რომ ჯანდაცვის საერთო დანახარჯებში სახელმწიფოს წილი მხოლოდ 25%-მდეა (არადა, ბევრს ჰგონია, რომ საავადმყოფოში შესულ პაციენტს ყველაფერს სახელმწიფო უფინანსებს). ჯანდაცვის ხარჯების 75%-ს ისევ პაციენტები და მათი ოჯახები იხდიან საკუთარი ჯიბეებიდან.
ფაქტ-მეტრი ამ განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სახელმწიფო კონცეფციის თანახმად,სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და ჯიბიდან გადახდების (ანუ, მოსახლეობის მიერ ჯანდაცვაზე გადახდილი თანხების) შემცირებაა. ამ მიზნის მიღწევას სახელმწიფო ჯანდაცვის სექტორისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების გაზრდით და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გეგმავდა.
მიმდინარე წელს საქართველოში ჯანდაცვის სერვისებით სარგებლობისა და დანახარჯების კვლევა (2014 წლის მონაცემები) გამოქვეყნდა.კვლევა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და მსოფლიო ბანკის დახმარებით განხორციელდა. კვლევის თანახმად, 2014 წელს შინამეურნეობების მიერ, მკურნალობაზე, განსაკუთრებით ჰოსპიტალური შემთხვევების დროს გადახდილი თანხები, შემცირდა. თუმცა, ჯიბიდან გადახდები მცირედით გაიზარდა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში. ამასთან, მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდები გაიზარდა უღარიბეს კატეგორიაში და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობაში. კვლევის თანახმად, მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდების წილი ძირითადად მდიდარ და საშუალო ფენაში შემცირდა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის, USAID-ის და მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელებული კვლევის - "საქართველოში სამედიცინო მომსახურებაზე უნივერსალური მოცვის შემდგომი გაუმჯობესება"-ს მიხედვით, 2013 წლის მონაცემებით, ჯიბიდან გადახდების წილი ჯანდაცვის მთლიანი დანახარჯების 62%-ს შეადგენს. ეს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით შემცირდა (იხ. გრაფიკი 1). ამავე კვლევაში ხაზგასმულია, რომ "საჭიროა მეტად შემცირდეს ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი".
გრაფიკი 1:
მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვის დაფინანსება მნიშვნელოვნად გაიზარდა, ჯანდაცვის სექტორში ჯიბიდან გადახდები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება და ამ მხრივ რიგ შემთხვევებში (ქრონიკულად დაავადებული პაციენტები, მოსახლეობის უღარიბესი ნაწილი) გაუარესებაც შეინიშნება.
იმისთვის, რომ სახელმწიფომ ჯიბიდან გადახდების მაჩვენებელი შეამციროს და თან საყოველთაოობის პრინციპი შეინარჩუნოს, საჭიროა ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების კიდევ უფრო დიდი მოცულობითა გაზრდა. ეს კი, რა თქმა უნდა, არსებული სახელმწიფო ბიუჯეტის ფონზე დიდ სირთულეს წარმოადგენს. საყოველთაო ჯანდაცვის არსებული პროგრამის შენახვა სახელმწიფოსთვის უკვე საკმაოდ პრობლემური აღმოჩნდა, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის გარღვეული (გადამეტებული ხარჯვა) ბიუჯეტი ადასტურებს (იხ. ფაქტ-მეტრის სტატიაამ თემაზე).
"პი ემ სი კვლევითი ცენტრის" მიერ ჩატარებული კვლევის - "საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფისკალური მდგრადობის შეფასება საქართველოში 2015-2030" მიხედვით (რომელიც მსოფლიო ბანკის მონაცემებს ეყრდნობა), 2013 წელს საქართველოში ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი 62% იყო.ეს მაჩვენებელი დაბალი შემოსავლების მქონე ქვეყნებში დაახლოებით 55%, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის განვითარებად ქვეყნებში 29.5% იყო.
ჩვენ ზემოაღნიშნული კვლევის ავტორებს ვკითხეთ, თუ რა უნდა გაეკეთებინა მთავრობას იმისთვის, რომ ჯიბიდან გადახდების წილი, განსაკუთრებით მოწყვლად (უღარიბესი კატეგორია, დაბალი შემოსავლების კატეგორია და სხვა) ჯგუფებში, შემცირებულიყო. მათი განმარტებით: "იმისთვის, რომ ჯიბიდან გადახდები შემცირდეს, ჯანდაცვის ხარჯებში ერთის მხრივ სახელმწიფოს წილი უნდა გაიზარდოს. ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამამ უნდა მოიცვას მედიკამენტების დაფინანსება. ასევე, უნდა გადაიხედოს თანადაფინანსების სისტემა, დაფინანსების დიფერენცირება შემოსავლების მიხედვით უნდა განხორციელდეს, მაღალი შემოსავლების მქონე ადამიანების ჯგუფში სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსება უნდა შემცირდეს და ეს თანხები უღარიბესი და დაბალი შემოსავლების მქონე კატეგორიის ჯანდაცვის დაფინანსების გაზრდაზე უნდა იყოს მიმართული".
დასკვნა
ჯანდაცვაზე ჯიბიდან გადახდების წილი, ბოლო მონაცემებით, დაახლოებით 62%-ია, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ეს მაჩვენებელი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებადი ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებელზე ორჯერ მეტია. ასევე, ის მნიშვნელოვნად აღემატება დაბალი შემოსავლების ქვეყნების მონაცემებს.
როგორც კვლევები ადასტურებენ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, სამედიცინო მომსახურებაზე ჯიბიდან გადახდების წილი საერთო ჯამში შემცირდა, თუმცა არსებული მდგომარეობა ყველაზე მოწყვლად კატეგორიებში გაუარესდა. ჯიბიდან გადახდები მცირედით გაიზარდა ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებში, ამასთან, მედიკამენტებზე ჯიბიდან გადახდის წილი გაიზარდა უღარიბეს კატეგორიაში და ასევე სოფლად მაცხოვრებლებში.
ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებაში მოყვანილი რიცხვი (75%) არ არის ზუსტი, თუმცა მისი განცხადების კონტექსტი, რომ ჯანდაცვის ხარჯების უმეტეს წილს პაციენტები საკუთარი ჯიბიდან ფარავენ, სიმართლეა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება არის მეტწილად სიმართლე.