკუმენტში არ ფიქსირდება. "სოკარ ჯორჯია გაზიდან" და "სემეკიდან" გამოთხოვილი ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ ბუნებრივი აირის გადასახადი მთელი წლის განმავლობაში ერთია. ბაზარზე არსებული მიმწოდებელი კომპანიები ტარიფს სემეკის მიერ მიღებული დადგენილების მიხედვით განსაზღვრავენ, შესაბამისად, რაიმე ტიპის ერთპიროვნული გადაწყვეტილების მიღება და განსხვავებული გადასახადის დაწესება შეუძლებელია. ამასთან, წულაიას არ დაუსახელებია არცერთი კონკრეტული ფაქტი, რომელიც საწინააღმდეგო პოზიციას ამტკიცებს.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ გოგი წულაიას განცხადება არის ტყუილი.