დაანონსებული მილიონი ხიდან დედაქალაქის მასშტაბით 700 000 ნერგი უკვე დარგულია.
„კონტრაქტორებს ვალდებულება აქვთ მოვლის და 100%-იანი ჩანაცვლების. ჩანაცვლებას თავისი დრო აქვს. ჩანაცვლებისთვის უნდა იყოს შესაბამისი სეზონი და კლიმატი. აქედან გამომდინარე, თუ კონტრაქტის ვადა გასული არ არის, 2-3 წლის მანძილზე თითოეული გამხმარი ხის ნერგი ჩანაცვლდება“, - განაცხადა ნინო ხატისკაცმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების გადამოწმებას შეეცადა.
„მილიონი ხის“ პროექტის შესახებ ჩვენ უკვე ვწერდით. მერიის მაშინდელი ინფორმაციით (2016 წლის მარტი), 2014-2015 წლებში დედაქალაქში 480 200 ძირი ხე იყო დარგული. 2017 წლის მაისის მონაცემებით,დედაქალაქში სულ 640 000 ძირი სხვადასახვა სახეობის ნერგია დარგული.
მერიის ინფორმაციით, „მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში ამ დროისთვის დარგული ხეების 75% (480 200) 2014-2015 წლებში დაირგო. ამიტომ, ჩვენ აქცენტს სწორედ ამ პერიოდზე გავაკეთებთ.
ფაქტ-მეტრი 2014-2015 წლებში აღნიშნული პროექტის ფარგლებში დადებულ ხელშეკრულებებს დაწვრილებით გაეცნო. როგორც გაირკვა, 2016 წლის მარტისთვის პროექტის ფარგლებში სულ 23 ხელშეკრულება გაფორმდა. ყველაზე მეტი ნერგი (315 720) სსიპ „ეროვნული სატყეო მეურნეობიდან“ იქნა შესყიდული. ნერგები თბილისის დენდროლოგიურ პარკში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დასარგავად იყო განკუთვნილი.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ყველაზე დიდი პრობლემა ნერგების ზომა და მათი შემდგომი გახარება იყო. ნერგების გახარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მათ ზომას ენიჭება. როგორც გავარკვიეთ, შესყიდული ნერგებიდან (452 190) მხოლოდ 48 760 ნერგი იყო 120-220 სმ სიმაღლის. დანარჩენი ნერგების, ანუ მთლიანად შესყიდული ნერგების 89%-ის სიმაღლე 0.25 სმ-1 მეტრს შორის მერყეობდა. როგორც “პარტიზანული მებაღეობის“ წარმომადგენელმა ნატა ფერაძემ განგვიმარტა, აღნიშნული ზომის ნერგები, ე.წ. „სტარტერები“, ღია გრუნტში დასარგავად განკუთვნილი არ არის.
ასევე, პრობლემას წარმოადგენდა ნერგების შემდგომი მოვლა-პატრონობა. მართალია, ხელშეკრულებების მიხედვით გამარჯვებულ კომპანიებს ნერგების 100%-იანი გახარება უნდა უზრუნველეყოთ, თუმცა ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ (ძირითადად ორწლიანი ხელშეკრულებები) კომპანიები ყოველგვარ პასუხისმგებლობას იხსნიდნენ და ხეების მოვლა მერიის გამწვანების და ეკოლოგიის სამსახურის დაქვემდებარებაში გადადიოდა. ხელშეკრულებაში ნერგების მხოლოდ ორჯერ მორწყვა იყო გათვალისწინებული, რაც, სპეციალისტების განმარტებით, ნერგების სრულყოფილი გახარებისთვის საკმარისი არ არის.
როგორც აღვნიშნეთ, ყველაზე მეტი ნერგი თბილისის დენდროლოგიურ პარკსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო (315 720 ცალი). ამ ტერიტორიაზე დასარგავად განკუთვნილი ნერგები თბილისის მერიამ სსიპ „ეროვნული სატყეო მეურნეობიდან“ შეისყიდა. ხელშეკრულების მიხედვით, „სატყეო მეურნეობას“ მხოლოდ ნერგების ადგილზე დაუზიანებლად მიტანა ევალებოდა. ისინი ნერგების დარგვაზე და მის შემდგომ გახარებაზე პასუხისმგებლები არ იყვნენ. ამაზე მერიის ეკოლოგიის და გამწვანების საქალაქო სამსახურს უნდა ეზრუნა.
მიმდინარე წლის მაისში ფაქტ-მეტრმა მერიიდან დენდროლოგიურ პარკში დარგული და გახარებული ხეების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა. მერიის ინფორმაციით, „მილიონი ხის“ პროექტის ფარგლებში დენდროლოგიურ პარკში 41 371 ნერგია დარგული. ხელშეკრულებების მიხედვით კი, დენდროლოგიურ პარკში და მის მიმდებარედ დასარგავად მერიამ 315 720 ნერგი შეისყიდა. სად დაირგო 268 349 ნერგი, ჩვენი მრავალჯერადი მცდელობის მიუხედავად, მერიის გამწვანების საქალაქო სამსახურიდან პასუხი ვერ მივიღეთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ მერიისგან ნერგების გახარების კოეფიციენტიც გამოვითხოვეთ. პასუხის მიხედვით, აღნიშნული ნერგების მონიტორინგს სამსახური სავეგეტაციო პერიოდის დასრულებისთანავე განახორციელებს და დაზუსტებულ ინფორმაციას დამატებით მოგვაწვდის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ნერგების გახარების კოეფიციენტი ჩვენ გასული წლის აპრილშიც გამოვითხოვეთ და მაშინაც იდენტური პასუხი მივიღეთ.
ცნობისთვის, მცენარის სავეგეტაციო პერიოდიარის წელიწადის დრო, როდესაც მცენარე აქტიურად ავლენს თავის სასიცოცხლო ფუნქციებს - იზრდება და ვითარდება. დაბლობზე ეს პერიოდი გრძელდება სეზონის უკანასკნელი ყინვებიდან შემოდგომის პირველ სუსხამდე. დენდროლოგიურ პარკში ნერგები 2014-2015 წლებში დაირგო. მერიის პასუხის მიხედვით კი, დარგვიდან მესამე წელს, ნერგების სავეგეტაციო პერიოდი კვლავ დაუსრულებელია.
„მილიონი ხის“ პროექტის განხორციელება 2016-2017 წლებშიც გრძელდება.
2016 წელს გამწვანების ღონისძიებებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტში900 000 ლარი გამოიყო და ამ თანხით 180 000 ნერგი იქნა შესყიდული. საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ამ ეტაპზე მერიამ აქცენტი მოზრდილ ნერგებზე გააკეთა. დარგული ნერგების სიმაღლე 1.5-3.5 მეტრს შორის მერყეობს. როგორც ჩანს, წინა წლების გამწვანების ღონისძიებების ავ-კარგიანობა მერიამაც გააანალიზა და „სტარტერების“ ნაცვლად დიდი ზომის ნერგების დარგვა გადაწყვიტა. ასევე, შეიცვალა ნერგების მოვლა-პატრონობის ვადა და ორწლიანის ნაცვლად ოთხწლიანი მოვლის ინსტრუმენტი იქნა შემუშავებული.
2017 წელს გამწვანების ღონისძიებებისთვის თბილისის ბიუჯეტში946 000 ლარია გათვალისწინებული. მერიამ ამჯერად აქცენტი ნერგების ხარისხსა და არა რაოდენობაზე გააკეთა. ამაზე ისიც მიუთითებს, რომ 2014 წელს ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, 269 100 ნერგში მერიას 270 700 ლარი აქვს გადახდილი, ერთ ნერგში საშუალოდ ერთი ლარი, მიმდინარე წელს კი 20 000 ნერგის საყიდლად 507 000 ლარია გათვალისწინებული, ანუ ერთი ნერგის შესასყიდად საშუალოდ 25.35 ლარი.
დასკვნა მერიის ინფორმაციით, თბილისში „მილიონი ხის“ პროექტის დაწყებიდან სულ 640 000 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგია დარგული, მათგან 75% 2014-2015 წლებში დაირგო. ზემოაღნიშნულ პერიოდში დარგული ნერგებისდიდი ნაწილი დენდროლოგიურ პარკსა და მის მიმდებარედ უნდა დარგულიყო. დენდროლოგიურ პარკში დარგული ხეების უმრავლესობა დარგვიდან ერთი წლის თავზე უკვე გამხმარი იყო.
2016-2017წლებში მერიამ თვითონვე შეცვალა გამწვანების ღონიძიებებისადმი მიდგომა და აქცენტი ნერგების ხარისხზე და არა რაოდენობაზე გააკეთა. ასევე, ნერგების მოვლა-პატრონობის ვადა ორი წლიდან ოთხ წლამდე გაზარდა.
ჩვენ არაერთხელ შევეცადეთ გაგვერკვია, როგორია დარგული ნერგების გახარების კოეფიციენტი. თუმცა, „მილიონი ხის“ პროექტის დაწყებიდან მესამე წელსაც აღმოჩნდა, რომ "მცენარეთა ვეგეტაციის პერიოდი დასრულებული არ არის" და მერიის გამწვანების სამსახური პასუხს მხოლოდ ამ პერიოდის დასრულების შემდეგ მოგვაწვდის. ასევე, შეუსაბამო ინფორმაცია მივიღეთ დენდროლოგიურ პარკში დარგულ ნერგების რაოდენობასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ამ კონკრეტულ განცხადებას ვერდიქტის გარეშე ვტოვებთ, თუმცა ამ საკითხის კვლევას ვაგრძელებთ.