ვერდიქტი: ფაქტ-მეტრის დასკვნით, რატი იონათამიშვილის განცხადება არისრიცხვებით მანიპულირება. რეზიუმე: 2013
წლის 17 ნოემბრიდან მიმდინარე წლის ივნისის ჩათვლით, გიორგი მარგველაშვილმა სულ 4 008 მსჯავრდებული და სასჯელმიხდილი პირი შეიწყალა, რომელთაგან 90% (3 069) განსაკუთრებით მძიმე ან მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული.
თუმცა, საინტერესოა ის სრული კონტექსტი, რომელიც დეპუტატმა განზრახ თუ უნებლიედ, საზოგადოებას არ გააცნო. კერძოდ, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთათვის მსჯავრდებულ პირთაგან (სულ 3 609) 55% ნარკოდანაშაულთათვის მსჯავრდებულ პირებზე მოდის (1 998 პირი). საიდანაც, სავარაუდოდ, დიდი უმრავლესობა ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და მათი ბრალი რაიმე სახის ძალადობრივ დანაშაულს არ უკავშირდება. აღნიშნული გარემოება მნიშვნელოვანია, თუ მხედველობაში მივიღებთ 2018 წლის აგვისტოს თვეში გამოქვეყნებულ Human Rights Watch-ის ანგარიშს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებსა და ნარკოდანაშაულთათვის გათვალისწინებულ არაადეკვატურ სასჯელებზე ამახვილებს ყურადღებას, რაც თავის მხრივ ხშირად ამ სახის დანაშაულების მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიებად მიკუთვნებულობას იწვევს. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებულთა მხოლოდ 70% გათავისუფლდა სრულად სასჯელის მოხდისგან, დარჩენილი 30%-ის შემთხვევაში მხოლოდ მოსახდელი სასჯელის შემცირება მოხდა.
შესაბამისად, დეპუტატის მხრიდან საზოგადოებისთვის მხოლოდ მშრალი რიცხვების გაცნობა, დამატებითი ახნა-განმარტებების გარეშე (რაც, მნიშვნელოვნად ცვლის რეალურ სურათს) არსებული რეალობის დამძიმებასა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას იწვევს.
ანალიზი საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, მსჯავრდებულთა შეწყალება პრეზინდეტის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რომლის პროცედურასაც „შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ“ ბრძანებულებით,
პრეზიდენტი თავად განსაზღვრავს.
კონსტიტუციით მინიჭებული შეწყალების უფლება გიორგი მარგველაშვილმა არაერთხელ გამოიყენა, რაც ხშირად მისი კრიტიკის საფუძველიც გამხდარა. კერძოდ, კრიტიკის საგანი იყო არა მხოლოდ საერთო ჯამში მის მიერ შეწყალებულ პირთა დიდი რაოდენობა (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია), არამედ ცალკეული საქმეებიც, რაც თუნდაც მისი ნათესავების შეწყალებას უკავშირდება (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია), ან იმ პირების შეწყალებას, რომელთაც შემდეგ კვლავ ჩაიდინეს დანაშაული (იხ. ფაქტ-მეტრის სტატია). აღსანიშნავია, რომ შეწყალების შესახებ მწვავე დისკუსიების დაწყება მარგველაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 5 იანვრის გამამტყუნებელი განაჩენის
კრიტიკას მოჰყვა, რომლითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შეწყალების უფლების ბოროტად გამოყენების გამო დამნაშავედ იქნა ცნობილი.
ფაქტ-მეტრმა შეწყალების საკითხზე უმრავლესობის ერთ-ერთი წევრის, რატი იონათამიშვილის მიერ მოყვანილი ფაქტები გადაამოწმა, რომელმაც გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას განაცხადა:
„2013 წლიდან დღემდე (2018 წლის აპრილი) ანუ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის არასრულ ვადაში შეწყალებულია 3 617 ადამიანი. მათგან, 82% მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის გამოა გასამართლებული. მათგან 575-მა ადამიანმა განმეორებით ჩაიდინა ისევ დანაშაული“.
პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციისთანახმად, 2013 წლის 17 ნოემბრიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლით, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა 4 008 მსჯავრდებული და სასჯელმიხდილი პირი შეიწყალა.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს როდესაც ქართული „ოცნების დეპუტატმა“ განცხადება გააკეთა შეწყალებულთა რაოდენობა მართლაც 3 617 იყო, თუმცა ვინაიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ჩვენს წერილზე პასუხი ორი თვის დაგვიანებით მოგვაწოდა, აღნიშნულ მონაცემებში ცვლილება შევიდა. შესაბამისად, იონათამიშვილის მიერ მოყვანილ რიცხვებსა და ჩვენ მიერ მიღებულ ინფორმაციას შორის განსხვავება სწორედ ამ გარემოებით აიხსნება.
თუმცა, რატი იონათამიშვილს ყურადღება არ გაუმახვილებია იმ ფაქტზე, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 4 008 პირიდან რეალურად 70% გათავისუფლდა სრულად სასჯელის შემდგომი მოხდისგან, დანარჩენ 30%-ს (1 187 პირი) კი, მხოლოდ საპატიმრო სასჯელი შეუმცირდათ. ასევე, დეპუტატმა თავი აარიდა იმის ხსენებას, რომ რეალურად შეწყალებულთა 53% (2 128 პირი) ნარკოდანაშაულთათვის იყო მსჯავრდებული. საიდანაც, სავარაუდოდ, დიდი უმრავლესობა ნარკოტიკების მომხმარებლები არიან და მათი ბრალი რაიმე სახის ძალადობრივ დანაშაულს არ უკავშირდება. მაშინ, როდესაც, ქვეყანაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის არსებობას თავად ხელისუფლებაც აღიარებს, საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ნარკოდანაშაულებისთვის მსჯავრდებულთა შეწყალება სწორედ ამ ხისტ პოლიტიკაზე არსებული ლოგიკური პასუხია. აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ქმედებები თანხვედრაში მოდის ქვეყანაში დღეს ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით არსებულ პროცესებთან, განსაკუთრებით კი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებთან. ჩვენ ხელთ არსებული მონაცემები არ გვაძლევს საშუალებას გავარკვიოთ, კონკრეტულად რა სახის ნარკოდანაშაულებში ბრალდებულები შეიწყალა მარგველაშვილმა. კერძოდ, შეწყალება შეეხოთ მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარებაზე თუ ასევე გასაღებაზე მსჯავრდებულ პირებს. თუმცა, პრეზიდენტის მიერ არაერთხელ დაფიქსირებული პოზიცია,
რომ შეწყალების პროცედურა მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს ნარკოდანაშაულებში მსაჯვრდებული პირებისთვის (გარდა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების გასაღებისა, განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკული საშუალებების შეძენა/შენახვისა, შემოტანისა და ტრანზიტისა), გვაფიქრებინებს, რომ შეწყალებულ პირთა უმრავლესობა სწორედ ნარკოტიკების მოხმარებისთვის და არა გასაღებისთვის, იხდიდა სასჯელს.
რატი იონათამიშვილმა ყურადღება შეწყალებულთა მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეზე მიაპყრო და განაცხადა, რომ შეწყალებულთა 82% მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის გამოა გასამართლებული. მართლაც, პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფრომაციის თანახმად, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულთა შორის 90% (3 069) განსაკუთრებით მძიმე ან მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის იყო მსჯავრდებული (მძიმე კატეგორიის დანაშაულისთვის 2 037 და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის - 1 572 პირი). თუმცა, მხოლოდ რიცხვებზე აპელირება, დამატებითი ინფორმაციის მიწოდების გარეშე არ არის მართებული და გამოიწვევს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულთა სიმძიმეს, კონკრეტული დანაშაულისთვის სასჯელად გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთის მაქსიმალური ვადა განაპირობებს. კერძოდ, მე-12 მუხლის თანახმად, ნაკლებად მძიმეა ისეთი განზრახი ან გაუფრთხილებლობითი დანაშაული, რომლის ჩადენისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას. ხოლო მძიმე დანაშაულისთვის მაქსიმალურ სასჯელად - 10 წელი, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 10 წელზე მეტი ან უვადო თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული. შესაბამისად, თუ დანაშაულისთვის 5 წელზე მეტია განსაზღვრული, მაშინ ის ავტომატურად დეპუტატის მიერ გამოყოფილ დანარჩენ ორ კატეგორიაში თავსდება (მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე). სასჯელის სიმძიმის კონტექსტში საყურადღებოა Human Rights Watch-ის 2018 წლის აგვისტოს ანგარიში, რომელიც ნარკოდანაშაულთათვის სისიხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ შეუსაბამოდ მაღალ სასჯელებზე ამახვილებს ყურადღებას. ანგარიშის
თანახმად, „საქართველოს კანონმდებლობა არ განსაზღვრავს მცირე ოდენობებს ნარკოტიკული საშუალებების თითქმის სამი მეოთხედისთვის. მათ შორისაა საქართველოში გავრცელებული ისეთი ნივთიერებები, როგორებიცაა ამფეტამინი, მეთამფეტამინი და დეზომორფინი. ამ ნივთიერებების უმცირესი ნაწილაკები, მათ შორის შპრიცში აღმოჩენილი ნარჩენიც კი, ავტომატურად ითვლება დიდ ოდენობად და სისხსლისსამართლებრივი სასჯელის სახით მინიმუმ ხუთწლიან პატიმრობას ითვალისწინებს. ამ ნივთიერებების 1 გრამზე მეტი ოდენობით შენახვა კი „განსაკუთრებით მძიმე დანაშაულია“, რასაც შედეგად შესაძლოა, სამუდამო პატიმრობაც მოყვეს“.
„ზოგ შემთხვევაში ნარკოტიკების პირადი მოხმარების მიზნით შენახვა შეიძლება უფრო ხანგრძლივი ვადით პატიმრობის ითვალისწინებდეს, ვიდრე ისეთი ძალადობრივი დანაშაულები, როგორიცაა მკვლელობა (7-დან 15 წლამდე პატიმრობა) ან გაუპატიურება (6-დან 8 წლამდე)“ - ვკითხულობთ ამავე ანგარიშში. შესაბამისად, როდესაც მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებში მსჯავრდებულთა შეწყალებაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით პრეზიდენტის მიერ არაძალადობრივი (პირველ რიგში სწორედ ნარკოდანაშაულების) მიმართ გამოცხადებული ჰუმანური პოლიტიკის გათვალისწინებით, აუცილებელია ცალკე გამოიყოს შეწყალებულთა შორის ნარკოდანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირთა რაოდენობა. ოფიციალური მონაცემების თანახმად, გიორგი მარგველაშვილის მიერ შეწყალებულ მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთათვის მსჯავრდებულ პირთაგან (სულ 3 609), 55%-ს სწორედ ნარკოდანაშაულთათვის მსჯავრდებული პირები შეადგენენ (1 998 პირი). აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ფაქტ-მეტრს დეტალური ინფორმაცია ოჯახში ჩადენილ დანაშაულთათვის მსჯავრდებულების შეწყალებაზეც მიაწოდა. როგორც წერილიდან ირკვევა, 2017 წლის ნოემბრიდან 28 ივნისის პერიოდში, საქართველოს პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით საქართველოს სსკ-ს მე-111, 1261-ე და 3811-
ე მუხლებით დაკავლიფიცირებული დანაშაულის ჩადენისთვის 363-მა მსჯავრდებულმა მიმართა. რომელთაგან, შეწყალების საკითხთა კომისიამ დადებითი რეკომენდაცია მხოლოდ 12 პირის მიმართ გასცა, ხოლო საქართველოს პრეზიდენტმა მათგან მხოლოდ 6 პირი შეიწყალა (2016 წელს - 3, 2017 წელს - 2 და 2018 წელს - 1), აქედან სასჯელის მოხდისგან 2 მსჯავრდებული (ქალი) გათავისუფლდა, ხოლო მოსახდელად დარჩენილი სასჯელი 4 პირს შეუმცირდა.
რაც შეეხება რეციდივის შესახებ ინფორმაციას, აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციას ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებია. ფაქტ-მეტრმა ინფორმაციის წყაროს დაზუსტება უშუალოდ დეპუტატთანაც სცადა, თუმცა უშედეგოდ. შესაბამისად, რატი იონათამიშვილის განცხადების ამ ნაწილის (შეწყალებულთაგან 575-მა ადამიანმა განმეორებით ჩაიდინა ისევ დანაშაული და მოხდა დანაშაულის რეციდივი) სიზუსტის გადამოწმება შეუძლებელია.