საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე ჩხოროწყუს მაჟორიტარმა დეპუტატმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, ვახტანგ ლემონჯავამ, განაცხადა: „უნდა შევეხო გაზიფიცირების საკითხს სამეგრელოს სამ რაიონში (მარტვილი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა). უმცირესობის შეხვედრისას ენერგეტიკის მინისტრთან მე ეს საკითხი დავაყენე. ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ მას არ დახვედრია ეს პროექტები. აუცილებლად უნდა გაგრძელდეს გაზიფიცირების პროექტი. 2010 წელს გაზი მიიღო 84000-მა აბონენტმა, 2011-ში 105000-მა, 2012-ში 120000-მა, 2013 წელს გაზს მხოლოდ 25-30000 აბონენტი მიიღებს. რამ გამოიწვია ასეთი დიდი ვარდნა? ასევე, რეგიონში სხვა ინფრასტრუქტურული პროექტებიც შეჩერებულია. მაგ: ჩხოროწყუს რაიონში, მუხური-თაიას ასფალტირებული გზის 4 კილომეტრიანი მონაკვეთი, აგრეთვე მონგირი-ახუთის გზის მშენებლობა“.
ფაქტ-მეტრი დეპუტატის ამ განცხადებით დაინტერესდა და მასში მოყვანილი ფაქტების სიზუსტის გადამოწმება სცადა.
უპირველეს ყოვლისა ჩვენ დავინტერესდით სამეგრელოს სამ რაიონში - მარტვილში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, გაზიფიცირება დაგეგმილი იყო თუ არა. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვებ–გვერდზე 2013–2014 წლებში ქვეყნის რეგიონების გაზიფიცირების გეგმაა გამოქვეყნებული. გეგმის მიხედვით, 2013 წელს 65 401 კომლის გაზიფიცირება უნდა განხორციელდეს. წალენჯიხის და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტები 2013-2014 წლის გაზიფიცირების გეგმაში არ გვხვდება.
საკითხში უკეთ გასარკვევად, ოფიციალური წერილით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მივმართეთ და 2011-2013 წლებში სამეგრელოს სამი რაიონის გაზიფიცირების გეგმა გამოვითხოვეთ. ენერგეტიკის სამინისტროდან 17 სექტემბერს მიღებული პასუხის მიხედვით, 2011-2013 წლებში წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტებში გაზიფიცირების სამუშაოები არ განხორციელებულა. ეს მუნიციპალიტეტები 2013-2014 წლის გაზიფიცირების გეგმაშიც არ არის შესული. ამავე წერილის თანახმად, გაზიფიცირების პროცესი მხოლოდ მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. ამ მუნიციპალიტეტში, მოცემულ პერიოდში (2011-2013 წლები) გაზიფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 3 015 აბონენტს შეადგენს. 2013 წელს დამატებით 2414 აბონენტის გაზიფიცირებაა დაგეგმილი. ენერგეტიკის სამინისტრომ 2011-2013 წლებში მარტვილის მუნიციპალიტეტის ცალკეულ სოფლებში დამატებული აბონენტების/კომლის რაოდენობაც მოგვაწოდა:
01.01.2011
01.01.2012
01.01.2013
01.09.2013
მარტვილი
153
670
2,349
2,349
ხუნწი
-
416
416
416
დიდი ჭყონი
-
200
250
250
სულ
153
1,286
3,015
3,015
2013 წლის ბოლომდე მარტვილის რაიონში 2414 აბონენტის დამატების გეგმა ქვემოთ ცხრილშია ნაჩვენები.
გაზიფიცირების გეგმა (დამატებული აბონენტი/კომლი) 2013
დასახელება
აბონენტი/კომლი
დასრულების ვადა
მარტვილი
2,414
დეკემბერი
ინჩხური
282
დეკემბერი
გაჭედილი
149
დეკემბერი
სკურდი
82
დეკემბერი
თამაკონი
42
დეკემბერი
დიდი ჭყონი
207
დეკემბერი
ლედგებე
264
დეკემბერი
სალხინო
296
დეკემბერი
ლეცავე
55
დეკემბერი
ჭინოთა
270
დეკემბერი
ოჩე
114
დეკემბერი
წაჩხური
156
დეკემბერი
ტალერი
176
დეკემბერი
ნობულევი
44
დეკემბერი
ეწერი
120
დეკ%
როგორც ზემოთ მოყვანილი ცხრილებიდან ჩანს, მარტვილის რაიონში გაზიფიცირების პროცესი დაწყებულია, მაგრამ 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და 2013 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით დამატებულ აბონენტთა რაოდენობა ერთი და იგივეა (3015), რაც იმას ნიშნავს, რომ 2013 წლის იანვრის შემდეგ ახალი აბონენტების დამატება არ მომხდარა. ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით კი, 2013 წლის ბოლომდე მარტვილის რაიონში 2 414 აბონენტის დამატება უნდა მოხდეს.
16 დეკემბერს ჩვენ მარტვილის გამგებელს მამუკა დანელიას დავუკავშირდით და ვთხოვეთ, მარტვილში გაზიფიცირების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოეწოდებინა. მისი თქმით, მხოლოდ მარტვილსა და ხუნწში დაემატა 265 აბონენტი. გამგებელმა აღნიშნა, რომ 2013 წელს გაზიფიცირება შენელებული ტემპით მიმდინარეობს და გამგეობა წერილის გაგზავნასაც კი აპირებს კომპანია სოკარში მიზეზების დასადგენად (მარტვილის გაზიფიცირებას კომპანია „სოკარი“ ახორციელებს).
იმის გასარკვევად, მიმდინარეობს თუ არა ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში გაზიფიცირების პროცესი, ჩვენ ოფიციალური წერილით ჩხოროწყუს და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებს მივმართეთ და შესაბამისი ინფორმაცია მოვითხოვეთ. მუნიციპალიტეტებიდან მიღებული პასუხების თანახმად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაზიფიცირების პროგრამის დაწყება 2015 წლისთვისაა გათვალისწინებული, ხოლო წალენჯიხის მუნიციპალიტეტში კი, ჯერ ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის.
დეპუტატი ვახტანგ ლემონჯავა 2013 წელს გაზიფიცირების პროცესის შენელებულად მიმდინარეობაზე აკეთებს აქცენტს და ამის დასასაბუთებლად წინა წლების სტატისტიკური მონაცემები მოჰყავს.
ფაქტ-მეტრმა ენერგეტიკის სამინისტროდან 2010-13 წლებში საქართველოს მასშტაბით გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობაც მოითხოვა. ენერგეტიკის სამინისტრომ 2010-2013 წლებში საქართველოს მასშტაბით დამატებულ აბონენტთა რაოდენობა მოგვაწოდა, რასაც ცხრილის სახით ვაქვეყნებთ:
სულ გაზიფიცირებული აბონენტების რაოდენობა 31,12,2010
დამატებული აბონენტი/კომლი
2011
2012
2013 (1-ლ სექტემბრამდე)
სულ 2011-2013
აჭარის ავტ. რესპუბლიკა
21850
26,123
3,435
1950
31,508
გურია
4,767
1830
6,824
518
9,172
იმერეთი
87,626
20,299
26,749
575
47,623
კახეთი
35,716
4,278
22,329
2745
29,352
რაჭა ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი
513
68
141
-
209
სამეგრელო-ზემო სვანეთი
13,889
11150
7350
4,108
22,608
სამცხე-ჯავახეთი
13,894
8,502
3,057
3,792
15,351
ქვემო ქართლი
63430
7,629
16,301
4,079
28,009
მცხეთა მთიანეთი & შიდა ქართლი
38,898
7,529
15,503
4,943
27,975
სულ
280,583
87,408
101,689
22,710
211,807
ამ ინფორმაციის თანახმად, 2013 წელს გაზიფიცირებულ აბონენტთა რაოდენობა წინა წლებში გაზიფიცირებულ აბონენტებთან შედარებით მართლაც მკვეთრად შემცირებულია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა რომ დეპუტატი რიცხვებს არასწორად ასახელებს, მისი განცხადების ეს ნაწილი სწორად ასახავს რეალობას.
რაც შეეხება ვახტანგ ლემონჯავას განცხადების ნაწილს ჩხოროწყუს რაიონში შეჩერებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით [მუხური-თაიას და მონგირი ახუთის გზის მშენებლობა], მის გადასამოწმებლად ჩვენ ოფიციალური წერილით საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მივმართეთ და ჩხოროწყუს რაიონში 2012-2013 წლებში დაგეგმილი, განხორციელებული ან შეჩერებული ინფრასტრუქტურული პროექტების გეგმა მოვითხოვეთ.
სამინისტროდან მიღებული პასუხის მიხედვით, ჩხოროწყუს რაიონში 2012-2013 წლებში შემდეგი ინფრასტრუქტურული პროექტები იყო დაგეგმილი:
- ქ. ჩხოროწყუს წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია. დასრულდა 2011 წელს. ბიუჯეტი - 582,148.58 ლარი.
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ნაგავსაყრელისა და ნაგავსაყრელთან მისასვლელი გზის რეკონსტრუქცია. დასრულდა 2012 წელს. ბიუჯეტი - 340, 261. 00 ლარი.
- მუხური-თაიას და მონგირი-ახუთის გზის მშენებლობა. დასრულების ვადა 2013 წელი. ბიუჯეტი - 3613540 ლარი.
სამინისტროს ინფორმაციით, ჩხოროწყუს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა.
საკითხში მეტი სიცხადის შესატანად, ჩვენ ოფიციალური წერილით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოსაც მივმართეთ.
საკრებულოდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მონგირი-ახუთის ცენტრისა და მუხური-თაიას ცენტრის დამაკავშირებელი საავტომობილო გზების მოასფალტება მიმდინარეობს, რომელთა სამუშაოების ღირებულება 3613540 ლარს შეადგენს. წერილში ნათქვამი არ არის, რომ გზების მშენებლობა შეჩერებულია. ჩვენ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს ტელეფონითაც დავუკავშირდით და დავაზუსტეთ, მიმდინარეობს, თუ შეჩერებულია გზების მშენებლობა. მუნიციპალიტეტიდან მიღებული პასუხის თანახმად, მონგირი-ახუთის გზის მოასფალტება დასრულებულია, ხოლო მუხური-თაიას გზის მშენებლობა კი გრძელდება.
დასკვნა
ამჟამად, სამეგრელოს სამი რაიონიდან (მარტვილი, ჩხოროწყუ და წალენჯიხა) გაზიფიცირების პროგრამა მხოლოდ ერთში, კერძოდ მარტვილში, მიმდინარეობს. თუმცა, 2013 წლის იანვრის შემდეგ 2013 წლის სექტემბრამდე ახალი აბონენტების დამატება არ მომხდარა. ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, წლის ბოლომდე 2 414 აბონენტის დამატება უნდა მოხდეს. 16 დეკემბრის მდგომარეობით მარტვილსა და ხუნწში მხოლოდ 265 აბონენტი დაემატა. სხვა ორ რაიონში, წალენჯიხასა და ჩხოროწყუში, 2013-2014 წლებში გაზიფიცირება დაგეგმილი არ არის. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების პროგრამის დაწყება 2015 წლისათვისაა გათვალისწინებული. ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, წლის განმავლობაში ეს გეგმა შეიძლება შეიცვალოს და ის რაიონებიც დაემატოს, რომლებიც ამჟამად გეგმაში შეტანილი არ არის. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ჩხოროწყუს რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტები არ შეჩერებულა. მონგირი-ახუთის გზის მოასფალტება დასრულებულია, ხოლო მუხური-თაიას გზის მშენებლობა მიმდინარეობს.
რაც შეეხება 2013 წელს დამატებულ აბონენტების რაოდენობას, წინა წლებთან შედარებით რიცხვი ნამდვილად შემცირებულია. ენერგეტიკის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, გაზიფიცირების შენელებული ტემპით მიმდინარეობა მთელი რიგი ობიექტური მიზეზებით იყო განპირობებული [თუმცა, ეს „ობიექტური მიზეზები“ სამინისტროში არ დაგვიკონკრეტეს] და ამჟამად ისეთ რაიონებშიც მიმდინარეობს გაზიფიცირების პროცესი, რაც 2013 წლის გეგმის მიხედვით გათვალისწინებული არ იყო.
საკითხის შეწავლის შედეგად მიღებული ინფორმაციის თანახმად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დეპუტატ ვახტანგ ლემონჯავას განცხადება: „სამეგრელოს სამ რაიონში გაზიფიცირების პროცესი არ მიმდინარეობს და მუხური-თაიას და მონგირი-ახუთის გზის მშენებლობა არის შეჩერებული“, არის ნახევრად სიმართლე.