მიმდინარე წლის 28 იანვარს, ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ლარის გაუფასურება მოსახლეობას არ აზარალებს.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ლარის კურსმა გაუფასურება 2014 წლის ნოემბერში დაიწყო. ეს ტენდენცია 2015 წლის იანვარშიც გაგრძელდა და 30 იანვრის მდგომარეობით, ეროვნული ვალუტის კურსმა დოლართან მიმართებით 2 ლარს გადააჭარბა.
საქართველო საქონლის და მომსახურების იმპორტს უცხოურ ვალუტაში, ძირითადად აშშ დოლარში ახორციელებს. იმპორტირებული პროდუქციის წილი საქართველოს მოსახლეობის მთლიან მოხმარებაში 66%-ს შეადგენს. თუ ლარი დოლართან მიმართებაში უფასურდება, იმპორტიორების შემოსავალი მცირდება, რადგან ისინი საზღვარგარეთ პროდუქციას ძირითადად დოლარში ყიდულობენ, საქართველოში კი ლარში ყიდინ. მაგალითად, როდესაც ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.70 იყო და იმპორტიორი ერთ კილოგრამ შაქარს საზღვარგარეთ 1 დოლარად ყიდულობდა, შეეძლო საქართველოში 1.80 ლარად გაეყიდა და კილოგრამზე 0.10 ლარის მოგება მიეღო. როდესაც ლარის კურსი 1.90 გახდა, იმპორტიორს აღარ შეუძლია 1 დოლარად შესყიდული შაქარი 1.80 ლარად გაყიდოს, იგი იძულებულია ფასს მოუმატოს და პროდუქტი 1.90 ლარზე მეტად გაყიდოს. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია, რომ ლარის კურსის გაუფასურებამ ადგილობრივ ბაზარზე ფასების ზრდა გამოიწვიოს. მაგალითად, უკანასკნელ დღეებში ფასებმა 350-მდე მედიკამენტზე მოიმატა. საქართველოში გაზის იმპორტიორები (სოკარი, ყაზტრანსგაზი) უკვე 1 მარტიდან იურიდიული პირებისთვის კუბური მეტრი გაზის საფასური 15 თეთრით გაზრდას გეგმავდნენ. ისინი გაზის საფასურის ზრდის მიზეზად ლარის გაუფასურებას ასახელებენ.თუმცა, ვალუტის კურსის გაუფასურებას ყოველთვის და ყველა იმპორტირებულ პროდუქტზე ფასების ზრდა არ ახლავს, რადგან ფასების ცვლილება ასევე დამოკიდებულია ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის ზრდაზე და იმპორტირებული პროდუქტის საზღვარგარეთ შესასყიდი ფასის ცვლილებაზე.
ლარის კურსის ვარდნისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ ეროვნული ბანკის ინფორმაციის თანახმად, საქართველოში კომერციული ბანკების მიერ სესხების 61% დოლარშია გაცემული, ხოლო 39% კი - ლარში. ვინაიდან მოსახლეობის უმეტესობას ხელფასი ლარში აქვს, ხოლო კრედიტი დოლარში, მათთვის ლარის კურსის გაუფასურება საკმაოდ პრობლემატურია. თუ გავითვალისწიენებთ, რომ 2013 წლის ნოემბრიდან 2015 წლის იანვრამდე ლარი დოლარის მიმართ 35 თეთრით გაუფასურდა, გამოდის, რომ ვისაც სესხი დოლარში აქვს აღებული, ყოველ 100 დოლარზე 35 ლარით მეტი უნდა გადაიხადოს.
აქვე აღსანიშნავია, რომ კომერციული ბანკებისთვის დოლარში სესხების გაცემა უფრო მიმზიდველია, რადგან დოლარი ყველაზე ფართოდ გამოყენებადი, სტაბილური ვალუტაა და დიდი ნდობით სარგებლობს. ასევე, კომერციული ბანკები უცხოეთიდან დაბალპროცენტიან სესხებს დოლარში იღებენ და, შესაბამისად დოლარის მეტი რესურსი აქვთ, ვიდრე ლარის (კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების 57% დოლარშია). შესაბამისად, ბანკები კლიენტებს დოლარში უფრო გრძელვადიან და დაბალპროცენტიან სესხებს სთავაზობენ, ვიდრე ლარში. გარდა სესხებისა, საქართველოში უძრავ ქონებასა და ავტომობილებზე ვაჭრობა უმეტესწილად დოლარში ხორციელდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს ლარის გაუფასურების პირობებში უფრო მეტი ლარი დასჭირდება მსგავსი გარიგებების განსახორციელებლად.ლარის კურსის გაუფასურების ერთ-ერთი უარყოფითი შედეგი მთავრობის საგარეო ვალის ზრდაც გახლავთ. საქართველოს მთავრობის ვალის 74% საგარეო ვალია. 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალი 4 057 მლნ დოლარი, ლარის კურსი დოლარის მიმართ კი, 1.67 იყო. შესაბამისად, საგარეო ვალი ლარში 6 779 მილიონი იყო. 2014 წლის დეკემბრის ბოლოს მთავრობის საგარეო ვალმა 4 157 მლნ დოლარი შეადგინა, ლარის კურსის გაუფასურების გამო კი ის ლარში 7 747 მლნ-ს გაუტოლდა. კურსის გაუფასურების გამო ვალის სიდიდე 802 მლნ ლარით გაიზარდა. მთავრობის ვალი სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადასახდელი თანხაა და შესაბამისად, ის საქართველოს მოსახლეობის ტვირთია.
ვალუტის კურსის მნიშვნელოვნად მერყეობა არასტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოზე მიუთითებს და ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას აზიანებს. ბიზნესს სტაბილური გაცვლითი კურსი იზიდავს, რადგანაც ამ დროს სავალუტო რისკები მინიმალურია. ამას ადასტურებს ქართული ბიზნესის წარმომადგენლების, მათ შორის თემურ ჭყონიას განცხადებაც,რომლის მიხედვით, ლარის კურსის სტაბილურობაზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული, თუ რას დაისახავს მისი კომპანია სამომავლო გეგმად.
არსებობს მოსაზრებაც, რომ ლარის კურსის გაუფასურებას დადებითი შედეგი შესაძლოა საქართველოს საგარეო სავაჭრო ბალანსის დეფიციტის შემცირების კუთხით მოჰყვეს, რადგან ლარის კურსის გაუფასურება ექსპორტს აიაფებს და, პირიქით – იმპორტს აძვირებს. თუმცა, ამ დროს მნიშვნელოვანი არა ნომინალურის, არამედ რეალური გაცვლითი კურსის ცვლილება გახლავთ. რეალური გაცვლითი კურსი, ვალუტის კურსის გარდა, ქვეყნებს შორის პროდუქციის ფასების დონეების სხვაობას ასახავს. მაგალითად, თუ ლარი უფასურდება, მაგრამ ამავე დროს ქვეყანაში მაღალი ინფლაციაა (პროდუქციაზე ფასები იზრდება), კურსის გაუფასურებით მოპოვებულ სავაჭრო უპირატესობას ფასების ზრდა შთანთქავს.დასკვნა
ლარის კურსის გაუფასურება მომხმარებლებზე უარყოფითად მოქმედებს. მოხმარებაში იმპორტის წილი 66%-ია და შესაბამისად იმპორტიორებს დანახარჯები ეზრდებათ და ხშირ შემთხვევაში ეს ფასებზეც აისახება. მედიკამენტების ნაწილზე უკვე გაიზარდა ფასები. ახლო მომავალში იურიდიული პირებისთვის გაზის საფასური შეიძლება15 თეთრით გაიზარდოს, რამაც შესაძლოა სხვა პროდუქტებზე, მათ შორის პურზე, ფასების ზრდა გამოიწვიოს.
ასევე აღსანიშნავია, რომ მოსახლეობას კრეტიდების 61% დოლარში აქვს აღებული, ხოლო შემოსავალს კი ლარში იღებს. მათ ლარის კურსის გაუფასურება კრედიტის მომსახურებას უძვირებთ. ლარის გაუფასურების გამო საქართველოს მთავრობის საგარეო ვალი 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 802 მლნ ლარით იყო გაზრდილი.ვალუტის კურსის სწრაფი ცვლილება ბიზნესის წარმოებას სავალუტო რისკებს უზრდის, რაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას აუარესებს და შესაბამისად ეკონომიკურ განვითარებასაც აფერხებს.
ფაქტ-მეტრი ასკვნის, რომ ბიძინა ივანიშვილის განცხადება: „ლარის გაუფასურება მოსახლეობას არ აზარალებს,“ არის მცდარი.