პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სერგო რატიანმა ყურადღება საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორების სერტიფიცირების პროცესზე გაამახვილა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ დირექტორებთან დაკავშირებით კონკურსის მიმდინარეობა ტოვებს არა მარტო უსამართლობის განცდას, არამედ ის უბრალოდ ჩიხშია შესული. მისი თქმით: „საქართველოში არის 2000 სკოლაზე მეტი და შვიდი თვის კონკურსის მერე სერტიფიცირებულია მხოლოდ 900 კონკურსანტი“.
სერგო რატიანმა იქვე განმარტა, რომ კონკურსში მონაწილეობას იღებდა 3000 კონკურსანტი, რომელთაგანაც სერტიფიცირების პირველი ეტაპის გავლის შემდეგ მხოლოდ 1600 დარჩა. მათგან კი გასაუბრება 600 კანდიდატზე მეტმა ვერ გაიარა. გასაუბრების კრიტერიუმები საკმაოდ ბუნდოვანი იყო, გრძელდებოდა სულ რაღაც 15 წუთი და საერთოდ არ არსებობს იმის გარანტია, რომ აქ იყო დაცული ნორმები, რომლებიც ტოვებდა ობიექტურობის განცდას. შედეგად კი მივიღეთ, რომ საქართველოში 2000 სკოლიდან 1000 სკოლაში გვყავს კანდიდატები, რომლებსაც სახელმწიფომ უთხრა, რომ ისინი არ არიან კვალიფიციურები და არ შეესაბამებიან საკუთარ თანამდებობას.
ფაქტ-მეტრი დირექტორების სერთიფიცირების საკითხით დაინტერესდა და სერგო რატიანის განცხადება გადაამოწმა.
საჯარო სკოლის დირექტორების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანება არეგულირებს. საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსი ორ ეტაპს, სერტიფიცირებასა და საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის, დირექტორობის კანდიდატების ასარჩევად წარდგენას მოიცავს. ამავე ბრძანების დანართის პირველი მუხლის თანახმად, სერტიფიცირების ეტაპი ორი ნაწილისაგან, რეგისტრაცია/ტესტირებისა, (რომელიც ელექტრონულად ტარდება) და გასაუბრებისაგან შედგება, რომელიც მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან იმართება. გასაუბრებაზე დაიშვება დირექტორობის მსურველი, რომელიც ტესტირებისთვის დადგენილ მინიმალური კომპეტენციის ზღვარს გადალახავს. ეს კი ტესტის მაქსიმალურ ქულათა 60%-ს შეადგენს.
ამავე ბრძანებით განმარტებულია, რომ დირექტორობის უფლების მოპოვების დამადასტურებელი სერტიფიკატი დირექტორობის უფლების მქონე პირთა სიის დამტკიცებიდან 7 წლის განმავლობაში მოქმედებს. ამასთან, დირექტორის შესარჩევი კონკურსის შესაბამისად, დირექტორი 6 წლის ვადით ინიშნება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაცემებით, დღეისთვის საქართველოში სულ 2084 საჯარო სკოლა ფიქსირდება. სკოლების დირექტორების სერტიფიცირების საკითხის შესწავლის მიზნით, ფაქტ-მეტრმა შესაბამისი კითხვებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა. უწყებიდან მიღებულ პასუხშინათქვამია, რომ საჯარო სკოლების დირექტორების ბოლო შესარჩევი კონკურსი 2013 წლის 25 ივლისს დაიწყო და 2013 წლის 26 დეკემბერს დასრულდა.
კონკურსში მონაწილეობა 3107-მა კანდიდატმა მიიღო, საიდანაც ტესტირებით დადგენილი ბარიერი 1617-მა გადალახა. მთლიანად სერტიფიცირების ეტაპი 981-მა კანდიდატმა გაიარა (მათ შორის არიან ისინიც, ვინც ტესტირება 2012 წელს გაიარა). ამ ეტაპზე, მათი საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსთვის ასარჩევად წარდგენა ჯერ არ განხორციელებულა. აღნიშნული კანდიდატების დირექტორად დანიშვნა 2014 წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი, მას შემდეგ რაც დირექტორების სერტიფიცირების კონკურსი ბოლომდე დასრულდება და ყველა საჯარო სკოლის დირექტორობის კანდიდატი სრულად გამოვლინდება. განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით სერტიფიცირებული დირექტორი მხოლოდ 7 სკოლაშია. ეს ის დირექტორებია, რომლებმაც 2011 წელს შესარჩევი კონკურსი წარმატებით გაიარეს. დანარჩენ სკოლებში ამ ეტაპზე, დირექტორები მოვალეობის შემსრულებლებად რჩებიან.
აქვე აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტოს ინფორმაციით სერტიფიცირებულ და არასერტიფიცირებულ დირექტორს (მოვალეობის შემსრულებელს) შორის ამ მომენტისთვის ანაზღაურების თვალსაზრისით განსხვავება არ ფიქსირდება. თუმცა, ამჟამად უცნობია იქნება თუ არა ამ კუთხით რაიმე ტიპის ცვლილება საჯარო სკოლების სერტიფიცირებული დირექტორებით სრულად დაკომპლექტების შემდეგ.
ტესტირებისა და გასაუბრების ეტაპების ხანგრძლივობის, აგრეთვე მათი ჩატარების თარიღების დაზუსტებისა და გასული წლების პრაქტიკის სრულყოფილად შესწავლის მიზნით, ფაქტ-მეტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმეორებით მიმართა და შესაბამასი ინფორამცია გამოითხოვა.
მიღებულ წერილშინათქვამია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის #25/ნ ბრძანების დანართის, მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სერტიფიცირების ეტაპისათვის რეგისტრაციის ვადა სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტით განისაზღვრება, ხოლო მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ტესტირება დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადის დასრულებიდან არაუადრეს 10 დღის ვადაში ტარდება.
2013წლის დირექტორთა სერტიფიცირების კონკურსის ფარგლებში, „საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის სერტიფიცირების ეტაპისთვის დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადის განსაზღვრის შესახებ“ სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის, 2013 წლის 25 ივლისის #1.1/190 ბრძანებით, დირექტორობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა 25 ივლისის 12:00 სთ-დან 2013 წლის 7 აგვისტოს 20:00 სთ-მდე განისაზღვრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განმარტებით აღნიშნული ინფორმაცია, როგორც მართვის სისტემის, ასევე სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდებზე განთავსდა. გარდა ამისა, აღნიშნული სიახლე ასევე მოიცავდა ინფორმაციას ტესტირების სავარაუდო ვადების თაობაზე.
2013 წლის 14 აგვისტოს მართვის სისტემამ კვლავ განათავსა ინფორმაცია საკუთარ ვებგვერდზე საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის ტესტირების ვადების შეხსენების მიზნით, სამინისტრომკი ტესტირების განრიგიც გამოაქვეყნა. სერტიფიცირების კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის რეგისტრაციის გამოცხადებისთანავე განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია ტესტის სტრუქტურის შესახებ, აგრეთვე მოსამზადებლად საჭირო ლიტერატურის ნუსხა და ტესტური დავალებების ნიმუშები. რაც შეეხება გასაუბრებას, სამინისტროდან მიღებული წერილის თანახმად, გასაუბრების ეტაპი 2013 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო და 2013 წლის 26 დეკემბერს დასრულდა. წერილში ასევე განმარტებულია, რომ გასაუბრების განრიგი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე, გასაუბრების დაწყებამდე არაუგვიანეს 5 დღის ვადაში ქვეყნდება.
რაც შეეხება გასულ წლებში დირექტორების სერტიფიცირების კუთხით არსებულ მდგომარეობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2011 წელს საჯარო სკოლების დირექტორების კონკურსი 25 თებერვალს (რეგისტრაციის ვადა 25 თებერვლიდან 20 მარტის ჩათვლით) დაიწყო და აღნიშნული პროცესი 2011 წლის 30 ივნისს დასრულდა, მას შემდეგ, რაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს დირექტორობის კანდიდატების სია წარედგინა.
გარდა ამისა, განათლების სამინისტროსავე განმარტებით, დირექტორების სერტიფიცირების კონკურსი ეტაპობრივად, ყოველწლიურად მიმდინარეობდა და გარკვეული რაოდენობის სერტიფიცირებულ დირექტორს ავლენდა. ბუნებრივია ჩნდება კითხვა, თუკი დირექტორების სერტიფიცირების კონკურსი ყოველ წელს იმართებოდა, მაშინ რითი შეიძლება აიხსნას, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში მთელი ქვეყნის მასშტაბით სერტიფიცირებული დირექტორების რიცხვი ძალიან მცირე იყო? აღნიშნულ საკითხზე ფაქტ-მეტრი კვლევას განაგრძობს და უახლოეს მომავალში შეეცდება ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს მკითხველს.
იმის დასაზუსტებლად, თუ რას გულისხმობდა დეპუტატი, როდესაც ის გასაუბრების ეტაპის ბუნდოვანობაზე საუბრობდა და ხომ არ ჰქონდა რაიმე დამატებითი ინფორმაცია საჯარო სკოლების დირექტორების სერტიფიცირებასთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრი სერგო რატიანსაც დაუკავშირდა. როგორც დეპუტატმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, გასული წლებისაგან განსხვავებით დირექტორების სერტიფიცირების კონკურსი არასტრუქტურირებულად მიმდინარეობდა. კერძოდ, მართალია გასაუბრება თითოეულ კანდიდატთან ინდივიდუალურად შედგა, თუმცა მისი შეფასებით, გასაუბრებისთვის გამოყოფილი 15 წუთი აპლიკანტის რეალური შესაძლებლობების გამოსავლენად საკმარისი არ იყო. გარდა ამისა, სერგო რატიანმა ისიც აღნიშნა, რომ მასთან პირად საუბრებში დირექტორობის კანდიდატები განმარტავდნენ, რომ გასაუბრებაზე მათ ზოგადი ხასიათის კითხვებით მიმართავდნენ, რის საფუძველზეც აპლიკანტის შესაძლებლობების შესაბამისობის დადგენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.
აქვე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 24 თებერვლის ბრძანებაში, რომელიც საჯარო სკოლებში დირექტორების შესარჩევი კონკურსის გამართვის წესს განსაზღვრავდა, გასაუბრების ეტაპთან მიმართებაში შემდეგი განმარტებაა მოცემული: „დირექტორობის მსურველი საგამოცდო პროგრამიდან ირჩევს ერთ საკითხს, რომელზეც წარმოადგენს პრეზენტაციას მაქსიმუმ 5 წუთის ხანგრძლივობით“. განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 22 ივლისის #101/ნ ბრძანებით,რომლითაც აღნიშნულ ბრძანებაში ცვლილებები შევიდა, დროის თვალსაზრისით რაიმე ტიპის შეზღუდვა დაწესებული უკვე აღარ არის.
საკითხში უფრო დეტალურად გარკვევის მიზნით, ფაქტ-მეტრი უშუალოდ დირექტორებსაც დაუკავშირდა და კონკურსის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მათთანაც გადაამოწმა. დაკავშირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული სიის მიხედვით, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 14 დირექტორთან მოხდა.
გამოკითხული 14 დირექტორიდან გასაუბრების ეტაპამდე ვერ მივიდა 5 კანდიდატი, 3-ს სერიფიცირების კონკურსი 2011 წელს ჰქონდა გავლილი, ერთს კონკურსში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია. სამმა ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა, ორმა კი მხოლოდ ტესტირების ბარიერი გადალახა და კონკურსს გასაუბრებიდან გამოეთიშა. თუმცა, ორივე მათგანმა განმეორებითი კონკურსის ფარგლებში ტესტირების ეტაპი უკვე გაიარა და გასაუბრებისთვის ემზადებიან. შესაბამისად, მათ დირექტორის პოზიციის დაკავების შესაძლებლობა კვლავაც აქვთ.
ჩვენ გასაუბრებაზე გასულ კანდიდატებს გასაუბრების თემატიკის, შინაარსისა და ხანგრძლივობის შესახებ გავესაუბრეთ. ხუთივე მათგანმა აღნიშნა, რომ გასაუბრება ძირითადად ისეთ საკითხებს მოიცავდა, როგორებიცაა: სასწავლო პროცესი, რა გაკეთდა სკოლისთვის მათი დირექტორობის პერიოდში, რისი გაკეთება ვერ მოესწრო, რა იყო დაბრკოლების მიზეზი, მათი სამომავლო გეგმები, სასწავლო პროცესის განვითარების მათეული ხედვა, დირექტორი –როგორც ლიდერი, მათი მოსაზრებები მასწავლებლების პროფესიული გადამზადების კუთხით, ღონისძიებები, რომლის გატარებასაც ისინი აპირებენ, თუკი გასაუბრების ეტაპს წარმატებით გაივლიან და ა.შ. გასაუბრება კომისიასთან ინდივიდუალური ფორმით წარიმართა და თითოეულ კანდიდატს დაახლოებით 10-15 წუთი დაეთმო.
დასკვნა
კვლევამ აჩვენა, რომ საჯარო სკოლების დირექტორების შესარჩევი კონკურსის შედეგად, რომელიც ჯამში 5 თვეს მოიცავდა (და არა შვიდს, როგორც ეს დეპუტატმა განაცხადა), დღეისათვის საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 7 სკოლაშია შესაბამისი წესით დანიშნული დირექტორი. ეს ის დირექტორებია, რომლებმაც შესარჩევი კონკურსი 2011 წელს გაიარეს. შესაბამისად, ყველა დანარჩენ სკოლაში არიან მოვალეობის შემსრულებელი დირექტორები. 2013 წლის კონკურსის შედეგად გამოვლენილი 981 კანდიდატის საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისთვის დასამტკიცებლად წარდგენა ჯერ არ მომხდარა. საჯარო სკოლების სერტიფიცირებული დირექტორებით სრულად დაკომპლექტებას განათლების სამინისტრო წლის ბოლოსთვის გეგმავს. აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ იმ კანდიდატებმა, ვინც სერტიფიცერების კონკურსი წარმატებით გაიარა, ამ ეტაპზე არ იციან დარჩებიან თუ არა იმ სკოლებში დირექტორებად, სადაც ისინი დღეს მოღვაწეობენ და რა კრიტერიუმით მოხდება აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა.
მიუხედავად დეპუტატის განცხადებაში გაჟღერებული უზუსტობებისა, ის მთლიანობაში მაინც სწორად ასახავს საქართველოს საჯარო სკოლებში დირექტორებით დაკომპლექტების საკითხის ირგვლივ არსებულ სიტუაციას.
შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, რომ სერგო რატიანის განცხადება: „საქართველოში არის 2000 სკოლაზე ოდნავ მეტი და შვიდი თვის კონკურსის მერე სერტიფიცირებულია მხოლოდ 900 კონკურსანტი...საქართველოში 2000 სკოლიდან 1000 სკოლაში გვყავს დირექტორობის კანდიდატი...“, არის მეტწილად სიმართლე.