ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, ნიკა მელიამ, "რუსთავი 2"-ის ეთერში ბოტანიკური ბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და 3 მაისს აუქციონზე გაყიდული მიწის ნაკვეთის ღირებულებასაც შეეხო. "თბილისის მერიამ კვადრატული მეტრი შეაფასა 21 ლარად, ანუ ბიძინა ივანიშვილმა დღეს ნაკვეთი მშენებლობის უფლებით იყიდა 21 ლარად, მაშინ, როდესაც ივანიშვილმა 10 წლის წინ რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია (10 ჰექტარი) მშენებლობის უფლების გარეშე 36 ლარად შეიძინა. მიმდებარე ტერიტორიაზე კერძო მესაკუთრეებს ფართები 54-55 ლარად აქვთ შეძენილი".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
2007წლის 13 ივნისს თბილისის მერიასა და შპს "ფინსერვის XXI"-ს შორის ხელშეკრულება გაფორმდა. ხელშეკრულების თანახმად, შპს "ფინსერვის XXI"-ს, პრეზიდენტის 2007 წლის 6 ივნისის #282 განკარგულების საფუძველზე, პირდაპირი განკარგვის წესით, ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 100 000 კვ.მ მიწის ნაკვეთი გადაეცა. ნაკვეთის მთლიანი ღირებულება 3 600 000 ლარი იყო, მიწის ნორმატიულ ფასი (1 კვ. მეტრის ფასი) კი 36 ლარი. ხელშეკრულების მიხედვით, ნაკვეთზე რაიმე სახის მშენებლობა დაუშვებელი იყო, მას რეკრეაციული ფუნქცია უნდა შეენარჩუნებინა.
2016 წლის მარტში, საკრებულოს დადგენილებით, კრწანისის რაიონში (ოქროყანის დასახლება) არსებული რამდენიმე მიწის ნაკვეთის (მათ შორის "ფინსერვისის" საკუთრებაში არსებული ნაკვეთის - ს/კ 01.18.01.001.002) ზონის ცვლილება განხორციელდა და ლანდშაფტურ-სარეკრეაციოზონა სატრანსპორტო ზონა 1-ით და სარეკრეაციო ზონა 2-ით შეიცვალა. ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონაში მხოლოდ აღნიშნული ზონის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი შენობა-ნაგებობების განთავსებაა შესაძლებელი, სარეკრეაციო ზონა 2-ში კი სპეციალური ზონალური ნებართვით დაშვებული მშენებლობებია ნებადართული და განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი (კ-1) 0.2-ს შეადგენს.
2016 წლის 22 აპრილს ქონების მართვის სააგენტომ აუქციონზე კრწანისში, ოქროყანის დასახლებაში მდებარე (ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ) 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გაიტანა. ნაკვეთის საწყისი ღირებულება 6 233 000 ლარი იყო. 2016 წლის 3 მაისს აუქციონზე გამოტანილი 29 ჰექტარი მიწა 6 326 495 ლარად თანაინვესტირების ფონდმა შეიძინა. აუქციონში მხოლოდ ერთმა სუბიექტმა მიიღო მონაწილეობა. 1 კვ.მ მიწის ფასმა 21 ლარი შეადგინა. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე 2016 წლის 27 აპრილს არქიტექტურის სამსახურმა სასტუმროს აშენების ნებართვა სპეციალური ზონალური შეთანხმების საფუძველზე გასცა.შეთანხმების მიხედვით, აუქციონში გამარჯვებული ვალდებულია, 80 ნომრიანი სასტუმრო კომპლექსის მშენებლობა ხელშეკრულების გაფორმებიდან 48 თვის ვადაში განახორციელოს.
ფაქტ-მეტრი ოქროყანაში მდებარე მიწის ნაკვეთების ფასების დადგენას შეეცადა. საბროკერო კომპანიების მონაცემებით,ამ ტერიტორიაზე კერძო პირების მფლობელობაში არსებული კვადრატული მეტრი მიწის ფასი 30 დოლარიდან 100 დოლარამდე მერყეობს.
აღსანიშნავია, რომ თანაინვესტირების ფონდმა 29 ჰექტარი მიწა ოქროყანაში ქონების მართვის სააგენტოს მიერ გამოცხადებულ აუქციონზე შეიძინა. ამჟამად, სააგენტოს აუქციონზე აღნიშნული ტერიტორიის ორი ნაკვეთიაქვს გატანილი. ერთი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (1 206 კვ.მ) საწყისი ღირებულება 40 000 ლარია, მეორე ნაკვეთის (718 კვ.მ) ფასი კი (მასზე განთავსებული შენობით) 32 500 ლარი. ანუ, ერთ შემთხვევაში 1 კვ.მ მიწის ღირებულება 33 ლარია, მეორე შემთხვევაში კი 45 ლარი. თითქმის იგივე ტერიტორიაზე თანაინვესტირების ფონდმა 1 კვ.მ მიწა გაცილებით იაფად - 21 ლარად შეიძინა.
დასკვნა 2007
წელს შპს "ფინსერვის XXI"-მ ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ 10 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 3 600 000 ლარად შეიძინა. 1 კვ.მ მიწის ნორმატიული ფასი 36 ლარი იყო. 2016 წელს თანაინვესტირების ფონდმა ოქროყანაში არსებული 29 ჰექტარი მიწის ნაკვეთი აუქციონზე 6 233 000 ლარად იყიდა. ამ შემთხვევაში 1 კვ.მ მიწის ნორმატიულმა ფასმა 21 ლარი შეადგინა. ამჟამად, ქონების მართვის სააგენტოს აუქციონზე თითქმის იგივე ტერიტორიაზე მდებარე ორი ნაკვეთი აქვს გატანილი, მიწის ნორმატიული ფასი ერთ შემთხვევაში 33 ლარია, მეორე შემთხვევაში კი 45 ლარი (მასზე განთავსებული შენობით).
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, ნიკა მელიას განცხადება არის სიმართლე.