აფხაზეთის და სამაჩაბლოს პრობლემის მოგვარება არ არის ამ ხელისუფლების არათუ მთავარი, არამედ საერთოდ რაიმე ტიპის პრიორიტეტი. მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლითაც აფხაზეთის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული საკითხი შეისწავლა.
1997წელს მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის 40%-იანი წილი ოკუპირებული აფხაზეთის მომარაგებას, 60% კი დანარჩენი საქართველოს საჭიროებებს უნდა მოხმარდეს. აღნიშნული ენერგია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის (არ) ელექტროენერგიით მომარაგების ერთადერთ ადგილობრივ წყაროს წარმოადგენს. ენგურის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი წალენჯიხის, გენერაციის ობიექტები კი გალის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. შესაბამისად, მთლიანი სისტემის შემადგენელი ერთეულები საოკუპაციო ხაზის სხვადასხვა მხარესაა მოქცეული. 1997 წლის შეთანხმების საფუძველი სწორედ მთლიანი ფონდების ოკუპირებულ და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებს შორის გადანაწილების წილობრივი შეფასება გახდა. აღსანიშნავია, რომ შეთანხმებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში, ოკუპირებული აფხაზეთის მიერ დაბალი მოხმარების გამო, გამომუშავებული ენერგიის კუთვნილი წილის სრულად ათვისება არ ხდებოდა.
ცხრილი 1:
აფხაზეთის არ-ის მოხმარების წილი ენგურჰესისა და ვარდნილჰესის ჯამურ გამომუშავებაში (მლნ კვტ.სთ)
წელი | აფხაზეთის არ-ის მოხმარება | ენგურჰესისა და ვარდნილჰესის ჯამური გამომუშავება | აფხაზეთის არ-ის წილი ჯამურ გამომუშავებაში |
2007 | 1,255.30 | 3,410.90 | 36.80% |
2008 | 1,272.90 | 3,690.70 | 34.49% |
2009 | 1,358.30 | 3,502.40 | 38.78% |
2010 | 1,377.10 | 5,032.50 | 27.36% |
2011 | 1,613.37 | 3,845.86 | 41.95% |
2012 | 1,533.66 | 3,759.32 | 40.80% |
2013 | 1,605.28 | 4,272.33 | 37.57% |
2014 | 1,638.60 | 3,966.00 | 41.32% |
2015 | 1,797.20 | 3,905.90 | 46.01% |
დროთა განმავლობაში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა. აღრიცხვიანობის მოუწესრიგებლობისა და გაუმართავი შიდა ქსელის პირობებში არსებული დანაკარგების მაღალი მაჩვენებლის ფონზე, შეთანხმებით გათვალისწინებული 40% მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. შედეგად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ პიკურ პერიოდებში აფხაზეთისთვის 40%-ზე მეტი ენერგია მიეწოდებინათ, ხოლო არაპიკურ პერიოდებში კი 40%-იანი წლიური მიწოდება დაბალანსდებოდა. 2011-2015 (2013 წლის გარდა) წლებში აფხაზეთის არ-ის მიერ წლიურად მოხმარებული ენერგიის წილმა ჯამური გამომუშავების 40%-ს გადააჭარბა. მეტიც, პიკურ პერიოდებში (ზამთრის სეზონი) ენგურჰესის თითქმის მთლიანი გამომუშავება ოკუპირებული რეგიონის მომარაგებას ხმარდებოდა (იხ. გრაფიკი 1). 2016 წლის იანვრის მონაცემებით, მთლიანი გამომუშავების 94% აფხაზეთის არ-ის მომარაგებას მოხმარდა.
გრაფიკი 1:
აფხაზეთის არ-ის მოხმარება ენგურჰესისა და ვარდნილჰესის ჯამურ გამომუშავებასთან მიმართებით
წყარო: ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი2013-2015
წლების მეტეოროლოგიური პირობებიდან გამომდინარე (მცირეთოვლიანობა 2013-2014 წლებში და 2015 წლის გვალვიანი ზაფხული), პირველი (დიდი) შემოდინების შემდგომ, 2015 წლის აგვისტოში წყალსაცავის შევსებას 15 მეტრი დააკლდა. გვალვიანი სექტემბერ-ოქტომბრის გამო დანაკლისი ვერ აანაზღაურა ვერც მეორე (მცირე) შემოდინებამ. შედეგად, გასული წლის შემოდგომაზე ენგურჰესის წყალსაცავი სრულად ვერ იქნა შევსებული, შესაბამისად შემცირდა ჰიდროელექტროსადგურის მიერ პოტენციურად გამოსამუშავებელი ელექტროენერგიის მაჩვენებელი. პარალელურად, მოხმარებამ აფხაზეთის არ-ში მოიმატა. შედეგად, ენგურჰესის კასკადის მიერ გამომუშავებული ენერგიის მთლიანმა მოცულობამ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება ვერ შეძლო და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში დენის გრაფიკით მიწოდების აუცილებლობა წარმოიშვა. ზამთრის პერიოდისთვის დამახასიათებელი შემცირებული შემოდინების პირობებში ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონემ მიმდინარე წლის თებერვალში ზღვის დონიდან 443.62 მეტრამდე დაიწია. ენგურჰესის ტექნიკური პარამეტრების შესაბამისად, უსაფრთხო მუშაობისათვის 440 მეტრიანი მინიმალური ზღვარია დადგენილი. აღნიშნულ ნიშნულზე დაბლა, 420 მეტრამდე, ექსპლუატაციის ავარიულ რეჟიმში გაგრძელებაა შესაძლებელი. ენგურჰესის დირექტორის ლევან მებონიას განცხადებით, ამ შესაძლებლობის გამოყენება გადაწყდა, თუმცა აღნიშნული რესურსი, თებერვლის შემოდინების გათვალისწინებითაც, მხოლოდ თებერვლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად იყო საკმარისი. წყალსაცავის რესურსის გახარჯვის შემდგომ, მიმდინარე შემოდინების ხარჯზე გამომუშავებული ენერგია აფხაზეთის არ-ის მოხმარების მხოლოდ 30%-ის დასაფარად არის საკმარისი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, აფხაზეთის არ-ის ელექტროენერგიის გარეშე დარჩენის საფრთხე შეიქმნა, თუმცა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ოკუპირებული რეგიონის მოსამარაგებლად საჭირო ელექტროენერგიის იმპორტი რუსეთის ფედერაციიდან მოხდება.ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება დღემდე არსებული პრაქტიკის გაგრძელებაა (აუცილებლობის შემთხვევაში, ოკუპირებული რეგიონის მოხმარების დაკმაყოფილება ანალოგიური გზით არაერთხელ განხორციელებულა).
აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში მოხმარების არსებული პრაქტიკის შენარჩუნების პირობებში ელექტროენერგიის დეფიციტი გაიზრდება და მისი დაკმაყოფილება მოკლევადიანი, ოპერატიული გადაწყვეტილებებით ვერ მოხერხდება. არსებულ ვითარებას ენგურჰესის ჰიდრო-ტექნიკური ნაგებობების რეაბილიტაციის აუცილებლობა ართულებს. კერძოდ, დაზიანებულ სადერივაციო გვირაბში დანაკარგი წამში 12 კუბ.მ-ს შეადგენს (შედარებისთვის, თებერვლის მიმდინარე შემოდინება მხოლოდ 22 კუბ.მ იყო). ენგურჰესის გენერალური დირექტორის განცხადებით, კრიტიკული მონაკვეთების შეკეთებისთვის 3.5-4 თვე, სრული რეაბილიტაციისათვის კი 2-2.5 წელია საჭირო (იხ. ბმული).აქვე აუცილებელია აღინიშნოს პროცესის ფინანსური ასპექტი. ენგურჰესის და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ენერგიის ტარიფი 1 კვტ/სთ-ზე შესაბამისად 1.187 და 1.17 თეთრია, თუმცა, აფხაზური მხარე მოხმარებული ენერგიის შესაბამის ღირებულებას არ ანაზღაურებს. შედეგად, გამომუშავებულ კვტ/სთ ენერგიაზე ენგურჰესის მიერ მიღებული შემოსავალი, მოხმარების შეთანხმების შესაბამისად (40/60) გადანაწილების პირობებში, 0.71 თეთრის ფარგლებშია, ხოლო აფხაზეთის არ-ის მიერ მოხმარებული წილის ზრდის პროპორციულად ენგურჰესის შემოსავლები მცირდება.
აფხაზური მხარე არ მონაწილეობს ჰესის ექსპლუატაციის უზრუნველსაყოფად გასატარებელ ღონისძიებებში. გამოვლენილი ტექნიკური პრობლემების აღმოფხვრა, გეგმიური სამუშაოები, რეაბილიტაცია თუ ოპერირებასთან დაკავშირებული სხვა ხარჯები სრულად დანარჩენი ენერგიის რეალიზაციის ხარჯზე იფარება. ზამთრის პერიოდში ენგურჰესი თითქმის ნულოვანი შემოსავლის პირობებში ფუნქციონირებს. გასაწევ ხარჯებს შპს "ენგურჰესი" მოკლევადიანი ვალის აღების ხარჯზე ფარავს. თავის მხრივ, ამ ვალის დასაფარად და წლის დარჩენილ პერიოდში უპრობლემო ოპერირების უზრუნველსაყოფად კი, არაპიკურ პერიოდში ენგურჰესს ენერგია ექსპორტზე გააქვს. ცალკე აღსანიშნავია, რომ საქართველოს არ აქვს ალტერნატიული იაფი რესურსი ენერგიის იმ ნაწილის საკომპენსაციოდ, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა დანარჩენი საქართველოს ხარჯზე მოიხმარს. აღნიშნული დანაკლისის იმპორტი გაცილებით მაღალ ფასად, რუსეთის ფედერაციიდან ხორციელდება.
დასკვნააფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ელექტროენერგიით ენგურჰესის კასკადის მიერ გამომუშავებული ენერგიის 40%-ით უფასოდ მარაგდება. ბოლო წლებში, რეგიონის საჭიროებიდან გამომდინარე, მიღებული იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება 1997 წლის სიტყვიერი შეთანხმებით გათვალისწინებულს ზევით მოცულობების მიწოდებაზე. აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის ოპერირების ხარჯები დარჩენილი ენერგიის რეალიზებით მიღებული შემოსავლით იფარება, აფხაზეთი კი ენერგიის ხსენებულ ნაკადებს ანაზღაურების გარეშე იღებს. არსებული მდგომარეობით, აფხაზეთის არ-ის მიმდინარე მოხმარება აჭარბებს ენგურჰესის წარმოების მიმდინარე მაჩვენებელს. წყალსაცავში წყლის დაბალი ნიშნულიდან გამომდინარე კი, თებერვლის ბოლოდან წარმოება მხოლოდ მიმდინარე შემოდინების ხარჯზე უნდა გაგრძელებულიყო, რაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოხმარების მხოლოდ მცირე ნაწილის დასაკმაყოფილებლად იყო საკმარისი.
ამდენად, ენერგეტიკის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რეგიონისთვის ელექტრომომარაგების შეწყვეტის თავიდან ასაცილებლად, არსებული დეფიციტი დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, საქართველოს მიერ რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგიით დაბალანსდება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნინო ბურჯანაძის განცხადება არის ტყუილი.