საქართველოს პარლამენტში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის დადგენილებით შევიდა ინიციატივა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლის წესის დარღვევისათვის, პირველ ჯერზე პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის სფეროდან ადმინისტრაციული სამართლის სფეროშია გადატანილი [გათვალისწინებულია 400 ლარიანი ჯარიმა]. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი კი ერთი და იმავე პირის მიერ მსგავსი ქმედების ხელმეორედ განხორციელების შემთხვევაში დგება.
მოქმედი კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ, საქართველოს პარლამენტმა 2008 წლის 28 ოქტომბერს მიიღო. კანონი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის და მოქალაქეობის არ მქონე პირთათვის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონოდ შესვლისათვის, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს [პირველ ჯერზე ჯარიმა, ან თავისუფლების აღკვეთა; მეორე ჯერზე - პატიმრობა].
კანონპროექტზე მსჯელობა საქართველოს პარლამენტში 2013 წლის 2 მაისიდან მოყოლებული უმცირესობასა და უმრავლესობას შორის დებატების ფონზე მიმდინარეობდა. მთავარი მომხსენებელი, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე, ქეთევან ციხელაშვილი განმარტავს, რომ კანონპროექტი უცხო ქვეყნის მოქალაქეებისადმი (მათთვის ვინც არ იცის, რომ კონკრეტული ტერიტორიიდან საქართველოს საზღვრის გადმოლახვა აკრძალულია და დანაშაულს არამიზანმიმართულად, გაუაზრებლად ჩადის) ჰუმანურ დამოკიდებულებას ითვალისწინებს. ასევე, ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს შორის ნდობის აღდგენა-გაღრმავების თვალსაზრისით, მოქმედი კანონი ლიბერალიზაციას საჭიროებს და ის ცვლილებები, რომელსაც წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, სწორედ ამისკენაა მიმართული და საპარლამენტო უმცირესობის რიტორიკა რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებით, აქ არაფერ შუაშია. მისი თქმით, მთავრობის ამ მიმართულებით წამოყენებული ინიციატივები ევროკავშირის მხრიდან ცალსახად დადებითად არის შეფასებული.
ქეთევან ციხელაშვილი 2013 წლის 15 მაისს გამართულ საპარლამენტო სხდომაზე, სიტყვით გამოსვლისას ამბობს: „თქვენ ალბათ იცით თუ რა არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და მისი სამოქმედო გეგმა. იქ წერია, რომ რეკომენდებულია კანონში ცვლილებების შეტანა“ და იქვე განმარტავს, რომ ამაში, სწორედ კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებებია ნაგულისხმევი და რომ ევროკავშირის წარმომადგენლები, მათთან პირად საუბრებში, საქართველოს ახალი მთავრობის ამ ნაბიჯს ცალსახად დადებითად აფასებენ.
საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან კანონპროექტის კრიტიკის ერთ-ერთი მიზეზი ეს საკითხიც გახდა. მათი მტკიცებით, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებულ არცერთ დოკუმენტში, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში სახელმწიფო საზღვართან დაკავშირებით, ცვლილებების შეტანის აუცილებლობა რეკომენდებული არ არის.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა გადაემოწმებინა, მართლა არის თუ არა მოწონებული ან რეკომენდებული მთავრობის მიერ წარმოდგენილი ცვლილება ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის ფარგლებში.
ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის 2013 წლის 20 მარტის დასკვნაში ვკითხულობთ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველო აგრძელებდა ჩართულობის სტრატეგიის განხორციელებას, არ მომხდარა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში არსებული შემზღუდავი დებულებების გადასინჯვა და რომ მთავრობის ცვლილების შემდეგ ჩანს სასიკეთო ნიშნები იმისა, რომ შესაძლებელია სეპარატისტულ რეგიონებში ჩართულობა უფრო ეფექტიანი გახდეს, ხოლო ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი უფრო შერბილებულად განხორციელდეს.
ამავე დოკუმენტში, რეკომენდაციის სახით, ევროკავშირი საქართველოს ახალ მთავრობას მოუწოდებს, გააგრძელოს და გააუმჯობესოს, კონსტრუქციული მონაწილეობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ასევე, უფრო მეტად გაააქტიუროს სეპარატისტულ რეგიონებში ჩართულობის პოლიტიკა და „დე-ფაქტო“ [ეს ტერმინი თავად დოკუმენტის ორიგინალშია გამოყენებული] ხელისუფლებებთან თანამშრომლობის გზების გამონახვა ფინანსური რესურსების მოძებნის საშუალებით, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ვაჭრობის, გადაადგილებისა და ინვესტირების წახალისების მიზნით. იქვე ნათქვამია, რომ უნდა გადაიხედოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი. თუმცა, სახელმწიფო საზღვრის ლიბერალიზაციის კუთხით, შესაბამისი კონკრეტული რეკომენდაცია არ არის. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, ეკონომიკური ურთიერთობების გაუმჯობესების თვალსაზრისით რაიმე ტიპის ინიციატივას არ ითვალისწინებს.
დასკვნა
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ევროკავშირი საქართველოს მთავრობას ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით მიდგომების ლიბერალიზაციის რეკომენდაციით მართლაც მიმართავს. ასევე, დადებითად აფასებს, კანონის უფრო შერბილებულად და მოქნილად მუშაობის კუთხით შემხვედრი ნაბიჯების გადადგმისათვის მის მონდომებასა და მზაობას.
თუმცა, ის ინიციატივა, რასაც მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს, ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტში განხილული არ არის და შესაბამისად, კანონპროექტით გათვალისწინებული ეს კონკრეტული ცვლილება ევროკავშირის მხრიდან არც მოწონებული, არც რეკომენდებული და არც დაწუნებულია.
შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ქეთევან ციხელაშვილის განცხადება: „თქვენ ალბათ იცით, თუ რა არის, ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და მისი სამოქმედო გეგმა. იქ წერია: რეკომენდებულია კანონში ცვლილებების შეტანა“, არის ნახევრად სიმართლე.