კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში 2013 წლის 9 სექტემბერს საგარეჯოში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას მან აღნიშნა:
- ყოველი მოქალაქე დაზღვეულია;
- სექტემბრიდან პენსია 150 ლარი გახდა;
- მშობიარობა უფასო გახდა და 6000-მა ქალბატონმა ისარგებლა;
19 სექტემბერს სპორტის სასახლეში საკუთარი საარჩევნო პროგრამის წარდგენისას, მარგველაშვილმა ასევე განაცხადა, რომსოციალური დახმარება გაორმაგდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა და ის საქართველოს ყველა იმ მოქალაქეს შეეხო, რომელსაც 28 თებერვლის მდგომარეობით დაზღვევა არ გააჩნდა. სამინისტროს განმარტებით, ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაში ჩართვისთვის ბენეფიციარმა რეგისტრაცია უნდა გაიაროს მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროექტში. პროგრამა ითვალისწინებდა 453 სხვადასხვა ტიპის ნოზოლოგიის, ოჯახის ექიმის მომსახურების და ბაზისური ლაბორატორიული ანალიზების დაფინანსებას. 22 ივლისის მდგომარეობით, პროგრამაში ჩართული იყო 425 პროვაიდერი დაწესებულება. 28 თებერვლიდან 22 ივლისამდე პროგრამაში დარეგისტრირებულია 1 347 658 ბენეფიციარი. ამ პერიოდში გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება გაეწია 41 713 პაციენტს და 15275 გადაუდებელი სტაციონარული შემთხვევა დაფიქსირდა. სულ დაიხარჯა 6 361 132 ლარი.
1 ივლისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა გაფართოვდა და დაიწყო მეორე ეტაპი. გაფართოვდა ურგენტული შემთხვევების დაფინანსების სპექტრი. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამა ითვალისწინებს ამბულატორიაში ოჯახის ექიმის მომსახურების, ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევების დაფინანსებას. ასევე, ამავე პროგრამის ფარგლებში, ფინანსდება გეგმიური ოპერაციების ნაწილი, რომლებზეც წლიური ლიმიტი 15000 ლარს შეადგენს, ოპერაციის ღირებულების 30%-ს კი მოქალაქე თავად იხდის. საყოველთაო დაზღვევა, ასევე, ითვალისწინებს ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობას, სადაც წლიური ლიმიტი 12 ათას ლარს შეადგენს, მოსარგებლის მხრიდან თანაგადახდა კი - 20%-ს. ამასთან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა სხვადასხვა შემთხვევაში 10-30%-მდე თანაგადახდასაც ითვალისწინებს. პროგრამა არ მოიცავს მოქალაქისთვის მედიკამენტების ხარჯების დაფინანსებას.
პირველი ივლისიდან სახელმწიფო გამოყოფს თანხას ორსულთა პატრონაჟისა და მშობიარობისთვისაც, სადაც ლიმიტი ფიზიოლოგიური მშობიარობისას 500 ლარს, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარს შეადგენს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკეისრო კვეთის შესახებ ექიმის მიმართვა არ არსებობს და ის მოქალაქის სურვილით ხდება, სახელმწიფო მხოლოდ 500 ლარს გამოყოფს. როგორც წესი, აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული თანხა მშობიარობის ხარჯების სრულად დასაფარად არ კმარა. მაგალითად, „ჩაჩავას კლინიკაში“ ფიზიოლოგიური მშობიარობისას სამედიცინო მომსახურების ღირებულება 550 ლარიდან იწყება და 2950 ლარს აღწევს, საკეისრო კვეთის ღირებულება კი 1140 ლარიდან იწყება და 3550 ლარამდე მერყეობს. „იმედის კლინიკაში“ ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასები 690 ლარიდან, საკეისრო კვეთის კი - 890 ლარიდან იწყება. შპს „შალვა (დავით) ქორიძის სახელობის სამშობიარო სახლში“ ფიზიოლოგიური მშობიარობის ფასი 600 ლარიდან იწყება, საკეისრო კვეთის კი - 900 ლარიდან. სს „რუსთავის სამშობიარო სახლში“ ფიზიოლოგიური მშობიარობისა და საკეისრო კვეთის ფასები, შესაბამისად, 580 და 800 ლარიდან იწყება. „დავით გაგუას კლინიკაში“ ფასები 650 და 995 ლარიდან, სამშობიარო სახლში „ემბრიო“ კი - 625 და 900 ლარიდან იწყება.
კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, ასევე, აღნიშნა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში 1 ივლისიდან მშობიარობა 6000 მოქალაქეს დაუფინანსდა. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პირველი ივლისიდან 18 სექტემბრის ჩათვლით დაფიქსირდა მშობიარობის7808შემთხვევა. მშობიარობათა საერთო რაოდენობიდან 5204 იყო ფიზიოლოგიური, 2604 კი საკეისრო კვეთა. 18 სექტემბრის მდგომარეობით, პროგრამის ამოქმედებიდან მშობიარობასა და საკეისრო კვეთის შემთხვევების დაფინანსების თაობაზე უწყებაში 2705 განაცხადი შევიდა 1 993 619.04 ლარის ღირებულებით.
სოციალური დახმარება
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს ინფორმაციით, 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეებისთვის სოციალური დახმარების ოდენობა გაორმაგდა. სამინისტროს განმარტებით, გაორმაგებული სოციალური დახმარება 144000 (საქართველოს 435 ათასზე მეტ მოქალაქეს) ოჯახს შეეხება. მათივე ცნობით, სოციალური გასაცემელი ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარი იყო, ხოლო ყოველ მომდევნო წევრზე 24 ლარი. პირველი ივლისიდან გასაცემელი 60 ლარს გაუტოლდა, ხოლო ოჯახის ყოველი მომდევნო წევრი 48 ლარს იღებს.
თუმცა, სოციალური დახმარების ზრდის პარალელურად, ხელისუფლებამ ოპონენტთა კრიტიკა აღნიშნული დახმარების მოქალაქეთათვის შეწყვეტის გამო დაიმსახურა, რაც ფაქტ-მეტრის ყურადღების ცენტრში ადრეც მოექცა. ჩვენ მიერ გადამოწმებული ინფორმაციით დადასტურდა, რომ 2013 წელს სოციალური მომსახურეობის სააგენტომ შემოსავლების სამსახურიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირების შესახებ მიღებული შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე იმ პირებს შეუწყვიტა, ან შეუჩერა საარსებო შემწეობა, ვისაც შემოსავალი დეკლარაციაში მითითებულზე მეტი ჰქონდა. სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება მოხდა არსებული [ძველი] მეთოდოლოგიით. თუმცა, 2013 წლის მაისიდან ადმინისტრირებაში შესაბამისი ცვლილებები განხორციელდა. შედეგად, 2013 წელს წინა წელთან შედარებით 21965 ოჯახით (69280 მოქალაქე) ნაკლები იღებს სოციალურ დახმარებას.
ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2012 წელს იგეგმებოდა მიზნობრივი სოციალური დახმარების ძირეული გადახედვა, მათ შორის, სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარების შეფასების მეთოდიკის შეცვლა. თუ როგორი იქნებოდა ფორმულა, ამის წინასწარი ზუსტი შეფასება შეუძლებელია, ვინაიდან, ის დამოკიდებული იქნებოდა იმ კვლევის შედეგებზე, რაც ფორმულის შექმნის პროცესში განხორციელდებოდა.
სააგენტოში ჩვენთან საუბრისას დაადასტურეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ UNICEF-ის დახმარებით უკვე დაიწყო ფორმულის შეცვლაზე მუშაობა. ამასთან, მათ აღნიშნეს, რომ ვინაიდან „ქვეყანაში მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არაფორმალურ სექტორშია, ვერცერთი ფორმულა ვერ იქნება დღეს მხოლოდ შემოსავლებზე დამოკიდებული“.
რაც შეეხება პენსიების ზრდას, საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან საქართველოში პენსია და სხვა სოციალური გასაცემელი გაიზარდა.
- ასაკით პენსიონერთათვის სახელმწიფო პენსიის ფულადი ოდენობა 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა. პენსიის მატება 681 392 პენსიონერს შეეხო.
- მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა (ძველი კლასიფიკაციით, პირველი ჯგუფის ინვალიდები) პენსია 125 ლარიდან 150 ლარამდე გაიზარდა. პენსიის მატება 21 892 პირს შეეხო.
- მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა (ძველი კლასიფიკაციით, მეორე ჯგუფის ინვალიდები) პენსია 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. მატება შეეხო 72 200 პირს.
- შშმ ბავშვები, ასევე, ბავშვობიდან შშმ პირების პენსია 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. მატება შეეხო 12 921 პირს. ამავე ჯგუფში შედის მოქალაქეთა ის ნაწილიც, რომლებიც პენსიასთან ერთად საოჯახო დახმარებასაც იღებდნენ, რაც ჯამში 92 ლარს შეადგენდა.
- მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრების სოციალური პაკეტი 55 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. მატება შეეხო 26 700 პირს.
- პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირის სოციალური პაკეტი 62 ლარიდან 107 ლარამდე გაიზარდა. მატება 1350 პირს შეეხო.
- სახელმწიფო კომპენსაციებისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია 272 ლარიდან 292 ლარამდე გაიზარდა. მატება 17 121 პირს შეეხო.
- საერთო ჯამში, მატება შეეხო 1 272 250 პირს. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლის სექტემბრის მდგომარეობით სოციალური გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენდა 110 922 825 ლარს. 2013 წლის სექტემბრიდან აღნიშნული გასაცემლების თანხა ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით 145 529 303 ლარს.
ამავე საკითხთან დაკავშირებით, ფაქტ-მეტრმა ასევე გადაამოწმა საპარლამენტო უმცირესობის მხრიდან გაკეთებული განცხადებები, რომ 2013 წელს საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე გაზრდას ისინიც გეგმავდნენ. პარლამენტში „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი, რომელიც ჩვენ საჯარო ინფორმაციის სახით გამოვითხოვეთ, საპენსიო პაკეტის 100 დოლარამდე გაზრდას ნამდვილად ითვალისწინებდა.
დასკვნა
ფაქტ-მეტრმა განცხადების გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვა მართლაც ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია, რეგისტრაციისთვის კი მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს. პროგრამა ითვალისწინებს რიგ მომსახურებებს, რომელთაც ჩვენ დეტალურად არ განვიხილავთ.
სექტემბრიდან პენსია ასაკით პენსიონერებისა და მკვეთრად გამოხატულ შშმ მოქალაქეებისთვის 150 ლარი გახდა. მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების პირთა, შშმ ბავშვების, ასევე, ბავშვობიდან შშმ პირების პენსია 70 ლარიდან 100 ლარამდე გაიზარდა. სოციალური გასაცემელი გაიზარდა მარჩენალდაკარგული ოჯახის წევრების, პოლიტრეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირების შემთხვევაშიც. მატება შეეხო სახელმწიფო კომპენსაციებსა და სახელმწიფო აკადემიურ სტიპენდიასაც. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისსამინისტროს ინფორმაციით, 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფთათვის სოციალური დახმარების ოდენობა გაორმაგდა, თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2013 წელს შარშანდელთან შედარებით 21965 ოჯახით (69280 მოქალაქე) ნაკლები იღებს სოციალურ დახმარებას.
პირველი ივლისიდან სახელმწიფო გამოყოფს თანხას ორსულთა პატრონაჟისა და მშობიარობისთვისაც, სადაც ლიმიტი ფიზიოლოგიური მშობიარობისას 500, საკეისრო კვეთის შემთხვევაში კი 800 ლარს შეადგენს. თუმცა, როგორც წესი, აღნიშნული თანხა მშობიარობის ხარჯებს სრულად ვერ ფარავს და პროგრამით მოსარგებლეს დარჩენილი თანხის გადახდა საკუთარი სახსრებით უწევს. შესაბამისად, მშობიარობა მოქალაქისთვის „უფასო“ არ არის. ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში პირველი ივლისიდან 18 სექტემბრის ჩათვლითმშობიარობის7808 შემთხვევა დაფიქსირდა.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ:
- ყოველი მოქალაქე დაზღვეულია;
- სექტემბრიდან პენსია 150 ლარი გახდა;
- მშობიარობა უფასო გახდა და 6000-მა ქალბატონმა ისარგებლა;
- სოციალური დახმარება გაორმაგდა;
არის მეტწილად სიმართლე.