საქართველოს მთავრობის პოზიციის თანახმად, ლარის კურსის ვარდნა ძირითადად დოლარის სხვა ვალუტებთან გამყარებითაა გამოწვეული და მას ბიუჯეტთან არავითარი კავშირი არ აქვს. ანალოგიური პოზიცია დღეს ბიძინა ივანიშვილმაც გაიმეორა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული საკითხით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
საქართველოს ვალუტის თავისუფალი გაცვლითი კურსის რეჟიმი გააჩნია. ეს იმას გულისხმობს, რომ ლარის კურსი დოლართან, ისევე როგორც სხვა ვალუტასთან მიმართებაში, სავალუტო ბაზარზე, ლარზე მოთხოვნა-მიწოდების გზით ყალიბდება. კურსი უფასურდება, როდესაც ლარის მოცულობა ქვეყანაში არსებულ დოლარის მოცულობაზე უფრო სწრაფად იზრდება, ან როდესაც ლარის მოცულობა მნიშვნელოვნად არ იზრდება, მაგრამ მცირდება დოლარის მოცულობა.
ჩვენ 2014 წლის ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით, მსოფლიოს სხვადასხვა ფულის ერთეულების აშშ დოლარის მიმართ ცვლილებები გავაანალიზეთ.
ცხრილი 1:ვალუტების კურსი 1 აშშ დოლართან მიმართებაში
ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | |
ევრო | 0.730 | 0.746 ↑ | 0.761 ↑ | 0.791 ↑ | 0.794 ↑ | 0.803 ↑ |
სტერლინგი | 0.583 | 0.592 ↑ | 0.602 ↑ | 0.617 ↑ | 0.625 ↑ | 0.639 ↑ |
იენი (იაპ) | 101.5 | 102.8 ↑ | 104.1 ↑ | 109.0 ↑ | 110.2 ↑ | 118.6 ↑ |
დოლარი (კან) | 1.063 | 1.090 ↑ | 1.087 ↓ | 1.116 ↑ | 1.120 ↑ | 1.141 ↑ |
რუბლი | 34.36 | 35.57 ↑ | 37.05 ↑ | 39.66 ↑ | 41.43 ↑ | 50.31 ↑ |
ლირა (თურქ) | 2.128 | 2.141 ↑ | 2.160 ↑ | 2.284 ↑ | 2.222 ↓ | 2.219 ↓ |
ლარი | 1.764 | 1.738 ↓ | 1.731 ↓ | 1.753 ↑ | 1.749 ↓ | 1.837 ↑ |
წყარო:https://www.xe.com
აღსანიშნავია, რომ ცხრილში მოყვანილ ვალუტებთან მიმართებაში, აშშ დოლარი ბოლო 5 თვის განმავლობაში მყარდებოდა. საქართველოში დოლარის გამყარება ნოემბრის ბოლოს დაიწყო. მეტიც, ივლისსა და აგვისტოში, როდესაც ვალუტების უმეტესობა უფასურდებოდა, დოლართან მიმართებაში ლარის კურსი პირიქით, გამყარდა. სექტემბრიდან ლარის კურსი მერყევი იყო, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება მიმდინარე წლის 21 ნოემბერს დაფიქსირდა, როდესაც ლარის კურსი დოლარის მიმართ 1.77-მდე გაიზარდა. 30 ნოემბერს მან 1.84-იან ნიშნულს მიაღწია, ხოლო ეროვნული ბანკის 4 დეკემბრის მონაცემებით ის უკვე 1.90-ს გაუტოლდა.
იმისათვის, რომ უფრო ღრმად გავაანალიზოთ ლარის გაუფასურების კავშირი დოლარის გლობალურ გამყარებასთან, აუცილებელია, რომ დეტალურად გავიხსენოთ მიმდინარე წლის აგვისტო. დოლარის კურსი, მაშინაც, მსოფლიოს სხვა ვალუტებთან მიმართებაში მყარდებოდა. თუმცა, ამას მაშინ ლარის კურსის ვარდნა არ გამოუწვევია, უფრო მეტიც, ლარის სწრაფი გამყარების ტენდენციის გამო, ეროვნულ ბანკს 120 მილიონი დოლარის შესყიდვა მოუხდა. ლარის გამყარება ქვეყანაში დოლარის მოცულობის ზრდამ განაპირობა, რაც თავის მხრივ ტურისტული სეზონის პიკით იყო გამოწვეული.
გარდა ამისა, ლარი არა მხოლოდ დოლართან, არამედ, რუსული რუბლისა და უკრაინული გრივნას გარდა, საქართველოს ყველა სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა.
მაგალითად, ევროსთან გაუფასურდა 14 თეთრით (6%), გირვანქა სტერლინგთან 21 თეთრით (8%) და ა.შ. ასეთი ვითარება გვაფიქრებინებს, რომ 2 კვირაში ლარის დოლართან 14 თეთრით (8%) გაუფასურების მიზეზი მხოლოდ დოლარის გამყარება არ არის.
ჩვენ ასევე გავაანალიზეთ მთავრობის პოზიცია, რომლის მიხედვითაც ლარის გაუფასურებასთან ბიუჯეტს კავშირი არ აქვს და სახელმწიფო ბიუჯეტში უცხოურ ვალუტაში მისაღები თანხები გეგმის მიხედვით სრულდება.
2014 წელს ფინანსთა სამინისტრომ უცხოური ვალუტით მისაღები გრანტები და საგარეო ვალი 753 მილიონი ლარის ექვივალენტის დონეზე დაგეგმა, საიდანაც გრანტებზე 144 მილიონი, საგარეო ვალზე კი – 1 036 მლნ ლარი მოდის. 2014 წლის პირველ 10 თვეში სამინისტრომ გრანტების დაგეგმილი რაოდენობა გადამეტებით შეასრულა და 158 მილიონი ლარი მოიზიდა, რაც წლიური გეგმის 109%-ია. თუმცა, საგარეო ვალის აღება დაბალი ტემპით მიმდინარეობს. კერძოდ, 10 თვეში სახელმწიფომ 565 მლნ ლარის ექვივალენტი (წლიური გეგმის 54%) საგარეო ვალი აიღო. საგარეო ვალის აღების 9 თვის გეგმის შესრულების მიხედვით, ქვეყანას დაახლოებით 62 მლნ დოლარი დააკლდა.
ლარის კურსის ვარდნის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, წინა წელთან შედარებით, საქართველოს გაუარესებული საგარეო სავაჭრო ბალანსია. საქსტატის ინფორმაციით, 2014 წლის იანვარ-ოქტომბერში საქონლის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა და 2 425 მლნ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტი კი 11%-ით გაიზარდა და 7 006 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა. ექსპორტთან შედარებით, იმპორტის უფრო სწრაფი ტემპით მატებამ საქართველოს სავაჭრო ბალანსის გაუარესება გამოიწვია. მიმდინარე წელს, 10 თვეში, დეფიციტი 2013 წლის დეფიციტზე 593 მლნ დოლარით მეტია. ჯამში, საქონლით საგარეო ვაჭრობის შედეგად, ქვეყნიდან 4.6 მილიარდი დოლარით მეტი გავიდა, ვიდრე შემოვიდა. ქვეყანაში არსებული დოლარის მოცულობის შემცირება კი ლარის კურსის გაუფასურებას იწვევს.
ექსპორტის მხრივ, სიტუაციამ აშკარა გაუარესება აგვისტოდან დაიწყო. აგვისტო-ოქტომბერში (ნოემბრის სტატისტიკა ჯერ უცნობია) საქონლის ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 69 მლნ დოლარით (8.4%) შემცირდა. სავარაუდოდ, ეს ტენდენცია ნოემბერშიც გაგრძელდა. ასეთი შემცირება კი საქართველოს ექსპორტს 2009 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ აღარ განუცდია.
საქართველოს საქონლით ვაჭრობის ბალანსი წინა წლებშიც დეფიციტური იყო (იმპორტი ექსპორტს აღემატებოდა), მაგრამ დოლარის გადინების დაბალანსება სხვა წყაროებიდან ხდებოდა: მომსახურებით ვაჭრობა, საზღვარგარეთ დასაქმებულთა ფულადი გზავნილები, უცხოური ინვესტიციები და კრედიტები.
ბოლო წლებში, მომსახურებით ვაჭრობაში საქართველოს დადებითი ბალანსი გააჩნია. დღეისთვის, 2014 წლის პირველი ორი კვარტლის ბალანსია ცნობილი, რომელიც დადებითია (574 მლნ დოლარი), მაგრამ წინა წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელზე 59 მლნ დოლარით ნაკლებია (მაგალითად, საერთაშორისო ტრანსპორტის სფეროში 33 მლნ დოლარის კლებაა).
ოქტომბერში შემცირდა (8.6 მლნ დოლარით) საზღვარგარეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობაც, რაც საქართველოსთვის უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა. მაგალითისთვის, გასულ წელს 1.5 მილიარდამდე დოლარი გადმოირიცხა. მიმდინარე წლის 10 თვეში, ამ გზით საქართველოში 1.2 მილიარდი დოლარია შემოსული.
2014 წლის პირველ ნახევარში (ბოლო თვეების სტატისტიკური ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა), 2013 წლის პირველ ნახევართან შედარებით, უცხოური ინვესტიციები 135 მლნ დოლარით შემცირდა. პორტფელური ინვესტიციების 317 მილიონი დოლარით ზრდა, პირდაპირი ინვესტიციების 55 მილიონით და სხვა დაფინანსების 408 მილიონით შემცირებამ (რომელიც სახელმწიფოს მიერ მოზიდულ კრედიტებსაც მოიცავს) გადაფარა.
შედეგად კი, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი (დოლარის გადინება) კაპიტალის შემოდინებით არ კომპენსირდება და ქვეყნის სარეზერვო აქტივებიც (დოლარის რეზერვი) მცირდება. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა იზრდება, მაშინ როცა დოლარის მოცულობა რეალურად შემცირებულია, რაც ლარის კურსის გაუფასურებას იწვევს. 2014 წლის 10 თვეში საქართველოს უცხოური ვალუტის რეზერვები 153 მილიონი დოლარით შემცირდა. ეს ტენდენცია ნოემბერ-დეკემბერშიც გრძელდება. ლარის კურსის გაუფასურების შესაჩერებლად ეროვნულ ბანკს რეზერვებიდან 80 მილიონი დოლარის გაყიდვა მოუხდა.
რაც შეეხება ბიუჯეტის ხარჯების გავლენას ლარის კურსზე, აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის ხარჯები ლარის კურსის სტაბილურობას საფრთხეს მაშინ უქმნის, როდესაც ხარჯვა დეფიციტურია, ანუ ბიუჯეტს მიმოქცევიდან უფრო ნაკლები ლარი ამოაქვს, ვიდრე ხარჯავს. 2014 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი 1 038 მლნ ლარია. იანვარ-ოქტომბერში ბიუჯეტის დეფიციტმა 630 მლნ ლარი შეადგინა (აქედან დაახლოებით 120 მლნ ლარით ბიუჯეტის ნაშთი გაიზარდა, ანუ მიმოქცევაში ეს თანხა არ გამოვიდა). თუმცა, აქ მთავარი პრობლემა დეფიციტის თვეებზე არათანაბრად გადანაწილებაშია. მაგალითად, სექტემბერში ხარჯვა არ იყო დეფიციტური, ხოლო ოქტომბერში დეფიციტი 171 მლნ ლარი იყო. ნოემბრის მონაცემები უცნობია, თუმცა ეროვნული ბანკის ფულის მასის ანგარიშებიდან შეგვიძლია ვნახოთ, რომ ლარის მასა არ არის ისეთ დონეზე გაზრდილი, რომ ლარის კურსის გაუფასურება გამოეწვია.
განსხვავებული სიტუაცია იყო გასული წლის ოქტომბერ-დეკემბერში, როდესაც ბიუჯეტიდან შემოსავლებზე 630 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა. ამან ლარის მასის სწრაფი ზრდა და კურსის გაუფასურება გამოიწვია. ამ გამოცდილებიდან გამომდინარე და ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის გეგმასთან ჩამორჩენის გამო, საზოგადოებაში არსებობს მოლოდინი, რომ მთავრობა ამ წლის დეკემბერშიც იგივეს გააკეთებს და მნიშვნელოვან თანხებს დახარჯავს (წინააღმდეგ შემთხვევაში ბიუჯეტი გაირღვევა). ასეთ აღქმას, რომლის რეალიზების შემთხვევაში ლარის კურსი კიდევ უფრო გაუფასურდება, ფინანსთა მინისტრის ზოგიერთი განცხადებაც უწყობს ხელს. კერძოდ, ერთ-ერთი ინტერვიუს დროს მან განაცხადა, რომ 2014 წლის ბიუჯეტის შესრულებას საფრთხე არ ემუქრება.
დასკვნა
აშშ დოლარი სხვა ვალუტებთან მიმართებაში მართლაც გამყარდა, მაგრამ ამ ფაქტორის ლარის გაუფასურების მთავარ მიზეზად მოყვანა არასწორია. ამასთან, ლარმა გაუფასურება ნოემბრის ბოლოდან დაიწყო, დოლარი კი გლობალურად ივლისიდან მყარდება.
ლარის გაუფასურების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში დოლარის მოცულობის შემცირებაა. გასულ წელთან შედარებით სავაჭრო ბალანსი 593 მლნ დოლარით გაუარესდა, რამაც ლარის კურსის ვარდნა განაპირობა. ასევე, 2014 წლის პირველ ნახევარში, წინა წელთან შედარებით, უცხოური ინვესტიციების და კრედიტების შემოსვლა 135 მლნ დოლარით შემცირდა. სავარაუდოდ, ასეთივე ტენდენცია გაგრძელდა ნოემბრამდე.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომელიც ლარის კურსის ვარდნის ტენდენციას გარე ფაქტორებით ხსნის და ცდილობს მთლიანად გამიჯნოს ის ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ პრობლემებთან, არის მეტწილად მცდარი.