განაცხადა თედლიაშვილმა.
ფაქტ-მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა.
ქალაქ გორის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი ილია მეტრეველმა მიმდინარე წლის მარტში დაიკავა. მას შემდეგ, რაც ყოფილ თავმჯდომარეს პაპუნა კობერიძეს ("ეროვნული ფორუმი") საკრებულომ იმპიჩმენტი გამოუცხადა. დანიშვნიდან რამდენიმე დღეში ახალმა თავმჯდომარემ ყოფილი თავმჯდომარის ორ თანაშემწეს - ნათია ომაძეს და გიორგი აფციაურს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვადა მათ ნაცვლად მისი პარტიის ("ქართული პარტია") ლიდერების, ირაკლი ოქრუაშვილის და კახა ერგემლიძის დანიშვნა დააანონსა.
ახალი თავმჯდომარის სურვილი მხოლოდ გიორგი აფციაურმა შეასრულა, ხოლო ნათია ომაძემ განცხადების დაწერაზე უარი განაცხადა. შედეგად, მიმდინარე წლის 17 მარტს, კონკურსის წესით დანიშნული გიორგი აფციაურის ადგილი შესაბამისი ბრძანებით კახა ერგემლიძემ დაიკავა. გიორგი აფციაური კი, 17 მარტს საკრებულოს ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის კომისიაში შტატგარეშე თანამშრომლად გააფორმეს. რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, თავმჯდომარის თანაშემწედ მის დანიშვნას ხელი ნათია ომაძის პროტესტმაშეუშალა, რომელმაც საკუთარი უფლებების დაცვა სასამართლოს გზით დააპირა. ილია მეტრეველი იძულებული გახდა ოქრუაშვილი მრჩევლის პოზიციაზე, შტატგარეშე თანამშრომლად დაენიშნა. შესაბამისი ბრძანება მან 18 მარტს გამოსცა.
5აპრილს საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთი თანაპარტიელი ("ქართული პარტია") დაასაქმა. რამაზ შარიქაძეც შტატგარეშე თანამშრომელთა ნუსხაში აღმოჩნდა და მას საკრებულოს სხდომებზე ტექნიკური მხარის უზრუნველყოფა დაევალა. შედეგად, საკრებულოსა და მერიის შტატგარეშე თანამშრომელთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა (მერიის 10 შტატგარეშე თანამშრომელი და საკრებულოს 5 თანამშრომელი).
ადგილობრივ თვითმმართველობაში შტატგარეშე თანამშრომლების რაოდენობას "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" 156-ე მუხლის მე-2 ნაწილი არეგულირებს, რომლის თანახმადაც, "მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა გამგეობის/მერიის და საკრებულოს აპარატის საჯარო მოხელეთა რაოდენობის 10%-ს არ უნდა აღემატებოდეს". გორის მუნიციპალიტეტში (მერიასა და საკრებულოში) კი 125 საჯარო მოხელე და 15 შტატგარეშე თანამშრომელი იყო, რაც კანონით განსაზღვრულ დასაშვებ რაოდენობას აღემატება.
აღნიშნულთან დაკავშირებით გორის მერმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა, ილია მეტრეველს არაერთხელ მიმართა.მან თავმჯდომარეს აფციაურის, შარიქაძისა და ოქრუაშვილის შტატგარეშე თანამშრომლებად დანიშვნის შესახებ ბრძანებების კანონთან შეუსაბამობაზე მიუთითა და მათი გაუქმება მოსთხოვა. ილია მეტრეველმა 2016 წლის 11 აპრილს მხოლოდ გიორგი აფციაურის საკრებულოს შტატგარეშე (რიგით მე-14) თანამშრომლად დანიშვნის ბრძანება გააუქმა, თუმცა იმავე დღეს შტატგარეშე თანამშრომლად თავიდან დანიშნა.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ნიკოლოზ ბურდულთან (რიგით მე-13 თანამშრომელი) შრომითი ურთიერთობა 2016 წლის 25 მარტს შეწყდა, ხოლო გიორგი აფციაურის შტატგარეშე მოსამსახურედ დანიშვნის შესახებ 17 მარტის ბრძანება ბათილად იქნა ცნობილი, სასამართლოში საქმის განხილვისას ირაკლი ოქრუაშვილი გორის (მერიისა და საკრებულოს) რიგით მე-13, რამაზ შარიქაძე - რიგით მე-14, ხოლო გიორგი აფციაური რიგით მე-15 შტატგარეშე მოსამსახურეს წარმოადგენდა.
ილია მეტრეველის დაუმორჩილებლობის გამო გორის მერიამ ოქრუაშვილის, შარიქაძისა და აფციაურის დანიშვნის შესახებ ბრძანებების ბათილად ცნობის მოთხოვნით გორის რაიონულ სასამართლოს მიმართა. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე კი მერმა შტატგარეშე თანამშრომლობისთვის საქმიანობის შეჩერება მოითხოვა, რაზეც სასამართლოსგან უარი მიიღო.
სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, გორის მერმა საკრებულოს თავმჯდომარეს ახალი წერილი მისწერა და აღნიშნული თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემაზე თანხმობა განუცხადა. "იმის გათვალისწინებით, რომ თქვენ მიერ არ იქნა გათვალისწინებული ზემოაღნიშნული გარემოებები და მითითებული ბრძანებების ბათილად ცნობა არ მომხდარა, გაცნობებთ, რომ უახლოეს დღეებში მოხდება აღნიშნული ბრძანებებით გათვალისწინებული სახელფასო სარგოების გაცემა" - ნათქვამია მერის წერილში. შედეგად, ოქრუაშვილმა, შარიქაძემ და აფციაურმა ივნისის ბოლოს რამდენიმე თვის ხელფასი ერთად აიღეს, რაც ფაქტ-მეტრთან საუბარში მერიის იურისტმა გიორგი ბატონისაშვილმაც დაადასტურა.მისი განმარტებით, მათ ეს ანაზღაურება ეკუთვნოდათ, რადგან გასული თვეების განმავლობაში ისინი სრულად ასრულებდნენ მოვალეობებს.
გორის რაიონულმა სასამართლომ, 2016წლის 29 ივნისს მიღებული გადაწყვეტილებით, მერიის სასარჩელო მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, სასამართლომ რამაზ შარიქაძისა და გიორგი აფციაურის დანიშვნის შესახებ ბრძანებები ბათილად ცნო მათი გამოცემის მომენტიდან, ხოლო ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნის შესახებ ბრძანება კანონიერად მიიჩნია და ძალაში დატოვა. სასამართლოს განმარტებით, მე-13 თანამშრომლად ირაკლი ოქრუაშვილის დანიშვნა კანონით განსაზღვრულ ლიმიტს (12.5-ს) არ ცდება. აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ყურადღება გორის მერის 2016 წლის 11 აპრილის მიმართვაზე გაამახვილა, რომლითაც მერმა თავმჯდომარეს მიუთითა, რომ "მუნიციპალიტეტის შტატგარეშე მოსამსახურეთა რაოდენობა 13-ს არ უნდა აღემატებოდეს". აღნიშნული ფაქტი მერიის წარმომადგენელმა გიორგი ბატონისაშვილმა ტექნიკურ ხარვეზად შეაფასა.
სასამართლო გადაწყვეტილებას "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" გორის ოფისში გამოეხმაურნენ. იურისტ ქეთი ბებიაშვილის განმარტებით, "კანონში არსად წერია, რომ 12.5 უნდა დამრგვალდეს 13-მდე. შესაბამისად, უცნობია მოსამართლემ რითი იხელმძღვანელა". გორის მერიაში აღნიშნული გადაწყვეტილების ზედა ინსტანციაში გასაჩივრებას არ გამორიცხავენ.
აღსანიშნავია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, შარიქაძისა და აფციაურის დანიშვნის შესახებ ბრძანებები ბათილად ცნობილი მათი გამოცემის მომენტიდან იქნა, რაც იმას ნიშნავს, რომ მათთვის ამ დროის განმავლობაში გადახდილი თანხა ბიუჯეტს უკან უნდა დაუბრუნდეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი საკრებულოს წარმომადგენელს ესაუბრა. ივანე ბალახაშვილის განცხადებით, თანხების დაბრუნებასთან დაკავშირებით მათ ჯერ კონკრეტული გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ, თუმცა, სავარაუდოდ, თანხის დაბრუნება თავად თანამშრომლებს მოუწევთ.
დასკვნაგორის საქალაქო სასამართლოს 29 ივნისის გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ გორის საკრებულოს თავმჯდომარის, ილია მეტრეველის მხრიდან შტატგარეშე თანამშრომლების (შარიქაძისა და აფციაურის) კანონდარღვევით დანიშვნას ჰქონდა ადგილი, რამაც საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი ხარჯვა გამოიწვია.
რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, სასამართლომ მიიჩნია, რომ ის კანონით დადგენილ ლიმიტს (12.5-ს) არ სცდება და მისი დანიშვნის შესახებ ბრძანება ძალაში დატოვა. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ დანიშვნის დროს, 17 მარტის მდგომარეობით, ირაკლი ოქრუაშვილი რიგით მე-15 თანამშრომელი იყო, ხოლო ილია მეტრეველის მიერ შტატგარეშე თანამშრომლებისთვის ხელშეკრულებების მოულოდნელი და დაუსაბუთებელი შეწყვეტა-დადების შედეგად, რიგით მე-13 თანამშრომელი აღმოჩნდა. თუმცა, აღნიშნულ ფაქტზე სასამართლოს არ უმსჯელია. ჯერჯერობით უცნობია, ვის მოუწევს უკანონოდ ცნობილი შტატგარეშე თანამშრომლებისთვის გადახდილი ხელფასის ბიუჯეტში დაბრუნება.
ფაქტ-მეტრი ამ თემაზე მუშაობას განაგრძობს და თამარ თედლიაშვილის განცხადებას ამ ეტაპზე ვერდიქტის გარეშე ტოვებს.