მიმდინარე წლის მაისში სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გადაიანგარიშა. განახლებული მონაცემებით, 1994 წლიდან საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა კლების ტენდენციით ხასიათდება. მოსახლეობის შემცირება გარე მიგრაციას უკავშირდება. 2014 წლის აღწერის შედეგებიდან გამომდინარე, ის ტენდენციები რაც გამოიკვეთა (მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, უარყოფითი მიგრაციული სალდო) ლოგიკურია. თუმცა, სადავოა, რამდენად ზუსტია კონკრეტული წლების მონაცემები - საქსტატი დაეყრდნო 2002 წლის შინამეურნეობების ინტეგრირებულ კვლევას და 2014 წლის აღწერის შედეგებს, მათ შორის დაფიქსირებული მოსახლეობის რაოდენობის სხვაობა კი მიგრაციის მაჩვენებელზე გადანაწილდა.
საქსტატის ინფორმაციით, 2002 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგები არ ასახავდა რეალობას და ემიგრანტების ნაწილი დაფიქსირებული იყო, როგორც ქვეყანაში ფაქტობრივად მცხოვრები მოსახლეობა. განახლებული მონაცემებით, 2002 წელს დაფიქსირებული მოსახლეობის რიცხოვნობა დაახლოებით 9%-ით არის შემცირებული. ასევე, 1994-2017 წლებში გარე მიგრაციული სალდო (სხვაობა ემიგრანტებსა და იმიგრანეტებს შორის) უარყოფითია, რაც იმას ნიშნავს რომ ყოველწლიურად უფრო მეტი ადამიანი გადის ქვეყნიდან, ვიდრე შემოდის.
აქვე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის რაოდენობის ცვლილება, თავის მხრივ, ყველა იმ ეკონომიკურ მონაცემს ცვლის, რომლის გაანგარიშებაში მოსახლეობის რაოდენობის სტატისტიკაა გათვალისწინებული.
ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, რა ხარვეზები იყო დემოგრაფიული სტატისტიკის აღრიცხვაში, რამ განაპირობა დემოგრაფიული მაჩვენებლების განახლების (რადიკალურად შეცვლის) აუცილებლობა და რა პრინციპით დაკორექტირდა წინა წლების მაჩვენებლები.
2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ დაახლოებით 3.7 მლნ შეადგინა, რაც 2014 წლამდე ცნობილ მაჩვენებელზე დაახლოებით 777 ათასით ნაკლებია. ხოლო წინა, 2002 წლის აღწერის მაჩვენებელზე დაახლოებით 658 ათასით ნაკლები.
მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებას ორი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს: ბუნებრივი მატება (სხვაობა შობადობასა და სიკვდილიანობას შორის) და მიგრაციული სალდო (სხვაობა იმიგრანტებსა და ემიგრანტებს შორის). საქსტატის ძველი მონაცემებით, მოსახლეობის საყოველთაო აღწერებს შორის პერიოდში (2002-2014 წლებში), ჯამში, მიგრაციული სალდოც და ბუნებრივი მატების მაჩვენებელიც დადებითი იყო. რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის რაოდენობა იზრდებოდა. თუმცა 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებმა საპირისპირო აჩვენა.
სტატისტიკაში არსებული შეუსაბამობის გამო, დღის წესრიგში წინა წლების მონაცემების გადაანგარიშება/განახლების აუცილებლობა დადგა. აქვე შეგახსენებთ, რომ სტატისტიკური მონაცემების გადასინჯვა/კორექტირება (ახალი გარემოებების შემთხვევაში: მეთოდოლოგიის ცვლილება, მიმდინარე მონაცემების ცვლილება, ან ძველი მონაცემების დაზუსტება და სხვა) არის მსოფლიოში მიღებული პრაქტიკა. თუმცა, ამ შემთხვევაში საკმაოდ მკვეთრი ცვლილებები განხორციელდა.
საქსტატის და გაეროს მოსახლეობის ფონდის ერთობლივმა კვლევამ - „მოსახლეობის დინამიკა საქართველოში“ აჩვენა, რომ მოსახლეობის აღწერებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავების მიზეზი 2002 წლის საყოველთაო აღწერაში არსებული უზუსტობები და გარე მიგრაციული ნაკადები იყო.
ჩვენ ვესაუბრეთ საქსტატის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიული სტატისტიკის სამმართველოს დემოგრაფიული სტატისტიკის განყოფილების უფროსს, შორენა წიკლაურს. მისი თქმით, 2002 წლის აღწერის შედეგები შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის შედეგების საფუძველზე დაკორექტირდა. „შინამეურნეობების¹ ინტეგრირებული გამოკვლევები აჩვენებდა, რომ საქართველოს მოსახლეობა არ აღემატებოდა 4 მილიონს. 2002 წლის შინამეურნეობების ინტეგრირებულმა კვლევამაც აჩვენა იგივე. ამაზე საუბრობდნენ ადგილობრივი ექსპერტებიც. 2002 წლის საყოველთაო აღწერის შედეგები ჩასწორდა შინამეურნეობების ინტეგრირებული კვლევის შედეგების მიხედვით“ - განმარტა შორენა წიკლაურმა.
გრაფიკი 1: 2002-2015 წლებში მოსახლეობის რიცხოვნობა (1 იანვრის მდგომარეობით), საქსტატის ძველი და განახლებული მონაცემები
საქსტატმა ბუნებრივი მატების კოეფიციენტებიც დააკორექტირა, თუმცა აღწერათაშორის პერიოდში ბუნებრივი მატების კოეფიციენტი ჯამში დადებითი იყო (დაბადებულთა რაოდენობა აჭარბებს გარდაცვლილთა რაოდენობას). შესაბამისად, მოსახლეობის რაოდენობის შემცირებაზე ამ მაჩვენებელს გავლენა ვერ ექნებოდა, პირიქით, ამ მაჩვენებლით მოსახლეობის რაოდენობა უნდა გაზრდილიყო.
საქსტატის ინფორმაციით, მოსახლეობის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი გარე მიგრაციული ნაკადები იყო.
ძველი მონაცემებით, აღწერათაშორის პერიოდში მიგრაციული სალდო ჯამში დადებითი იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ ის რეალურ სურათს არ ასახავდა. 2012 წლამდე არ არსებობდა სისტემა, რომელიც ემიგრანტების და მიგრანტების რაოდენობას ზუსტად აღრიცხავდა. საქსტატის განმარტებით, 2004 წლამდე მიგრაციული სალდო ძირითადად გაიანგარიშებოდა ე.წ. ექსპერტული შეფასებებით. 2004 წლიდან საქსტატს ჰქონდა საზღვრის კვეთის მონაცემები, თუმცა ვერ ხერხდებოდა იმიგრანტების და ემიგრანტების იდენტიფიცირება და ამ მონაცემებში იყო რეალურად ყველა ის პირი, ვინც ქვეყნის ტერიტორიაზე შემოვიდა ან გავიდა. 2012 წლიდან უკვე დაინერგა ახალი მეთოდოლოგია და როგორც საქსტატში აცხადებენ, ზუსტად ხდება იმიგრანტებისა და ემიგრანტების იდენტიფიცირება.
საქსტატმა მიგრაციული სალდოს 2012 წლამდე არსებული მონაცემები რადიკალურად შეცვალა. აღსანიშნავია, რომ ძველი მონაცემებით მიგრაციული სალდოს ყველაზე მაღალი დადებითი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა 2005 და 2009-2011 წლებში. განახლებული მონაცემებით, ამავე წლებში ყველაზე მაღალი უარყოფითი მიგრაციული სალდო ფიქსირდება.
გრაფიკი 2: გარე მიგრაციული სალდო 2002-2014 წლებში, საქსტატის ძველი და განახლებული მონაცემები
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებაზე გავლენას ახდენს ბუნებრივი მატების კოეფიციენტი და მიგრაციული სალდო. რადგან ბუნებრივი მატების კოეფიციენტი დადებითი იყო, მოსახლეობის რაოდენობის შემცირება, რაც 2002 წლის კორექტირებულ მონაცემებსა და 2014 წლის აღწერის შედეგებს შორის ფიქსირდება, მიგრაციაზე გადანაწილდა.
დემოგრაფიული სტატისტიკის განყოფილების უფროსმა, შორენა წიკლაურმა ჩვენთან საუბრისას განმარტა: „ჩვენ გვქონდა 2002 წლის მოსახლეობის რაოდენობის კორექტირებული შედეგები და 2014 წლის აღწერიდან მიღებული მაჩვენებლები მოსახლეობის რაოდენობისა და ემიგრაციის შესახებ, სწორედ ამის საფუძველზე მოხდა მიგრაციული სალდოს მაჩვენებლების გადაანგარიშება“.
დემოგრაფიული მაჩვენებლების გადაანგარიშებისას საქსტატი 2014 წლის საყოველთაო აღწერიდან მიღებულ შედეგებს ეყრდნობა. არსებობს იმის ალბათობაც, რომ 2014 წლის საყოველთაო აღწერაშიც იყო ხარვეზები, ამ შემთხვევაში საქსტატს კიდევ ერთხელ მოუწევს მონაცემების გადაანგარიშება. თუ რამდენად ზუსტია 2014 წლის აღწერის შედგები, ამას მომავალი საყოველთაო აღწერის შედეგები გვიჩვენებს.
¹შინამეურნეობა - ადამიანთა ერთობლიობა, რომელიც ექვემდებარება ერთ საცხოვრებელ ერთეულზე ერთობლივი ცხოვრების საერთო წესებს და ერთმანეთთან დაკავშირებულია საერთო ბიუჯეტით (მისი ნაწილით), ნათესაური ან/და არანათესაური ურთიერთობებით. (შინამეურნეობა შეიძლება შედგებოდეს ერთი პირისგანაც).