„მიმდინარე შესყიდვა გვაქვს ახლა ხულო-ზარზმის მიმართულებით. ქუვეიტის განვითარების ბანკის საშუალებით ვაფინანსებთ ამ გზას, რომლის საპროექტო ღირებულება, სავარაუდოდ, 100 მლნ ლარია. ამ გზის დასრულებას ვგეგმავთ ორი წლის განმავლობაში“.
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
ხულო-ზარზმის მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ჯერ კიდევ 2016 წლის 30 დეკემბერს დააანონსა. 2017 წლის 17 იანვარს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ქართულ მხარესა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეიტის ფონდს შორის, რის შემდეგაც სახელმწიფო ბიუჯეტში აისახა 8 მლნ ქუვეიტური დინარი ბათუმი (ანგისა) - ახალციხის გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების მთლიანი პროექტისთვის. აქედან, 24 მლნ ლარი უწყებამ მიმდინარე წელს უნდა აითვისოს. საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2016 წლის 30 დეკემბრის #348 ბრძანებით, თანხა ოთხ კვარტალზე გადანაწილდა. 24 მლნ ლარიდან 1 300 000 - პირველ, 9 000 000 - მეორე, 8 000 000 - მესამე და 5 700 000 მეოთხე კვარტალში უნდა გახარჯულიყო. უწყების 2017 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული გეგმის მიხედვითკი ეს გრაფიკი შეცვლილია და I-II კვარტლებში გასახარჯი თანხის რაოდენობა საგრძნობლადაა შემცირებული.
ცხრილი 1:ხულო -ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თანხა 2017 წლის დაზუსტებული ბიუჯეტის მიხედვით
წელი | I კვარტ. | II კვარტ. | III კვარტ. | IV კვარტ. | სულ |
2017 წელი | 195 000 | 395 000 | 12 020 000 | 11 390 000 | 24 000 000 |
ინფრასტრუქტურის სამინისტროდან ფაქტ-მეტრისთვის მოწოდებული ინფორმაციით
ირკვევა, რომ ქუვეიტის ფონდი I ლოტის (ხულო - გოდერძის უღელტეხილის 29 კილომეტრიანი მონაკვეთი) სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებს დააფინანსებს, ხოლო II ლოტის (გოდერძის უღელტეხილი-ზარზმა, დაახლოებით 17 კმ) ფარგლებში გათვალისწინებული სამუშაოების ხარჯებს საქართველოს მთავრობა გაიღებს.
რაც შეეხება ამ პერიოდისთვის ფაქტობრივ საკასო ხარჯს, როგორც უწყებიდან მოგვწერეს, I კვარტალში 195 000 ლარიდან გახარჯულია 193 950 ლარი, აქედან 63 000 ლარი წარიმართა მეორე ლოტის ფარგლებში გათვალისწინებული მიწის შესყიდვისა და განსახლების გეგმის განახლების მომსახურებაზე, ხოლო 130 950 ლარი - პირველი და მეორე ლოტით გათვალისწინებული რეაბილიტაცია რეკონსტრუქციისთვის მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის განახლების მომსახურებაზე. II კვარტალში ფაქტობრივმა საკასო ხარჯმა 371 772 ლარი შეადგინა. აქედან 5 772 ლარი პროექტთან დაკავშირებულ საკონსულტაციო მომსახურებას მოხმარდა, ხოლო 366 050 ლარი მიწის ნაკვეთების გამოსასყიდად დაიხარჯა. ამ ეტაპზე უწყებამ ვერ მოგვაწოდა ინფორმაცია სამუშაოების ზუსტი გრაფიკის შესახებ. მათი თქმით, მშენებლობის ეტაპების ვადები და ღირებულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდება ცნობილი.
აღსანიშნავია, რომ პროექტი დაახლოებით 47 კმ გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს. გზის მაქსიმალური საპროექტო სიგანე 9მ-ს შეადგენს, ხოლო სოფელ ხულოს ფარგლებში 6 მ-მდე მცირდება.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მიწის ნაკვეთების გამოსასყიდი თანხა ჯამში (ორივე ლოტზე) 5 418 150 ლარს შეადგენს. აქედან 844 573 ლარის ღირებულების 43 მიწის ნაკვეთი უკვე გამოსყიდულია. 1 კვ.მ მიწის ფასი დამოკიდებულია ნაკვეთის ადგილმდებარეობასა და კატეგორიაზე, რის მიხედვითაც 2 ლარიდან 14.40 ლარამდე მერყეობს.
უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ხულო-გოდერძისა და გოდერძი-ზარზმის მონაკვეთების მშენებლობა 2017 წლის სექტემბერში უნდა დაწყებულიყო. 12 სექტემბერს, ბათუმში მერობის კანდიდატების წარდგენისას, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მშენებლობის დაწყების ვადა კიდევ ერთხელ ახსენა,თუმცა უკვე კონკრეტული თარიღი არ დაუსახელებია. მისი თქმით, ხულო-ზარზმის გზის მონაკვეთის მშენებლობა დაიწყება „უახლოეს დღეებში და არა წლებში“.
ბათუმი (ანგისა) - ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დაწყების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან დღემდე რვა თვე გავიდა, თემაზე მუშაობის პერიოდში ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი ტენდერში გამარჯვებული კომპანია და უწყებამ ვერც სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ზუსტი გრაფიკი და ღირებულება მოგვაწოდა. 8 მლნ ქუვეიტური დინარის ეკვივალენტი, დღევანდელი კურსით (1 ქუვეიტური დინარი = 0.7910 ლარს) 63 358 400 ლარია. მინისტრმა თქვა, რომ პროექტზე დაახლოებით 100 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა რა რაოდენობის თანხას გამოყოფს საქართველოს მთავრობა მეორე ლოტის დასაფინანსებლად, ჯერ უცნობია. მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სამუშაოები ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება, რაც ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით დასტურდება.
ფაქტ-მეტრი ზურაბ ალავიძის განცხადებას ამ ეტაპზე ვერდიქტის გარეშე ტოვებს და ამ საკითხს მომავალშიც დაუბრუნდება.