22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების კანონპროექტი მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. ცვლილებების თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამაზე და სპონსორობაზე შეზღუდვები მინიმუმამდე მცირდება, ასევე, ტელერადიოპროდუქციის ან/და მასთან დაკავშირებული მომსახურების შეძენისას საზოგადოებრივი მაუწყებელზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი“ არ გავრცელდება. ამასთან, საზოგადოებრივ მაუწყებელს უფლება ეძლევა დააფინანსოს ე.წ. სტარტაპები. გარდა ამისა, ცვლილებებით იზრდება გენერალური დირექტორის უფლებამოსილება, სამეურვეო საბჭოს ფუნქციები კი სუსტდება.
არასამთავრობო ორგანიზაციები და მედიის წარმომადგენლები აღნიშნულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ცვლილებები ერთის მხრივ ასუსტებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ანგარიშვალდებულებას და გამჭვირვალეობას, აჩენს/ზრდის კორუფციულ რისკებს. მეორეს მხრივ, დააზარალებს კომერციულ ტელევიზიებს, განსაკუთრებით რეგიონალურ და მცირე არხებს.
ასევე აღსანიშნავია, რომ „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს პარლამენტში ამ საკითხის განმხილველმა წამყვანმა კომიტეტმა (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა) არც მეორე და არც მესამე მოსმენით მხარი არ დაუჭირა.
როგორც აღვნიშნეთ, ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება გასართობი გადაცემების, სერიალების სპონსორობა. ამასთან, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში სამუშაო დღეებში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება, გარდა საუკეთესო დროისა (19:00 - 24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3 წუთს. გარდა ამისა, სპორტული რეპორტაჟების, საერთაშორისო ფესტივალების და საკონკურსო პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა დღე-ღამეში 60 წუთამდე (ნაცვლად 30 წუთისა), ხოლო ყოველ საათში 12 წუთამდე (ნაცვლად 6 წუთისა) იზრდება.
საზოგადოებრივი მაუწყებელი, თავისი არსით, თავისუფალი უნდა იყოს პოლიტიკური და კომერციული გავლენისგან. სწორედ ამიტომ, ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ანუ მოქალაქეების ჯიბიდან.
"მაუწყებლობის შესახებ" კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაზე ქვეყნის წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.14% იხარჯება. იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის ეკონომიკა ყოველწლიურად იზრდება, შესაბამისად იზრდება საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსებაც. სახელმწიფო ბიუჯეტიდან, საზოგადოებრივი მაუწყებლი 2016 წელს 44.5 მლნ ლარით, 2017 წელს 46.4 მლნ ლარით დაფინანსდა. 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 52.5 მლნ ლარამდე იზრდება.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის დასაბუთებული, თუ რატომ ითხოვს საზოგადოებრივი მაუწყებელი სპონსორობასთან და კომერციული რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით ცვლილებებს. საპარლამენტო განხილვებზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პოზიცია იყო, რომ კომერციული რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელს განვითარებისთვის ჭირდებოდა. მათი არგუმენტი იყო, რომ ევროპის რიგ ქვეყნებში საზოგადოებრივ მაუწყებლებში კომერციული რეკლამა დასაშვებია.
კანონპროექტის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ აღნიშნული არგუმენტი ჩვენი რეალობის გათვალისწინებით საკმარისად ვერ ჩაითვლება. ევროპის ქვეყნებში კომერციული სარეკლამო ბაზარიც გაცილებით დიდია და საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების წესიც განსხვავებული. ევროპის საზოგადოებრივ მაუწყებლებზე ძირითად შემთხვევაში მოსაკრებელია დაწესებული. საქართველოში საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი დაფინანსება ყოველწლიურად (ეკონომიკის ზრდის შესაბამისად) იზრდება. საზოგადოებრივი მაუწყებლის საბიუჯეტო დაფინანსება მთლიანი სარეკლამო ბაზრის ნახევარზე მეტია. შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც გარანტირებული დაფინანსება აქვს, ისედაც მწირ ბაზარზე კონკურენციაში შედის კომერციულ არხებთან.
წამყვანმა კომიტეტმა (დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის) მერციულ რეკლამასთან დაკავშირებით დამატებითი დასაბუთება მოითხოვა. „მნიშვნელოვანია სათანადოდ განიმარტოს თუ რამ გამოიწვია კომერციული რეკლამისთვის განკუთვნილი დროის ხანგრძლივობის ზრდა. და რა გავლენას იქონიებს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კომერციული რეკლამის განთავსება კონკურენტულ გარემოზე“, - ნათქვამია დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დასკვნაში.
საზოგადოებრივი მაუწყებლის არგუმენტი იყო, რომ რეკლამიდან მიღებული სახსრები ჟურნალისტების სტიმულირებისაკენ იქნება მიმართული. ეს არგუმენტი, რა თქმა უნდა, არ პასუხობს კონკურენტულ გარემოსთან დაკავშირებულ კითხვის ნიშნებს. შესაბამისად, არც კომიტეტისთვის აღმოჩნდა აღნიშნული განმარტება საკმარისი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონმიკური პოლიტიკის კომიტეტის დასკვნაში წერია, რომ “წარმოდგენილი რეგულაციებით ხდება კერძო ტელევიზიებისთვის (განსაკუთრებით ახალშექმნილი ტელევიზიებისთვის) კონკურენტული გარემოს შეზღუდვა სარეკლამო ბაზარზე“.
კერძო ტელეკომპანიები მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის სპონსორობის დაშვება და სარეკლამო დროის გაზრდა მნიშვნელოვნად დააზარალებს კომერციულ არხებს. მით უმეტეს, რომ ბიუჯეტიდან გარანტირებული შემოსავლების გათვალისწინებით საზოგადოებრივ მაუწყებელს შეუძლია არაკეთილსინდისიერი მოთამაშე იყოს, დემპინგური (თვითღირებულებაზე ნაკლები) ფასები შესთავაზოს რეკლამის დამკვეთს, რაც მნიშვნელოვნად დააზარალებს რეგიონულ და მცირებიუჯეტიან მაუწყებლებს. აღნიშნულ პოზიციას იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც (იხ. ბმული 1; ბმული 2).
„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს უარყოფითად აფასებს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაც. ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ „საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომელსაც გარანტირებული აქვს შემოსავალი ბიუჯეტიდან, წლიდან წლამდე იზრდება მათი შემოსავლები. ჩვენ დღემდე არ მოგვისმენია დასაბუთება, თუ რატომ სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებითი შემოსავალი კომერციული რეკლამისგან. ამ ცვლილებებით, საზოგადოებრივ მაუწყებელს ვაძლევთ უფლებას წაართვას შემოსავლები პატარა მაუწყებლებს. მანამ, სანამ საზოგადოებრივ მაუწყებელს კომერციული რეკლამა შეეზღუდებოდა, მას ჰქონდა ასეთი პრაქტიკა, ის აწესებდა დემიპნგურ ფასებს და ამით ართმევდა შემოსავალს სხვა არხებს. ეჭვი იმისა, რომ ამგვარი პრაქტიკა გაგრძელდეს არსებობს“.
კომერციული რეკლამა საზოგადოებრივ მაუწყებელს 2015 წლიდან შეეზღუდა, იმ მოტივით, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი კომერციული გავლენისგან თავისუფალი უნდა ყოფილიყო. ჩნდება კითხვა, აღნიშნული ცვლილებები ხომ არ ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის არსს, რამდენად იქნება ის კომერციული გავლენისგან თავისუფალი? ამ კითხვას ჩვენთან საუბრისას ნატა ძველიშვილმა უპასუხა: „კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი თავისუფალი უნდა იყოს, მათ შორის, კომერციული გავლენებისგან. ამიტომაც აქვს საზოგადოებრივ მაუწყებელს შეზღუდვა კომერციულ შემოსავლებზე. სპონსორობას რაც შეეხება ის არის ყველაზე მეტი ხიფათის შემცვლელი კომერციული გავლენის თვალსაზრისით, რადგან დამკვეთის ინტერესების გათვალისწინება ხდება“.