და აღნიშნა, რომ ამ კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა. მისი თქმით, სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვების მოცულობა 2013 წელს 3.21 მილიარდ ლარს შეადგენდა, რაც 2012 წელთან შედარებით 14.3%-იანი ზრდა იყო, ხოლო გასული შვიდი წლის საშუალო მაჩვენებელს კი 35.9%-ით უსწრებდა. მან ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილის ზრდა (2013 წელი - 9.4%, 2014 წელი - 9.6%) პირველად აღინიშნა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
2013წელს საქართველოში აგრარული სექტორის გამოშვებამ 3.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 12.4%-ით აღემატება. ასევე, 2013 წლის მაჩვენებელი 35%-ით მეტია 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებელზე. აქვე, ეკონომიკური თვალსაზრისით, გაუგებარია, თუ რატომ ადარებს პრემიერი 2013 წლის მაჩვენებელს სხვა წლების საშუალო მაჩვენებელს. მოცემული წლის წინა წელთან შედარება რელევანტურია, თუმცა, წარსული წლების საშუალო მაჩვენებლებთან შედარება რელევანტურ ინფორმაციას არ იძლევა.
ცხრილი 1:
აგრარული სექტორის წილი მშპ-ში, მთლიანი გამოშვება და გამოშვების ზრდის ტემპი
აგრარული სექტორის წილი მშპ-ში | აგრარული სექტორის მთლიანი გამოშვება (მიმდინარე ფასებში, მლნ ლარი) | გამოშვების ზრდის ტემპი | აგრარული სექტორის გამოშვება მშპ-ში (მიმდინარე ფასებში, მლნ ლარი) | აგრარული სექტორის ზრდის ტემპი მშპ-ში | |
1999 | 26.24% | 2 070 | 9.07% | 1 401 | 6% |
2000 | 21.93% | 1 857 | -10.29% | 1 245 | -11% |
2001 | 22.43% | 2 102 | 13.17% | 1 399 | 12% |
2002 | 20.61% | 2 155 | 2.55% | 1 435 | 3% |
2003 | 20.55% | 2 483 | 15.22% | 1 653 | 15% |
2004 | 17.92% | 2 420 | -2.56% | 1 611 | -3% |
2005 | 16.69% | 2 585 | 6.84% | 1 716 | 7% |
2006 | 12.82% | 2 342 | -9.43% | 1 544 | -10% |
2007 | 10.70% | 2 390 | 2.07% | 1 563 | 1% |
2008 | 9.39% | 2 375 | -0.62% | 1 551 | -1% |
2009 | 9.37% | 2 229 | -6.16% | 1 457 | -6% |
2010 | 8.38% | 2 397 | 7.53% | 1 510 | 4% |
2011 | 8.84% | 2 878 | 20.07% | 1 855 | 23% |
2012 | 8.59% | 3 019 | 4.90% | 1 933 | 4% |
2013 | 9.41% | 3 394 | 12.42% | 2 195 | 14% |
2014 | 9.20% | 3 579 | 5.46% | 2 313 | 5% |
ამასთან, ისიც აღსანიშნავია, რომ ირაკლი ღარიბაშვილს აღნიშნულ კონტექსტში 2014 წლის მაჩვენებელი აღარ უხსენებია. 2014 წელს წინა წელთან შედარებით, გაცილებით ნაკლები, 5%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ასევე, როდესაც პრემიერი 2013 წლის აგრარული სექტორის გამოშვების ზრდაზე აკეთებს აქცენტს, არაფერს ამბობს, რომ 2011 წელს ამავე კრიტერიუმში თითქმის ორჯერ მაღალი ზრდა იყო.
პრემიერი აქცენტს სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვებაზე აკეთებს, თუმცა, დარგში პროგრესის სანახავად უფრო მართებულია, რომ აღნიშნულ დარგში შექმნილი რეალური დამატებითი ღირებულება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს შევადაროთ. ზოგადად, ეკონომიკის თუ კონკრეტული დარგის ზრდა აღნიშნული მეთოდით ითვლება. ამ მეთოდით შედარება ინფლაციის გავლენას გამორიცხავს (გამოშვების მოცულობა ღირებულებაში შეიძლება იზრდებოდეს პროდუქციაზე ფასების ზრდის და არა პროდუციის რაოდენობრივი ზრდის გამო) და შექმნილ პროდუქციაში სოფლის მეურნეობის წმინდა წილის მოცულობას აჩვენებს. 2013 წელს, 2005 წლის შემდეგ, სოფლის მეურნეობაში რეალური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დაფიქსირდა (11.3%). 2014 წელს რეალური ზრდის ტემპმა 1.5% შეადგინა.
გრაფიკი 1:
აგრარული სექტორის რეალური ზრდის ტემპი
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური
პრემიერმა მთლიან შიდა პროდუქტში აგრარული სექტორის წილზეც ისაუბრა. 1996 წლიდან მოყოლებული ეს მაჩვენებელი უმეტეს შემთხვევაში მცირდებოდა (2001 და 2011 წლების გარდა). 2013 წელს, წინა წელთან შედარებით, მშპ-ში მისი წილი 8.6%-დან 9.4%-მდე მართლაც გაიზარდა. თუმცა, 2014 წელს, საქსტატის მონაცემებით, ეს რიცხვი კვლავ შემცირდა (9.2%-მდე).
ცხრილ 3-ში მოცემულია საქართველოს რეგიონის ქვეყნების, ასევე განვითარებული ქვეყნების და მათი აგრარული სექტორის წილი მთლიან შიდა პროდუქტში.
ცხრილი 2:
აგრარული სექტორის წილი მშპ-ში და მშპ ერთ სულ მოსახლეზე
ქვეყანა | აგრარული სექტორის წილი მშპ-ში | მშპ ერთ სულ მოსახლეზე (მიმდინარე ფასებში) |
გაერთიანებული სამეფო | 0.65% | $ 39 351 |
ბელგია | 0.83% | $ 45 387 |
გერმანია | 0.86% | $ 45 085 |
იაპონია | 1.22% | $ 38 492 |
აშშ | 1.31% | $53 143 |
დანია | 1.36% | $ 58 894 |
კანადა | 1.52% | $ 51 911 |
საფრანგეთი | 1.69% | $ 41 421 |
საბერძნეთი | 3.80% | $ 21 910 |
რუსეთი | 3.94% | $ 14 612 |
აზერბაიჯანი | 5.66% | $ 7 812 |
თურქეთი | 8.49% | $ 10 946 |
საქართველო | 9.20% | $ 3 602 |
სომხეთი | 21.94% | $ 3 505 |
ირაკლი ღარიბაშვილმა აგრარული სექტორის წილის ზრდა მშპ-თან მიმართებაში ქვეყნის ეკონომიკური წინსვლის კონტექსტში გადმოსცა. ცხრილი 2-დან ჩანს, რომ რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მთლიან შიდა პროდუქტში აგრარულ სექტორს მით ნაკლები წილი უჭირავს. ფაქტ-მეტრმა 56 ქვეყნის (განვითარებული და განვითარებადი, სხვადასხვა რეგიონის მიხედვით) მაჩვენებლები მოიძია. გრაფიკი 2 ასევე აჩვენებს, რომ რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, აგრარულ სექტორს მთლიან შიდა პროდუქტში მით ნაკლები წილი უჭირავს.
გრაფიკი 2:
აგრარული სექტორის წილი და მშპ ერთ სულზე
წყარო: მსოფლიო ბანკიაგრარულ სექტორში დადებით პროცესებზე საუბრისას, მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, თუ რამდენი დაიხარჯა ამ სექტორის განვითარებისთვის და შეესაბამება თუ არა გაზრდილი სარგებელი გაწეულ დანახარჯებს. 2013-2014 წლებში "აგროკრედიტის" პროექტის ფარგლებში 723 მილიონი ლარის სესხები გაიცა, ასევე უფასოდ დაიხნა სასოფლო-სამეურნეო მიწების უმეტესი ნაწილი. კერძოდ, საგაზაფხულო ნათესების ფართობმა 2013 წელს 258 ათასი ჰა, ხოლო 2014 წელს 264 ათასი ჰა შეადგინა. ბიუჯეტის ხარჯებით 200 000 ჰექტარზე მეტი მიწის კულტივირება განხორციელდა. ფაქტ-მეტრი აგრარულ სექტორში გაცემულ სამთავრობო დახმარებებზე უკვე წერდა. 2003-2012
წლებში აგრარული სექტორის მთლიანი გამოშვება მთავრობის აქტიური ჩარევის გარეშე საშუალოდ 3.8%-ით იზრდებოდა. 2014 წელს კი, აგრარული სექტორის გამოშვების მხოლოდ 5%-იანი ზრდა გვაქვს.
ბუნებრივია, რომ მთავრობის ნაბიჯებს სარგებლიანობა და დანაკარგის გათვალისწინებით უნდა მივუდგეთ. სოფლის მეურნეობის სექტორშიც, მთავარი ის არის, თუ რამდენად შესაბამისობაშია მოტანილი სარგებელი დანახარჯებთან. სოფლის მეურნეობის სექტორში ბოლო 2 წელიწადზე მაღალი ნომინალური ზრდის ტემპი წინა წლებშიც დაფიქსირებულა (მაგალითად, 2011 წლის 20%-იანი ზრდა), თუმცა მთავრობის მხრიდან, სექტორში მსგავსი ძალისხმევით ჩარევა არ ყოფილა.
დასკვნა 2013
წელს აგრარული სექტორის გამოშვებამ 3.4 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2012 წელთან შედარებით 12.4%-იანი ზრდაა. ეკონომიკური თვალსაზრისით, 2013 წლის მაჩვენებლის 2006-2012 წლების საშუალო მაჩვენებელთან შედარება რაიმე მნიშვნელოვან ინფორმაციას არ იძლევა. ირაკლი ღარიბაშვილმა 2013 წლის მაჩვენებელზე ისაუბრა და 2014 წლის იმავე მონაცემებზე არაფერი თქვა, სადაც გამოშვების ზრდის ტემპი (5%) წინა წელთან შედარებით გაცილებით დაბალია.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერი გამოშვების ნომინალურ ზრდაზე საუბრობს, თუმცა უფრო მართებულია, რომ აგრარული სექტორის რეალური ზრდის ტემპი იქნას გათვალისწინებული. 2013 წელს აგრარული სექტორის რეალური ზრდის ტემპმა 11.3% შეადგინა, ხოლო 2014 წელს ეს მონაცემი 1.5%-მდე შემცირდა.
პრემიერის ნათქვამი, რომ საქართველოში პირველად აღინიშნა მშპ-ში აგრარული სექტორის წილის ზრდა, სიმართლეს არ შეესაბამება. 2011 წელს 8.4%-დან 8.9%-მდე ზრდა დაფიქსირდა. ამასთან, ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკური მონაცემები მოიძია, რომელთა მიხედვითაც, რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, აგრარულ სექტორს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მით ნაკლები წილი უჭირავს.
პრემიერი არასწორად გადმოსცემს რიცხვებსაც. 2013 წელს აგრარული სექტორის მთლიანი გამოშვება არა 3.2, არამედ 3.4 მილიარდი ლარი იყო. ასევე, აგრარული სექტორის წილი მშპ-ში 9.4%-დან 9.6%-მდე არ გაზრდილა. ის 0.02%-ით შემცირდა და 9.2% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ როდესაც აგრარულ სექტორში გაწეულ პროგრესზე აქცენტი კეთდება, მნიშვნელოვანია ხარჯ-სარგებლის ანალიზის გაკეთება და იმის დადგენა, თუ რა რესურსი დაიხარჯა ამა თუ იმ სექტორში და არის თუ არა შემოსავალი დანახარჯებზე მეტი. საქართველოში, მთავრობის განსაკუთრებული ჩარევის გარეშე, აგრარული სექტორში გამოშვების მაღალი ზრდის ტემპი ადრეც (2011 წელს) დაფიქსირებულა. ხოლო, 2014 წელს, მთავრობის აქტიური ჩარევის შედეგად, გამოშვების ზრდის ტემპი მხოლოდ 5%-ს შეადგენს, რაც 3.7-ჯერ ნაკლებია ვიდრე 2011 წლის მაჩვენებელი.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: სოფლის მეურნეობის კუთხით არის ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა, არის მეტწილად მცდარი.