ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ანა ნაცვლიშვილმა, რუსთავი 2-ის ეთერში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა, რომელთაგან, განსაკუთრებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანთან, ლევან მურუსიძესთან დაკავშირებული პრობლემა გამოყო. "ეს არის ცალსახა ინტერესთა კონფლიქტი. ლევან მურუსიძე არის კანდიდატიც და ამავე დროს არის საბჭოს წევრიც, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს. საბჭოს რეგულაციებში ინტერესთა კონფლიქტზე საუბარი არ არის და ამას იშველიებს ლევან მურუსიძე. თუმცა, ყველა დაწერილ და დაუწერელ სტანდარტს მიღმაა, რომ კანდიდატი ამავე დროს იყოს ჟიურის წევრი. მას არ აწუხებს პროფესიული ეთიკა, რომ თვითონ დააყენოს თვითაცილების საკითხი და არც საბჭო მსჯელობს ამაზე" - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტითა და მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/308 გადაწყვეტილებითრეგულირდება.
ინტერესთა კონფლიქტსა და წევრის აცილების ვალდებულების შესახებ საბჭოს რეგლამენტში და მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ წესში საუბარი არ არის. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონისთანახმად იუსტიციის საბჭოს წევრი თანამდებობის პირია, შესაბამისად, აღნიშნული კანონი მასზეც ვრცელდება. ამ კანონის უმთავრესი მიზანი ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებაა. კანონის თანახმად, ინტერესთა შეუთავსებლობაში საჯარო სამსახურში საჯარო მოსამსახურის ქონებრივი ან სხვა პირადი ინტერესების სახელმწიფო სამსახურის ინტერესებთან დაპირისპირება იგულისხმება. კანონი საჯარო მოხელის იმ გადაწყვეტილების მიღებაში მონაწილეობას კრძალავს, რომლის მიმართაც მას გარკვეული ინტერესები გააჩნია.
ამასთან, მართალია საბჭოს ჩანაწერებში (რეგლამენტი და საბჭოს გადაწყვეტილება მოსამართლეთა დანიშვნის წესთან დაკავშირებით) უშუალოდ ინტერესთა კონფლიქტზე საუბარი არ არის, თუმცა საბჭოს მიერ დამტკიცებული მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის წესი ლოგიკურად გამორიცხავს იმ სცენარს, რომელიც მოსამართლეთა არჩევისას განხორციელდა. კერძოდ, აღნიშნული წესის თანახმად, ნებისმიერი სახის კომუნიკაცია (პირადი თუ ირიბი) კანდიდატსა და საბჭოს წევრს შორის მკაცრადაა აკრძალული, რაც ლევან მურუსიძის შემთხვევაში თავისთავად ვერ იქნა დაცული. მას ყოველდღიური კომუნიკაცია ჰქონდა საბჭოს წევრებთან, რომლებმაც შემდგომში მისი მოსამართლედ დანიშვნის გადაწყვეტილება მიიღეს. ასევე, ლევან მურუსიძეს, როგორც ერთ-ერთ კანდიდატს, ხელი მიუწვდებოდა მისი კონკურენტების კონფიდენციალურ ინფორმაციაზეც, ესწრებოდა რიგი კანდიდატების გასაუბრებებს (თავად არ სვამდა კითხვას, თუმცა, ისმენდა მათთვის დასმულ კითხვებსა და პასუხებს) და მონაწილეობას იღებდა კენჭისყრაში. შესაბამისად, ლევან მურუსიძის საქმიანობას შეიძლება გავლენა მოეხდინა საბჭოს გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. აღნიშნული მდგომარეობის თავიდან აცილება კი, არა მხოლოდ ლევან მურუსიძის, არამედ საბჭოს თითოეული წევრის ვალდებულება იყო.
მიუხედავად ამისა, მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდა და საბოლოოდ, სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოში 38 მოსამართლე დაინიშნა. აღსანიშნავია, რომ ლევან მურუსიძესთან საბჭოს გასაუბრება ფაქტობრივად არ ჩაუტარებია. ამასთან, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა მოსამართლეთა შერჩევის კანონით გათვალისწინებული კრიტერიუმების დაცვა. აღნიშნული ეჭვი მურუსიძის მოსამართლედ დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების (ევა გოცირიძე, ვახტანგ თორდია, კახა სოფრომაძე) განცხადებამაცგააჩინა.
საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის თანახმად, მოსამართლეთა კანდიდატის შეფასებისას ყურადღება ექცევა უნარს, გამოავლინოს ყოველგვარი ზეგავლენისადმი მედეგობა, მუდამ ზრუნავდეს ინტერესთა რეალური თუ პოტენციური კონლიქტის თავიდან აცილებაზე. ამასთან, მხედველობაში მიიღება კანდიდატის საქმიანი და მორალური რეპუტაცია და ავტორიტეტი იურიდიულ წრეებსა თუ საზოგადოებაში და მისი ღვაწლი საზოგადოების წინაშე. განცხადებიდან კი ირკვევა, რომ მოსამართლე ლევან მურუსიძე აღნიშნულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებს. კერძოდ, არამოსამართლე წევრების განცხადებით, "შეუძლებელია იმის უარყოფა, რომ ბატონ მურუსიძეს არასახარბიელო რეპუტაცია გააჩნია საზოგადოებაში და არც იმის განჭვრეტა იყო რთული, რომ მის ხელახალ განმწესებას მოჰყვებოდა მკვეთრი უარყოფითი შეფასებანი ჩვენს საზოგადოებაში. თუ მხოლოდ სასამართლოსადმი ხალხის ნდობის თვალსაზრისით ვიხელმძღვანელებთ, მისი დანიშვნა მართლაც არ იქნებოდა გამართლებული".
აქ პარადოქსი ის გახლავთ, რომ არამოსამართლე წევრები ლევან მურუსიძის დანიშვნას კომპრომისულ გადაწყვეტილებას უწოდებენ. განცხადების მიხედვით, თუ ლევან მურუსიძეს არ აირჩევდნენ, მაშინ დანარჩენ მოსამართლეთა დანიშვნაც შეფერხდებოდა. მურუსიძის დანიშვნის შედეგად კი, სასამართლო სისტემას 38 ახალი მოსამართლე შეემატა. სწორედ ამაში მდგომარეობდა კომპრომისი. "ბატონი მურუსიძის კანდიდატურის უარყოფას შეიძლებოდა გამოეწვია სხვა, უწინარესად კი იმ კანდიდატურებისადმი უარყოფითი დამოკიდებულების წარმოშობა, რომლებსაც არამოსამართლე წევრები ვუჭერდით მხარს. კენჭისყრა შესაძლოა დამთავრებულიყო ნულოვანი შედეგით" - ნათქვამია განცხადებაში.
დასკვნა
იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, რომლის მდივანიც ლევან მურუსიძეა, ეს უკანასკნელი ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლედ სამი წლის ვადით აირჩია. საბჭოს წევრების (როგორც საჯარო მოხელეების) ქმედება წინააღმდეგობაში მოდის "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" კანონის მთავარ მიზანთან, კერძოდ, საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილებასთან.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ანა ნაცვლიშვილის განცხადება არის სიმართლე.