მიმდინარე წლის 7 ოქტომბერს, რუბრიკა - „შეამოწმე შენი ფაქტის“ ფარგლებში, ფაქტ-მეტრის მკითხველმა „ქართული დასის“ ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადების გადამოწმება გვთხოვა.
2013 წლის 7 თებერვალს პარტია „ქართული დასის“ ლიდერმა, ჯონდი ბაღათურიამ, თბილისის ზღვაზე მშენებარე ოლიმპიური სოფლის შესახებ ისაუბრა. ბაღათურიას ინფორმაციით, ყოფილმა ხელისუფლებამ 2012 წელს ფარული ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინური ქალაქის მშენებლობას და 127 ათასი ჩინელის ჩამოსახლებას ითვალისწინებს.„ქართული დასის“ ლიდერის განცხადებით, ჩინეთის ტელევიზიებით ვიდეორგოლი გადაიცემა, რომელშიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და მიმდინარე სამუშაოები დეტალურადაა აღწერილი.
ფაქტ-მეტრი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მშენებლობის პროცესით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
2010 წლის 27 ნოემბერს, ბელგრადში, ოლიმპიური კომიტეტის გენერალურ ასამბლეაზე გადაწყდა, რომ 2015 წლის ახალგაზრდულ ოლიმპიადას თბილისი უმასპინძლებს. თბილისის მერიის 2011 წლის 25 მაისის განცხადებაში აღნიშნულია, რომ შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის გამართვა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „ოლიმპიური სოფლის“ მშენებლობაა. „ოლიმპიური სოფელი“ 5 ჰექტარზე გაშენდება. ტერიტორიაზე დაახლოებით 50 ობიექტი აშენდება. „ოლიმპიური სოფელი“ გეგმის მიხედვით 420 ჰექტარზე უნდა გაშენდეს და დაახლოებით 4000 ადამიანს უნდა უმასპინძლოს.
2012 წლის 30 მარტს ჩინურ კორპორაცია „Hualing Group”-თან საქართველოს იმჟამინდელმა მთავრობამ ხელშეკრულება გააფორმა, რის შემდეგაც, თბილისის ზღვის მიმდინარე ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
კორპორაცია “Hualing” ჩინურ კომპანიათა იმ ჯგუფს წარმოადგენს, რომლის საქმიანობის ძირითადი სფერო როგორც ჩინეთში, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, მსხვილი დეველოპერული პროექტების განხორციელებაა. კორპორაცია 1988 წელს, სინძიანში დაარსდა და ჩინეთში 4 განვითარებულ საბითუმო ბაზართან ერთად, 4 მილიონ კვადრატულ მეტრ კომერციულ ფართს ფლობს.
თბილისის ზღვაზე მიმდინარე საერთაშორისო სპეციალური ეკონომიკური ზონის მშენებლობასთან დაკავშირებით მომზადებულ ვიდეორგოლში პროექტის კონცეფტუალური სქემაა ასახული. ეკონომიკური ზონა მოიცავს ერთ ღერძს, ორ ფრთას, სამ არეს და სიმბოლურად პეპლის ფორმა აქვს. ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების პერიოდში, ოლიმპიური სოფელი ქართულ მხარეს 3 თვის ვადით, უსასყიდლოდ გადაეცემა, მისი დასრულების შემდეგ კი, საინვესტიციო პროექტით შექმნილი უძრავი ქონებით სარგებლობა და მისი შეძენა საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, 2012 წლის 22 ნოემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე, საქართველოს იმდროინდელმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 126 ათასი ჩინელი მოქალაქის კომპაქტურად ჩასახლება სასურველი არ იქნებოდა, თუმცა, ასევე აღნიშნა, რომ ჩინურ კორპორაციასთან გაფორმებულ კონტრაქტში ჩინელების ჩამოსახლების შესახებ არაფერი იყო ნახსენები.
2013 წლის 10 იანვარს ტელეკომპანია „იმედის“ მიერ მომზადებულ სიუჟეტში „Hualing” -ის გენერალური დირექტორის მოადგილემ, ვან სონფუმ, თბილისის ზღვაზე მიმდინარე მშენებლობის შესახებ ისაუბრა. სონფუს განცხადებით, ჩინური კომპანიის მთავარი მიზანი საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის გამოყენება, საერთაშორისო დონის სავაჭრო ცენტრის ჩამოყალიბება და 2015 წლამდე 150 მილიონ დოლარიანი ინვესტიციის განხორციელება იყო. მან 126 ათასი ჩინელი მოქალაქის ჩამოსახლების შესახებ გავრცელებულ ხმებს ჭორი უწოდა. ვან სონფუმ აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ოლიმპიადის შემდეგ საცხოვრებელი ბინები გაიყიდება და ნებისმიერ მსურველს შეეძლება ფართის შეძენა.
ჩინურმა კორპორაციამ მოგვიანებით კიდევ ერთი განცხადება გაავრცელა. „ჩვენი პროექტით შექმნილი ქონებით სარგებლობა და მისი შესყიდვა ყველა ქვეყნის მოქალაქისათვის იქნება შესაძლებელი, თუმცა, პირველ რიგში ეს საქართველოს ბაზარზეა გათვლილი“ – განაცხადა „Hualing“-ის გენერალურმა დირექტორმა. კომპანიის პიარმენეჯერმა, თინათინ შიშინაშვილმა, აღნიშნა, რომ პროექტის პირვანდელ ვარიანტში საუბარი მართლაც იყო 126 ათას ადამიანზე, თუმცა, ამ რიცხვს არანაირი კავშირი არ ჰქონდა 126 ათასი ჩინელი მოქალაქის ჩამოსახლებასთან, არამედ წარმოადგენდა კომპანიის გათვლას ამ პროექტში დასაქმებულთა, მაცხოვრებელთა და ერთი კვირის განმავლობაში სავაჭრო ცენტრის ვიზიტორთა საშუალო რაოდენობის შესახებ.
ჩინური კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ, გიორგი კვირიკაშვილმა, 126 ათასი ჩინელი მოქალაქის ჩამოსახლების შესახებ გავრცელებული ხმები უარყო, თუმცა, აღნიშნა, რომ ბინების გაყიდვა საბაზრო პრინციპით მოხდებოდა, შესაბამისად, შედეგების პროგნოზირება ამ ეტაპზე შეუძლებელი იყო. „გენერალური გეგმის მიხედვით, რიცხვი 126 ათასი ამ ტერიტორიაზე მოსახლე და მომუშავე ადამიანების რაოდენობაა. ეს რიცხვი არ ნიშნავს, რომ კომპლექსში მაინცდამაინც 126 ათასი ადამიანი უნდა ჩამოსახლებულიყო. ბოლო ინფორმაციით, ისინი ამცირებენ იმ ადამიანების რაოდენობას, რომლებიც ამ ტერიტორიაზე განთავსდებიან. დღეს სხვა სახის კომენტარის გაკეთება, სამწუხაროდ, არ შემიძლია,“ - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 6 ივნისს, „Hualing“-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სექტემბრიდან საცხოვრებელი ფართების გაყიდვა იგეგმება. კორპორაციას საფასო პოლიტიკა ამ ეტაპზე განსაზღვრული არ აქვს, თუმცა, მათი ცნობით, გათვალისწინებული იქნება როგორც ახალი უბნის სპეციფიკა, ისე შეღავათებიც. დაინტერესების შემთხვევაში, მომხმარებლებს ფართების შეძენა განვადებითაც შეეძლებათ.
2014 წლის 6 აგვისტოს პრემიერი ღარიბაშვილი სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობას დაესწრო და განაცხადა: „ჩინურ კომპანიასთან დევნილებისთვის 8 კორპუსის შეძენასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომლის დასრულების შემდეგ, შეძენილი ბინები დევნილებს გადაეცემათ“. მისივე ინფორმაციით, კომპანიას საქართველოში სხვა საინვესტიციო წინადადებებიც გააჩნია და დამატებით ასობით მილიონის ინვესტირებას აპირებს.ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის დალი გოგოლაძის ინფორმაციით ჩინურ კომპანიასთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა და საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის.
დასკვნა
თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე „ოლიმპიურ სოფელს“ ჩინური კომპანია „Hualing” აშენებს. პროექტის გენერალურ გეგმაში მართლაც იყო 126 ათას ადამიანზე საუბარი, მაგრამ, კორპორაციამ არაერთხელ განმარტა, რომ ეს რიცხვი პროექტის ფარგლებში დასაქმებულების, მაცხოვრებლებისა და ვიზიტორების საშუალო რაოდენობას აღნიშნავდა. აღნიშნული ინფორმაცია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც დაადასტურა. როგორც წინა, ისე ამჟამინდელმა ხელისუფლებამ, 126 ათასი ჩინელი მოქალაქის ჩამოსახლების შესახებ გავრცელებული ხმები არაერთხელ უარყო.
როგორც ჩინური კომპანიის, ისე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები, ადასტურებენ, რომ გენერალურ გეგმასა და ინვესტორის მიერ ნაკისრ ვალდებულებებში ჩინელი მოქალაქეების ჩამოსახლების შესახებ არაფერია ნახსენები. ოლიმპიადის დასრულების შემდეგ კი, აშენებული კორპუსების საბაზრო წესით გაყიდვა იგეგმება. ამასთან ერთად, ხელისუფლება კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს8 საცხოვრებელი კორპუსის შეძენისა და მათი დევნილებისთვის გადაცემის შესახებ.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ჯონდი ბაღათურიას განცხადება: „ყოფილმა ხელისუფლებამ 2012 წელს ფარული ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინური ქალაქის მშენებლობას და 127 ათასი ჩინელის ჩამოსახლებას ითვალისწინებს,“არის ტყუილი.