უცხოურ ბაზარზე ქართველი მეწარმეების გასვლის მიმართულებით მთავრობის ყველაზე დიდი მიღწევა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობაა. "ამან შესაძლებლობა მოგვცა ხუთას მილიონიანი ბაზარი გახსნილიყო ჩვენს ქვეყანაში წარმოებული პროდუქციისა და სერვისებითვის... 2015 წლის 11 თვის განმავლობაში ევროკავშირში ექსპორტი 6%-ით გაიზარდა. 2012-2015 წლების განმავლობაში ექსპორტი, რომელიც ევროკავშირში შედიოდა, 84%-ით არის გაზრდილი, ხოლო ექსპორტის მთლიანი წილი 15-დან 30%-მდე გაიზარდა", აღნიშნა მინისტრმა.
ფაქტ-მეტრი ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდის დინამიკით დაინტერესდა და დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება გადაამოწმა.
2015 წლის 11 თვის მონაცემებით, ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტი 6%-ით გაიზარდა. უკვე ცნობილია წლიური მაჩვენებელიც,რომლის თანახმადაც 2015 წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობამ 646 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეს 2014 წლის დაზუსტებულ მონაცემებთან შედარებით 3.6%-ით მეტია. 2015 წელს 2012 წელთან შედარებით ევროკავშირში ექსპორტი 83%-ითაა გაზრდილი (იხ. გრაფიკი 1). 2015 წელს ევროკავშირის ქვეყნების წილმა მთლიან ექსპორტში 29% შეადგინა. ეს მაჩვენებელი 2014 წელს 22%, ხოლო 2012 წელს 15% იყო.
გრაფიკი 1:
ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში (2012-2015 წლები)
2015
წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3 165 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 6%-ით მეტია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ევროკავშირის ქვეყნების წილი 32%-ია, 2014 წელს ეს მაჩვენებელი 26% იყო.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 სექტემბერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმება (DCFTA) ამოქმედდა. DCFTA საქართველოს ევროკავშირის შიდა ბაზარზე საქონლის, მომსახურების და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილების საშუალებას აძლევს. რა თქმა უნდა, ამ შეთანხმებამ ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდაზე გარკვეული დადებითი გავლენა იქონია. თუმცა, როგორც სტატისტიკა აჩვენებს, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელოვანი, 72%-იანი ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა. DCFTA-ის ამოქმედების შემდეგ, როცა ქვეყანას მეტი პოტენციალი გაუჩნდა, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი ჯერჯერობით ნელი ტემპით იზრდება.
ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ 2015 წელს საგარეო სავაჭრო ბრუნვა და ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა, მთლიანობაში, 2015 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით შემცირდა და 9 928 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. აქედან, ექსპორტი 2 204 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 23%-ით ნაკლებია.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რა პროდუქცია გადის საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე. საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, 2015 წელს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის მოცულობის მიხედვით პირველ ადგილს (153 მილიონით) სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს. ეს მაჩვენებელი 2012 წელთან შედარებით 186%-ით არის გაზრდილი, თუმცა შემცირებულია როგორც 2014, ასევე 2013 წლებთან შედარებით. ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის ზრდა გარკვეულწილად თხილის ხარჯზე მოხდა. თხილის და სხვა კაკლის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება, 2012 წელთან შედარებით კი ის 192%-ით გაიზარდა. მნიშვნელოვნად გაზრდილია ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების, ასევე მინერალური ან ქიმიური აზოტოვანი სასუქების ექსპორტიც. აქვე აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად (80%-ით) შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე, რომელიც 2012 წელს უმსხვილეს სასაქონლო ჯგუფებში პირველ ადგილს იკავებდა (იხ. ცხრილი 1).
ცხრილი 1:
ევროკავშირში ექსპორტი უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების მიხედვით (მლნ დოლარი)
დასახელება | 2015 წელი | 2014 წელი | 2013 წელი | 2012 წელი |
მადნები და კონცენტრატები სპილენძის | 153.1 | 180.2 | 161.6 | 53.5 |
თხილი და სხვა კაკალი | 149.0 | 143.6 | 116.4 | 51.1 |
ნედლი ნავთობი და ნავთობპროდუქტები, მიღებული ბიტუმოვანი მინერალებისაგან | 77.9 | 33.2 | 40.7 | 26.8 |
სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი | 65.9 | 32.3 | 51.7 | 40.8 |
ფეროშენადნობები | 21.0 | 25.9 | 25.1 | |
ეთილის სპირტი, სპირტიანი სასმელები | 13.7 | 24.3 | 29.8 | 11.9 |
ყურძნის ნატურალური ღვინოები | 12.5 | 13.8 | 10.7 | 9.1 |
მსუბუქი ავტომობილები | 11.3 | 32.6 | 51.6 | 57.2 |
მინერალური და მტკნარი წყლები | 10.7 | 11.3 | 8.6 | 7.5 |
რეზინის პნევმატური სალტეები და საბურავები, ახალი | 10.4 | 9.6 |
დასკვნა 2015
წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 3.6%-ით გაიზარდა და 646 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2012 წელთან შედარებით კი, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი 83%-ით არის გაზრდილი, რაც ძირითადად 2013 წელს დაფიქსირებული 72%-იანი ზრდით არის განპირობებული. ასევე გაიზარდა ევროკავშირის ქვეყნების წილი მთლიან ექსპორტში. ამ მაჩვენებელმა 2012 წელს 15%, 2014 წელს 22%, ხოლო 2015 წელს 29% შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი შეთანხმების ამოქმედების შემდეგ, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი ჯერჯერობით ნელი ტემპით იზრდება. ამასთან, 2015 წელს საქართველოს მთლიანი ექსპორტი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 23%-ით შემცირდა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.