ბათუმში, ყოფილი 25-ე და 53-ე ბატალიონის ტერიტორიაზე, სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არსებობს, ორი ათასზე მეტი ოჯახი უკანონოდ ცხოვრობს. ეს ადგილი, ალბათ, ადამიანთა უბადრუკი ყოფის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დასტურია. ანტისანიტარია ერთიანად იგრძნობა ყნოსვით, ხედვით, შეხებით, სმენითაც კი.

ხელისუფლება მუდმივად იმეორებს, რომ „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა შორის უმეტესობას ალტერნატიული საცხოვრებელი აქვს და ეკომიგრანტთა რიგებს საჭიროების გარეშე შეუერთდა.

2013 წლის 13 ნოემბრის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის #779 ბრძანებაში ნათქვამია, რომ სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ ოჯახად (ეკომიგრანტად) ჩაითვლება ოჯახი, რომლის საცხოვრებელი სახლი ან მისი ნაწილი დანგრეულია და აღდგენას არ ექვემდებარება, ან სახლი არ არის დანგრეული, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სტიქიური მოვლენები საფრთხეს უქმნის იქ მცხოვრებ ადამიანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ასევე, მათ საკუთრებაში არსებულ ქონებას.

აქედან გამომდინარე, „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულთა შორის მხოლოდ ეკომიგრანტები არ არიან, იქ სოციალურად დაუცველები და შშმ პირებიც ცხოვრობენ. ასევე, ისინიც, ყველა სტატუსს ერთბაშად რომ ფლობენ, ან, საერთოდ, სტატუსმიღმა არიან დარჩენილნი, თუმცა მათი მდგომარეობა ეკომიგრანტებისას არაფრით სჯობს.

იხ. ფოტომასალა

როგორ იწყებოდა ოცნება

დაახლოებით ოთხი წლის წინათ ბათუმის გარეუბანში მიგრანტთა პირველი ნაკადი მოვიდა და, როგორც თვითონ ამბობენ, საკუთარი სოფლებიდან მოტანილი ფიცრებით პრიმიტიული საცხოვრებელი ააგო. ამ დასახლების ისტორია „ქართული ოცნების“ არჩევნებში გამარჯვებასა და ხელისუფლებაში მოსვლასთან ერთად დაიწყო, ამიტომაც მას „ოცნების ქალაქი“ თვითონ ჩასახლებულებმა უწოდეს. მანამდე ისინი ნათესავების, მიტოვებული შენობებისა და ზოგჯერ სრულიად უცხო, ღვთისნიერი ადამიანების ხიზნები იყვნენ.

შემდეგ ერთმა ჯგუფმა, რომელთა შორის წალკიდან დაბრუნებული ეკომიგრანტებიც იყვნენ, რუსული სამხედრო ბაზების 53-ე და 25-ე ბატალიონების მიერ დაცლილ ტერიტორიებსა და „ოპიზრების“ მიწებზე პირველი ქოხების აგება დაიწყო.

ფიცრები, მუყაო, ჯვალოს ტომრები, პოლიეთილენის პარკები, თუნუქის ფურცლები და სხვისთვის უსარგებლო მრავალი ნივთი ამ ადამიანების საცხოვრებლებისთვის საშენ მასალად იქცა. ტერიტორიას ნელ-ნელა ითვისებდნენ და სახლებისა და დასახლებულების რიცხვი ლამის გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა.

მაშინ იმედი ჰქონდათ, რომ „ოცნების ხელისუფლება“ ოცნებას აუსრულებდათ და ამ ქოხების ნაცვლად ნორმალური საცხოვრებლით უზრუნველყოფდათ. ამ მოლოდინმა ბევრი მოატყუა და ასი ქოხი ორასად იქცა, შემდეგ - ორი ათასად. დღეს მათი რიცხვი კიდევ უფრო მეტია.

ხელისუფლებამ არაერთხელ მიანიშნა აქ მცხოვრებლებს, რომ მათ ოცნებას ასრულება არ უწერია, თუმცა ისინი იმედს არ კარგავენ და კვლავაც საცხოვრებლებით უზრუნველყოფას ელოდებიან. ამ მოლოდინში რამდენიმე „ოცნების ქალაქელმა“ ქვის სახლი აიშენა და მანქანაც შეიძინა. აქედან წასვლას არავინ აპირებს, მით უმეტეს, საკუთარი ნებით. თითოეული მათგანი საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე ოცნებობს.

რატომ არ ბრუნდება არაეკომიგრანტი მოსახლეობა აჭარის მთიანეთში

დღეს „ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა დიდი ნაწილი დახმარების არც ერთი პროგრამით არ სარგებლობს. მათ არც სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვთ, არც ეკომიგრანტის. ხელისუფლება ამბობს, რომ ამ ადამიანებს საცხოვრებელი არ ეკუთვნით, რადგან თავიანთ სოფლებში სახლიც აქვთ და მიწაც. თვითონ მოსახლეობა კი ამბობს, რომ მთის სოფლებიდან იქ არსებული გაუსაძლისი მდგომარეობის გამო წამოვიდნენ. მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო ჯანდაცვა, საბავშვო ბაღი, სკოლა და ა.შ.

ბევრ სოფელში მეწყრული საფრთხის კერებია და მათ მუდმივი შიშის ქვეშ უწევდათ ცხოვრება. გარდა ამისა, წყალდიდობისა და სხვა სტიქიური უბედურების დროს წაღებული ხიდებისა და გზების აღდგენა დიდხანს ვერ ხერხდება. ამიტომ ბავშვები სკოლებსა და საბავშვო ბაღებში ვერ მიჰყავდათ. ეგ კიდევ არაფერი, მაგრამ სასწრაფოს გამოძახებაც პრობლემა იყო. უგზოობის გამო მანქანა ვერ გადაადგილდებოდა, ამიტომ ავადმყოფის დახმარებას ვერ ახერხებდნენ.

მცირემიწიან და მეწყერსაშიშ მთიანეთში, როგორც მოსახლეობა ამბობს, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობამ და გვირაბების გაყვანამ მეწყრული პროცესები კიდევ უფრო გაააქტიურა. სახლებიც დაიბზარა და მწყობრიდან გამოვიდა. ის დარჩენილი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომლებსაც გლეხები ამუშავებენ, მწირ მოსავალს იძლევა, რაც სოფელში ცხოვრების პირობებს კიდევ უფრო ამძიმებს.

ყველა ეს პრობლემა თავს იყრის და „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულებს აიძულებს, უარი თქვან თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნებაზე. ისინი, მართალია, ბათუმში სამსახურს ვერ პოულობენ, მაგრამ სეზონურად ან ყოველდღიურად გადადიან მეზობელი თურქეთის ტერიტორიაზე და თავიანთი ოჯახებისთვის ელემენტარული საარსებო პირობების შექმნას ცდილობენ. ზოგიც მშენებლობაზე მუშაობს და მიღებული ანაზღაურებით ოჯახს ინახავს.

როგორ იცვლება ხის ქოხები აგურისა და ბეტონის სახლებით

თურქეთის საზღვრისპირა ქალაქებსა და სოფლებში აქაურ იაფ მუშახელზე დიდი მოთხოვნილებაა. „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლები, სხვა თვითდასაქმებულების მსგავსად, ყოველ დილით მიდიან და გვიან ბრუნდებიან. ისინი თანხას საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად აგროვებენ. მართალია, ამის უფლება მათთვის არავის მიუცია, მაგრამ თვითნებურად მაინც აშენებენ ქვის სახლებს.

ახლა რამდენიმე ოჯახს მუყაოს, პოლიეთილენისა თუ ხის თავშესაფრის ნაცვლად, აგურის ან ბეტონის სახლი აქვს. სახლი პატარაა, მაგრამ უკვე სველი წერტილებითა და საძინებლით. თუმცა, ეს მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა მოახერხა. დანარჩენები ან მრავალშვილიანები არიან, ან მძიმე ავადმყოფები ჰყავთ და თანხა საკვებსა და მედიკამენტებზეც კი არ ჰყოფნით.

ვინც საცხოვრებელი პირობები გაიუმჯობესა და ახლა სხვებისგან თავისი მატერიალური მდგომარეობით განსხვავდება, მათ მიმართ დანარჩენ მოსახლეობას უკვე პრეტენზია აქვს, რადგან მიიჩნევს, რომ ხელისუფლება სწორედ ამ ოჯახების გამო არ ეხმარება მართლაც გაჭირვებულებს.

სიტუაცია თანდათან იძაბება. „ოცნების ქალაქის“ მკვიდრი ნუგზარ კ. ეჭვობს, რომ ხელისუფლება სწორედ ამ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებას ელოდება, რათა შემდეგ უფრო თამამად იმოქმედოს და მკაცრი ზომები მიიღოს. აქ ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ არ წავლენ და არც ტერიტორიის დათმობას აპირებენ. ქვის სახლებს კი საკუთარი შრომით იშენებენ, რადგან სხვა საცხოვრებელი არ აქვთ და პირობების გაუმჯობესებას ცდილობენ.

ზოგიერთმა მანქანაც შეიძინა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ იტაქსაოს. ეს თანხა მხოლოდ მცირეოდენი საკვების შესაძენად ჰყოფნით, საცხოვრებელს ვერ შეიძენენ.

სულიკო გუნდაძე „ფაქტ-მეტრის“ სტუმრობის დროს ახალი სახლის მშენებლობის პროცესში იყო. ამბობს, რომ რამდენიმე წელია, რაც ხელისუფლება აქ ჩასახლებულების მდგომარეობის შესწავლასა და შესაბამის რეაგირებას აპირებს. კომისიაც ბევრი უნახავთ, მუქარაც და დაპირებაც მოუსმენიათ, მაგრამ ამას ქმედება არ მოჰყოლია და ფიქრობს, რომ კიდევ ოთხი-ხუთი წელი მაინც არაფერი შეიცვლება. ამიტომ, სულიკო გუნდაძის თქმით, ურჩევნია, ცოტა ხნით მაინც იცხოვროს ნორმალურ პირობებში.

კითხვაზე: რას აპირებენ, თუ ხელისუფლება აქედან აყრით და არც სხვა საცხოვრებელს გამოუყოფთ, პასუხობს, რომ წავლენ და ხელისუფლებას იმ კეთილმოწყობილ სახლებში ჩაუსახლდებიან.

სოციალურად დაუცველი რომან გუნდაძე შშმ პირია. მან ქვის სახლის აშენება უკვე მოასწრო, როცა თურქეთში სეზონურად მუშაობდა. ახლა ის ეტლს მიჯაჭვულია და აქედან რომ წავიდეს, მის ხუთსულიან ოჯახს საცხოვრებლის პრობლემას ვერავინ მოუგვარებს.

„ოცნების ქალაქის“ მთავარი პრობლემები

მარინა ბერიძე, რომელიც კანონს მიღმა დარჩენილი მოსახლეობის ნდობით აღჭურვილი პირია, ამბობს, რომ ხელისუფლებას დახმარება მრავალჯერ სთხოვეს, მაგრამ ქმედითი ნაბიჯები არ გადაიდგა. მისივე თქმით, აქ მთავარი პრობლემა ანტისანიტარიაა, რაც ტერიტორიაზე კანალიზაციის არარსებობითაა გამოწვეული. ზამთარ-ზაფხულ დაჭაობებულ გუბეებში ქვეწარმავლები ბუდობენ და ბავშვები სწორედ ასეთ ეზოებში თამაშობენ.

ქოხებს შორის გადაადგილება ავტომობილითა და ფეხით ერთნაირად შეუძლებელია. ყველგან ნარჩენები ყრია და მღრღნელები შინაური ცხოველებივით უშიშრად დარბიან.

დასახლებაში რვაასზე მეტი ბავშვია. ნაწილი სკოლის მოსწავლეა, ნაწილი კი ბაღის ასაკისაა, მაგრამ ყველას არ გაუმართლა და ბაღში ვერ მოხვდა. წელს მშობლების ნაწილმა შვილების სკოლაში მიყვანაც მხოლოდ საქველმოქმედო ორგანიზაციების დახმარებით შეძლო.

როგორც აქაურები ამბობენ, მათ „ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელის“ წევრი საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ ძალიან ეხმარებათ. ასევე, დასახლებაში მოდიან მოქალაქეები, რომლებსაც ტანსაცმელი, სასკოლო ნივთები და მედიკამენტები მოაქვთ. თუმცა მატერიალურ პრობლემებზე უარესი ისაა, რომ ბავშვები არაჯანსაღ გარემოში იზრდებიან.

ჩვენ დავუკავშირდით „იალქნის“ დირექტორს თეონა აბაშიძეს, რომელიც „ოცნების ქალაქის“ პრობლემებზე უკვე ორი წელია, მუშაობს. მისი თქმით, აქ ხშირია არასრულწლოვანთა შორის ქორწინება.

„გოგონები 13-14 წლის ასაკში თხოვდებიან და მყავს ბენეფიციარები, რომლებსაც 17 წლის ასაკში ორ ან სამ შვილზე ზრუნვა უწევთ. მქონდა რამდენიმე მძიმე ძალადობის შემთხვევა და წარმოიდგინეთ, ინცესტიც კი.

ჩვენთან მუშაობს ფსიქოლოგი და მის სეანსებს ესწრება რამდენიმე მოზარდი „ოცნების ქალაქიდან“. არც ერთი მათგანი, სამწუხაროდ, ჯანსაღი ფსიქიკის არ არის. აგრესია და მოძალადისთვის დამახასიათებელი საქციელი ამ ბავშვებში ყველაზე გავრცელებული პრობლემაა“, - განაცხადა „ფაქტ-მეტრთან“ საუბრისას თეონა აბაშიძემ.

დიდი საფრთხის წინაშე დგანან, როცა გაწვიმდება. უხვი ნალექის დროს წყალი გროვდება და რადგან ქოხები და ქვის სახლებიც პირდაპირ მიწაზე დგას, მთელი საცხოვრებელი იტბორება. ისედაც არაფერი გაგვაჩნია და რაც გვაქვს, გადასაყრელი ხდებაო, - ამბობენ „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებულები.

ზამთრის დადგომასთან ერთად პრობლემები კიდევ უფრო მწვავდება. ბუნებრივი აირი და ელექტროენერგია უკანონო დასახლებაში ხელმისაწვდომი ვერ იქნება, რადგან ოჯახები აბონენტად რეგისტრირებული არ არიან. ზოგიერთ სახლში ელექტროენერგია კუსტარულად არის შეყვანილი და მოსახლე თანხას თავისი მრიცხველის მიხედვით უხდის იმ აბონენტს, რომლისგანაც დენი მიეწოდება.

ბავშვები, მოხუცები და მძიმე ავადმყოფები კიდევ ერთ ახალ წელს შეხვდებიან იქ, სადაც ცხელი წყალი და ჰიგიენის დაცვა მართლაც ოცნების სფეროა; სადაც უსახსრობისგან დაღლილი ოჯახის წევრები ერთმანეთს მშვიდად ვეღარ ესაუბრებიან, ხოლო უცხო ადამიანს ეჭვით ხვდებიან, რადგან ყოველდღე ამ ადგილიდან აყრის შიში აქვთ და ცუდი ამბის მაცნე ჰგონიათ; სადაც გარედან, რამდენიმე ოჯახზე გათვლილი საპირფარეშოებიდან, გაუსაძლისი სუნი ფარღალალა ქოხებში აღწევს და ღარიბული სუფრის არომატს უერთდება.

აქ კიდევ ერთი პრობლემაა - „ოცნების ქალაქში“ ჩასახლებული მოქალაქეების უმეტესობა საკუთარ საარჩევნო უფლებას ვერ იყენებს. მაგალითად, წალკაში რეგისტრირებულნი არჩევნებზე იქ ვერ ჩადიან. ვერც აჭარის მაღალმთიანეთში მცხოვრებნი ახერხებენ ხმის მიცემას რეგისტრაციის ადგილებზე. მარინა ბერიძემ ხელისუფლებასთან ამ საკითხის მოგვარებაც სცადა, მაგრამ, როგორც თვითონ ამბობს, უმაღლესი საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა, რომელიც ამ ორგანოში „ქართულ ოცნებას“ ახლაც წარმოადგენს, უპასუხა, რომ მათი ხმა არავის სჭირდებოდა.

ხელისუფლება გამოსავალს ეძებს

დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებებისა და ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ბოლო ათწლეულების განმავლობაში აჭარის მაღალმთიანეთის ასობით მოსახლე სტიქიის მსხვერპლი გახდა. მეწყერებისა და სხვა სტიქიური უბედურებების გამო მათ იძულებით დატოვეს სახლები და უსაფრთხო ადგილებში გადასახლდნენ.

„ოცნების ქალაქში“ მცხოვრებთა შორის, როგორც აღვნიშნეთ, ეკომიგრანტების გარდა, სხვა კატეგორიის მოწყვლადი ჯგუფებიც არიან, მაგრამ დღემდე შექმნილმა კომისიებმა მათი ზუსტი რაოდენობა მაინც ვერ დაადგინეს. ჯერ კიდევ მიმდინარე წლის დასაწყისში, აჭარის ა/ რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე აცხადებდა, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ჩასახლებულთა მხოლოდ 20%-ს ეკუთვნოდა დახმარება, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი კი სახელმწიფოსგან მხარდაჭერას ამაოდ ელოდა და ქვის სახლების უკანონო მშენებლობით საკუთარ თავს აზარალებდა.

არჩილ ხაბაძის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნულმა ზურაბ პატარაძემ „ოცნების ქალაქის“ მოსახლეობის პრობლემების შემსწავლელი კიდევ ერთი კომისიის შექმნა გამორიცხა. მისი აზრით, ყველა ოჯახის საკითხი მთავრობამ ინდივიდუალურად უნდა შეისწავლოს და ამის შემდეგ გადაწყდება, ვის რომელი პროგრამით დაეხმარებიან - სუბსიდირებით თუ საცხოვრებლით.

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ყველა ოჯახის მიმართ კანონის სრული დაცვით იმოქმედებენ, მათ შორის იმათ მიმართაც, ვისაც არც ერთი სახელმწიფო პროგრამით დახმარება არ ეკუთვნის და ეს უახლოეს პერიოდში მოხდება.

„ოცნების ქალაქის“ ზრდასრულ მოსახლეობას ოცნებები ნელ-ნელა ემსხვრევა, მაგრამ აქ არიან ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ჯერ კიდევ ოცნებობენ საკუთარ სახლზე, ოთახზე, სადაც ექნებათ შუქი, სითბო, კომპიუტერი, ტელევიზორი, ახალ წელს - ნაძვის ხე და საჩუქრები თოვლის ბაბუისგან, რომელიც აქამდე მათთან მხოლოდ იმიტომ არ მივიდა, რომ საკუთარი სახლები არ აქვთ.