კოალიცია „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატმა, გიორგი მარგველაშვილმა, საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში 2013 წლის 9 სექტემბერს საგარეჯოში ამომრჩეველთან შეხვედრა გამართა და პრიორიტეტებზე ისაუბრა. განათლების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებზე საუბრისას, მან აღნიშნა:
- 1 სექტემბრიდან ბაღები უფასო გახდა;
- მოსწავლეებს წიგნები უფასოდ დაურიგდებათ;
- განათლების სამინისტრომ დანიშნა სასკოლო ავტობუსები, რომლებსაც ბავშვები სოფლებიდან ქალაქებში მიჰყავთ;
- 17 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებებში მოყვანილი ფაქტების სიზუსტით.
საბავშვო ბაღები
საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება პარლამენტმა 2013 წლის 12 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" და "საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ" კანონებში ცვლილებების შეტანით მიიღო. ცვლილებების თანახმად, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის ორგანიზება, ასევე, სასწავლო-აღმზრდელობითი და სამუშაო რეჟიმის დადგენა თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებად განისაზღვრა. აღნიშნულ დაწესებულებებში გადასახადის, ტარიფის ან რაიმე სხვა საფასურის შემოღება აიკრძალა. გადაწყვეტილების შედეგად, გარკვეული მუნიციპალიტეტებისთვის დამატებითი თანხების გამოყოფა გახდა საჭირო. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორის, დეპუტატ თინა ხიდაშელის განმარტებით, ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება იმ მუნიციპალიტეტებისთვის ტრანსფერის გამოყოფის შესახებ, სადაც დასაბუთდება, რომ ადგილობრივ ბიუჯეტს ამის რესურსი არ აქვს.
პარლამენტის გადაწყვეტილება ძალაში პირველი სექტემბრიდან შევიდა, თუმცა, საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაციის პროცესი ივლისიდან დაიწყო.
თბილისის საბავშვო ბაღებში 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი 1 ივლისს დაიწყო და 10 ივლისამდე გაგრძელდა. აღნიშნული 10 დღის განმავლობაში დარეგისტრირება მხოლოდ სოციალურად დაუცველ ბავშვებს შეეძლოთ. შემდეგი 10 დღის განმავლობაში (10 ივლისიდან 20 ივლისამდე) კი დედმამიშვილების რეგისტრაციის პროცესი შედგა. ამით, იმ ოჯახებს, ვისაც სკოლამდელი ასაკის 1 შვილზე მეტი ჰყავს, საშუალება მიეცათ, ერთ კონკრეტულ ბაღში დარეგისტრირებულიყვნენ. შემდეგი ეტაპი 20 ივლისს დაიწყო და უწყვეტად, მთელი წლის მანძილზე გაგრძელდება.
პარლამენტის აღნიშნული გადაწყვეტილების ამოქმედებამ საბავშვო ბაღებში ადგილების პრობლემა შექმნა. გადასახადის გაუქმებამ საბავშვო ბაღებზე მოთხოვნა გაზარდა, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, მშობლებმა შვილების დარეგისტრირება ვერ მოახერხეს. როგორც თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს დირექტორმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში აღნიშნა, კანონის მიღების შემდეგ, ბავშვთა ნაკადის მომატებასთან დაკავშირებით დამატებითი ზომების მიღება ვერ მოესწრო, რამაც საბავშვო ბაღებში ადგილების პრობლემა წარმოშვა.
თბილისთან ერთად, საქართველოს სხვა ქალაქების საბავშვო ბაღებში შექმნილი პრობლემები მედიაში აქტიურად იქნა განხილული. გამოცემა „ლიბერალი“ ამ მიმართულებით რუსთავში წარმოქმნილ პრობლემებზე წერდა. მათი ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ბაღები უფასო გახდა, ბაღში სიარულის მსურველთა რაოდენობა 600-დან 3500-მდე გაიზარდა, რისთვისაც ქალაქში ბაღების ინფრასტრუქტურა და პერსონალი მზად არ აღმოჩნდა. გამოცემა „სამხრეთის კარიბჭე“-ს ინფორმაციით, ადგილების პრობლემა ახალქალაქის საბავშვო ბაღებშიც შეიქმნა.
თბილისში შექმნილ პრობლემაზე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას, თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა, სოფო ხოშტარიამ, განაცხადა, რომ 22 ივლისისათვის თბილისში არსებულ 156 საბავშვო ბაღში თავისუფალი ადგილი ფაქტობრივად უკვე აღარ იყო. შესაბამისად არსებობდა რისკი, რომ ბავშვთა გარკვეული ნაწილი სექტემბრიდან ვერ მივიდოდა საბავშვო ბაღში. რეგისტრაციის პრობლემები შარშანაც იყო, თუმცა, მიმდინარე წელსრიგმა ფაქტორებმაადგილების რაოდენობა საბავშვო-ბაღებში კიდევ უფრო შეზღუდა. მთავარი ფაქტორი კი ის იყო, რომ მიმდინარე წლიდან სახელმწიფო საბავშვო ბაღებიუფასო გახდა. მისივე განმარტებით, რეგისტრაციის პროცესი არ დასრულებულა და ის საბავშვო ბაღებში დროთა განმავლობაში გამოთავისუფლებული ადგილების ხარჯზე უწყვეტად გაგრძელდება. კერძოდ, თუ ბავშვი დაწესებულებაში 5 დღის განმავლობაში არ მივა და შესაბამის ჯანმრთელობის ცნობას მშობელი არ წარადგენს, ასეთ შემთხვევაში ბავშვი გაირიცხება და ბაღში ვაკანსია გაჩნდება.
„ნეტგაზეთის“ ინფორმაციით, თბილისში არსებულ საბავშვო ბაღებში 40 ათასზე მეტი ბავშვი ირიცხებოდა. რეგისტრაციასთან დაკავშირებული დაბრკოლება ბაგა-ბაღში სიარულის მსურველ 2-დან 3 წლამდე ასაკის ბავშვებს შეექმნათ, რომელთაც წელს პირველად მოუწიათ რეგისტრაციის გავლა.
23 ივლისს ამ საკითხზე თბილისის საკრებულომ იმსჯელა. სხდომაზე თბილისის საბავშვო ბაღების სააგენტოს დირექტორმა, რამაზ სულამანიძემ, განმარტა, რომ პრობლემის გადასაჭრელად ახალი ბაღების მშენებლობაა საჭირო, რადგან თბილისის ბაღებს სულ 45 ათასი ბავშვის მიღების პოტენციალი აქვს, მსურველთა რაოდენობა კი 70 ათასს აღწევს. საკრებულომ პრობლემის გადაჭრის მიზნით 70 მლნ ლარის გამოყოფისა და გაუქმებული ბაღების აღდგენის საკითხიც განიხილა.
. . .
საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ 2013 წლის 12 ივლისის რიგგარეშე სხდომაზე ნამდვილად მიიღო, თუმცა, ამ გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტების ინფრასტრუქტურა მოუმზადებელი შეხვდა. საბავშვო ბაღებმა ვერ დააკმაყოფილეს გაზრდილი მოთხოვნა და შედეგად, მსურველებმა ბავშვების დარეგისტრირება ვერ შეძლეს. მათ ან მომსახურების მიღებაზე უარის თქმა, ან კერძო საბავშვო ბაღებისთვის მიმართვა მოუხდათ. ამ გარემოების გათვალისწინებით, ფაქტ-მეტრი განცხადების ამ ნაწილს ნახევრად სიმართლედ აფასებს.
უფასო წიგნები
2013-2014 სასწავლო წლისთვის საქართველოს მასშტაბით სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების შესახებ გადაწყვეტილება 2013 წლის 8 აპრილს გახდა ცნობილი. განათლების სამინისტროს ცნობით, სახელმძღვანელოებს უფასოდ 2084 საჯარო სკოლის 650 000 ათასი მოსწავლე მიიღებდა. ამასთან, სამინისტროს გადაწყვეტილებით, პროგრამა არ გავრცელდებოდა კერძო სკოლების მოსწავლეებზე, თუ ისინი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არ იმყოფებოდნენ. უწყების ცნობით, თითოეული ოჯახი ყოველწლიურად, ერთი მოსწავლის სახელმძღვანელოების სრულ პაკეტში 100-160 ლარს იხდიდა, ორი მოსწავლის შემთხვევაში კი - 200-320 ლარს.
განათლების სამინისტროდან ჩვენს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციით, სასკოლო სახელმძღვანელოების ბეჭდვა შემდეგი 10 კომპანიის მიერ განხორციელდა: შპს „გაერთიანებული ქართული სტამბა ფავორიტი და პრინტი & მვპ“; შპს „Unique Learning”; შპს „ინგლისური წიგნის სახლი საქართველოში“; შპს „გამომცემლობა ინტელექტი“; შპს „რეგული“; შპს „ლოგოს პრესი“; შპს „სიდი“; შპს „გაზეთი საქართველოს მაცნე“; შპს „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“ და შპს „დიოგენე“.
სამინისტროს ინფორმაციით, სულ 5819778 ცალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რაზეც 16323630.26 ლარი დაიხარჯა. თუმცა, კითხვაზე, თუ კონკრეტულად რამდენ მოსწავლეზე დაიბეჭდა წიგნები, უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. მინისტრის ბრძანების თანახმად, პროგრამის ამოცანაა 2013-2014 სასწავლო წლის დასაწყისისთვის სრული ზოგადი განათლების მისაღებად საჭირო ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის გრიფირებული სახელმძღვანელოს უსასყიდლოდ გადაცემა შესაბამისი კატეგორიის მოსწავლეებისთვის.
განათლების სამინისტროს რამდენიმე სკოლაში მეორეული სახელმძღვანელოების დარიგება მოუხდა, მაგრამ, სამინისტროს განმარტებით, მათი რაოდენობა წიგნების საერთო ოდენობის 0,1%-ს არ აღემატებოდა. ამასთან, მეორეული სახელმძღვანელოების დაშვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია სავალდებულო, თუ სკოლებში მოსწავლეთა მობილობის რაოდენობა მაღალია და ახალი სახელმძღვანელოების რაოდენობა საკმარისი არ არის.
სახელმწიფოს მხრიდან მოსწავლეებისთვის წიგნების უსასყიდლოდ გადაცემის პროცესი საქართველოში 2010 წლიდან დაიწყო, თუმცა, მაშინდელი პროგრამა მხოლოდ სოციალურად დაუცველ 1-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მოიცავდა. უწყების ინფორმაციით, ამ პროგრამის განხორცილებისთვის სახელმწიფომ 8 მილიონი ლარი გამოყო.
ამავე პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციართა რაოდენობა 2012 წლიდან გაიზარდა, როდესაც, სამინისტროს გადაწყვეტილებით, სასკოლო სახელმძღვანელოები უფასოდ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების, ასევე 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა და მრავალშვილიანი ოჯახების შვილებს გადაეცათ. სასკოლო სახელმძღვანელოები უსასყიდლოდ გადაეცა იმ მრავალშვილიანთა ოჯახებს, რომელთა სამი ან მეტი შვილი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლობს, ხოლო ოჯახი არ განეკუთვნება ქონების გადასახადის გადამხდელთა კატეგორიას. განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის განცხადებით, ამ პერიოდში უფასო სახელმძღვანელოს ბენეფიციარი 180 ათასზე მეტი ბავშვი იყო.
განათლების სამინისტროს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ, 2013-2014 სასწავლო წლისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით უფასოდ დაერიგებინა წიგნები, გამომცემლებისა და წიგნის ავტორების პროტესტი გამოიწვია. გამომცემლების და ავტორების ნაწილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მთავრობის კანცელარიაში გაასაჩივრა, ნაწილმა კი საკონსტიტუციო სასამართლოში, ვინაიდან, ის საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების ხელყოფად მიიჩნიეს.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილების ნეგატიურ ეფექტზე გამომცემლებმა „ლიბერალთან“ ინტერვიუშიც ისაუბრეს, სადაც აღნიშნეს, რომ ეს გადაწყვეტილება საგამომცემლო ბიზნესს სერიოზულ ფინანსურ დარტყმას მიაყენებს. როგორც თემის კომენტირებისას „ლოგოს პრესის“ დირექტორმა ლაშა ბერაიამ განაცხადა, „ლოგოს პრესის“ შემოსავლები სამჯერ შემცირდება, რაც ნიშნავს იმას, რომ გამომცემლობას ახალ პროექტებში ინვესტირების საშუალება აღარ ექნება.
ბაკურ სულაკაურის თქმით კი, მისი გამომცემლობა, ყველა სხვა გამომცემლობისგან განსხვავებით, მთლიანად სასკოლო სახელმძღვანელოების ბაზარზე დამოკიდებული არ იყო, თუმცა, სამინისტროს გადაწყვეტილება მათ გაყიდვებს მესამედით შეამცირებს.
განათლების სამინისტროს მიერ წიგნების უფასოდ გაცემის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, განვითარებული მოვლენები მონაცემთა ჟურნალისტიკის სფეროში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „ჯამპსტარტ ჯორჯიამ“ ინფოგრაფიკით გამოსახა.
წიგნების უფასოდ გადაცემის თემით ფაქტ-მეტრი ადრეც დაინტერესებულა. ჩვენ მიერ ჩატარებული კვლევით გაირკვა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მოსწავლეებისათვის სახელმძღვანელოების უფასოდ გადაცემას მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ხელშეკრულების გაფორმება ახლავს თან და ეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 5 აგვისტოს #103/ნ ბრძანების საფუძველზე რეგულირდება. აღნიშნულ ბრძანებაში გაწერილია ყველა ის კრიტერიუმი და შესაბამისი ქულა, რომლითაც სასკოლო წიგნის სასწავლო პროცესში ხელახალი გამოყენების ვარგისიანობა ფასდება და თუკი სასწავლო წლის დასრულებისა და სახელმძღვანელოს უკან დაბრუნების დროს აღმოჩნდება, რომ შეფასების შკალის მიხედვით წიგნის მდგომარეობა ჯამში 9 ქულაზე ნაკლებია, მაშინ უკვე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წინაშე მისი იდენტური რედაქციისა და შინაარსის სახელმძღვანელოთი ჩანაცვლების ვალდებულება ჩნდება.
აღსანიშნავია, რომ სახელმძღვანელოს მოვლა–პატრონობის შეფასების კრიტერიუმები არ გვაძლევს სრულ წარმოდგენას, თუ რა შეიძლება ჩაითვალოს წიგნის მნიშვნელოვან, საშუალო ტიპის და უმნიშვნელო დაზიანებად და, შესაბამისად, სხვადასხვა ინტერპრეტირების სივრცეს ტოვებს.
როგორც ჩვენი კვლევით დადგინდა, თუ ვივარაუდებთ, რომ მოსწავლეები სახელმძღვანელოებს აბრუნებენ 9 ქულიან კონდიციაში, მომდევნო წელს ყველა ასეთი წიგნი დიდი ალბათობით სკოლას იმავე მდგომარეობაში ვერ დაუბრუნდება და, შესაბამისად, მომდევნო სასწავლო წლისათვის „გამოსაყენებლად გამოუსადეგარი“ იქნება. ბრძანებისა და ხელშეკრულებების ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე არ ჩანს, თუ რას მოიმოქმედებს სახელმწიფო ასეთ შემთხვევაში, ანაზღაურების ვალდებულებას მშობელს დააკისრებს, თუ სახელმძღვანელოს თავად დაბეჭდავს და ახლით თავადვე ჩაანაცვლებს. ამ კითხვაზე შესაბამისი და ამომწურავი პასუხი ჩვენ ვერც განათლების სამინისტროში მივიღეთ.
...
2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების შესახებ გადაწყვეტილება მთავრობამ ნამდვილად მიიღო. ეს პროგრამა, სამინისტროს ინფორმაციითვე, სახელმძღვანელოებს უფასოდ 2084 საჯარო სკოლის 650000-მდე მოსწავლისთვის ითვალისწინებს და არ მოიცავს კერძო სკოლების მოსწავლეების დიდ ნაწილს. სამინისტროს ინფორმაციით, სულ 5819778 ცალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რაზეც 16323630.26 ლარი დაიხარჯა. თუმცა, კითხვაზე, თუ კონკრეტულად რამდენ მოსწავლეზე დაიბეჭდა წიგნები, უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. სამინისტრომ ასევე არ უპასუხა ჩვენს კითხვას წიგნების დასაბეჭდად ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით, თუ რა პროცედურით განხორციელდა სტამბების შერჩევა. ამასთან, სახელმძღვანელოებით სარგებლობის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წინაშე ჩნდება მისი იდენტური რედაქციისა და შინაარსის სახელმძღვანელოთი ჩანაცვლების ვალდებულება. ამდენად, ჩვენ ვასკვნით, რომ განცხადების ეს ნაწილი მეტწილად სიმართლეა.
ავტობუსები
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ 2013 წლიდან აამოქმედა.
პროგრამა იმ საჯარო სკოლების მოსწავლეების ტრანსპორტით უფასო უზრუნველყოფას ითვალისწინებს, რომლებსაც სკოლამდე მისასვლელად ფეხით დიდი მანძილის გავლა უხდებოდათ. განათლების სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, საჯარო სკოლების მოსწავლეების სატრანსპორტო მომსახურება 2013 წლის იანვრის თვიდან დაიწყო და 335 საჯარო სკოლის 15288 მოსწავლეს ემსახურებოდა. ხოლო, 2013-2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან სასკოლო ტრანსპორტი უფასოდ მოემსახურება საქართველოს 906 საჯარო სკოლაში და 44356 მოსწავლეს.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადების ეს ნაწილი არის სიმართლე.
17 ფაკულტეტზე უფასო სწავლა
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა, რამაც შესაძლებელი გახადა ბაკალავრიატის 17 სპეციალობაზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში სწავლის სრული (4 წელი) კურსის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღება.
მიმართულებები
დარგი/სპეციალობა
აგრარული მეცნიერებანი
აგრონომია
განათლება
განათლების მეცნიერებები
ინჟინერია
ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია
მშენებლობა
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი
მათემატიკა
ფიზიკა
ქიმია
ბიოლოგია
სოციალური მეცნიერებები
ეკონომიკა
ჰუმანიტარული მეცნიერებები
არქეოლოგია
ისტორია
ქართული ფილოლოგია
ფილოსოფია
მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები
არქიტექტურა
განათლების სამინისტროს განმარტებით, დაფინანსება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა სტუდენტებს შეეხება, სადაც ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები ხორციელდება. დაფინანსებულ დაწესებულებათა და პროგრამათა ჩამონათვალი გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა.
განათლების სამინისტროს გადაწყვეტილება პრიორიტეტული მიმართულების მხოლოდ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში დაფინანსების შესახებ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გააკრიტიკა იმ არგუმენტით, რომ გადაწყვეტილება არ პასუხობს საბაზრო მოთხოვნებს და არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს კერძო უმაღლეს სასწავლებლებს.
...
2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა, რამაც შესაძლებელი გახადა ბაკალავრიატის 17 სპეციალობაზე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უნივერსიტეტებში სწავლის სრული (4 წელი) კურსის დაფინანსება. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამა ანალოგიურ მიმართულებებს კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში არ აფინანსებს, ფაქტ-მეტრის დასკვნით, განცხადების ეს ნაწილი მეტწილად სიმართლეა.
დასკვნა
ფაქტ-მეტრმა განცხადების გადამოწმების შედეგად დაადგინა, რომ საბავშვო ბაღებში გადასახადის აკრძალვის გადაწყვეტილება საკანონმდებლო ორგანომ 2013 წლის 12 ივლისს მიიღო. გადაწყვეტილების შედეგად, უფასო ბაღებზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში შექმნილი მდგომარეობის ანალიზით ვასკვნით, რომ უმეტეს შემთხვევებში, საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურა მოუმზადებელი აღმოჩნდა გაზრდილი ნაკადის უზრუნველყოფისათვის, რამაც რეგისტრაციისას ადგილების პრობლემა წარმოშვა.
2013-2014 სასწავლო წლისათვის მთელი საქართველოს მასშტაბით სასკოლო სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგების შეახებ გადაწყვეტილება 2013 წლის 8 აპრილს გახდა ცნობილი. განათლების სამინისტროს ცნობით, სახელმძღვანელოებს უფასოდ 2084 საჯარო სკოლის 650 ათასი მოსწავლე მიიღებდა. სამინისტროს ინფორმაციით, სულ 5819778 ცალი სახელმძღვანელო დაიბეჭდა, რაზეც 16323630.26 ლარი დაიხარჯა. თუმცა, კითხვაზე, თუ კონკრეტულად რამდენ მოსწავლეზე დაიბეჭდა წიგნები, უწყებისგან პასუხი ვერ მივიღეთ. სამინისტრომ ასევე არ უპასუხა ჩვენს კითხვას წიგნების დასაბეჭდად ჩატარებულ ტენდერთან დაკავშირებით, თუ რა პროცედურით განხორციელდა სტამბების შერჩევა. იმ შემთხვევაში კი, თუ სასწავლო წლის დასრულებისა და სახელმძღვანელოს უკან დაბრუნების დროს აღმოჩნდება, რომ წიგნით სარგებლობის შესახებ სახელმწიფოსა და მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შორის დადებული ხელშეკრულების პირობები სათანადოდ არ შესრულდა, მაშინ მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის წინაშე წიგნის იდენტური რედაქციისა და შინაარსის სახელმძღვანელოთი ჩანაცვლების ვალდებულება ჩნდება.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ახალი პროექტი „სკოლების ხელმისაწვდომობა“ 2013 წლიდან აამოქმედა. პროექტის ფარგლებში, სასკოლო ავტობუსი 335 საჯარო სკოლის 15288 მოსწავლეს უფასოდ ემსახურებოდა. ხოლო, 2013-2014 სასწავლო წლის პირველი სემესტრიდან, სატრანსპორტო მომსახურება განხორციელდება საქართველოს 906 საჯარო სკოლაში და მოემსახურება 44356 მოსწავლეს.
2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა, რამაც შესაძლებელი გახადა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბაკალავრიატის 17 სპეციალობაზე სწავლის სრული (4 წელი) კურსის დაფინანსების გადაწყვეტილების მიღება. აღნიშნულ 17 მიმართულებაზე დაფინანსება გავრცელდება მხოლოდ სახელმწიფოს მიერ შექმნილ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ:
- 1 სექტემბრიდან ბაღები უფასო გახდა;
- მოსწავლეებს წიგნები უფასოდ დაურიგდებათ;
- განათლების სამინისტრომ დანიშნა სასკოლო ავტობუსები, რომლებსაც ბავშვები სოფლებიდან ქალაქებში მიჰყავთ;
- 17 ფაკულტეტზე სწავლა უფასო გახდა.
არის მეტწილად სიმართლე.