ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ საზოგადოებას ახალი ინიციატივა შესთავაზა. „საუბნო კავშირები“ - ასე ჰქვიაპროექტს, რომლის ფარგლებშიც ადმინისტრაციულ ერთეულებში საუბნო კავშირების (სულ თოთხმეტი, აქედან ორი - ბაგრატიონის ადმინისტრაციულ ერთეულში) შექმნა იგეგმება. როგორც პროექტის ინიციატორები აცხადებენ, სიახლე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, უფრო მეტად ჩაერთონ მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებაში, ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, მიიტანონ თვითმმართველობამდე ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული პრობლემები. ქალაქის თვითმმართველობას სურს, უფრო ეფექტურად მართვის მიზნით, ამომრჩეველთა სახით, მოკავშირეები შეიძინოს.

აღნიშნული ინიციატივის განსახორციელებლად, ბათუმის მერიამ, 33 200 ლარის ღირებულების მომსახურების შეძენაზე ტენდერი, 2018 წლის იანვარში გამოაცხადა. მონაწილეობა ორმა პრეტენდენტმა მიიღო - ა (ა)იპ „განვითარების აკადემიამ“, რომელმაც შემსყიდველს 32 416 ლარი შესთავაზა და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირმა ინტელექტმა, რომელმაც მიუთითა, რომ მომსახურებას 32 868 ლარად გაუწევდა. მერიამ, დაბალი ფასიდან გამომდინარე, განვითარების აკადემია აირჩია და მასთანგააფორმახელშეკრულება, რომელშიც წერია, რომ მიმწოდებელი თანახმაა, ბათუმში, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, საუბნო კავშირების ჩამოყალიბებისა და განვითარების მომსახურება განახორციელოს. იგულისხმება გაერთიანებების ჩამოყალიბებისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის შემუშავება, სადამფუძნებლო კრების ჩატარება, გაერთიანებისა და მმართველი საბჭოს არჩევა და მათთვის ტრენინგების ჩატარება. ქალაქის ბიუჯეტიდან გამოყოფილი 32 416 ლარით შემდეგი ღონისძიებები ფინანსდება:

ცხრილი 1: პროექტ „საუბნო კავშირების“ ხარჯთაღრიცხვა (ლარი)

დასახელება ღირებულება
ადამიანური რესურსი 15 109
საოფისე ხარჯი 900
ბუკლეტების ბეჭდვა 1 000
ტრენინგის მობილიზება 7 569
სატრანსპორტო ხარჯი 2 700
სხვა ხარჯი 191

წყარო:სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო,ხელშეკრულება#58

ხელშეკრულების თანახმად, ადმინისტრაციული ერთეულის საუბნო კავშირის საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების გაერთიანების საერთო კრება. ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებული ამომრჩეველი არის გაერთიანების წევრი, სათათბირო ხმის უფლებით. საუბნო კავშირის თავმჯდომარე აირჩევა ოთხი წლის ვადით.

ოპოზიცია საუბნო კავშირების შექმნას ეჭვის თვალით უყურებს. პროექტიგააკრიტიკაბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა „ევროპული საქართველოდან“ რაულ თავართქილაძემ: „ბათუმის მერია ემზადება ბიუჯეტის ხარჯების გამოყენებით საკუთარი პარტიის კოორდინატორების დასაქმებისა და მათი საპრეზიდენტო არჩევნებში გამოყენებისათვის“.

მერიის ამ ინიციატივას სკეპტიკურად აფასებს „ერთიანი ნაციონალლური მოძრაობაც“. საკრებულოს ოპოზიციური ფრაქციის თავმჯდომარე, მირდატ ქამადაძე, ფაქტ-მეტრთან საუბარში აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ ასეთი კავშირების შექმნა ამომრჩევლების „ირიბი მოსყიდვის“ საშუალებას იძლევა და არსებობს რისკი, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა საუბნო კავშირებს სწორედ ამ მიზნით გამოიყენებს.

აღსანიშნავია, რომ საუბნო კავშირების პოლიტიკური მიზნით გამოყენების რისკს არ გამორიცხავს ა(ა)იპ „განვითარების აკადემიის“ პროექტის მენეჯერი ტიტე აროშიძე: „თუკი ამხანაგობების თავმჯდომარეები ერეოდნენ პოლიტიკურ სიტუაციებში, იგივე შეიძლება მოხდეს ახლაც. [ინფორმაციისთვის, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თავმჯდომარეები იქნებიან საუბნო კავშირების წევრები]. პრინციპში, ამისგან არავინ დაზღვეული არაა, მაგრამ გააჩნია, თვითონ როგორ მოიქცევიან. ჩვენ რეკომენდაციას ვაძლევთ მათ, რომ აირჩიონ აპოლიტიკური ადამიანები, რომლებიც მხოლოდ სამეურნეო საკითხებით იქნებიან დაკავებული. თუმცა, რისკი არსებობს. როგორც წესი, ხელისუფლებას ყოველთვის აწყობს, ასეთი ორგანიზაციები მართული იყოს. გააჩნია, როგორ იქნებიან ეს ადამიანები ჩართული პოლიტიკურ სიტუაციებში. თუმცა, ძირითადად, ეს კავშირები იქმნება უშუალოდ სამეურნეო პროცესების წარსამართავად. ჩვენ ვატარებთ შეხვედრებს და ამ ადამიანების 99%-ს საერთოდ არ აინტერესებს პოლიტიკა. აქცენტს აკეთებენ პრობლემებზე. არ ვიცი, შემდეგში როგორ მოიქცევიან. ვფიქრობ, ორგანიზებულად რაიმე სახის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ“.

ჩვენ დავინტერესდით, რა აუცილებლობით იყო განპირობებული საუბნო კავშირების შექმნა, როცა უკვე არსებობს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები. ამ ორი წარმონაქმნის ფუნქციები, დაახლოებით, მსგავსია. თუმცა, როგორც მერიის საფინანსო სამსახურის უფროსმა არჩილ ვანაძემ ფაქტ-მეტრს განუცხადა, მერიამ ერთჯერადი ხარჯი გაიღო ტენდერში გამარჯვებული კომპანიის დასაფინანსებლად, რათა მან უზრუნველყოს საწყის ეტაპზე საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება, შეხვედრები, ტრენინგები და ა. შ. ამის გარდა, ბიუჯეტში სხვა ხარჯი გათვალისწინებული არ არის. ვანაძის თქმით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები გააგრძელებენ ფუნქციონირებას და სწორედ ისინი შეარჩევენ წარმომადგენლებს საუბნო კავშირებისთვის, რომლის თავმჯდომარის პოზიციაც არჩევითია. მისივე განმარტებით, თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობის მრავალი ფორმა არსებობს, მაგრამ მერიის ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ამ პროცედურების გამარტივებას და მოქალაქეებისთვის უფრო ადვილი იქნება, თვითმმართველობამდე პრობლემების მიტანა. აქედან გამომდინარე, არჩილ ვანაძემ ოპოზიციის კრიტიკა უსაფუძვლოდ მიიჩნია და გვითხრა, რომ პოლიტიკურ განცხადებებს ვერ გააკეთებს.

ფაქტ-მეტრმა შეისწავლა ბათუმის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულიინფორმაციასაუბნო კავშირების მიზნებისა და ამოცანების შესახებ. საიტზე წერია, რომ საუბნო კავშირების მიზანია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების წინაშე არსებული პრობლემების მოგვარება, მუნიციპალური პროგრამების დაგეგმვა მოსახლეობის ინტერესზე მორგებით, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება, მერის წარმომადგენლების ინსტიტუტის გაძლიერება, მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში და ა.შ. საჭიროა ყურადღება მივაქციოთ სამ ფუნდამენტურ საკითხს:

  1. საუბნო კავშირების შექმნით ხდება ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის რამდენიმე ფუნქციის დუბლირება.საქართველოს კანონშიბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ ამ ფუნქციების უდიდესი ნაწილი ისედაც გაწერილია (მაგალითად - ბინათმესაკუთრეების საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესება);
  2. ის იდეა, რომ ბინათმესაკუთრეთა ჩართვა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტირებაში უნდა მოხდეს, ასევე უკვე განხორციელებული იდეაა. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ჩატარებულკვლევაშითავმოყრილია ის პროგრამები, რომელსაც ამ მიმართულებით ბათუმის მუნიციპალიტეტი უკვე ახორციელებს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან ერთად. ამასთან, საუბნო კავშირების შექმნით ბიუროკრატიული ჯაჭვი, რომლის გავლაც მოუწევს რიგით ბინათმესაკუთრეს მერიის თანამშრომლამდე, შესაძლოა კიდევ უფრო დაგრძელდეს;
  3. ხელშეკრულებაში საუბარია იმაზე, რა მოხდება, თუ მიმწოდებელი ორგანიზაცია ხელშეკრულების პირობებს ჯეროვნად ვერ შეასრულებს, მაგრამ დოკუმენტაციაში არ არის მკაცრად განსაზღვრული, თუ რა იქნება შეფასების კრიტერიუმები და რა შემთხვევაში ჩაითვლება პროექტი წარმატებულად. პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ხარჯების ბუღალტრულად სწორი შესრულება მისი წარმატების შესაფასებელ კრიტერიუმად ვერ გამოდგება.

ბათუმის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია გვამცნობს, რომ მოგვიანებით იგეგმება ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით მომსახურების ცენტრების შექმნა, რომლებიც, მერიის ადმინისტრაციის მთავარ შენობაში მიუსვლელად, მოქალაქეებისთვის ყველა შესაბამისი სერვისის მიწოდებას უზრუნველყოფს. ამ ეტაპზე უცნობია, რა დაუჯდება ბიუჯეტს ამ ცენტრების შექმნა და რამდენი ადამიანი დასაქმდება, ან რა პერიოდში ამოქმედდება ისინი. ოპოზიცია თვლის, რომ შესაძლოა ცენტრების ამოქმედება წინასაარჩევნო პერიოდს დაემთხვეს.

ინფორმაციისთვის, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს გვერდზე, სატენდერო დოკუმენტებთან ერთად, ატვირთულიამონაცემებიადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით ამომრჩეველთა რაოდენობის შესახებ, რაც გახდა კიდეც ოპოზიციის კრიტიკის ერთ-ერთი საფუძველი. ამ დოკუმენტის მიხედვით, ბათუმში სულ 1 016 ამხანაგობა, 139 598 ამომრჩეველი და 277 გაერთიანების წევრია რეგისტრირებული. რამდენად აუცილებელი იყო სატენდერო დოკუმენტაციაში ამომრჩეველთა რაოდენობის მითითება, ამაზე მერიის წარმომადგენელს შემდეგი პასუხი აქვს: „საუბნო კავშირების წევრები ავტომატურად არიან იმ უბანში რეგისტრირებული ამომრჩევლები“.

თეგები: