2013 წლის პირველ ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტში, ეკონომიკური დებატები გაიმართა. ნაციონალური მოძრაობის წევრმა, დეპუტატმა ვახტანგ ლემონჯავამ, სიტყვით გამოსვლის დროს საწვავის ფასებზე გაამახვილა ყურადღება. მან განაცხადა: "საწვავის ფასებზე ჩვენ გვესმოდა ჯერ ერთ ლარზე საუბარი, რომელიც საწვავის ტარიფში არის ჩადებული ვიღაცის ჯიბისთვის. შემდეგ, ეს ერთი ლარი გახდა 50 თეთრი და ბოლოს ჩვენ დღეს მივიღეთ ყველა კომპანიაში - „ლუკოილში“, „ვისოლში“, „გალფში“, საწვავის გაძვირება 2 თეთრიდან 10 თეთრამდე, სხვადასხვა სახის მიხედვით".
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, მართლა მოიმატა თუ არა საწვავის ფასებმა წინა წელთან შედარებით.
საქართველოში 5 მსხვილი კომპანია ახორციელებს ნავთობპროდუქტების იმპორტსა და შემდგომ მის ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას. ეს კომპანიებია: "ლუკოილი", "გალფი", "რომპეტროლი", "ვისოლი" და "სოკარი". აღნიშნული კომპანიებიდან, მხოლოდ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია “სოკარი" ახორციელებს ნავთობპროდუქტების იმპორტს ექსკლუზიურად აზერბაიჯანიდან. დანარჩენ კომპანიებს კი საქართველოში საწვავი ევროპის ქვეყნებიდან შემოაქვთ.
საწვავის ფასი საცალო ვაჭრობაში უნდა განისაზღვრებოდეს იმით, თუ რა ღირს ერთი ტონა საწვავი საერთაშორისო ბაზარზე. 2012 წელს საქართველოში ბენზინის ფასი თვეების მიხედვით ასე გამოიყურებოდა: რეგულარი - 2,13, პრემიუმი - 2,23, სუპერი -2,28.
2012 წლის პირველ სექტემბერს, ტონა ბენზინის ფასი 1050 ლარის ფარგლებში იყო მსოფლიო ბაზარზე. საქართველოში კი, მისი საცალო ფასი 2,12 ლარს შეადგენდა. 2012 წლის 6 ოქტომბერს, მას შემდეგ, რაც კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი, ბიძინა ივანიშვილი, ბიზნესმენებს შეხვდა და ქვეყანაში არსებულ მაღალ ფასებზე ისაუბრა, კომპანია "ვისოლმა" ბენზინგასამართ სადგურებში ყველა სახის საწვავზე ფასი 8 თეთრით შეამცირა, თუმცა, კომპანია "გალფმა" მაშინ საწვავის ფასი უცვლელი დატოვა. ასევე უცვლელი დატოვეს ფასები სხვა კომპანიებმაც. ფასების ცვლილებებთან დაკავშირებით, კომპანიის წარმომადგენლები 2012 წლის 9 ოქტომბერს გაზეთ "24 საათში" გამოქვეყნებულ სტატიაში საუბრობენ და მიზეზებს ხსნიან.
უნდა აღინიშნოს, რომ 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" (რომელიც კოალიცია „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში შედის) წევრი, ლევან იზორია, საწვავის ფასებთან დაკავშირებით საუბრობდა. მისი თქმით, საწვავზე ფასი საქართველოში არაბუნებრივ ნიშნულზე იყო და იგი საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასთან შედარებით ხელოვნურად იყო გაზრდილი. 2012 წლის 10 თებერვალს, ლევან იზორიამ სპეციალური ბრიფინგიც მიუძღვნა ბენზინის ბიზნესის მონოპოლიას. მან საწვავის ფასის რეალურთან შედარებით 50 თეთრამდე ხელოვნურად მომატებაში მაშინდელი ხელისუფლება და მასთან დაახლოებული ყოფილი ჩინოვნიკები დაადანაშაულა.
თუ დავაკვირდებით კომპანია „გალფის“ ოფიციალურ საიტზე არსებულ მონაცემებს, სადაც 2012-2013 წლების საწვავის ფასების არქივია წარმოდგენილი, დავინახავთ, რომ 2012 წლის დეკემბერში ფასები შემცირდა, რასაც 2013 წლის თებერვლიდან მარტამდე კვლავ ზრდა მოჰყვა. 2013 წლის 18 მარტიდან დაიწყო საწვავის ფასების გაიაფება 5-10 თეთრით. 2013 წლის აპრილში კი, ყველა ტიპის საწვავზე, ფასმა 3-5 თეთრით კვლავ დაიკლო. 2013 წლის 20 სექტემბერს, ფასმა საწვავზე აპრილის შემცირებულ ნიშნულთან შედარებით, 7-10 თეთრით მოიმატა. 2013 წლის 28 სექტემბერს კი, საწვავის ფასი შემცირდა პრემიუმის ტიპზე 2 თეთრით, ხოლო რეგულარსა და ევრო რეგულარზე - 6 თეთრით.
შეგვიძლია შევადაროთ 2012 წლის სექტემბრსა და 2013 წლის სექტემბრში არსებული ფასები საწვავზე, რომელიც საქართველოს ნავთობპროდუქტების იმოპორტიორთა კავშირის საიტზეა განთავსებული.
2012 წლის სექტემბერში საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენდა:
სუპერი ტიპის ბენზინი - 2.33 ლარი/ლიტრზე;
პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2.26 - 2.28 ლარი/ლიტრზე;
ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი - 2.12 - 2.17 ლარი/ლიტრზე;
რეგულარი ტიპის ბენზინი - 2.12 ლარი/ლიტრზე.
2013 წლის სექტემბერში საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენდა:
სუპერი ტიპის ბენზინი - 2.20 - 2.23 ლარი/ლიტრაზე;
პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2.15 - 2.17 ლარი/ლიტრაზე;
ევრო რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,99 - 2.05 ლარი/ლიტრაზე;
რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,99-2,00 ლარი/ლიტრაზე.
დასკვნა
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საწვავის ფასი არც 1 ლარით და არც 50 თეთრით არ გაიაფებულა, თუმცა, ფასის მცირე კლება მაინც სახეზეა და ის არ გაძვირებულა, როგორც ამას ბატონი ლემონჯავა ბრძანებს. როგორც კვლევამ აჩვენა, 2013 წლის სექტემბერში, გასული წლის ანალოგიურ თვესთან შედარებით, საცალო ქსელში საწვავის ფასი 10-11 თეთრით არის გაიაფებული. აქვე, უნდა ითქვას ისიც, რომ 2013 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში, მცირე დროით, საწვავის ფასმა მოიმატა, მაგრამ მოიმატა ამავე წლის ყველაზე იაფ ნიშნულთან შედარებით, რასაც სექტემბრის მიწურულსვე ფასის კვლავ შემცირება მოჰყვა. შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ვახტანგ ლემონჯავას განცხადება: "საწვავის ფასებზე, ჩვენ გვესმოდა ჯერ ერთ ლარზე საუბარი, რომელიც საწვავის ტარიფში არის ჩადებული ვიღაცის ჯიბისთვის. შემდეგ ეს ერთი ლარი გახდა 50 თეთრი და ბოლოს ჩვენ დღეს მივიღეთ ყველა კომპანიაში: „ლუკოილში“, „ვისოლში“, „გალფში“ საწვავის გაძვირება 2 თეთრიდან 10 თეთრამდე, სხვადასხვა სახის მიხედვით", არის მეტწილად მცდარი.