მიმდინარე წლის 18 თებერვალს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის ეკონომიკური გუნდი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს შეხვდნენ. შეხვედრაზე ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის პროექტი „საქართველო 2020“ განიხილეს. პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან გაკეთებულ კომენტარში აღნიშნა, რომ „საქართველო სიღარიბის კუთხით ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილზე რჩება“. მისივე განმარტებით, ეს არის მსოფლიო ბანკის მონაცემები.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა პრემიერ-მინისტრის განცხადებით და აღნიშნული ფაქტი გადაამოწმა.
მსოფლიო ბანკის მიხედვით, სიღარიბის განმსაზღვრელი მთავარი ინდიკატორი შემოსავლებია. მსოფლიო ბანკის თანახმად, ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლის (GNI per capita, Atlas method) საფუძველზე ეკონომიკის კლასიფიცირება შემდეგ კატეგორიებად ხდება:დაბალი შემოსავალის, საშუალო შემოსავალის (რაც დაბალ საშუალო და მაღალ საშუალო ჯგუფებად იყოფა) და მაღალი შემოსავლის.
მსოფლიო ბანკის ბოლო, 2012 წლის მონაცემებით, ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში 20 ქვეყანა შედის. მაღალი საშუალო შემოსავლების კატეგორიაში შემდეგ ქვეყნები შედის: ალბანეთი, აზერბაიჯანი, ბელორუსია, ბოსნია-ჰერცოგოვინა, ბულგარეთი, ყაზახეთი, მაკედონია, მონტენეგრო, რუმინეთი, სერბეთი, თურქეთი და თურქმენეთი. ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის მხოლოდ 6 ქვეყანაშია შემოსავლები დაბალი საშუალო: საქართველო, სომხეთი, კოსოვო[1], მოლდოვა, უკრაინა და უზბეკეთი. შემოსავლების ყველაზე დაბალ გრადაციაში ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ხვდება[1].დაბალი შემოსავლის კატეგორიაში ხვდებიან ქვეყნები, რომლის მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (GNI per capita, Atlas method) 1,035$ ან მასზე ნაკლებია, დაბალი საშუალო შემოსავლის კატეგორია - 1,036$-4,085$, მაღალი საშუალო შემოსავლის კატეგეგორია - 4,086$-12,615$ და მაღალი შემოსავლის კატეგორია - 12,616$ და მეტი.
2004 წელს საქართველომ ზემოთ აღნიშნულ კლასიფიკაციაში დაბალი შემოსავლის საფეხურიდან, დაბალ საშუალო შემოსავლის კატეგორიაში გადაინაცვლა. 2004-2012 წლების სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს GNI per capita (დათვლილი ატლასის მეთოდით) ყოველწლიურად იზრდებოდა (იხ. ქვემოთ მოცემული დიაგრამა). თუმცა, აღსანიშნავია, რომ არსებული ზრდა არ იყო იმდენად მაღალი, რომ საქართველოს შემოსავლების შემდეგ კატეგორიაზე გადაენაცვლა. [დიაგრამაზე წითელი ჰორიზონტალური ხაზი აღნიშნავს შემოსავლის მინიმუმს, რომლის მიხედვითაც ქვეყანა დაბალ საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნების ჯგუფში კლასიფიცირდება]
2011 წლის მონაცემებით საქართველოს მთლიანმა ეროვნულმა შემოსავალმა ერთ სულ მოსახლეზე 2,850$ შეადგინა. 2012 წელს ეს მონაცემი 3,290$-ს შეადგენდა.ჩვენ ასევე ვნახეთ, დანარჩენი 5 ქვეყნის მაჩვენებელიც, რომელიც შემოსავლების დაბალ საშუალო ჯგუფში ხვდება. 2012 წლის მონაცემებით, სომხეთში მთლიანი შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 3,720$-ს შეადგენს, კოსოვოში - 3,600$-ს, უკრაინაში - 3,500$-ს, მოლდოვაში - 2,070$-ს, უზბეკეთში - 1,720$-ს. შესაბამისად, საქართველო შემოსავლების მხრივ დაბალი საშუალო საფეხურის ჯგუფში ჩამორჩება სომხეთს, კოსოვოს და უკრაინას (იხ.ცხრილი ქვემოთ).
ამასთან მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მსოფლიო ბანკის 2010 წლის მონაცემებით,საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 18 % 1.25$ PPP -ით [Purchasing Power Parity- მსყიდველობითი უნარის პარიტეტი] სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი ყოველდღიური სამომხმარებლო ხარჯი 1.25 $-ს არ აღემატება. აქვე განვმარტავთ, რომ 2011, 2012 და 2013 წლის მონაცემები ჯერ-ჯერობით არ არის გამოქვეყნებული.
დასკვნა 2012 წლის მსოფლიო ბანკის მონაცემებით,
ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში 20 ქვეყანა შედის, აქედან 12 ქვეყანა მაღალი საშუალო შემოსავლის კატეგორიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი ეროვნული შემოსავლი (GNI per capita, Atlas method) 4,086$-დან 12,615$-მდე მერყეობს. 6 ქვეყანა კი დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფში გვხვდება, ანუ მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე 1,036-4,085 აშშ დოლარია. აღნიშნულ რეგიონში დაბალი შემოსავლის კატეგორიაში მხოლოდ ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შედის.
საქართველო შემოსავლების მხრივ დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფშია. 2012 წლის მონაცემებით მისი მთლიანი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე (GNI per capita, Atlas method) 3,270$ იყო. ამასთან, 2004-2012 წლის სტატისტიკური მონაცემებით, საქართველოს GNI per capita ყოველწლიურად იზრდებოდა. საქართველო დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფში ჩამორჩება სომხეთს, კოსოვოს და უკრაინას და უსწრებს უზბეკეთს და მოლდოვას.
საქართველო ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში შემოსავლების მხრივ ყველაზე დაბალ საფეხურზე არ არის, თუმცა, მისი ეროვნული შემოსავალი ერთ სულ მოსახლეზე მხოლოდ უზბეკეთის, მოლდოვის (დაბალი საშუალო შემოსავლის ჯგუფი), ყირგიზეთის და ტაჯიკეთის (დაბალი შემოსავლის ჯგუფი) მონაცემებს აღემატება და ჩამორჩება რეგიონის 15 ქვეყანას.
შესაბამისად ჩვენ ვასკვნით, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება “საქართველო სიღარიბის კუთხით ცენტრალური აზიის და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთ ყველაზე დაბალ ადგილზე რჩება“, არის სიმართლე._________________________
საქართველო არ ცნობს კოსოვოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობას