განაცხადა, რომ „მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს“.
ფაქტ-მეტრი ირაკლი ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა და ის გადაამოწმა.
აღსანიშნავია, რომ პოლემიკა, თუ რამდენი ქართველი (ეთნიკურად) ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, დიდი ხანია მიმდინარეობს. სხვადასხვა პერიოდში განსხვავებული რაოდენობა სახელდებოდა. თუმცა, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვერსიით, რუსეთში მილიონამდე ქართველია. ეს ვერსია გავრცელებულია, როგორც რუსეთის ფედერაციაში, ისე საქართველოში.
მაგალითად, რუსეთში მცხოვრები ქართველი სოციოლოგი ბადრი ქუთელია წერდა, რომ „ქართველების რაოდენობა რუსეთში 600 ათასიდან 800 ათასამდეა“. რუსეთში ქართველთა კავშირის პრეზიდენტის, მიხეილ ხუბუტიას განცხადებით, „ოფიციალური მონაცემებით ქართველების რაოდენობა რუსეთში მილიონამდეა, არაოფიციალურად კი - 1,5 მილიონი“. 2008 წლის 28 აგვისტოს, ვლადიმერ პუტინმა, ამერიკულ ტელეკომპანია „CNN“-თან ინტერვიუში, განაცხადა: „თითქმის მილიონი და კიდევ უფრო მეტი ქართველი გადმოვიდა ჩვენთან [რუსეთში]“. ინტერნეტპორტალი „nregion.com” 2006 წლის მაისში წერდა,რომ „რუსეთს შეუძლია სამშობლოში მილიონამდე ქართველის დეპორტაცია მოახდინოს“.
ფაქტ-მეტრი შეეცადა გაერკვია, თუ რამდენად შეესაბამება რეალობას რუსეთში ამ რაოდენობით ქართველების ცხოვრება.
ამ საკითხზე, ჩვენ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს წერილობით მივმართეთ. მიღებულ პასუხშინათქვამია, რომ „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთა რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება”.
2012 წელს „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (EPRC) პროექტის: „ქართული დიასპორის კვლევის“ თანახმად, რუსეთში დაახლოებით 800 ათასი ქართველი ცხოვრობს, ხოლო 2009 წლის მონაცემებით, 285 946 ეთნიკურად ქართველს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული. EPRC-ის წარმომადგენელმა, ირმა გურულმა, ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ აღნიშნული კვლევა დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა და სწორედ აღნიშნული უწყებიდან მიიღეს კვლევაში მითითებული მონაცემები. აქვე აღსანიშნავია, რომ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე განთავსებულია ინფორმაციარუსეთში მცხოვრები ქართველების თაობაზე, რომლის თანახმად, 2005 წლისთვის რუსეთის ფედერაციაში 800-დან 900 ათასამდე ქართველი ცხოვრობდა.
ჩვენ ასევე დავინტერესდით, თუ რა მიზეზით არ მოგვაწოდა ეს ინფორმაცია წერილობითი სახით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა. მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, დავით ჩიკვაიძემ, ფაქტ-მეტრს განუცხადა, რომ „ვებ-გვერდზე მითითებული ინფორმაცია არ არის ოფიციალური“ და „ეს მხოლოდ ვარაუდია“. ამასთან, დავით ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ „დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატს უჭირს დაადგინოს, თუ რა რაოდენობით ქართველი ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში, ან დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასევე, ბუნდოვანია თურქეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობა“. დავით ჩიკვაიძემ ფაქტ-მეტრთან საუბარში ასევე აღნიშნა, რომ „რუსეთის ფედერაციასთან მიმართებაში აბსოლუტურად განსხვავებული მონაცემები სახელდება და რთულია ითქვას, რომელი მათგანია თუნდაც ახლოს სიმართლესთან“.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ინფორმაცია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდანაც მივიღეთ. მოწოდებული ინფორმაცია2002 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგებს ეყრდნობა. აღნიშნული კვლევა ემიგრანტების საერთო რაოდენობიდან საქართველოს 92 298 მოქალაქეს, ხოლო კონკრეტულად რუსეთის ფედერაციაში კი - 13 221 ემიგრანტს ითვლის.
1989 წლის საბჭოთა კავშირის მოსახლეობის აღწერის შედეგების მიხედვით,რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკაში იმ პერიოდში 130 688 ქართველი ცხოვრობდა.
2011 წელს საქართველოს საბუნებისმეტყველო აკადემიის აკადემიკოსის, პროფესორ ალექსანდრე თვალჭრელიძის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტების მიერ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამა გამოქვეყნდა. პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე განთავსებული, აღნიშნული პროგრამის მეორე თავის (საქართველოს დემოგრაფიული სურათი) მიხედვით, 1990წელს საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 5,46 მილიონ ადამიანს მიაღწია. 1990-2009 წწ. პერიოდში მოსახლეობა 1,11 მილიონით ემიგრაციის ხარჯზე შემცირდა.
საინტერესოა, აღნიშნული 1,11 მილიონი ემიგრანტიდან, რა რაოდენობა იყო ეთნიკურად ქართველი და რა რაოდენობა გადასახლდა მათგან რუსეთის ფედერაციაში. იმავე კვლევის თანახმად, 1989 წლიდან 2002 წლამდე, საქართველოში ქართველთა ხვედრითი წილი 68,8%-იდან 83,8%-მდე გაიზარდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მიგრაცია ძირითადად ეროვნულ უმცირესობებს შეეხო, თუმცა, ქართველთა აბსოლუტური რაოდენობა, 1989 წელთან შედარებით, ასევე შემცირდა 3787,4 ათასიდან 3661,2 ათასამდე, ანუ 126,2 ათასი ადამიანით.
126,2ათასი ქართველი ემიგრანტი მთლიანადაც რომ მივუმატოთ 1989 წლისთვის რუსეთში მაცხოვრებელ ქართველთა მაჩვენებელს, 256,8 ათასს მივიღებთ. თუმცა, ბუნებრივია, რომ მოქალაქეთა ეს რიცხვი მთლიანად რუსეთის ფედერაციაში არ წასულა.
2010 წელს რუსეთის ფედერაციაში მოსახლეობის საყოველთაო აღწერა ჩატარდა, რომელმაც რუსეთის ფედერაციის ეთნიკური შემადგენლობა შეისწავლა. აღნიშნული მონაცემებით,რუსეთში 157 803 ქართველი ცხოვრობს.
დასკვნა
რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველების რაოდენობის შესწავლისას, ფაქტ-მეტრი განსხვავებული ორგანიზაციების და პიროვნებების მხრიდან განსხვავებულ და ურთიერთგამომრიცხავ მონაცემებს იღებდა. რიცხვები იწყება „ცამეტიათას ორასოცდაერთით“ და „მილიონზე მეტით“ მთავრდება. თითოეულ წყაროში (ოფიციალურ თუ არაოფიციალურ) განსხვავებულად, ან საერთოდ არ არის ასახული კვლევის შემდეგი სუბიექტები: რუსეთის მოქალაქე ეთნიკურად ქართველები, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად ქართველები, საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად არაქართველები და რუსეთში არალეგალურად მცხოვრები ქართველები.
თუკი ჩვენ პროფესორ ალექსანდრე თვალჭრელიძის და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტების კვლევას დავეყრდნობით, 1990 წლიდან 2002 წლამდე, საქართველო 126,2 ათასმა ეთნიკურად ქართველმა დატოვა. იმის გათვალისწინებით, რომ 1989 წლისთვის რუსეთის ფედერაციაში 130 688 ქართველი ცხოვრობდა, კვლევიდან გამომდინარე, 2002 წლისთვის, რუსეთის ფედერაციაში მცხოვრები ქართველების მაქსიმალური მაჩვენებელი, ჰიპოთეტურად, 256 ათასი შეიძლება ყოფილიყო. აქვე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 2006 წელს რუსეთის ფედერაციიდან ქართველთა მასიური დეპორტაციის, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის, ბოლო წლებში რუსეთში კიდევ უფრო გაძლიერებული ნაციონალისტური და განსაკუთრებით ანტიკავკასიური განწყობის გამო, რუსეთში ეთნიკურად ქართველების რაოდენობა თუ არ შემცირდა, მინიმუმ არ გაზრდილა მაინც.
ფაქტ-მეტრი კვლევის პროცესში განსხვავებულ არაოფიციალურ მონაცემებს იღებდა. საგულისხმოა ოფიციალური უწყების, დიასპორის სამინისტროს არაოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, რუსეთში 800 ათასიდან 900 ათასამდე ქართველი ცხოვრობს. თუმცა, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, აღნიშნული მონაცემი თავად სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, არაოფიციალურია და მას ვერ დავეყრდნობით.
რაც შეეხება ოფიციალურ მონაცემებს, ასეთი სულ სამია (ყოველ შემთხვევაში სხვა ოფიციალური წყარო ჩვენ ვერ მოვიძიეთ): 1989 წლის საბჭოთა კავშირის მოსახლეობის აღწერის შედეგები, 2010 წლის რუსეთის ფედერაციის მოსახლეობის საყოველთაო აღწერა და 2002 წლის საქართველოს მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგად საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია. არცერთი მათგანი არ იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ რუსეთში მცხოვრებ ქართველთა რიცხვი მილიონს აღწევს.
შესაძლოა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველზე საუბრის დროს, EPRC-ის მსგავსად, დიასპორის სამინისტროს მიერ მიწოდებულ ინფორმაციას ეყრდონობოდა, ანაც მან უბრალოდ არსებული, გავრცელებული ვერსია გაიმეორა.
ფაქტია, რომ არ არსებობს მილიონთან მიახლოებული ან მილიონზე მეტი ქართველის რუსეთში ცხოვრების დამადასტურებელი ოფიციალური მონაცემი. აქვე აღვნიშნავთ, რომ ფაქტ-მეტრი ამ საკითხს კვლავ დაუბრუნდება საქართველოს მოსახლეობის ხელახალი საყოველთაო აღწერის შემდეგ, რაც 2014 წლის შემოდგომაზეა დაგეგმილი.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, „მილიონზე მეტი ქართველი რუსეთში ცხოვრობს“, არის მეტწილად მცდარი.