მიმდინარე წლის 30 სექტემბერს თოქშოუ „არჩევანაში“ „ქართული ოცნების“ მმართველობის 2 წელი შეაჯამეს. მთავრობის გუნდი ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ასახელებდა. ამავე გადაცემაში ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ხარვეზებზე ისაუბრა. მაგალითისთვის, მან გეგმიური ოპერაციების დაფინანსების მეთოდი განიხილა: „გეგმიური ოპერაციების შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს არა კლინიკაში არსებული ფასის 70%-ს, არამედ სახელმწიფომ დაადგინა თავისი ფასი და ამ ფასის 70%-ს აფინანსებს. შესაბამისად, თუკი მიდიხარ მართლაც მაღალხარისხიან, კარგ კლინიკაში, სადაც ოპერაციის ფასი სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფასს შეიძლება 2-ჯერ აღემატებოდეს, მაინც სახელმწიფოს მიერ დადგენილი ფასიდან იანგარიშება 70% და რეალურად სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსება შეიძლება გამოვიდეს 30 ან 40 პროცენტი“.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რა პრინციპით ფინანსდება გეგმიური ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში. შესაბამისად, ჩვენ ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება გადავამოწმეთ.
ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო სახელმწიფო პროგრამა 2013 წლის 28 თებერვლიდან ამოქმედდა. 2013 წლის 1 ივლისიდან კი, საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ეტაპი დაიწყო და პროგრამა გაფართოვდა. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით საქართველოს ის მოქალაქეები სარგებლობენ, რომელთაც ჯანმრთელობის დაზღვევის სხვა პაკეტი არ გააჩნიათ.
N36 დადგენილებისთანახმად, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ანაზღაურებს:
- გეგმიურ ამბულატორიულ მომსახურებას 70%-ით, ხოლო ოჯახის ექიმის მომსახურებას და ბაზისურ ლაბორატორიულ ანალიზებს – 100%-ით;
- გადაუდებელ სტაციონარულ მომსახურებას (ლიმიტი ერთ შემთხვევაზე 15 000 ლარი. ანაზღაურდება 70%-ით, რიგ შემთხვევებში 100%-ით);
- გეგმიურ ქირურგიულ ოპერაციებს და მასთან დაკავშირებულ გამოკვლევებს (წლიური ლიმიტი 15 000 ლარი. ანაზღაურდება 70%-ით);
- ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობას (წლიური ლიმიტი 12 000 ლარი. ანაზღაურდება 80%-ით);
- მშობიარობას (500 ლარის ფარგლებში) და საკეისრო კვეთას (800 ლარის ფარგლებში).
ამ შემთხვევაში კი, ჩვენ ყურადღებას გეგმიური ქირურგიულ ოპერაციებზე გავამახვილებთ.
გეგმიური ოპერაციების შესახებ დეტალები ჩვენ საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის მართვის დეპარტამენტში გავარკვიეთ. სამინისტროს შემუშავებული აქვს სპეციალური ფორმულა, რომლითაც გეგმიური ოპერაციის ფასი გამოითვლება. სწორედ ამ ფასის 70%-ით ფინანსდება გეგმიური ოპერაციები. კერძოდ, გეგმიური ოპერაციის ფასი შემდეგი ფორმულით გამოითვლება: (მაქსიმალურ ფასს - მინიმალური ფასი) / 4 + მინიმალური ფასი.ანუ, მინიმალურ და მაქსიმალურ ფასს შორის სხვაობის მეოთხედს დამატებული მინიმალური ფასი. აღნიშნული ფორმულით მიღებული ფასის 70% არის ლიმიტი. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში არსებული ფასი სახელმწიფოს მიერ განსაზღვრულ ფასს არ აღემატება, მაშინ სამინისტრო დამატებითი გამოთვლების გარეშე, ოპერაციის ღირებულების 70%-ს აფინანსებს.
მაგალითად, დავუშვათ, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებში კონკრეტული ოპერაციის ყველაზე დაბალი ფასი დაფიქსირდა A კლინიკაში – 1 000 ლარი. იგივე ოპერაციის ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა B კლინიკაში – 1 600 ლარი. ამ შემთხვევაში, თუ პაციენტი ამ კონკრეტულ ოპერაციას A კლინიკაში გაიკეთებს, მას კლინიკის ფასის 70%, ანუ 700 ლარი დაუფინანსდება. ვნახოთ, ფორმულის თანახმად რეალურად რა პროცენტით დაუფინანსდება პაციენტს ოპერაცია, თუ ის ოპერაციას B კლინიკაში გაიკეთებს – (1600-1000) / 4+1000=1150. შესაბამისად, მას დაუფინანსდება 1150 ლარის 70%, რაც 805 ლარს შეადგენს. ამდენად, B კლინიკაში ოპერაციის გაკეთების შემთხვევაში პაციენტს კლინიკაში არსებული ფასის დაახლოებით 50% უფინანსდება.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკები ვალდებულნი არიან საინფორმაციო პორტალზე N36 დადგენილებით განსაზღვრული სამედიცინო მომსახურეობის შესაბამისი ღირებულება განათავსონ. ფასების განახლება ყოველთვიური პროცესია და შესაბამისად, სატარიფო არეალიც (სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფასები) ყოველთვიურად გადაიხედება.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებმა გეგმიური ოპერაციის დაფინანსებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სერვის ცენტრებსუნდა მიმართონ. მოცდის პერიოდის მაქსიმალური ვადა 2 თვეა.
დასკვნასაყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური ფორმულა შეიმუშავა, რომლითაც კონკრეტული გეგმიური ოპერაციის ფასი გამოითვლება – (მაქსიმალურ ფასს - მინიმალური ფასი) / 4 + მინიმალური ფასი. გეგმიური ოპერაციები სწორედ ამ ფორმულით მიღებული ფასის 70%-ით ფინანსდება. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკაში არსებული ოპერაციის ღირებულება სამინისტროს მიერ განსაზღვრულ ფასს არ აღემატება, მაშინ დაფინანსდება არა სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული ფასის 70%, არამედ კლინიკის მიერ განსაზღვრული ფასის 70%.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადება: „გეგმიური ოპერაციების შემთხვევაში სახელმწიფო აფინანსებს არა კლინიკაში არსებული ფასის 70%-ს, არამედ სახელმწიფომ დაადგინა თავისი ფასი და ამ ფასის 70%-ს აფინანსებს,“ არის სიმართლე.