წლის 12 ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტო და მისი მოტივირებული შენიშვნები განიხილებოდა. კანონპროექტზე პრეზიდენტს ოთხი ძირითადი შენიშვნა ჰქონდა. აქედან, ერთ-ერთი საზოგადოებრივი მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტას ეხებოდა. ქვეყნის პირველი პირის აზრით, ამ ნორმის ამოქმედება მაუწყებლის დამოუკიდებლობას უქმნის საფრთხეს. პრეზიდენტის შენიშვნები საპარლამენტო უმრავლესობამ არ გაიზიარა და აღნიშნული კანონპროექტის თავდაპირველ რედაქციას დაუჭირა მხარი.
პარლამენტის მიერ მოწონებული კანონპროექტის 24–ე, 25–ე და 26–ე მუხლები ძალაში 2014 წლის პირველი იანვრიდან შევა. ეს ის მუხლებია, რომელთაც არსებული სამეურვეო საბჭოს დაშლა შეუძლიათ. 15 კაციან საბჭოში ამჟამად ორი ადგილი ვაკანტურია და იგი 2014 წლამდე არ შეივსება, ხოლო მიმდინარე წლის ბოლოს უფლებამოსილების ვადა გასდის საბჭოს 4 წევრს. შესაბამისად, საბჭოში რჩება ცხრა წევრი, რომელთაც, უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდებათ [ამათგან ოთხს უფლებამოსილების ვადა 2015 წლისთვის უმთავრდებოდათ, ხოლო ხუთს - 2017 წლისთვის].
სხდომის მსვლელობისას, პრეზიდენტის შენიშვნებზე ისაუბრა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ (კოალიცია–„ქართული ოცნება“, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი). მან განაცხადა: „არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის მხრიდან შემოთავაზებულ კანონპროექტზე თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა კონსულტაციები. შემდეგ, ჩვენ ეს კანონპროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით ექსპერტიზისთვის გადავუგზავნეთ ეუთოს მედიის უფლებების დამცველს – ქალბატონ დუნია მიატოვიჩს და სწორედ მის მიერ შემოთავაზებული რამდენიმე ვერსიიდან მოხდა არჩევანის გაკეთება 2014 წლის პირველი იანვრის სასარგებლოდ, რადგან ამ დროისთვის ჩავლილია საპრეზიდენტო არჩევნები და სამეურვეო საბჭოს წევრების არჩევა არ იქნება დაკავშირებული პოლიტიკურ პროცესებთან, ან რომელიმე პოლიტიკური ძალის ინტერესებთან.“
ფაქტ–მეტრი დაინტერესდა მართლაც ჰქონდა თუ არა ეუთოს წარმომადგენელს რეკომენდაცია ახალი სამეურვეო საბჭოს 2014 წლიდან არჩევასთან დაკავშირებით.
მიმდინარე წლის 25 მარტს, ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) წარმომადგენლობამ მედიის თავისუფლების საკითხებში, საქართველოს კანონში „მაუწყებლობის შესახებ“ შესატან ცვლილებებზე თავისი დასკვნა და რეკომენდაციებიგამოაქვეყნა. დასკვნაში ახალი კანონპროექტი დადებითადაა შეფასებული და აღნიშნულია, რომ იგი მიმდინარე კანონთან შედარებით წინგადადგმული ნაბიჯია და საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს. ეუთოს წარმომადგენლობას შენიშვნა გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებით ჰქონდა. დოკუმენტის ავტორის აზრით, კანონპროექტს გარდამავალი პერიოდის რეგულაციები აკლდა, რაც მაუწყებლის მოქმედი სამეურვეო საბჭოს არაორგანიზებულ და ნაჩქარევ დაშლას გამოიწვევდა. ორგანიზაცია ცვლილებების ავტორებს ურჩევდა მეტი ყურადღება დაეთმოთ გარდამავალი პერიოდისთვის [კანონპროექტის თავდაპირველ რედაქციაში, რომელიც ეუთოს წარმომადგენლობას გადაეგზავნა, ჯერ კიდევ არ იყო განსაზღვრული 24–ე, 25–ე და 26–ე მუხლების დაგვიანებით ამოქმედება. შესაბამისად, მოქმედი საბჭო კანონპროექტის დამტკიცებისთანავე უნდა დაშლილიყო].
ამ დოკუმენტის გარდა, ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაია ფანჯიკიძეს ოფიციალური წერილიც მისწერა. ამ წერილშიც საუბარია ახალი კანონპროექტის დადებით მხარეებზე, თუმცა ასევე ნახსენებია გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემები. მიატოვიჩის აზრით, არ უნდა მოხდეს მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მყისიერი დაშლა, რადგან ეს მაუწყებლის მუშაობას ხელს შეუშლის. დუნია მიატოვიჩი გარდამავალი პერიოდის რეგულაციის შესახებ ორ რეკომენდაციას იძლევა:
- იმ მუხლების ამოქმედება, რომლებსაც არსებული საბჭოს დაშლა შეუძლიათ, მოხდეს 2014 წლიდან.
- იმ მუხლების ამოქმედება, რომლებსაც არსებული საბჭოს დაშლა შეუძლიათ, მოხდეს მაშინ, როცა არსებული საბჭოს წევრების ნახევარი ამოწურავს თავისი უფლებამოსილების ვადას.
ელისო ჩაფიძის განცხადების გადამოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეუთოს წარმომადგენელმა მედიის თავისუფლების საკითხებში, დუნია მიატოვიჩმა, კანონპროექტის ავტორებს მართლაც მისცა რჩევა, თუ როგორ უნდა მომხდარიყო გარდამავალ პერიოდთან დაკავშირებული პრობლემის გადაწყვეტა. მის მიერ შეთავაზებული ორი ვარიანტიდან ავტორებმა პირველი აირჩიეს და გაითვალისწინეს.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ელისო ჩაფიძის განცხადება: „ჩვენ ეს კანონპროექტი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით ექსპერტიზისთვის გადავუგზავნეთ ეუთოს მედიის უფლებების დამცველს – ქალბატონ დუნია მიატოვიჩს და სწორედ მის მიერ შემოთავაზებული რამდენიმე ვერსიიდან მოხდა არჩევანის გაკეთება 2014 წლის პირველი იანვრის სასარგებლოდ“, არის სიმართლე.