თბილისის ურბანული განვითარების კუთხით მრავალი პრობლემა არსებობს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ მრავალი წელია, თბილისს განვითარების განმსაზღვრელი ძირითადი დოკუმენტი - მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არ გააჩნია. დედაქალაქის განვითარების ბოლო გენერალური გეგმა 1971 წელს დამტკიცდა და ის 2000 წლის ჩათვლით მოქმედებდა. დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში მსგავსი დოკუმენტი არ შემუშავებულა. აღნიშნული მიმართულებით გარკვეული ნაბიჯები მხოლოდ 2009 წელს გადაიდგა, როდესაც დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა

დამტკიცდა.

არსებული გეგმის ხარვეზებზე და განახლების აუცილებლობაზე თბილისის მერმა დავით ნარმანიამ თავის წინასაარჩევნო პროგრამაშიც მიუთითა. თბილისის მერიამ გენერალური გეგმის განახლების გადაწყვეტილება ნარმანიას მერად არჩევიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ მიიღო (2015 წლის 29 აპრილს) და არქიტექტურის სამსახურს თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებისთვის კონკურსის გამოცხადება დაავალა.

მერიის არქიტექტურის სამსახურმა გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის მაისში გამოაცხადა. საერთაშორისო კონკურსში 11 საკონკურსო წინადადება იყო წარდგენილი. გამარჯვებული კი იურიდიულ პირთა ინტერნაციონალური გაერთიანება "მომავლის ქალაქი" გახდა. "მომავლის ქალაქში" ცხრა პარტნიორი, მათ შორის 6 უცხოური ორგანიზაციაა გაერთიანებული.

ფაქტ-მეტრი თბილისის მიწათსარგებლობის გენგეგმის მნიშვნელობასთან და ძირითად კონცეფციასთან

დაკავშირებით "მომავლის ქალაქის" შემადგენლობაში შემავალი ორგანიზაციის - "სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორს, ურბანისტ მამუკა სალუქვაძეს ესაუბრა.

მამუკა სალუქვაძის განმარტებით, გენგეგმის შემუშავებისას გათვალისწინებული იქნება ყველა ის მიმართულება, რაც ქალაქის ურბანული განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. გენგეგმამ უნდა ჩამოაყალიბოს საზოგადოებრივი სივრცეების ტრანსფორმაციის, ასევე განაშენიანების სიმჭიდროვისა და სიმაღლის ნათელი სტრატეგია.

ჩვენთან საუბარში სალუქვაძემ აღნიშნა, რომ გენგეგმის ძირითადი მიზანია, დაასრულოს ის ქაოსი, რაც დღეს ქალაქში გვაქვს. იმის გამო, რომ თბილისს არ გააჩნია საჯარო სივრცის დაცვის და განვითარების კონცეფცია, ათეული წლებია, რაც საჯარო სივრცეების ხელყოფა ხდება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია დასვენებისა და რეკრეაციულ ზონებში პროექტების შეთანხმება და მშენებლობა. განახლებულ გენგეგმაში მდინარე მტკვრის სანაპიროები, საქალაქო ბაღები, პარკები, სკვერები და სხვა გამწვანებული ტერიტორიები ცალკე ტიპოლოგიურ ზონად, შესაბამისი რეჟიმებით და დაცვის მექანიზმებით იქნება გამოყოფილი.

მამუკა სალუქვაძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში ყურადღება "თბილისის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესებში" არსებულ ხარვეზებზეც გაამახვილა. კერძოდ, ამ წესების მიხედვით, ზონალური შეთანხმების საფუძველზე, მუნიციპალიტეტის განაშენიანების კოეფიციენტის ყიდვაა შესაძლებელი და, ასევე, თბილისის მერს ფუნქციურად სრულიად სხვა დატვირთვის მქონე ზონაში მშენებლობის ნებართვის გაცემა შეუძლია (მაგ. ბაღებში, პარკებში). სწორედ ამ ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, "სითი ინსტიტუტმა" იანვრის თვეში დედაქალაქის მერიას ცვლილებების პროექტი

წარუდგინა. ამ ცვლილებების მიხედვით, დედაქალაქში განაშენიანების სიმჭიდროვე უნდა შეიზღუდოს. ასევე, რეკრეციულ ზონებში საცხოვრებელი ფუნქციით მშენებლობის ნებართვის გაცემა დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს. გარდა ამ ცვლილებებისა, "სითი ინსტიტუტმა" მერიას რამდენიმე ტერიტორიისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართა. ასევე, მათ ცალკეული ტერიტორიების მიმართ განვითარების დროებითი შეზღუდვის მექანიზმის ამოქმედებაც მოითხოვეს, იმ მიზნით, რომ გენგეგმაზე მუშაობის პროცესში ამ ტერიტორიების არასასურველი განვითარება არ მოხდეს.

ასევე, მნიშვნელოვანია სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაც. სალუქვაძის განმარტებით, აშკარაა, რომ თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარება კერძო ავტომობილების რაოდენობის ზრდას ვერ დაეწევა, რაც იმას ნიშნავს, რომ სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტა გზების განვითარების საშუალებით ვერ მოხდება. აქედან გამომდინარე, პრიორიტეტული უნდა გახდეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. ის უნდა იყოს სწრაფი, იაფი და კომფორტული. მამუკა სალუქვაძის თქმით, ისინი მერიისთვის საპილოტე პროგრამის სახით ე.წ. "სწრაფი ავტობუსის" პროექტის შეთავაზებას გეგმავენ. სწრაფ ავტობუსს საკუთარი სამოძრაო ზოლი და კარგად გათვლილი მოძრაობის განრიგი ექნება. გარდა ამისა, მისივე აზრით, სამომავლოდ სასურველი იქნება ევროპული ტიპის ტრამვაის აღდგენა (შესაბამისი პროექტი უკვე არსებობს, იხ. ფაქტ-მეტრის სტატია).

მამუკა სალუქვაძემ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების გენგეგმასთან შესაბამისობაში მოყვანაზეც ისაუბრა. მისი განმარტებით, ქალაქს გენგეგმა საბოლოო სახით სამუშაოს დაწყებიდან (2015 წლის ოქტომბერი) 18 თვის შემდეგ ექნება. ბუნებრივია, ამ დროის განმავლობაში ქალაქში ვერც მშენებლობები გაჩერდება და ვერ მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები. შესაბამისად, მათ მშენებლობებთან დაკავშირებით მერიას ზემოთაღნიშნული მოკლევადიანი ცვლილებები უკვე შესთავაზეს.

რაც შეეხება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კერძოდ კი შემოვლით რკინიგზას, როგორც სალუქვაძემ აღნიშნა, რკინიგზის ხაზის ქალაქიდან გატანას ალტერნატივა არა აქვს. გამოთავისუფლებულ ტერიტორიაზე შესაძლებელი იქნება ახალი ცენტრის აღმოცენება, რომელიც ბევრად უფრო კომფორტული და საინტერსო იქნება ვიდერე არსებული. რაც შეეხება "პანორამა თბილისის" პროექტს, სალუქვაძის ინფორმაციით, პროექტის შესასწავლად დამოუკიდებელი უცხოელი ექსპერტები არიან მოწვეულნი. ისინი ამ კვლევის შედეგებს დაეყრდნობიან და მხოლოდ ამის შემდეგ შეაფასებენ მას.

"

სითი ინსტიტუტი საქართველოს" დირექტორმა გენგეგმის მართვის სირთულეებზეც ისაუბრა. მისი აზრით, მთავარი სირთულე არა გენგეგმის შექმნა, არამედ მისი მართვის პროცესია. "გენგეგმაში ჩვენ ვაწესებთ ერთგვარ შეზღუდვებს, როგორ არ უნდა განვითარდეს ქალაქი. თუმცა, რაც არ უნდა სრულყოფილი დოკუმენტი შეიქმნას, თუ ის კანონად არ იქცა, მარტო გენგეგმის  არსებობა არაფერს შეცვლის" - აღნიშნა მამუკა სალუქვაძემ.

ჩვენ, გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესში საზოგადოების ჩართულობითაც დავინტერსდით. გენგეგმაზე მუშაობის პროცესს ვებგვერდი city.kvira.ge აშუქებს. მათი ინფორმაციით, "სითი ინსტიტუტი საქართველოს" ინიციატივით საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომელშიც სხვადასხვა დარგის სპეციალისტები არიან გაერთიანებულნი. საზოგადოებრივმა საბჭომ დაარსებიდან უკვე 4 სხდომა გამართა.

საბჭოს მიზანია გენგეგმაზე მუშაობის პროცესში დაინტერესებული მხარეების ჩართულობა-კოორდინირებას და მათ ინფორმირებულობას შეუწყოს ხელი.

გენერალურ გეგმაზე მუშაობის პროცესთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს ვთხოვეთ. ელისაშვილის თქმით, ის გენგეგმის ძირითად კონცეფციას გაეცნო და მისი აზრით, მომუშავე ჯგუფი ადეკვატურად აღიქვამს ქალაქში არსებულ პრობლემებს. თუმცა, ელისაშვილის თქმით, მთავარია თბილისის გენგეგმა რეალურ დოკუმენტად იქცეს, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის შემდგომი განვითარება მოხდება. ამის გარანტორად კი, დღევანდელ მერიას ის ვერ ხედავს.

ფაქტ-მეტრმა ამავე საკითხზე კომენტარი ურბანისტ ლადო ვარდოსანიძესაც სთხოვა. მისი განცხადებით, გენგეგმაზე მომუშავე გამარჯვებული კომპანიის ხედვას კარგად იცნობს და ძირითად პრიორიტეტებს იზიარებს. მოგვიანებით, ის თავადაც ჩაერთვება  გენგეგმაზე მუშაობაში და ჯგუფს ურბანულ საკითხებში კონსულტაციას გაუწევს. ვარდოსანიძის აზრით, ქალაქი თანამედროვე ფორმაციის გენგეგმას დადგენილ ვადაში მიიღებს, თუმცა დასძენს, რომ დოკუმენტის არსებობა მის თავისთავად წარმატებას არ განსაზღვრავს, რადგან მთავარია გენგეგმის შემდგომი მართვა და აღსრულება. როგორც ლადო ვაროსანიძემ აღნიშნა, პრობლემა გენგეგმის გაწერაში კი არ არის, არამედ ამ დოკუმენტის კანონად ქცევაშია. გენგეგმის კანონად ქცევის პრობლემა კი "სააკაძის მოედანზე მდებარე მაღალი შენობაა" [მერია].

ამ კონტექსტში საინტერესოა ერთი ფაქტი - იანვარში "სიტი ინსტიტუტი საქართველომ" მერიას მშენებლობების რეგულირების წესებში შესატან ცვლილებათა პაკეტი შესთავაზა. 17 თებერვალს გამართულ მთავრობის სხდომაზე ქალაქის მერმა განაცხადა,

რომ მშენებლობის რეგულაციის წესების ახალ რედაქციას მერია საკრებულოს უახლოეს მომავალში წარუდგენდა. ჩვენ დავინტერსდით, შევიდა თუ არა საკრებულოში შესაბამისი ცვლილებათა პაკეტი. როგორც საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, გოჩა ბაბუნაშვილმა განაცხადა, საკრებულოში მსგავსი ინიციატივა ჯერ არ შესულა. აღსანიშნავია, რომ გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის მიერ მერიისთვის ცვლილებების წარდგენიდან ორთვენახევარი, დავით ნარმანიას განცხადებიდან კი (სადაც ის ცვლილებების საკრებულოსთვის წარდგენას უახლოეს მომავალში აანონსებდა) თვენახევარია გასული.

დასკვნის მაგიერ როგორც აღვნიშნეთ, დაახლოებით ერთ წელიწადში თბილისს ექნება დოკუმენტი, რომელმაც ქალაქის შემდგომი განვითარება უნდა უზრუნველყოს. სპეციალისტების შეფასებით, გენგეგმაზე მუშაობა სწორი მიმართულებით მიდის, თუმცა მხოლოდ ქაღალდზე გაწერილი სტრატეგია თბილისში არსებულ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. ის სამართლებრივი დოკუმენტი უნდა გახდეს, რომლის მიხედვითაც ქალაქის შემდგომი მართვა განხორციელდება. გენგეგმის სამართლებრივ აქტად ქცევის გარანტი კი თბილისის მერია უნდა იყოს (თუმცა, ჯერჯერობით, მერიის მხრიდან ამ მიმართულებით საკმარისი აქტივობა არ ჩანს), წინააღმდეგ შემთხვევაში დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა რეალურად ვერაფერს შეცვლის და მხოლოდ ფორმალურ დოკუმენტად  დარჩება.