ენმ-ის წარმომადგენლებმა - სერგო რატიანმა და მარიამ რამინაშვილმა. „ნაციონალური მოძრაობა“ აღნიშნულს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემაში არსებულ ქაოსს და მოუწესრიგებელ სიტუაციას უკავშირებს. მათივე განმარტებით, 2012 წელს, 2011 წელთან შედარებით, სასკოლო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა 17%-დან 12%-მდე შემცირდა.
ფაქტ-მეტრი სასკოლო გამოცდების შედეგებით დაინტერესდა.
სასკოლო გამოსაშვები გამოცდები მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასებში გაყოფილია. გამოცდების ნაწილს სკოლის მოსწავლეები მეთერთმეტე კლასის ბოლოს, ნაწილის კი, მეთორმეტე კლასის დასრულების შემდეგ აბარებენ. „ნაციონალურ მოძრაობაში“ განგვიმარტეს, რომ განცხადებისას, ისინი მხოლოდ მეთორმეტე კლასელების მიერ დაფიქსირებულ შედეგებს გულისხმობდნენ. შესაბამისად, ჩვენც სწორედ აღნიშნული მონაცემები გავაანალიზეთ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2015-2016 სასწავლო წელს 42 101 მეთორმეტეკლასელი იყო რეგისტრირებული. მოსწავლეების საერთო რაოდენობა კი, 553 914-ს შეადგენდა. რაც შეეხება წლების მიხედვით სტატისტიკას, ის შემდეგნაირად გამოიყურება:
ცხრილი 1: 11-12
კლასებში რეგისტრირებული მოსწავლეების რაოდენობა (2011-2016 წლები)
კლასი | |||||
2011-2012 | 2012-2013 | 2013-2014 | 2014-2015 | 2015-2016 | |
მე-12 | 40 257 | 41 947 | 38 079 | 40 876 | 42 101 |
სულ | 568 486 | 559 415 | 553 016 | 553 994 | 553 914 |
სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდაზე 47 098 მეთორმეტეკლასელი იყო დარეგისტრირებული (აღნიშნული არ ნიშნავს, რომ გამოცდაზე ყველა მათგანი გამოცხადდა). მათგან, ერთ ან მეტ საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 11 519-მა მოსწავლემ ვერ გადალახა.
2011-2016წლებში სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე რეგისტრირებული და მინიმალურ ზღვარს მიღმა დარჩენილი მე-12 კლასელების ჯამური რაოდენობა ასეთია:
ცხრილი 2:
სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე რეგისტრირებული და მინიმალურ ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების რაოდენობა (2011-2016 წლები)
წელი | 2011 | 2012 | 2013 | 2014 | 2015 | 2016 |
რეგისტრირებული მოსწავლეები | 46 549 | 41 483 | 37 945 | 38 153 | 44 517 | 47 098 |
ზღვარი ვერ გადალახა | 14 113 | 4 684 | 7 941 | 5 205 | 6 426 | 11 519 |
% | 30.3 % | 11.3% | 20.9% | 13.6% | 14.4% | 24.4% |
როგორც ცხრილიდან ჩანს, 2015 წელთან შედარებით, 2016 წელს სასკოლო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა თითქმის გაორმაგებულია. თითქმის იგივე სურათი გვაქვს, თუ 2016 წლის მონაცემებს 2012 წლის მონაცემებს შევადარებთ. 2016 წელს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა 2012 წლის მონაცემებს 2.5-ჯერ აღემატება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა კი არ გაოთხმაგდა, როგორც ამას პარტია მიუთითებს, არამედ გაორმაგდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაში სწორად არის აღნიშნული, რომ 2011 წელთან შედარებით, 2012 წელს სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა შემცირდა, თუმცა, აღნიშნული მაჩვენებელი 2013 წელს 9.6%-ით კვლავ გაიზარდა. 2014 წელს ეს რიცხვი კვლავ შემცირდა. 2015 წლიდან კი სასკოლო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა კვლავ გაიზარდა და 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, გაორმაგდა.
იმის გასარკვევად, ხომ არ შეიცვალა გამოცდების ჩატარების პრინციპი, ან გამოცდის ჩასაბარებლად საჭირო მინიმალური ბარიერის მაჩვენებლის აწევა ხომ არ მოხდა, ჩვენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ. ცენტრის დირექტორის მოადგილის ივა მინდაძის განცხადებით, სკოლის გამოსაშვები გამოცდების დავალებების სირთულე არ შეცვლილა და არც მინიმალური ბარიერი აწეულა. მისივე განმარტებით, წინა წლებთან შედარებით, სკოლის გამოსაშვებ გამოცდებზე რამდენიმე პროცედურული ცვლილება განხორციელდა. კერძოდ: წელს განსაკუთრებით დიდი ყურადღება მოსწავლეების ოთახებში შესვლის რიგითობას, რაოდენობას, მათ განლაგებას, ერთმანეთისგან დაშორებას და ოთახებში მეთვალყურეობას დაეთმო, რომ მოსწავლეების ერთმანეთთან გადალაპარაკება ან კარნახი მაქსიმალურად გამორიცხულიყო. „გამკაცრდა გამოცდის ჩატარების პირობები, რამაც, სავარაუდოდ, გარკვეული გავლენა იქონია შედეგებზე“, - განაცხადა ივა მინდაძემ.
კითხვას, ხომ არ არის სასკოლო გამოცდებზე ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობის ზრდა უშუალოდ განათლების სისტემაში არსებული სისტემური პრობლემების შედეგი, მინდაძემ უპასუხა: „ეს სცდება ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს, მაგრამ თუკი ზოგადად ვიმსჯელებთ, არის თუ არა პრობლემები და ხარვეზები განათლების სისტემაში, ალბათ, ყველა შევთანხმდებით, რომ გარკვეული პრობლემები ნამდვილად არის და ამ პრობლემების მოგვარებას სერიოზული მუშაობა სჭირდება“.
დასკვნა
სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებში მინიმალურ ზღვარს მიღმა დარჩენილი მოსწავლეების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2011 წელს დაფიქსირდა და გამოცდაზე რეგისტრირებული მოსწავლეების 30.3% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი 2016 წლის მონაცემებს 5.9%-ით აღემატება. შესაბამისად, იმის ხაზგასმა, რომ 2016 წელს სასკოლო გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობა გამოცდების ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალია, არასწორია. ამასთან, 2016 წლის მონაცემები 2012 წელს გამოცდებში ჩაჭრილი მოსწავლეების რაოდენობას თითქმის ორნახევარჯერ და არა 4-ჯერ აღემატება, როგორც ეს „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.
2016წელს გამოცდაზე ჩაჭრის მაჩვენებლი წინა წლის მონაცემებთან შედარებით თითქმის გაორმაგებულია. წელს სასკოლო ატესტატის გარეშე გამოცდაზე რეგისტრირებული მოსწავლეების თითქმის მეოთხედი დარჩა, რაც საკმაოდ მაღალი რიცხვია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სასკოლო გამოსაშვებ გამოცდებზე დავალებების სირთულე არ შეცვლილა და არც დადგენილი მინიმალური ზღვარი აწეულა. მოსწავლეს გამოსაშვებ გამოცდაზე საგანი ჩაბარებულად ეთვლება, თუკი ის 10 ბალიანი სკალიდან მინიმუმ 5.5 ქულის მოპოვებას შეძლებს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადება არის ნახევრად სიმართლე.