ზუგდიდი, ოზურგეთი, მცხეთა, თელავი, ამბროლაური, გორი, ახალციხე.
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამათვითმმართველობის ნაწილში მოიცავდა სუბსიდიარობის პრინციპის გაძლიერებას, რაც ნიშნავს ცენტრალური ხელისუფლებიდან იმ უფლებამოსილებების გადაცემას, რასაც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უკეთ განახორციელებენ. ასევე, ძირითად დაპირებას წარმოადგენდა ფისკალური დეცენტრალიზაცია, რაც თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსავლების გაზრდას და მუნიციპალიტეტის ფინანსურ დამოუკიდებლობას შეუწყობდა ხელს. ამასთან, საარჩევნო პროგრამაში შეფასებული იყო 2014 წლის რეფორმა, სადაც მოქალაქეთა ჩართულობისა და საკუთარი შემოსავლების ზრდაზე იყო ყურადღება გამახვილებული.
მიმდინარე წელს კი, ვითარება შეიცვალა. 29 მარტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც დაადასტურა 2014 წელს გაყოფილი მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიენების შესახებ მსჯელობა. ამის მიზეზად კი, იმ მოლოდინების ვერ გამართლება დაასახელა, რაც გაყოფას უნდა მოეტანა. მუნიციპალიტეტების კვლავ გაერთიანების ძირითად არგუმენტებად დასახელდა, რომ გაყოფილმა ერთეულებმა ვერ უზრუნველყვეს საკუთარი შემოსავლების ზრდა, მუნიციპალური სერვისების გაუმჯობესება და მოქალაქეთა ჩართულობა.ფაქტ-მეტრი ამ არგუმენტების სიმყარით დაინტერესდა.
განვიხილოთ თვითმმართველი ერთეულის საკუთარი შემოსულობები. ესენია: ქონების გადასახადი, პრივატიზაციიდან მიღებული შემოსავლები, ფინანსური აქტივების ცვლილებით მიღებული შემოსავლები, ადგილობრივი მოსაკრებლები, 2016 წლიდან საშემოსავლო გადასახადი მეწარმე ფიზიკური პირის საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან და სხვა შემოსავლები. მუნიციპალიტეტს საკუთარი შემოსულობების გამოყენება შეუძლია დამოუკიდებლად, საკუთარი შეხედულებისამებრ.
ცხრილი 1 და ცხრილი 2 წარმოადგენს შვიდი მუნიციპალიტეტის საკუთარ შემოსულობებს მათ გაყოფამდე და გაყოფის შემდეგ.
ცხრილი 1:მუნიციპალიტეტების საკუთარი შემოსულობები ნაშთის ცვლილების გარეშე, მათ გაყოფამდე (ლარი)
მუნიციპალიტეტი | წელი | ||
2011 | 2012 | 2013 | |
ზუგდიდი | 7 340 200 | 4 979 100 | 5 069 300 |
გორი | 6 635 100 | 5 882 500 | 6 035 700 |
თელავი | 4 311 800 | 3 348 300 | 3 800 100 |
ამბროლაური | 909 100 | 864 600 | 827 200 |
მცხეთა | 7 844 500 | 10 205 100 | 9 038 100 |
ოზურგეთი | 3 341 500 | 3 358 800 | 2 825 500 |
ახალციხე | 10 847 300 | 7 235 400 | 2 333 800 |
ცხრილი 2:
თვითმმართველი ერთეულების საკუთარი შემოსულობები ნაშთის ცვლილების გარეშე, მუნიციპალიტეტების გაყოფის შემდეგ (ლარი)
მუნიციპალიტეტი | წელი | |||||
2015 | ჯამი | 2016 | ჯამი | 2017 * | ჯამი * | |
ქ. ზუგდიდი | 4 513 200 | 7 379 700 | 7 215 200 | 13 056 600 | 8 510 000 | 18 477 300 |
ზუგდიდი | 2 866 500 | 5 841 400 | 9 967 300 | |||
ქ. გორი | 4 307 800 | 6 552 200 | 7 086 100 | 9 846 700 | 6 646 200 | 10 008 000 |
გორი | 2 244 400 | 2 760 600 | 3 361 800 | |||
ქ. თელავი | 1 749 500 | 4 900 700 | 3 883 900 | 12 100 600 | 3 478 800 | 8 492 500 |
თელავი | 3 151 200 | 8 216 700 | 5 013 700 | |||
ქ. ამბროლაური | 251 400 | 1 427 900 | 532 600 | 1 752 600 | 460 000 | 1 789 300 |
ამბროლაური | 1 176 500 | 1 220 000 | 1 329 300 | |||
ქ. მცხეთა | 4 820 100 | 13 829 300 | 2 943 100 | 13 296 500 | 2 410 000 | 11 834 000 |
მცხეთა | 9 009 200 | 10 353 400 | 9 424 000 | |||
ქ. ოზურგეთი | 1 913 200 | 5 248 800 | 3 636 900 | 7 868 600 | 3 527 000 | 8 905 500 |
ოზურგეთი | 3 335 600 | 4 231 700 | 5 378 500 | |||
ქ. ახალციხე | 1 476 900 | 3 045 600 | 3 503 400 | 9 679 700 | 3 076 000 | 9 366 000 |
ახალციხე | 1 568 700 | 6 176 300 | 6 290 000 |
შენიშვნა*: გეგმა ბოლო ცვლილებების მიხედვით
წყარო: matsne.gov.geროგორც ზემოთ მოცემული ცხრილებიდან ჩანს, მუნიციპალიტეტების გაყოფის შემდეგ, ჯამურად, მათი საკუთარი შემოსავლები, გაყოფამდე პერიოდთან შედარებით უმეტესწილად გაზრდილია. ამდენად, სამინისტროს არგუმენტი, რომ რეფორმამ ამ კუთხით ვერ გაამართლა, მცდარია. რაც შეეხება მუნიციპალური სერვისების ხარისხის გაუმჯობესებას და მოქალაქეთა ჩართულობას, თუ რა შედეგი მოიტანა მუნიციპალიტეტების გაყოფამ ამ კუთხით, დაუდგენელია, რადგან ასეთი სახის კომპლექსური კვლევა ფაქტ-მეტრმა ვერ მოიპოვა და სავარაუდოდ არც არსებობს. შესაბამისად, ჩვენი ინფორმაციით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროც არ ფლობს მის მიერ გავრცელებული ინფრომაციის დამადასტურებელ კვლევებს. ამდენად, აშკარაა, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანების რეფორმის წარმომდგენთა არგუმენტები ან მცდარია, ან რეალურ საფუძველს არ ეფუძნება. 11 მაისს საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის სხდომა გაიმართა, რომლის დღის წესრიგს 2014 წელს შექმნილი მუნიციპალიტეტების გაერთაინების საკითხის განხილვა წარმოადგენდა. ამავე სხდომაზე, კომისიამ გადაწყვიტა მუნიციპალიტეტებისთვის გაერთაინების შესახებ წინადადების გაგზავნა. სამთავრობო კომისიის წინადადება 2014 წელს შექმნილ 14 მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაეგზავნა. აღნიშნული საკითხი 14-ვე საკრებულოს სხდომაზე უკვე განიხილეს და ყველა მათგანის საკრებულოს წევრების უმრავლესობამ მიღებული წინადადება მოიწონა. ანუ, მათ მხარი იმ ინიციატივას დაუჭირეს,
რომელიც მათი ორგანოების გაუქმებას გულისხმობს.
ამავდროულად, საქართველოს რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიამ მოსახლეობასთან კონსულტაციები უნდა გამართოს იმ მუნიციპალიტეტებში, რომლებიც შეიძლება გაერთიანდნენ. აღნიშნული პროცედურების დასრულების შემდეგ შექმნილი დოკუმენტაცია წარედგინება საქართველოს მთავრობას, რომელიც, საბოლოოდ, გადაწყვეტილების მისაღებად გადაეგზავნება საქართველოს პარლამენტს. მუნიციპალიტეტების გაყოფა/გაერთიანების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება პარალმენტის დადგენილებით, რომელიც ამოქმედდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების დანიშვნის დღეს.