გაავრცელეს. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, უშიშროების საბჭოს ან/და უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს ფორმატის ფარგლებში დაუყოვნებლივ გამართულიყო შეხვედრა, რომელზეც განხილული იქნებოდა საქართველოს წინაშე არსებული მყისიერი საფრთხეები და გამოწვევები.
არასამთავრებო სექტორის მოწოდების შემდგომ, პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა,რომ ოკუპაციის განხილვა უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის: „უშიშროების საბჭო, კონსტიტუციის თანახმად, განიხილავს თავდაცვის ორგანიზაციებისა და სამხედრო აღმშენებლობის საკითხებს. რაც შეეხება მცოცავ ოკუპაციას, ეს არ არის არც ერთი და არც მეორე საკითხი. შესაბამისად, უშიშროების საბჭოს პრეროგატივა არ არის ამ საკითხთან დაკავშირებით სხდომის ჩატარება“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლის თანახმად, უშიშროების საბჭო სამხედრო აღმშენებლობისა და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციისთვის იქმნება. ასევე, 99-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ეროვნული უშიშროების საბჭოს შემადგენლობა, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება „ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ ორგანული კანონით.შესაბამისად, პირველ პუნქტში მოყვანილი „სამხედრო აღმშენებლობის“ და „თავდაცვის ორგანიზაციის“ დატვირთვა და მნიშვნელობა სწორედ ზემოთ აღნიშნულ ორგანულ კანონშია გაშლილი. დოკუმენტი გვაძლევს შესაძლებლობას ზუსტად განვსაზღვროთ უშიშროების საბჭოს უფლება-მოვალეობები.
„ეროვნული უშიშროების საბჭოს შესახებ“ კანონში ვკითხულობთ: „ეროვნული უშიშროების საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხები, რომლებიც უშუალოდ უკავშირდება სამხედრო აღმშენებლობას და ქვეყნის თავდაცვის ორგანიზაციას. ასევე, საკითხები, რომლებიც უკავშირდება ომიანობას თუ მასობრივ არეულობას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას,სამხედრო გადატრიალებასა და შეიარაღებულ ამბოხებას, ეკოლოგიურ კატასტროფას და ეპიდემიას, ან სხვა შემთხვევებს, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები მოკლებულნი არიან კონსტიტუციურ უფლებამოსილებათა ნორმალური განხორციელების შესაძლებლობას (მუხლი 2; პუნქტი დ, ე)“.
აღსანიშნავია უშიშროების საბჭოს შემადგენლობაც: „ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომას თავმჯდომარეობს საქართველოს პრეზიდენტი. ეროვნული უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრები არიან: საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, საქართველოს პრეზიდენტის თანაშემწე ეროვნული უშიშროების საკითხებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი“. საბჭოში გაერთიანებულია ყველა ის თანამდებობის პირი, რომელიც წყვეტს სახელმწიფო უსაფრთხოების, თავდაცვისა და უშიშროების საკითხებს. შესაბამისად, მათმა საერთო შეთანხმებულმა სტრატეგიამ უნდა გადაწყვიტოს საქართველოს წინაშე დამდგარი მყისიერად გადასაჭრელი პრობლემები.
უშიშროების საბჭოს სხდომის არგამართვის შესახებ საქართველოს მთავრობის არგუმენტები ემყარება იმ გარემოებას, რომ ოკუპაცია უკვე შემდგარი ფაქტია, ის ზოგად კონტექსტში უნდა განვიხილოთ და საჭიროა არა ცალკეულ შემთხვევებზე რეაგირება, არამედ შეთანხმებული და თანმიმდევრული პოლიტიკა საქართველოს ტერიტორიების სრულად დეოკუპაციისთვის. „ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლებში და ოკუპაციას წერტილი 2008 წელს დაესვა. ამას ვივიწყებთ და რატომღაც გვგონია, რომ ყოველი ახალი ბანერის დადგმა ახალი ოკუპაციაა“, - განაცხადალტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა.
შესაძლოა, ამ არგუმენტში გარკვეული სახის ლოგიკა არსებობდეს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო არ აღიარებს საოკუპაციო ძალების მიერ დადგენილ ე.წ. საზღვარს (შესაბამისად, არც მის ახალ კოორდინატებს) და ჩვენთვის ოკუპირებულია ყველა ის ტერიტორია, რომელიც 1990-იანი წლებიდან დღემდე რუსულმა ძალამ დაიკავა. თუმცა, მეორეს მხრივ, არის ცალსახა და პრაქტიკული რეალიები, რომელზე რეაგირებაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია:
- მცოცავი ოკუპაციის შედეგად იზრდება ოკუპანტების მიერ ფაქტობრივად კონტროლირებადი ტერიტორია და, შესაბამისად, მცირდება ტერიტორია, სადაც საქართველოს ფაქტობრივი კონტროლი ხორციელდება. ანუ, სახეზეა საქართველოს ტერიტორიის მუდმივი ხელყოფა;
- მცოცავი ოკუპაციის ყოველი გამოვლინება საფრთხეა საქართველოს მოქალაქეებისთვის, მათი საკუთრება - ეზოები თუ სასოფლო-სამეურნეო სავარგულები რჩება ოკუპაციის ხაზს მიღმა და კარგავენ შემოსავლის წყაროს. მათ არ შეუძლიათ წინ აღუდგენენ ამ პროცესს და ისარგებლონ კუთვნილი ქონებით;
- საოკუპაციო ხაზთან ხდება ისეთი ფაქტები, როგორიცაა გიგა ოთხოზორიას მკვლელობა ოკუპანტის მიერ, ასევე, მოქალაქეთა უკანონო გატაცებები საზღვრისპირა სოფლებში და ა.შ.
“ მიდგომა რამდენად გონივრული იქნება?!
დასკვნაიმის დასამტკიცებლად, რომ მცოცავი ოკუპაციის საკითხის განხილვა და ამ თემაზე სხდომის ჩატარება „სახელმწიფო უშიშროების საბჭოს“ პრეროგატივა არ არის, ირაკლი კობახიძე იშველიებს საქართველოს კონსტიტუციის 99-ე მუხლს და ამბობს, რომ უშიშროების საბჭო შექმნილია ქვეყნის თავდაცვის ორგანიზებისთვის და სამხედრო აღმშენებლობისთვის. თუმცა, მის განცხადებაში უგულვებელყოფილია „უშიშროების საბჭოს შესახებ“ ორგანული კანონი, რომელიც კონსტიტუციის 99-ე მუხლის მე-2 პუნქტით აღიარებულია, როგორც საბჭოს მუშაობის გარანტი.
აღნიშნული კანონი უშიშროების საბჭოს აძლევს ლეგიტიმაციას და ავალებს განიხილოს და გადაჭრას საკითხები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.კონსტიტუციის მოშველიებით და ორგანული კანონის გვერდის ავლით, ირაკლი კობახიძეს ერთი მხრივ საბჭოს ფუნქციონირებასთან დაკავშირებით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, ხოლო მეორე მხრივ, ხდება ქვეყნის უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ორგანოს დისკრედიტაცია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ტყუილი.