2014 წლის 2 სექტემბერს, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, დავით შავლიაშვილმა, რომელიც სალთვისი-ტირიფონის რეაბილიტირებულ საირიგაციო სისტემის გახსნას ესწრებოდა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა: „ოკუპირებული ტერიტორიების სასაზღვრო ზოლთან სარწყავი სისტემების სამუშაოები დასრულდა. 35 სოფელი, დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი და 18 ათასი ოჯახი უკვე იღებს სარწყავ წყალს“.
ფაქტრ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოვიძიეთ.
ინფორმაციის თანახმად, სალთვისი–ტირიფონისსაირიგაციოსისტემის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს. სარწყავი არხის რეაბილიტაციის პროცესში ასზე მეტი ადგილობრივი მოსახლე იყო დასაქმებული. სალთვისისა და ტირიფონის საირიგაციო სისიტემების მაგისტრალური არხები ოკუპირებული ტერიტორიის ე.წ. საზღვარს მიუყვება.
იმავე ინფორმაციით, ტირიფონის სარწყავი სიტემის რებილიტაციით 14 სოფლის 8500 ჰექტრამდე სახნავ-სათესი მიწის მორწყვა იქნება შესაძლებელი. ეს სოფლებია: ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა და კარალეთი.
სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრულია 16 სოფლის 9700 ჰექტრამდე სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ზემო ნიქოზი, ქვემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ხვითი, ფხვენისი, ყელქცეულა, შინდისი, ახალდაბა, ვარიანი, ვარიანის მეურნეობა, საქაშეთი, ძლევიჯვარი, არაშენდა, დირბი, დვანი და ტახტისძირი. გარდა ჩამოთვლილი სოფლებისა არხის რეაბილიტაციის შედეგად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ათამდე სოფლის სახნავ-სათესი მიწა მოირწყვება.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს სამშენებლო კომპანია შპს „მშენებელი 80“ ახორციელებს. ამ პროექტის ფარგლებში 31,9 კმ სიგრძის მაგისტრალური და გამანაწილებელი არხების მშენებლობა განხორციელდა, 85 ერთეული წყალგამშვები ჭა, 13 ერთეული შემტბორავი ნაგებობა და წყალგამყოფი კვანძები მოეწყო. იმავე ინფორმაციით, პროექტი, რომლის შედეგად შიდა ქართლში გამყოფი ხაზის მიმდებარე 39 სოფლის 20 000 ჰექტარი მიწის სარწყავი სისტემა გაუმჯობესდა, სარგებელს 18 000 ოჯახს მოუტანს.
სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციაზე იგივე ინფორმაცია მუნიციპალური განვითარების ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზეც არის განთავსებული. ამ პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტროც ავრცელებს.
საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემის კომპანიის ვებგვერდზე შიდა ქართლში რეაბილიტირებული სარწყავი არხების ჩამონათვალი და თითოეულ მათგანზე განხორციელებული სამუშაოები დაწვრილებით არის მოცემული. მათ შორის სალთვისის და ტირიფონის სარწყავი არხების შესახებაც არის ინფორმაცია.
ფაქტ-მეტრმა სალთვისი-ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) ოფიციალურ ვებგვერდზეც მოიძია. საქართველოს ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერ პროექტების ჩამონათვალში არის ადგილნაცვალი პირების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი, რომელსაც აშშ-ს განვითარების სააგენტო საქართველოს მუნიციპალურ განვითარების ფონდთან ერთად ახორციელებს. პროექტის ერთ-ერთი დანიშნულება 2008 წლის კონფლიქტის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციაა.
სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრს სტატიამიმდინარე წლის 14 თებერვალს უკვე აქვს გამოქვეყნებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მაშინ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია-მოდერნიზაციის პროექტი 2011 წლიდან მიმდინარეობს. 2013 წელს კი აღნიშნული პროგრამის გაუმჯობესება დაიწყო. იმავე ინფორმაციის თანახმად, 2009-2011 წლებში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის რებილიტაციისთვის შემდეგი რაოდენობის თანხები იყო გამოყოფილი:
იმავე ინფორმაციით, 2013 წელს ბიუჯეტიდან საქართველოს გაერთიანებულ სამელიორაციო სისტემის კომპანიას 48,599,800 ლარი გამოეყო.
დასკვნა
სალთვისი-ტირიფონის სარწყავის სიტემის რეაბილიტაცია საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით განახორციელა. პროექტის ღირებულება 14 მილიონ ლარს აჭარბებს. პროექტის ფარგლებში, შიდა ქართლში, გამყოფი ხაზის მიმდებარე 30 ქართული სოფლის და 10 ოსური სოფლის სახნავ-სათესი მიწა მოირწყვება, რაც დაახლოებით 20 000 ჰექტარია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დავით შავლიაშვილის განცხადება: „ოკუპირებული ტერიტორიების სასაზღვრო ზოლთან სარწყავი სისტემების სამუშაოები დასრულდა. 35 სოფელი, დაახლოებით 20 ათასი ჰექტარი და 18 ათასი ოჯახი უკვე იღებს სარწყავ წყალს“, არის სიმართლე.