მიმდინარე წლის 6 თებერვალს, თოქ-შოუ "რეაქციაში," საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თინა ხიდაშელმა ეუთოს სასამართლო პროცესის მონიტორინგის ანგარიშის შესახებ ისაუბრა. დეპუტატის განცხადებით, საქართველოში შერჩევით სამართალზე ეუთოს (ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) დასკვნაში საუბარი არ არის. მისი თქმით, ანგარიშში წინასწარი პატიმრობის პრაქტიკის არასწორად გამოყენებაზე მართლაც არის მითითება, თუმცა ეს გადაწყვეტილებები მოსამართლეებს გამოაქვთ და არა პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, შესაბამისად სასამართლოს დამოუკიდებლობაში ეჭვის შეტანა უადგილოა.
2014წლის 9 დეკემბერს ეუთომ საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესების მონიტორინგის ანგარიში წარადგინა. დოკუმენტში, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებია განხილული. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო (OSCE/ODIHR) მადლობას უხდის საქართველოს ხელისუფლებას მონიტორინგის პროცესში თანამშრომლობისა და სასამართლო რეფორმის უწყვეტად განხორციელებისთვის. გარდა ამისა, დოკუმენტში, მონიტორინგის პროცესში გამოვლენილ ხარვეზებსა და სამართლიანი სასამართლოსთვის საფრთხის შემცველ ფაქტებზეცაა საუბარი. შესაბამისად, OSCE/ODIHR-მა გახმაურებულ საქმეებში გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირებით ხელისუფლებას რეკომენდაციებიც მისცა.
ეუთოს მონიტორინგის ანგარიშში (გვ. 6) ვკითხულობთ, რომ მონიტორინგის შედეგად სხვადასხვა სფეროში მთელი რიგი ხარვეზები გამოვლინდა: საზოგადოებრივი ნდობა სისხლის სამართლის სისტემის მიმართ, საჯარო განხილვის უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე უარის თქმისა და დუმილის უფლება, თავისუფლების უფლება, მხარეთა თანასწორობა, გონივრულ ვადაში გასამართლების უფლება, მოწმეთა გამოძახებისა და დაკითხვის უფლება, დასაბუთებული სასამართლო გადაწყვეტილების უფლება, ადვოკატის ყოლის უფლება და მოწმეთა დაცვა.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ჩარჩო, მთლიანობაში, დამოუკიდებელი სასამართლოს მიერ გასამართლების უფლებას უზრუნველყოფს. ასევე, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაშია კონსტიტუცია და სასამართლო აქტები, თუმცა, რამდენიმე საქმის შემთხვევაში ეუთოს მონიტორინგის მისია სასამართლოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვს გამოთქვამს. ეუთოს ანგარიშის მიხედვით, ამგვარ ეჭვებს მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის პრაქტიკა ამყარებს. ამ პრაქტიკამ შესაძლებელია მოსამართლეთა ხელშეუხებლობის დაცვა ვერ უზრუნველყოს. აღნიშნული შენიშვნა მოსამართლეთა ერთი სასამართლოდან მეორეში გადაყვანას და მოსამართლეთა შორის საქმეების განაწილების სრულიად გაუმჭვირვალე პროცესს ეხება, რაც მანიპულირებისა და ჩარევის შესაძლებლობას წარმოქმნის. მოსამართლეთა შეცვლა მიმდინარე საქმეების წარმოების პროცესში, ყოველგვარი განმარტების გარეშე, შიდა სახელმწიფოებრივ საპროცესო კანონმდებლობას არღვევს. მონიტორინგის მისიის შეფასებით, მსგავსი პრეცედენტები სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ (გვ.7) ოფიციალური პირების მიერ გაკეთებული კომენტარები მთელ რიგ სასამართლო პროცესებთან დაკავშირებით, ამ ოფიციალური პირების მხრიდან გარკვეული კონტროლისა და გავლენის არსებობაზე მიანიშნებდა, რაც თავის მხრივ საზოგადოებრივ განწყობაზე, პროკურატურის მიუკერძოებლობასა და სასამართლოს პოლიტიკურ ნეიტრალურობაზე ახდენდა გავლენას. მიუხედავად მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა, მოსამართლეები სასამართლო პროცესების ხელმისაწვდომობას ზღუდავდნენ და ხშირ შემთხვევაში მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების აუცილებლობას ვერ ასაბუთებდნენ. მონიტორინგის პროცესში სასამართლო სხდომების თარიღის, დროის და ჩატარების ადგილის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პრობლემაც გამოვლინდა.
მონიტორინგის ანგარიშის მიხედვით (გვ.8), ოფიციალური პირები უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს ხშირად არღვევდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა განაჩენის გამოტანამდე ამ პრინციპის მნიშვნელობა დააკნინეს და სასამართლოს განაჩენებს წინ გაუსწრეს, რამაც საზოგადოების თვალში დამნაშავის ბრალეულად წარმოჩენას შეუწყო ხელი. ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ მოსამართლეებმა დასაბუთების გარეშე უარი განაცხადეს წინასწარი პატიმრობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დაცვის მხარის შუამდგომლობაზე, რამაც სასამართლოს მიკერძოებულობის შთაბეჭდილება შექმნა.
ხარვეზები მხარეთა თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებითაც გამოვლინდა. სასამართლო პროცესის მსვლელობისას ბრალდებულებისთვის მათი უფლებების შესახებ სათანადო ინფორმაციის არმიწოდება, მათ ბრალდების მხარესთან შედარებით არათანაბარ პირობებში აყენებდა, რის შედეგადაც მოსალოდნელი იყო მხარეთა თანასწორობის პრინციპის რეალური დარღვევა. აგრეთვე, იყო შემთხვევები, როდესაც დაცვის ადვოკატს საქმის მოსამზადებლად საკმარისი დრო არ ეძლეოდა, რაც მხარეთა თანასწორობის პრინციპს არღვევდა.
ეუთოს რეკომენდაციით, აუცილებელია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის აუცილებლობის დასაბუთების მაღალი სტანდარტი დაწესდეს. ეუთო მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს კანონმდებლობაში ასახოს წინასწარი პატიმრობის პერიოდული გადახედვის მექანიზმები, სადაც მტკიცების ტვირთი, აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის გაგრძელების თაობაზე, ბრალდების მხარეს იქნება.
დასკვნა
ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს (OSCE/ODIHR) მონიტორინგის ანგარიშში, საქართველოში მიმდინარე სასამართლო პროცესებზე დაკვირვების შედეგად, საქართველოს სასამართლო სისტემაში გამოვლენილი ხარვეზების შესახებაა საუბარი. კერძოდ, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგმა რამდენიმე შემთხვევა დააფიქსირა, რამაც სამართლიანი სასამართლოს პრინციპი შელახა.
მართალია, ეუთოს ანგარიშში ტერმინი "შერჩევითი სამართალი" გამოყენებული არ არის, თუმცა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესებზე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით ეჭვი არაერთხელაა გამოთქმული. ფაქტ-მეტრი იზიარებს თინა ხიდაშელის მოსაზრებას, რომ ეს შესაძლოა სხვადასხვა ფაქტორებით აიხნას. მაგალითად, სასამართლოს არაპროფესიონალიზმით, კორუმპირებულობით, საზოგადოებაში გაბატონებული განწყობის გავლენით, ხელისუფლებაზე დამოკიდებულებისადმი მიდრეკილებით, მათ შორის ასევე პოლიტიკური გავლენით (შერჩევითი სამართალი) და სხვ. თუმცა, ეუთოს დასკვნაში ასევე ვკითხულობთ, რომ ოფიციალური პირები უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპს ხშირად არღვევდნენ და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა სასამართლოს განაჩენებს წინ გაუსწრეს, რამაც დამნაშავის ბრალეულად წარმოჩენას შეუწყო ხელი. გარდა ამისა, ამ პროცესებზე დაფიქსირდა საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით მოსამართლეთა შეცვლის სრულიად გაუმჭვირვალე ფაქტები, რომლებმაც ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, ან დასაბუთების გარეშე უარი განაცხადეს წინასწარი პატიმრობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებაზე.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, თინა ხიდაშელის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.