წლის 1 ოქტომბერს, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი ვაშაძემ პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, რომ გასული წლების ერთ-ერთმა ყველაზე მომგებიანმა ბიზნესმა, მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობამ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რეგრესი განიცდა. დეპუტატის შეფასებით, ეს მმართველი კოალიციის უუნარობის შედეგია.
ფაქტ-მეტრი გიორგი ვაშაძის განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2010 წლის შემდეგ მსუბუქი ავტომობილების ექსპორტის მოცულობა ყოველწლიურად იზრდებოდა.
გრაფიკი 1:
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი 2010 – 2014 წწ.
ამ დროისთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს 2014 წლის მხოლოდ 9 თვის სტატისტიკური მონაცემები აქვს გამოქვეყნებული. როგორც ვხედავთ, მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიდან შემოსულმა თანხამ 408 570 ათასი დოლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ამავე მონაკვეთში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 511 742 ათასი დოლარი იყო. 2013 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით, მიმდინარე წელს ექსპორტიდან მიღებული თანხა 103 172 ათასი დოლარით, ანუ თითქმის 21%-ით შემცირდა.
საქსტატის მონაცემებით, 2010-2014 წლებში საქართველოდან ექსპორტირებული მსუბუქი ავტომობილების ძირითადი მყიდველი იყო და რჩება აზერბაიჯანი. თუმცა, 2014 წელს წინა წლებთან შედარებით ავტომობილების ექსპორტის მოცულობამ აზერბაიჯანში შესამჩნევად იკლო.
ცხრილი 1:
მსუბუქი ავტომობილების ექსპორტი აზერბაიჯანში, 2010–2014 წწ.
(ათასი აშშ დოლარი) | 2010 წელი | 2011 წელი | 2012 წელი | 2013 წელი იანვარი-სექტემბერი | 2014 წელი იანვარი-სექტემბერი |
ექსპორტი-სულ | 227 360,5 | 450 296,6 | 587 96,3 | 528 587,2 | 425 789,8 |
ექსპორტი აზერბაიჯანში | 104 265,2 | 177 839,3 | 345 615,7 | 303 116,8 | 207 200,4 |
აზერბაიჯანის გარდა საქართველოდან ექსპორტირებული ავტომობილების გასაღების ძირითად ბაზარს სომხეთი და ცენტრალური აზიის ქვეყნები წარმოადგენენ.
ავტოდილერების შეფასებით, ავტომობილების ექსპორტის შემცირების ძირითადი მიზეზი აზერბაიჯანის „ევრო-4“[1] სტანდარტის შემოღება, ასევე ყაზახეთისა და სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაა. 2014 წლის 1 აპრილს აზერბაიჯანმა „ევრო 4-ის“ სტანდარტი აამოქმედა, რაც 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტს კრძალავს. აზერბაიჯანული მხარის ოფიციალური პოზიციის თანახმად, ახალი რეგულაციის მიზანი ავტომობილის გამონაბოლქვის შემცირების გზით გარემოსათვის ნაკლები ზიანის მიყენებაა. ავტოდილერების განცხადებით, ახალი რეგულაციის შემოღების შემდეგ აზერბაიჯანში 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილების ექსპორტი აიკრძალა. ქართველი ავტოდილერები ძირითადად 2005 წლამდე გამოშვებული ავტომობილებით ვაჭრობდნენ. „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროგრამების კოორდინატორის, ირინა გურულის განცხადებით,მოკლევადიან პერსპექტივაში ახალ რეგულაციას უარყოფითი ეფექტი ექნება, როგორც ავტოდილერებზე, ისე წვრილ მეწარმეებზე, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ბაზარი ადაპტაციას განიცდის და მსგავსი ეფექტი ნეიტრალიზებული იქნება. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით აზერბაიჯანში ექსპორტირებული ავტომობილების საცალო რაოდენობა 33 356-დან 14 822-მდე, ანუ თითქმის 44 პროცენტით შემცირდა.
ავტომობილების ექსპორტის მხრივ, საქართველოსათვის ერთ-ერთი მსხვილი პარტნიორი ყაზახეთიც იყო, თუმცა 2011 წლის ივლისში, ყაზახეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის შემდეგ ავტომობილების ექსპორტის მოცულობამ მნიშვნელოვნად იკლო. ევრაზიული კავშირის ერთიანი სატარიფო სისტემის გამო ავტომობილის განბაჟების ფასი დაახლოებით 7-ჯერ გაიზარდა. 2014წლის 9 ოქტომბერს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებაზე ხელი მოაწერა სომხეთმაც. 2015 წლის 1 იანვარს ის დოკუმენტის რატიფიკაციასაც მოახდენს. აქედან გამომდინარე არსებობს მოლოდინი, რომ ავტომობილების ექსპორტი სომხეთშიც შემცირდება.
ფაქტ-მეტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინიციატივის“ წარმომადგენელს ვასილ ურუშაძეს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ავტოდილერები ხელისუფლების უმოქმედობის გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ. ვასილ ურუშაძის ინფორმაციით, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ავტომობილების გამარტივებული წესით ექსპორტთან დაკავშირებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დიპლომატიური მოლაპარაკებების შედეგად წარსულში შეთანხმებას მიაღწიეს. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ამ დრომდე ავტომობილების ექსპორტის შემცირებით არ დაინტერესებულა და არცერთი ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს.
ფაქტ-მეტრი დეპუტატ გიორგი ვაშაძესაც დაუკავშირდა. მისი განმარტებით, ავტომობილების ექსპორტის შემცირების შედეგად მიღებული ზარალის საკომპენსაციოდ ხელისუფლებას შეუძლია ავტომობილის განბაჟების ვადა გაზარდოს (სავარაუდოდ 90 დღემდე). 2010 წელს საქართველოს იმჟამინდელმა პრემიერმა ნიკა გილაურმა ავტომობილების განბაჟების ვადა 20 დღიდან 45 დღემდე გაზარდა.გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ შექმნილი კრიზისიდან ერთ-ერთი გამოსავალი სწორედ მსგავსი სახის საკანომდებლო ცვლილება შეიძლება აღმოჩნდეს. ასევე, შეიძლება მიზანშეწონილი იყოს ავტომობილების ექსპორტიორი ფიზიკური და იურიდიული პირების საბაჟო ჯარიმის გადასახადისგან დროებით გათავისუფლება (2014 წლის 1 იანვრიდან 24 სექტემბრამდე ავტომობილის საბაჟო ჯარიმა 3 178 პირს დაეკისრა, საერთო ჯამში ბიუჯეტისთვის სასარგებლოდ გადახდილმა თანხამ 4 391 ათასი ლარი შეადგინა). დეპუტატის განცხადებით, ხელისუფლებას 2014 წლის დასაწყისიდან დღემდე არაფერი გაუკეთებია ავტოდილერების დასახმარებლად და სწორედ ამას გულისხმობდა მმართველი გუნდის უუნარობაში. გიორგი ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად კანონპროექტზე მუშაობს, რომლის მიზანიც ავტომობილების ექსპორტის შემცირების შედეგად შექმნილი კრიზისული ვითარების აღმოფხვრაა.
დასკვნაბოლო 4 წლის განმავლობაში ავტომობილების ექსპორტის მოცულობა მართლაც იზრდებოდა, თუმცა 2014 წლის პირველი 9 თვის მონაცემებით ექსპორტის მოცულობის შემცირება შეინიშნება. 2014 წელს ავტომობილების ექსპორტი, სავარაუდოდ, გასულ წელთან შედარებით ნაკლები იქნება. გიორგი ვაშაძე მართალია, როდესაც შემცირებულ რიცხვებზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ დეპუტატი ხელისუფლებას წარსულ გამოცდილებაზე დაყრდნობით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავლის შესაძლო გზებსაც სთავაზობს. თუმცა, დეპუტატის პათოსი ბოლომდე ზუსტი არაა, როდესაც ექსპორტის მოცულობის შემცირებას მხოლოდ ხელისუფლების უუნარობას მიაწერს. აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ შემოღებულმა „ევრო 4“-ის სტანდარტმა აზერბაიჯანულ ბაზარზე საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი მნიშვნელოვნად შეამცირა. აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეექსპორტის რისკების დასაბალანსებლად შესაბამისი რეფორმების გატარებაა საჭირო, თუმცა ამ ეტაპზე ხელისუფლებას არცერთი საკანონმდებლო პაკეტი ჯერ არ შეუმუშავებია.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი ვაშაძის განცხადება: „მანქანებით ვაჭრობა შემცირებულია, რაც ხელისუფლების მხრიდან უუნარობის გამოხატულებაა. შემცირებული ციფრები შეგიძლიათ ნახოთ,“ არის მეტწილად სიმართლე.
ევროპის თანამეგობრობამ 1990 წლის დასაწყისში შეიმუშავა სტანდარტი, რომელიც მანქანის გამონაბოლქვით დაბინძურების ხარისხის მაქსმიმუმს განსაზღვრავდა. ამ სტანდარტს სულ უფრო და უფრო მკაცრ და ამავე დროს წარმატებულ სტანდარტებს უწოდებდნენ. ევრო 1 (1993 წ.), ევრო 2 (1996წ.), ევრო 3 (2000 წ.), ევრო 4 (2005 წ.), ევრო 5 (2008 წ.)