სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა: „განათლების ცენტრმა უკვე დააფინანსა 77 სტუდენტის სწავლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში“.
ფაქტ-მეტრი პრემიერ-მინისტრის განცხადებით დაინტერესდა და მისი სიზუსტე გადაამოწმა.
ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებაში პრემიერ-მინისტრის ინოვაციური პროექტების ფარგლებში დაარსებულ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“შესახებ საუბრობს. ცენტრის მიზანია სახელმწიფოს განვითარების პრიორიტეტების გათვალისწინებით, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი უნარებისა და ცოდნის მქონე კადრების მომზადება. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს რეგიონებში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის უცხოური განათლების მიღების ხელშეწყობა.
"განათლების საერთაშორისო ცენტრი" სამ ქვეპროგრამას ახორციელებს:
ა) „სამაგისტრო და სადოქტორო ქვეპროგრამა“ – ითვალისწინებს პრიორიტეტულ უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაბამის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე ჩარიცხულ იმ პირთა დაფინანსებას, რომლებიც დადგენილ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ;
ბ) „სახელმწიფო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ქვეპროგრამა“ – ითვალისწინებს საჯარო სამსახურის მაღალკვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფის მიზნით, სახელმწიფო მოხელეთათვის კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსების დაგეგმვა-ადმინისტრირებას და მათ პროფესიულ გადამზადებას;
გ) „აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევის ქვეპროგრამა“ - გულისხმობს შესაბამისი დარგის განვითარებაში აქტიურად ჩართული, უცხო ქვეყნის სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალის, მკვლევარებისა და პრაქტიკოსების საქართველოში მოწვევას, სამუშაო შეხვედრების დაგეგმვა-ადმინისტრირებას და მათ ჩატარებას.
„განათლების საერთაშორისო ცენტრი“ ბენეფიციარებს სრულად ან ნაწილობრივ აფინანსებს. ამასთან, სამაგისტრო პროგრამის ბენეფიციარი ვალდებულებას იღებს, რომ სწავლის დასრულების შემდეგ, მინიმუმ 3 წლის განმავლობაში, სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სფეროში/დაწესებულებაში, საქართველოში დასაქმდება.
სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სწავლების პრიორიტეტული მიმართულებები, რეიტინგული უნივერსიტეტები, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამები, ასევე სემინარებსა და პროფესიულ კურსებში მონაწილეობის პირობები ცენტრის ვებგვერდზეაგანთავსებული.
„განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ინფორმაციით,პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 7 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით გამოცხადებულ კონკურსში 78 აპლიკანტი დაფინანსდა.
აქვე აღსანიშნავია, რომ „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ შექმნამდე ახალგაზრდების საზღვარგარეთ სწავლებას სახელმწიფო სასტიპენდიო პროგრამა – „ცოდნის კარის“ ფარგლებში აფინანსებდა. ამ პროგრამას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 2010 წლიდან ახორციელებდა. პროგრამის შესახებ ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა.მის ფარგლებში 2013 წელს 29 ბაკალავრი, 45 მაგისტრი, 3 დოქტორი, ასევე სახელოვნებო და შემოქმედებითი მიმართულების 4 სტუდენტი დაფინანსდა.
დასკვნა „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ ინფორმაციით,
ამავე პროგრამის ფარგლებში, 2014 წლის 7 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით გამოცხადებულ კონკურსში 78 აპლიკანტი დაფინანსდა. მათივე ცნობით, ხელშეკრულების გაფორმების პროცესი ეტაპობრივად, დაფინანსებული სტუდენტების მოთხოვნის შესაბამისად მიმდინარეობს.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება: „განათლების ცენტრმა უკვე დააფინანსა 77 სტუდენტის სწავლება მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში“, არის სიმართლე.