გაგრძელებას გთავაზობთ. ამჯერად, მკითხველის თხოვნით, ინფორმაცია სამ გახმაურებულ საქმეზე შევაგროვეთ: ე.წ. „ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე“, „ჯიჰადის მუქარის საქმე“ და „მაღაზიის თავზე აღმოჩენილი ცხედრების საქმე“.
ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე 2012 წლის 25 აგვისტოს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში, ხუთი ადგილობრივი ახალგაზრდა მამაკაცი დაიკარგა. თავდაპირველად, სოფელმა საკუთარი ძალებით სცადა დაკარგულების მოძებნა, თუმცა, მას შემდეგ, რაც მათ ლოპოტას ხეობის ტყეში შეიარაღებული ჯგუფი შენიშნეს, შესაბამის უწყებებს აცნობეს. საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრო და ანტიტერორისტული ცენტრი ჩაერთო. სამძებრო ოპერაციას შსს-დან იმდროინდელი მინისტრის - ბაჩანა ახალაიას მოადგილე გია ლორთქიფანიძე, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ზურაბ მაისურაძე და ამავე ცენტრის კახეთის უფროსი სანდრო ამირიძე ხელმძღვანელობდნენ. სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციით, დაკარგული ახალგაზრდები გაიტაცეს. გამტაცებელი 18 კაციანი შეიარაღებული ჯგუფი იყო, რომლებმაც, მოგვიანებით, დაკარგული ლაფანყურელები გაათავისუფლეს. გია ლორთქიფანიძის განცხადებით,შეიარაღებული ჯგუფის ვიზუალიდან და მათი მეტყველებიდან გამომდინარე, შესაბამისმა ორგანოებმა დაასკვნეს, რომ ისინი ჩეჩნები ან/და დაღესტნელები იყვნენ და მათთან მოლაპარაკების მიზნით ამ წრეებში ავტორიტეტი აჰმედ ჩატაევი მიიწვიეს. მისივე თქმით, შეიარაღებულ ჯგუფთან მოლაპარაკებაზე აჰმედ ჩატაევი, სანდრო ამირიძე და ზურაბ მაისურაძე წავიდნენ. თუმცა, მოლაპარაკება იარაღის დაყრასთან და ჩაბარებასთან დაკავშირებით ვერ შედგა. ამირიძე და მაისურაძე უკან დაბრუნდნენ, ჩატაევი კი, იმ მიზეზით, რომ მის მუსლიმ ძმებს ვერ დატოვებდა, ჯგუფთან დარჩა.
სახელმწიფოს ოფიციალური პოზიციით, გამომდინარე იქიდან, რომ მოლაპარაკება იმავე დღეს არ შედგა, 2012 წლის 28 აგვისტოს შსს-მ და კონტრტერორისტულმა ცენტრმა ერთობლივი სპეცოპერაცია დაიწყო. ოპერაციის შედეგად, შსს-ს განცხადებით, ჯგუფის 11 წევრი ლიკვიდირებული იქნა, აქედან ორი საქართველოს მოქალაქე და ხუთი რუსეთის მოქალაქე. სროლისას ასევე ორი ქართველი სპეცრაზმელი და ერთი ექიმი დაიღუპნენ. დანარჩენი წევრების დაპატიმრება ვერ მოხერხდა. ლორთქიფანიძის განცხადებით, ისინი ტყეში მიიმალნენ. შსს-მ აჰმედ ჩატაევი დააპატიმრა, რომელიც, მოგვიანებით, ახალი ხელისუფლების პირობებში, 2012 წლის დეკემბერში წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლდა, 2013 წლის 18 იანვარს კი მასზე სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდა. დივერსანტების წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 144-ე მუხლით აღიძრა, რომელიც მძევლად ხელში ჩაგდებას გულისხმობს და 7 დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
2013 წელს სახალხო დამცველის აპარატთან სპეციალური საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა, რომლის მიზანი სოფელ ლაფანყურთან ჩატარებული სპეციალური ოპერაციის შედეგად ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევის ფაქტების შესწავლა და დოკუმენტირება იყო. 2014 წელს სახალხო დამცველის აპარატმა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც, გარკვეულწილად, წინააღმდეგობაში მოდიოდა სახელმწიფოს ოფიციალურ ვერსიასთან. უჩა ნანუშვილის განცხადებით,ინციდენტის შესწავლამ გამოავლინა ფაქტები, რომლებიც მიუთითებენ, რომ შეტაკებაში მონაწილე შეიარაღებული დაჯგუფება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჩამოაყალიბა, აღჭურვა და გაწვრთნა. ამ საქმის სამართლიანად გამოძიების პასუხისმგებლობა ახალმა ხელისუფლებამ აიღო.
9 სექტემბერი, 2012- ბიძინა ივანიშვილი: „მე მინდა, ჩვენმა ქისტებმა, ჩვენმა თანამემამულეებმა, დაღუპულების ნათესავებმა და ახლობლებმა აუცილებლად იცოდნენ, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარ უბედურებას ჩვენ გამოუძიებელს არ დავტოვებთ. ყველაფერს გავარკვევთ და გპირდებით, რომ დამნაშავე არ დარჩება დაუსჯელი“.
- არჩილ კბილაშვილი (იმდროინდელი მთავარი პროკურორი): „ერთ-ერთი პირველი, რა დავალებაც იქნება ჩემგან მიცემული პროკურორებისთვის, ლაფანყურის ოპერაციასთან დაკავშირებული საქმის შესწავლაა. ვვარაუდობ, რომ პარასკევისთვის (16 ნოემბერი) უკვე უნდა მქონდეს დეტალური მონაცემები თუ სად, რა სტადიაზეა გამოძიება და კიდევ თუ არის რაიმე გასაკეთებელი“.
- ირაკლი ღარიბაშვილი: "ფაქტობრივად, ლაფანყურის საქმის გამოძიების ბოლო ეტაპზე ვართ, ძალიან მალე გაიგებს საზოგადოება, რა მოხდა რეალურად ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს, საიდან აღმოჩნდნენ ჩრდილო-კავკასიელი მებრძოლები ლაფანყურში. ამ ძალიან ბუნდოვანი სპეცოპერაციის გარშემო ბევრ კითხვას გაეცემა პასუხი".
- ბიძინა ივანიშვილი: „უახლოეს დროში გამოძიება დასრულდება და ჩვენ ძალიან ბევრ სიახლეს გავიგებთ. ძალიან ბევრ, მე მგონი, შოკის მომგვრელსაც კი, რომ ხელისუფლების მხრიდან თანამშრომლობა - ამაზე ეჭვებია - იგივე ბოევიკებთან და ტერორისტებთან და ეს შოკის მომგვრელი იქნება, ჩემთვის პირადად, თუ ეს დადასტურდა... და მთელი მსოფლიოსთვის“.
- ირაკლი ღარიბაშვილი: „ლაფანყურის საქმის გამოძიება წარმატებულად მიმდინარეობს. ეს სპეცოპერაცია წინა ხელისუფლების დროს სხვა ადამიანების მიერ ჩატარდა და ახლა სულ სხვა ადამიანები იძიებენ აღნიშნულ საქმეს“.
- ირაკლი ღარიბაშვილი: „ლაფანყურის საქმე მართლაც გაიწელა, მაგრამ რთული საქმეც იყო... მე მაქვს ინფორმაცია გამოძიებიდან, რომ ეს საქმე არის პრაქტიკულად ბოლომდე მიყვანილი... პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო გეგმავენ ერთობლივად ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელებას, გამოძიების შედეგების გამოქვეყნებას“.
ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, არ არის ცნობილი, არსებობს თუ არა ახალი გარემოებები საქმეზე. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ბოლო პერიოდში, პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლებში ეს საქმე თითქმის აღარ ხვდება.
ჯიჰადის მუქარის საქმე 2013 წლის 4 ივნისს ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ვიდეო, რომელიც საქართველოს პრეზიდენტისა და ავღანეთში მყოფი ქართული შეიარაღებული ძალების მიმართ მუქარას შეიცავდა.მუქარის შემცველი ვიდეო ქსელში ჰამად ზამანის სახელით აიტვირთა. 2013 წლის 7 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დაიწყო, რომელიც გულისხმობს ტერორისტული აქტის ჩადენისკენ მოწოდების მიზნით საქვეყნოდ ინფორმაციის გავრცელებას, რაც წარმოშობს ასეთი დანაშაულის საფრთხეს.
2013 წლის 3 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას აცნობა, რომ საქმე გამოძიებულია და დამნაშავეს დაუსწრებლად შეეფარდა პატიმრობა. შსს-ს განცხადებით:„ბრალდებული არის ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევი, რომელიც მაღალი კვალიფიკაციის მქონე IT სპეციალისტია. მან დანაშაული საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე ჩაიდინა. ვიდეომასალა, რომელიც გამოყენებულია მუქარის შემცველი ვიდეორგოლის შესაქმნელად, მოპოვებულია თავისუფალი წვდომის ინტერნეტსივრცეში. რგოლი შექმნილია ამ ვიდეომასალის დამონტაჟების შედეგად და მის დასამზადებლად ავტორს არ დასჭირვებია რომელიმე ქართული ტელეკომპანიის ვიდეო არქივთან უშუალო, ანუ ფიზიკური წვდომა. დანაშაული ჩადენილია აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან. კვალის დაფარვის მიზნით, სამარ ჩოკუტაევმა გამოიყენა ქართული GSM ოპერატორების (მაგთიკომი, ჯეოსელი, მობიტელი) USB ინტერნეტ-მოდემები. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთის ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე ვრცელდება საქართველოში მოქმედი სამივე GSM ოპერატორის სიხშირე, თავად ანძები კი, რომლებითაც ბრალდებული სარგებლობდა, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა განლაგებული“.
სამინისტროს განცხადებით, დადგენილია, რომ სამარ ჩოკუტაევმა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან, მალაიზიაში წინასწარ მომზადებული სერვერის გამოყენებით, დაშიფრული ხაზით შეაღწია ქ. თბილისში, ორ სხვადასხვა მისამართზე მდებარე კერძო სტრუქტურათა ოფისების ინტერნეტ-ქსელში და კვალის არევის მიზნით, იმგვარად ატვირთა მუქარის შემცველი ვიდეორგოლი აღნიშნულ ოფისებში განთავსებული როუტერების გამოყენებით, რომ შექმნილიყო შთაბეჭდილება, თითქოს დანაშაული ამ ოფისების მიმდებარე ტერიტორიაზე იქნა ჩადენილი.
ე.წ. „ჯიჰადის ვიდეოს“ საქმეზე იმ დროისთვის შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც ესაუბრა.
1 ოქტომბერი, 2013- ირაკლი ღარიბაშვილი: „მე მინდა სიამაყით განვაცხადო, რომ ჩვენი სამინისტროს თანამშრომლებმა ძალიან მაღალი პროფესიონალიზმი გამოავლინეს და ეს ურთულესი საქმე გახსნეს. ამერიკული მხარე გვეხმარებოდა აქტიურად აღნიშნული დანაშაულის გამოძიების საქმეში. დანარჩენი დეტალებისგან თავს შევიკავებ, რადგან გამოძიება გრძელდება, სანამ არ გავარკვევთ რეალურ მიზეზებს, თუ რატომ იქნა ეს ვიდეო დამზადებული, რატომ იქნა ატვირთული, რას ემსახურებოდა, რა მოტივაცია ჰქონდა ამ ადამიანს და ვინ იყო მისი მხარდამჭერი. ამ ეტაპისთვის მე ვფიქრობ, რომ საკმარისი ინფორმაცია მივაწოდეთ საზოგადოებას“.
- შსს: „ინტენსიური მუშაობა მიმდინარებს ჩვენს უწყებაში. ვამზადებთ შესაბამის მასალებს, რომელიც აუცილებელია პირის მიმართ (სამარ ჩოკუტაევი) წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადებისთვის და ამ მასალების მომზადების შემდგომ მივაწვდით თბილისის ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს. იგი თავის მხრივ ამ მასალებს გადაუგზავნის ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს და ყოველივე ამის შემდგომ პირის მიმართ ძებნა გამოცხადდება“.
სამარ ჩოკუტაევი ინტერპოლით. უცნობია ჰყავდა თუ არა ჩოკუტაევს თანამზრახველები, რა მოტივაცია ჰქონდა მას და რატომ დამზადდა ეს ვიდეო. საზოგადოებას კვლავ აქვს შეკითხვები ე.წ. „ჯიჰადის მუქარის საქმეზე“. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე გამოძიებულად გამოაცხადა, იგი დახურული მაინც არ არის და მის გარშემო კვლავ ბევრი კითხვის ნიშანი რჩება.
მაღაზიის თავზე აღმოჩენილი ცხედრების საქმე 2011 წლის 27 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც თავისუფლების მეტრო სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მაღაზიის თავზე ორი მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს. მათივე განცხადებით, წინასწარ მონაცემებზე დაყრდნობით, გარდაცვალების მიზეზი ელექტროსადენებთან მათი შეხება იყო. შსს ასევე სწავლობდა გარდაცვლილების შესაძლო კავშირს 26 მაისის აქციასთან, რომელიც ძალის გამოყენებით იქნა დაშლილი. დადგინდა, რომ გარდაცვლილები იყვნენ თბილისელი ნიკა კვინტრაძე და ვანელი სულიკო ასათიანი. გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
115-ე მუხლით, რომელიც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსია პირველად ეჭვქვეშ ნიკა კვინტრაძის მეგობარმა რევაზ რეხვიაშვილმა დააყენა. მან განაცხადა, რომ აქციაზე ის და კვინტრაძე ერთად იმყოფებოდნენ და მეგობარი მას შემდეგ დაკარგა, რაც აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმმა ალყაში მოაქცია. რეხვიაშვილის განცხადებით, ნიკა კვინტრაძე ან ადგილზე იყო მოკლული, ან დააპატიმრეს, მოკლეს და კვალის დაფარვის მიზნით შემდეგ მიიტანეს მისი სხეული მაღაზიის თავზე. 2011 წლის აგვისტოში ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში განადგურდა მასალები, რომლებიც გარდაცვლილების სხეულიდან იყო აღებული, ასევე განადგურდა ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები. მასალის განადგურების კანონიერი საფუძველი გახდა 2000 წლის 5 დეკემბერს, იმდროინდელი ჯანდაცვის მინისტრის, ავთანდილ ჯორბენაძის მიერ მიღებული კანონი "საქართველოში პათოლოგიურანატომიური სამსახურის შემდგომი გაუმჯობესების შესახებ", თუმცა თავად ჯორბენაძემ განაცხადა, რომ კანონი არანაირად არ ითვალისწინებს გამოძიებისთვის ხელის შეშლას და ისეთი საქმის შესახებ მტკიცებულებების განადგურებას, რომელზეც გამოძიება მიმდინარეობს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2011 წლის 26 მაისის აქციის ამსახველ ერთ-ერთ ფოტოზენიკა კვინტრაძის ზოგიერთმა მეგობარმა ამოიცნო პოლიციის მიერ დაკავებული და ასფალტზე დაწვენილი კვინტრაძე, რაც მათთვის იმ ფაქტის დადასტურება იყო, რომ კვინტრაძე ელექტროენერგიის ზემოქმედების შედეგად არ გარდაცვლილა. თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ახალ გარემოებას ყურადღება არ მიაქცია.
2011 წლის 6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა დამოუკიდებელი ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ორგანიზაციამ 2011 წლის 17 აგვისტოს დიდ ბრიტანეთში სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensicsშეუკვეთა. საიამ ბიუროს მიაწოდა ნიკა კვინტრაძის სავარაუდო დაკავების ვიდეოს ამსახველი ფოტო მასალა (რუსთავი 2-ის ეთერში გასული). ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ვიდეო მასალაში და იმ ფოტოზე, რომელზეც მოწმემ სავარაუდოდ ნიკა კვინტრაძე ამოიცნო, ასახულია ერთი და იგივე სცენა და ის სხვადასხვა თვალთახედვის არედან არის გადაღებული. ამდენად, ფოტო ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ აქციის ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეო და ფოტო მასალაზე გამოსახული პირი ნიკა კვინტრაძეა და აქციის დაშლის დროს ნიკა კვინტრაძე დაკავებული იყო პოლიციის მიერ. საია-ს განცხადებით, ფოტო ექსპერტიზის დასკვნა აძლიერებს ეჭვს, რომ ნიკა კვინტრაძე აქციის დაშლის დროს პოლიციის მიერ იყო დაკავებული აქციის ტერიტორიაზე და ის პოლიციის კონტროლის ქვეშ იმყოფებოდა. საია-მ დასკვნა გაუგზავნა პროკურატურას და სთხოვა სათანადო რეაგირება მტკიცებულებებზე. მიუხედავად ამისა, რაიმე ქმედითი ღონისძიება საქართველოს პროკურატურას არ გაუტარებია.
2012 წლის 12 დეკემბერს, ახალი ხელისუფლების პირობებში, გამოძიება ნიკა კვინტრაძის და სულიკო ასათიანის საქმეზე კვლავ განახლდა, თუმცა ეს საქმე დღემდე არ არის გამოძიებული. არ იძებნება ინფორმაცია, არის თუ არა საქმის ირგვლივ ახალი გარემოებები. ჩვენთვის უცნობია, ატარებს თუ არა პროკურატურა რაიმე სახის ქმედით ღონისძიებას აღნიშნული საქმის გამოძიებისთვის.