მიმდინარე წლის 1 აპრილს "საზოგადოება 2030"-ის ექსპერტმა, მიხეილ დუნდუამ განაცხადა: "2013-2014 წლები მეტად ნაყოფიერი აღმოჩნდა. ჯამში, ბოლო ორ წელში, საერთაშორისო ტურიზმიდან 2 914 მლნ დოლარის წმინდა შემოსავალი შემოვიდა, რაც 20 მლნ აშშ დოლარით უფრო მეტია, ვიდრე 2008-2012 წლებში მიღებული შემოსავლები. გარდა ამისა, 2013-2014 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან 32%-ით უფრო მეტი შემოსავალი მივიღეთ, ვიდრე ეს მთელი ცხრა წლის განმავლობაში შევძელით".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2014წელს ტურიზმიდან მიღებულმა წმინდა შემოსავალმა 1 488 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4.4%-ით მეტია. ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, თუ როგორი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები.
გრაფიკი 1:
ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები (2003-2014 წლები)
როგორც მოცემული გრაფიკიდან ჩანს, 2003 წლიდან დღემდე, საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები ყოველწლიურად იზრდებოდა. ამ წლების მანძილზე ყველაზე დაბალი პროცენტული ზრდა 2014 წელს დაფიქსირდა (4%). შემოსავლები 2003 წლიდან დღემდე საშუალოდ 74%-ით იზრდებოდა, ხოლო 2013-2014 წლებში ეს მაჩვენებელი საშუალოდ 13.5% იყო.
2003-2012წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა წმინდა შემოსავლებმა ჯამში 3 366 მლნ დოლარი შეადგინა. 2013-2014 წლებში ეს მაჩვენებელი 2 914 მლნ აშშ დოლარი იყო. "საზოგადოება 2030"-ის ეკონომიკის ექსპერტი წინა ხელისუფლების მმართველობის ცხრა წელზე საუბრობს და ამ პერიოდად 2003-2011 წლებს ასახელებს, თუმცა, ის არაფერს ამბობს 2012 წელზე. 2012 წლის ნაცვლად, მიხეილ დუნდუა 2003 წელს ასახელებს. ქვეყნის სათავეში წინა ხელისუფლება 2003 წლის ბოლოს მოვიდა. შესაბამისად, თუ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის 9 წელზე ვსაუბრობთ, მაშინ 2004-2012 წლებში შემოსული შემოსავლები უნდა იქნას მხედველობაში მიღებული, რაც 3 350 მლნ აშშ დოლარია. ეს რიცხვი ბოლო ორი წლის მანძილზე მიღებულ შემოსავლებზე 436 მლნ აშშ დოლარით მეტია.
მეორე შემთხვევაში მიხეილ დუნდუა 2012-2013 წლებში შემოსულ შემოსავლებს უკვე 2008-2012 წლებს ადარებს. 2008-2012 წლებში ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები 2 893 მლნ აშშ დოლარი იყო, რაც 2012-2013 წლების შემოსავლებზე 457 მლნ ლარით ნაკლებია. 2012 წელს ქვეყანაში 1 154 მლნ აშშ დოლარის წმინდა შემოსავალი შემოვიდა. თუ იგივე ლოგიკით 2012 წელსაც განვიხილავთ, მხოლოდ 1 წლის მანძილზე მიღებული შემოსავლები 2003-2009 წლებში (7 წელი) შემოსულ შემოსავლებზე 144 მილიონით მეტია.
თუმცა, აღნიშნული მეთოდით შემოსავლების დათვლა არასწორია. იმისთვის, რომ განვსაზღვროთ, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები იზრდება თუ არა, საჭიროა დავაკვირდეთ, თუ როგორია მისი ყოველწლიური ზრდის ტემპი. რიცხვების უბრალოდ დაჯამება ამ შემთხვევაში რეალურ სურათს არ ასახავს. დღეს არსებული მონაცემი წლების მანძილზე ყოველწლიური მაღალი პროცენტული ზრდის შედეგადაა მიღებული. ამის ნათელი მაგალითია, რომ 2003 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 16 მლნ აშშ დოლარი იყო. 2014 წელს კი, ეს რიცხვი 1 488 მლნ აშშ დოლარი გახდა. ცხადია, რომ ბოლო წლების ჯამი გაცილებით მაღალ მაჩვენებელს მოგვცემს. 2012 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 1 154 მლნ აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, გამოდის, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები 2013 წლის მდგომარეობასთან შედარებით 88-ჯერ მეტია.
რაც შეეხება ქვეყანაში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობას, 2006 წლიდან დღემდე აღნიშნული მაჩვენებელი ყოველწლიურად იზრდებოდა. აღსანიშნავია, რომ როგორც შემოსავლების, ასევე ვიზიტორთა ყველაზე დაბალი პროცენტული ზრდა 2014 წელს იყო. მიმდინარე წლის სამ თვეში კი ვიზიტორთა რაოდენობის კლება დაფიქსირდა და 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტორთა რიცხვი 2%-ით შემცირდა.
გრაფიკი 2:
საქართველოში შემოსულ ვიზიტორთა რაოდენობა (2006-2014 წლები)
დასკვნა 2013-2014
წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავალი 2 914 მლნ აშშ დოლარი იყო. წინა ხელისუფლების მმართველობის ცხრა წლის მანძილზე (2004-2012) აღნიშნულმა შემოსავლებმა 3 350 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ბოლო ორი წლის მანძილზე მიღებულ შემოსავლებს 15%-ით (436 მლნ აშშ დოლარით) აღემატება.
მიხეილ დუნდუა 2008-2012 წლებში ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლების 2013-2014 წლების შემოსავლებთან შედარებისას რიცხვებს სწორად ასახელებს. თუმცა, წინა ხელისუფლების მმართველობის ცხრა წლიან პერიოდს (2004-2012), 2012 წლის ნაცვლად, 2003 წლის მონაცემებს ამატებს. ამ შემთხვევაში 2013-2014 წლებში საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლები "წინა ხელისუფლების მმართველობის ცხრა წლიანი პერიოდის შემოსავლებს აღემატება". ამასთან, მსგავსი მეთოდით (წლების უბრალოდ დაჯამებით) აღნიშნულ სფეროში არსებული რეალობის გაანალიზება შეუძლებელია. წლიდან წლამდე მიღწეულ პროგრესს ყოველწლიური ზრდის ტენდენცია გვიჩვენებს. "საზოგადოება 2030"-ის ექსპერტი რიცხვებით მანიპულირების საშუალებით არსებული მდგომარეობის შელამაზებას და უარყოფითი ტენდენციის დადებითად წარმოჩენას ცდილობს.
2014წელს როგორც ვიზიტორთა რაოდენობა, ისე ტურიზმიდან მიღებული წმინდა შემოსავლების პროცენტული ზრდა შემცირდა. 2015 წელს კი, დაიკლო ვიზიტორთა რაოდენობამაც.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ მიხეილ დუნდუას განცხადება არის ტყუილი.