ყალბი ახალი ამბავი (Fake News) პროპაგანდის შემადგენელი ნაწილია და მისი გატარების საჭირო ინსტრუმენტად მიიჩნევა. არ არსებობს ყალბი ახალი ამბის აღიარებული დეფინიცია, მაგრამ მეტად დამკვიდრებული გაგებით იგი არის მასობრივი საინფორმაციო საშუალებით გავრცელებული დეზინფორმაცია/ტყუილი, რომელიც ინფორმაციის წყაროს პოპულარიზაციას ან/და კონკრეტული ჯგუფის მიერ განსაზღვრული პოლიტიკის გატარებას ემსახურება. თუმცა, ყალბი ინფორმაციის მაგალითებს თუ დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ მათში მოცემული ინფორმაცია ხშირად ცალსახად ტყუილს არ ეფუძნება და სიმართლის ელემენტებიც შეიძლება აღმოვაჩინოთ. სწორედ ამიტომ, ყალბი ამბები არა მხოლოდ აუდიტორიის სიცრუეში შეყვანას, არამედ მათი დაბნევის მიზანსაც შეიძლება ემსახურებოდეს.

მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური განვითარება და სოციალური მედია ყალბი ახალი ამბების გავრცელების ძირითადი საშუალებაა, იგი მაინც არ არის თანამედროვეობის პროდუქტი. ყალბი ახალი ამბები, როგორც პროპაგანდის უმთავრესი ინსტრუმენტი ძველი რომის იმპერიაშიც გვხვდება, ნაცისტურ გერმანიაშიც და საბჭოთა კავშირშიც. ყველაზე აქტიურად ყალბი ახალი ამბები მეორე მსოფლიო ომის დროს გამოიყენებოდა. ომში მონაწილე სახელმწიფოების მიზანი მოსახლეობის საპირისპირო ბანაკისადმი აგრესიულად განწყობა იყო, რაშიც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა პროპაგანდა და ყალბი ამბები. მაგალითისთვის, 1930-იან წლებში რასობრივი სტერეოტიპების გავრცელებამ გერმანიაში, ხელი შეუწყო ებრაელების მასობრივ დისკრიმინაციას. ისტორიულად, ყალბი ახალი ამბების გამავრცელებელი ყოველთვის სამთავრობო ჯგუფები იყვნენ, თუმცა ტექნოლოგიურმა განვითარებამ სიტუაცია რამდენადმე შეცვალა.

ყალბი ახალი ამბები ძალიან დიდი რაოდენობით მსოფლიოს უკანასკნელ წლებში მოედო, რასაც თავისი განმაპირობებელი ფაქტორები აქვს:

  • დისტრიბუცია და ღირებულება - ტექნოლოგიურმა განვითარებამ გაზარდა ინფორმაციის დაფარვის სივრცე, რამდენიმე წამშია შესაძლებელი მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში გაგზავნო ინფორმაცია. ინტერნეტ-ქსელური დაფარვა ძალიან დიდია, შესაბამისად ინფორმაციის შეკავება რთული. რაც შეეხება ღირებულებას, ყალბი ახალი ამბის შექმნას და გავრცელებას უმეტეს შემთხვევაში ნულოვანი დანახარჯი აქვს.

  • სამართალი და რეგულირება - გამომდინარე იქიდან, რომ ასეთი ნიუსების რაოდენობა ბევრია და ისინი შინაარსობრივად ძალიან განსხვავდებიან, ძნელია მათი იდენტიფიცირება და კონტროლი. ჯერჯერობით არ არსებობს რაიმე სახის მექანიზმი, რომელიც ამ მოვლენას დაარეგულირებს. მართალია, არსებობს სხვადასხვა პრაქტიკა უჩივლო ნიუსის გამავრცელებელს, მაგრამ საწყისი წყაროს მიგნება საკმაოდ რთულია. გარდა ამისა, ვიდრე ონლაინ მედიასაშუალებას დაუმტკიცდება, რომ არის ყალბი ინფორმაციის გამავრცელებელი წყარო, ის ასწრებს ძალიან ბევრი მცდარი ინფორმაციის გამოქვეყნებას.

  • აუდიტორია და ნდობა: ყალბი ნიუსების გავრცელებას თითქმის ნულოვანი დანახარჯი აქვს, მასთან შედარებით ვალიდური ინფორმაციის გავრცელება საკმაოდ ძვირია. რეპუტაციის შემლახველი ერთი ცრუ ინფორმაციის გაქარწყლებას სჭირდება სერიოზული და დაგეგმილი კამპანია ნდობის აღსადგენად. ძალიან რთულია, სამიზნე აუდიტორიის ნდობა და ყურადღება მიმართო უკვე დამახინჯებული ამბის რეალური საწყისებისკენ.

არსებობს რამდენიმე სახეობის ყალბი ახალი ამბავი, რომლის ამოცნობაც არ არის მარტივი:

  • განზრახ შეცდომაში შემყვანი ამბავი - ეს არის მიზანმიმართულად შექმნილი და გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც გარკვეული პიროვნების, ჯგუფის, პოლიტიკური ძალის, ორგანიზაციის და ა.შ. დისკრედიტაციისკენ არის მიმართული; მაგალითად, ზოგიერთ რუსულ და იტალიურ მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით 2016 წლის მარტიდან ახალშობილი ბავშვების ნათლობა იკრძალება. აღნიშნული ყალბი ამბავი ანტი-დასავლური პროპაგანდის ნაწილს წარმოადგენდა.

  • რეალურ ფაქტად აღქმული ხუმრობა - ზოგიერთ ონლაინ მედია საშუალებას გაცხადებული სარკასტულ-იუმორისტული მიმართულება აქვს, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მათი ინფორმაცია აღიქმება როგორც რეალური ფაქტი; ამის საუკეთესო მაგალითია ბაკურ სვანიძის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადების შესახებ.შემდეგმა ონლაინგამოცემება: tb24.ge-მ, საქართველო და მსოფლიომ, mpress.ge-მ, news.coa.ge-მ და www.geotimes.ge-მ აღნიშნული სტატიის ბოლოს მიუთითეს წყარო, მაგრამ არ აღნიშნეს, რომ ინფორმაცია იუმორისტული ხასიათის იყო, რასაც მკითხველი შეცდომაში შეჰყავდა.

  • ახალ ამბავში სელექციურად შერჩეული ინფორმაცია - პირველწყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის დამახინჯება, ხელოვნურად, კონტექსტის გაუთვალისწინებლად ამოღებული ფრაზები, ფრაგმენტული ვიდეოები, შემოკლებული აუდიო ჩანაწერები და ა.შ; მაგალითად, სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია, რომ თითქოს ადამიანის უფლებების დაცვის ევროპულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, დამქირავებელს სრულიად შეუძლია გააკონტროლოს თანამშრომლის ელექტრონული მიმოწერა.ეს ყალბი ამბავი,რეალურად, კონტექსტის და სასამართლოში არსებული ფაქტობრივი გარემოებების აღწერის გარეშე გავრცელდა.

  • ამბები, სადაც სიმართლე სადავო და რთული დასადგენია - ძნელად გამოძიებადი ფაქტები, რომლის შემოწმებაც აღემატება ინფორმაციის მიმღები სეგმენტის შესაძლებლობებს;

  • რა ბოროტი განზრახვით გავრცელებული ცრუ ამბავი - ძირითადად რეკლამირებისთვის და გარკვეული ადგილების თუ კომპანიების პოპულარიზაციის მიზნით შექმნილი ისტორიებია, რომელიც მაგალითად ტურისტების მოზიდვისთვის გამოიყენება.

რა თქმა უნდა, ყალბი ინფორმაციების კატეგორიების ამგვარი ფორმულირება პირობითია და ხშირად მათი სწორხაზოვნად, რომელიმე ნაწილში გაერთიანება რთულია. ყალბი ამბავი, ბევრ შემთხვევაში, რამდენიმე ზემოთ ჩამოთვლილი მიზნის სინთეზს წარმოადგენს.

ფაქტ-მეტრი ამსტატიის საშუალებით მკითხველს უზიარებს საბაზისო ინფორმაციას, თუ როგორ უნდა ამოიცნოს ყალბი ახალი ამბავი.

გამოყენებული წყაროები:

თეგები: