„რესპუბლიკური პარტიის“ გორის ორგანიზაციის წარმომადგენელი ალექსანდრე ვალიაური ფაქტ-მეტრთან საუბარში აცხადებს, რომ ქალაქ გორში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოცხადებულ ტენდერებში ძირითადად მაჟორიტარი დეპუტატის, იოსებ მაკრახიძისა და ქალაქ გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის ნათესავები და ახლობლები იგებენ.
„2014 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით გამოცხადებული ტენდერების უმრავლესობა მერის ან მაჟორიტარი დეპუტატის ახლობლებს აქვთ მოგებული. მეტიც, ქალაქ გორის მერის ბოლო ორი მივლინება ტენდერში გამარჯვებულ მის სიძესთან ხელშეკრულების გაფორმებას დაემთხვა. ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, მერის ადგილზე არყოფნის გამო ხელშეკრულებას ხელი მისმა მოადგილემ მოაწერა“, - აცხადებს ვალიაური.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2014წლის აგვისტოდან (ახალი თვითმმართველობის ამოქმედებიდან) დღემდე ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიას კატეგორიით - მთლიანი ან ნაწილობრივი სამშენებლო სამუშაოები და სამოქალაქო მშენებლობის სამუშაოები - სულ 77 ტენდერი აქვს გამოცხადებული. აქედან, ორი ტენდერი მიმდინარეა, 16 არ შედგა, შეწყდა ან უარყოფითი შედეგით დასრულდა, 59 მათგანთან კი ხელშეკრულება გაფორმებულია. ფაქტ-მეტრმა აღნიშნულ პერიოდში ქალაქ გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში რამდენჯერმე გამარჯვებული კომპანია გამოკვეთა და მათი მფლობელების ვინაობაც გაარკვია.
აღნიშნულ კატეგორიაში, 2014 წლის აგვისტოდან დღემდე, ხშირად მოგებულ კომპანიებს შორის ყველაზე მეტი ტენდერი შპს „შარას“ აქვს მოგებული (12 ტენდერი), მას მოსდევს შპს „არქმშენსტუდია 2002“ (9 ტენდერი), შემდეგ შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1" (7 ტენდერი) და ბოლოს შპს „ვერელი +“ (3 ტენდერი).
ქვემოთ მოცემულია კომპანიების მიერ მოგებული ტენდერებიდან მიღებული თანხები:
შპს "შარა"
25.04.2017 | 119 700 ლარი |
04.01.2017 | 81 717 ლარი |
30.09.2016 | 79 999 ლარი |
07.10.2016 | 25 780 ლარი |
21.04.2016 | 414 631 ლარი |
21.12.2015 | 12 013 ლარი |
25.11.2015 | 37 830 ლარი |
04.11.2015 | 1 263 451 ლარი |
16.10.2015 | 157 985 ლარი |
23.07.2015 | 713 890 ლარი |
15.06.2015 | 60 000 ლარი |
25.11.2014 | 165 896 ლარი |
შპს "არქმშენსტუდია 2002"
16.05.2017 | 28 623 ლარი |
09.12.2016 | 15 999 ლარი |
21.11.2016 | 27 038 ლარი |
09.11.2016 | 9 700 ლარი |
07.10.2016 | 13 040 ლარი |
12.09.2016 | 1 980 ლარი |
29.08.2016 | 11 676 ლარი |
29.07.2015 | 93 540 ლარი |
17.11.2014 | 117 671 ლარი |
შპს "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"
24.05.2017 | 717 000 ლარი |
17.05.2017 | 183 415 ლარი |
24.04.2017 | 567 400 ლარი |
11.05.2017 | 444 000 ლარი |
25.05.2016 | 220 000 ლარი |
23.10.2015 | 119 999 ლარი |
28.07.2015 | 768 451 ლარი |
შპს "ვერელი +"
02.03.2017 | 63 110 ლარი |
16.08.2016 | 43 499 ლარი |
04.07.2016 | 122 221 ლარი |
ამ კომპანიების მფლობელების დასადგენად, თითოეული მათგანის საჯარო რეესტრის ამონაწერები გადავამოწმეთ, რის შედეგადაც გაირკვა, რომ შპს „შარას“ 33% გორის მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლეს, ციცინო კალანდაძეს ეკუთვნის. მაკრახიძეების გვარს უკავშირდება შპს „არქმშენ სტუდია 2002“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი იმავე საჯარო მოხელის ძმა ალექსანდრე მაკრახიძეა. უნდა აღინიშნოს, რომ ძმები მაკრახიძეები გასულ წლებში პოლიტიკური პარტიების შემომწირველთა ნუსხაშიც ფიქსირდებიან. იოსებ მაკრახიძეს 2012 და 2016 წლებში შემოწირულობის სახით გადარიცხული აქვს 75 000 ლარი (25 000 ლარი "ნაციონალური მოძრაობისთვის", 50 000 "ქართული ოცნებისთვის") რაზეც ადრე ფაქტ-მეტრიც წერდა.
ხოლო, ალექსანდრე მაკრახიძეს კი 2012 წელს გადარიცხული აქვს ("ნაციონალური მოძრაობისთვის") - 8 000 ლარი.
რაც შეეხება "საგზაო სამშენებლო სამმართველო #1"-ს, მისი დირექტორი და 50% იანი წილის მფლობელი შოთა აბულაძეა, დანარჩენ 25-25%-იან წილს კი ნუგზარ და ნუკრი აბალაკები ინაწილებენ. მათზე რაიმე კავშირის დადასტურებულად თქმა შეუძლებელია, თუმცა როგორც „შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი“ წერდა,შოთა აბულაძე მაკრახიძეების ოჯახის ახლობელია.
შპს „ვერელი +“-ის მფლობელი კი ქალაქ გორის მერის, ზურაბ ჯირკველიშვილის დის ქმარია. მას 2014-2017 წლებში დანარჩენ სამ კომპანიასთან შედარებით ყველაზე მცირე რაოდენობის ტენდერი აქვს მოგებული. უნდა აღინიშნოს, რომ ეს კომპანია სახელმწიფო ტენდერებში 2014 წლის თვითმართველობამდე უფრო ფიგურირებდა, ვიდრე მას შემდეგ. შესაძლოა ეს მერთან კავშირის გამჟღავნებისა და ოპოზიციის განცხადებების შედეგად ტენდერების ჩაშლასაც უკავშირდებოდეს. „ვერელი +“-ის ზურა ჯირკველიშვილთან კავშირი ადგილობრივ ხელისუფლებაში სკანდალის მიზეზიც გახდა. რაც შეეხება ალექსანდრე ვალიაურის განცხადების მეორე ნაწილს, როგორც ფაქტ-მეტრმა გაარკვია, შპს „ვერელი +“-თან ხელშეკრულების გაფორმებისას გორის მერი ქვეყანაში მართლაც არ იმყოფებოდა და სატენდერო დოკუმენტებს ხელს მის ნაცვლად ჯირკველიშვილის მოადგილე აწერდა.მისი განცხადებით, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად მან აღნიშნულ შესყიდვებში მონაწილეობა არ მიიღო.
დასკვნა
ფაქტ-მეტრის მიერ მოძიებული მასალებიდან ირკვევა, რომ ქალაქ გორის მერიის მიერ გამოცხადებულ ინფრასტრუქტურული სამუშაოების ტენდერებში ყველაზე ხშირად ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატის იოსებ მაკრახიძის ცოლისა და ძმის კომპანიები იგებენ. 2014-2017 წლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირველი მათგანის კომპანიას 3 107 114 ლარი, მეორეს კი 319 267 ლარი აქვს მოგებული. „შპს ვერელი +“-ს, რომლის დირექტორიც მერის სიძეა, ჯამში 228 830 ლარის ტენდერი აქვს მოგებული. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ ამ შესყიდვებში, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების მიზნით, გორის მერმა მონაწილეობა არ მიიღო.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ალექსანდრე ვალიაურის განცხადება არის სიმართლე.რედაქტორის შენიშვნა: სტატიის თავდაპირველ ვერსიაში, სახელისა და გვარის დამთხვევის გამო, ერთ-ერთი კომპანიის მფლობელი ნუკრი აბალაკი შეცდომით იყო გაიგივებული სხვა პიროვნებასთან (გამგებლის ყოფილ მოადგილესთან). მკითხველის გამოხმაურების საფუძველზე, ფაქტ-მეტრმა ეს უზუსტობა შეასწორა. ამ ხარვეზს სტატიის ვერდიქტზე გავლენა არ მოუხდენია.