წლის მარტის დასაწყისში, არსებული სავალუტო კრიზისის გამო, მთავრობამ განაცხადა, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზსა და ბიუჯეტს შეამცირებდა.
მიმდინარე წლის 24 აპრილს, ტელეკომპანია GDS-ის თოქ-შოუში, ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით "2030"-ის ჟურნალისტის კითხვაზე: "იგეგმება თუ არა ბიუჯეტის კორექტირება", ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა უპასუხა,რომ ბიუჯეტში გარკვეული ცვლილებები უკვე შევიდა: "მთავრობამ მიიღო განკარგულება და 20 მლნ ლარით შევამცირეთ ადმინისტრაციული ხარჯები და ეს თანხები გადავიტანეთ ინფრასტრუქტურაში".
ამ თემაზე, მიმდინარე წლის 28 აპრილს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის თოქ-შოუ "არჩევანში", საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მანანა კობახიძემაც ისაუბრა. მისი განცხადებით: "დაახლოებით 20 მილიონამდე, შეიძლება ცოტა მეტი, ადმინისტრაციული ხარჯები არის შემცირებული და ეს თანხები მთლიანად წავიდა ინფრასტრუქტურულ პროექტებში. სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ ვუპასუხოთ იმ გამოწვევას, რაც გვაქვს ლარის კურსთან დაკავშირებით".
ეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, ბიუჯეტის რაციონალურ ხარჯვაზე გადასვლა და ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების აუცილებლობა, ანუ ე.წ. "ქამრების შემოჭერა", ხელისუფლებამ მიმდინარე წლის თებერვალში დააანონსა. ჩვენ ამ თემაზე ადრეც ვწერდით (იხ. სტატია). მთავრობის, მიმდინარე წლის 6 მარტის N422 განკარგულებით,ფისკალური მდგრადობისა და საბიუჯეტო დეფიციტის მართვის მიზნით, სამინისტროებს და სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა მხარჯავ დაწესებულებებს ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება დაევალათ. სახელმწიფო უწყებებს შესამცირებელ ასიგნებებთან დაკავშირებული ინფორმაცია ფინანსთა სამინისტროსთვის მიმდინარე წლის 16 მარტის ჩათვლით უნდა წარედგინათ. ამავე განკარგულების თანახმად, ფინანსთა სამინისტროს განახლებული მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრები მთავრობისთვის არაუგვიანეს 2015 წლის 1 აპრილამდე უნდა წარედგინა.
ფინანსთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციისთანახმად, სხვადასხვა უწყებებიდან შესაბამისი ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების შემდეგ, სამინისტროების ხარჯები ჯამში 20 მლნ ლარით შემცირდა.
დასახელება | შესამცირებელი თანხა (ათას ლარებში) |
საგარეო საქმეთა სამინისტრო | - 10 500 |
ფინანსთა სამინისტრო | -2 000 |
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო | -2 000 |
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო | -1 100 |
იუსტიციის სამინისტრო | -1 000 |
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო | -1 000 |
სოფლის მეურნეობის სამინისტრო | -1 000 |
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო | -500 |
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო | -500 |
სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო | -200 |
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო | -100 |
ენერგეტიკის სამინისტრო | -100 |
ჯამი | -20 000 |
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 8 აპრილის N706 განკარგულების
თანახმად, ბიუჯეტის ხარჯების შემცირების შედეგად გამოთავისუფლებული 20 მლნ ლარი, შემდგომში საინვესტიციო პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდში იქნა მიმართული.
ბიუჯეტის გადახედვის აუცილებლობა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეროვნული ვალუტის გაუფასურების შემდეგ წარმოიშვა. ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შემცირებისკენ საქართველოს მთავრობას საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამაც მოუწოდა. ეკონომიკის მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ 22 თებერვალს გაკეთებული განცხადების თანახმად, მთავრობა ადმინისტრაციული ხარჯების 12%-ით შემცირებას აპირებდა. ბიუჯეტის ხარჯებისა და ეკონომიკური ზრდის პროგნოზის 5%-დან 2%-მდე შემცირებაზე ფინანსთა მინისტრმა 4 მარტსაც განაცხადა. თუმცა, მიმდინარე წლის 1 აპრილს ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, რომ 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტი გადაჭარბებით შესრულდა (ინფორმაციისთვის: 2015 წლის პირველ კვარტალში ბიუჯეტის შემოსულობები 104.8%-ით, გადასახდელები კი 96.9%-ით შესრულდა) და შესაბამისად, მოცემულ ეტაპზე ბიუჯეტის ხარჯები მნიშვნელოვნად არ შემცირდებოდა. ფინანსთა მინისტრმა მოგვიანებით, 23 აპრილს, ასევე განაცხადა, რომ ბიუჯეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მთავრობა სავარაუდოდ 2 თვის შემდეგ მიიღებს. გუშინ, 14 მაისს, ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი, გადაჭრით განაცხადა: "მეორე კვარტლის ბოლოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის დაზუსტებული მაჩვენებლიდან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, გავაკეთებთ შესაბამის კორექტირებას [შემცირება] ბიუჯეტის მიმართულებით".
2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ბიუჯეტის მთლიანი ხარჯი 8.005 მილიარდი ლარით განისაზღვრა.აქედან, ადმინისტრაციული ხარჯები (რომელიც მოიცავს შრომის ანაზღაურების და საქონელის და მომსახურების მუხლებს) 2.372 მილიარდი ლარი იყო. იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა ადმინისტრაციულ ხარჯებს 12%-ით მართლაც შეამცირებდა, ბიუჯეტის ხარჯები დაახლოებით 280 მლნ ლარით შემცირდებოდა. ხარჯების აღნიშნული ზომით შემცირება მნიშნვნელოვნად შეკვეცავდა ბიუჯეტის დეფიციტს, რასაც ლარის კურსზე დადებითი გავლენა ექნებოდა. თუმცა, როგორც ვნახეთ, ადმინისტრაციული ხარჯი მხოლოდ 20 მლნ ლარით შემცირდა და ეს თანხა ბიუჯეტის სხვა მუხლში, კერძოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილში გადავიდა. ჯამში, ბიუჯეტიდან დასახარჯი ფული არ შემცირებულა. ლარის კურსი კი, გაუფასურებას კვლავ განაგრძობს. ეროვნული ბანკის ბოლო მონაცემებით, ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 2.36-ია. შეგახსენებთ, რომ 21 თებერვალს, მაშინ როცა პრემიერ-მინისტრმა "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაზე გადასვლის განცხადება გააკეთა, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 2.18 იყო.
დასკვნაეროვნული ვალუტის გაუფასურების გამო, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში მთავრობამ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაზე გადასვლა დააანონსა. როგორც მთავრობის წარმომადგენლები აცხადებდნენ "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვან (12%) შემცირებას გულისხმობდა. მარტის დასაწყისში, მთავრობის წევრების პოზიციის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირებიდან გამომდინარე (სსფ-მა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5%-დან 2%-მდე შეამცირა), ბიუჯეტის ხარჯებიც უნდა შემცირებულიყო. მოგვიანებით, მთავრობის პოზიცია შეიცვალა - ის 2015 წლის პირველი კვარტლის ბიუჯეტის შესრულების მონაცემებით კმაყოფილი დარჩა და ამ ეტაპზე ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება და შესაბამისად, ბიუჯეტის ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება არ განახორციელა.
ამ დროისთვის, "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკა და ბიუჯეტის დაკორექტირება იმით დასრულდა, რომ ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯები მხოლოდ 20 მლნ ლარით შემცირდა. ამასთან, ეს თანხა ბიუჯეტის სხვა მუხლში, კერძოდ ინფრასტრუქტურულ ნაწილში გადავიდა და ბიუჯეტიდან დასახარჯი თანხა არ შემცირებულა. მთავრობის განკარგულებით განსაზღვრული მოთხოვნა - ფისკალური მდგრადობისა და საბიუჯეტო დეფიციტის შენარჩუნება, კვლავაც გამოწვევად რჩება. ბიუჯეტის შესრულების რისკების კლების ფონზე, მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯები არ შეამცირა, რაც ლარის კურსის სტაბილურობას შეუწყობდა ხელს. ეროვნული ვალუტა კი გაუფასურებას განაგრძობს.