ივლისს საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე, სახალხო დამცველმა, უჩა ნანუაშვილმა, პარლამენტარებს 2012 წლის ანგარიში გააცნო. დეპუტატებმა მომხსენებლს შეკითხვები დაუსვეს. კოალიაცია “ქართული ოცნების” წევრი, ელისო ჩაფიძე, დაინტერესდა, თუ როგორ აფასებს საქართველოს სახალხო დამცველი ციხეებში არსებულ მდგომარეობას: “თქვენ, როგორც საქართველოს სახალხო დამცველი, როგორ ფიქრობთ, გრძელდება ის პრაქტიკა რაც ჩვენ ვიხილეთ გასული წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბერში?” ამ საკითხთან დაკავშირებით, დეპუტატმა ასევე განაცხადა: “ევროკავშირის შეფასებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ციხეებში არსებული მდგომარეობა”.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა, რამდენად შეესაბამება ელისო ჩაფიძის მიერ გაკეთებული განცხადება სიმართლეს.
პირველ რიგში, თავად ელისო ჩაფიძეს დავუკავშირდით იმის გასაგებად, თუ ევროკავშირის რომელ შეფასებას ეყრდნობოდა თავის განცხადებაში. როგორც საუბრისას შევიტყვეთ, ის გულიხმობდა არა ევროკავშირის, არამედ ევროსაბჭოს, უფრო კონკრეტულად კი ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტის (CPT) 2013 წლის ანგარიშს.აღნიშნული კომიტეტი საქართველოს 2012 წლის 19-23 ნოემბერს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში, მათ შეისწავლეს გლდანის მერვე და ქუთაისის მეორე საპრყობილეში არსებული სიტუაცია, ასევე გამართეს მოლაპარაკებები სხვადასხვა ოფიციალურ პირებთან (თეა წულუკიანი, სოზარ სუბარი, არჩილ კბილაშვილი, ეკა ბესელია, ჩიორა თაქთაქიშვილი, თათა ხუნწარია). ვიზიტის მიზანი იყო გამოეკვლიათ, როგორ მიმდინარეობდა გამოძიება ციხეებში განხორციელებული წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით. ასევე, კომიტეტი დაინტერესებული იყო ახალი მთავრობის გეგმებით და ციხეებში არსებული მდგომარეობით. კომიტეტი დეტალურად იკვლევდა ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებსა და სამედიცინო მომსახურების პრობლემებს.
ამ ვიზიტის შედეგად შექმნილ ანგარიშში, რომელიც 2013 წელს გამოქვეყნდა, შეფასებულია ის ნაბიჯები, რომელიც ახალმა მთავრობამ გადადგა. ევროპის საბჭო დადებითად აფასებს ფართომასშტაბიან ამნისტიას, რადგან ამ ნაბიჯმა მნიშვნელოვნად შეამცირა ციხეებში პატიმართა რაოდენობა. მიუხედავად ამისა, კომიტეტი მიუთითებს, რომ ამნისტია არ არის პრობლემების გადაჭრის საუკეთესო გზა. პატიმართა რაოდენობის შესამცირებლად ევროპის საბჭო საქართველოს სთავაზობს შეიმუშავოს სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს თავისუფლების აღკვეთის, როგორც უკიდურესი ზომის გამოყენებას.
კომიტეტი დადებითად აფასებს სასჯელის შეკრებითობის პრინციპით დაწესების გაუქმებას, ასევე, ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გახშირებულ შეხვედრებსა და განხილული შუამდგომლობების რაოდენობის ზრდას.
რაც შეეხება თავად ციხეებში არსებულ მდგომარეობას, ევროპის საბჭოს კომიტეტმა შეისწავლა მდგომარეობა გლდანის მერვე და ქუთაისის მეორე საპრყობილეებში. ვიზიტის დროს გლდანში იმყოფებოდა 2 846, ხოლო ქუთაისში 1 330 პატიმარი. ევროპის საბჭო მოუწოდებს საქართველოს საპატიმრო ადგილებში მოახდინოს ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების განცალკევება.
ევროპის საბჭოს კომიტეტის ანგარიშში ვკითხულობთ: “ორ საპყრობილეში გამოკითხულ პატიმართაგან არცერთს არ განუცხადებია პრეტენზია ციხის პერსონალის მიერ უარყოფითი მოპყრობის შესახებ. პატიმართა უმრავლესობა ამბობს, რომ 2012 წლის 18 სექტემბრის შემდეგ პატიმრებისადმი დამოკიდებულება უკეთესობისკენ შეიცვალა. ამის მიზეზი არის ის, რომ ბევრმა თანამშრომელმა დატოვა პოზიცია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ კადრების გავრცელების შემდეგ, ზოგიერთი მათგანი გადაიყვანეს სხვა პოზიციაზე, ან საერთოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან.”
მიუხედავად ამისა, ევროპის საბჭო არასაკმარისად მიიჩნევს მხოლოდ პატიმრებთან ინტერვიუს და სთხოვს საქართველოს მთავრობას, მიაწოდოს მას სტატისტიკა 2012 წლისა და 2013 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში ციხის პერსონალის წინააღმდეგ შეტანილი საჩივრებისა და ამ საჩივრებზე რეაგირების შესახებ.
კომიტეტის ანგარიშზე საქართველოს მთავრობის პასუხისთანახმად ირკვევა, რომ 2013 წლის იანვრიდან აპრილამდე ციხის ადმინისტრაციის წინააღმდეგ 438 საჩივარი შევიდა. აქედან 150 საჩივარზე იყო შესაბამისი რეაგირება ციხის ადმინისტრაციისა და პროკურატურისგან. აღნიშნული 438 საჩივრიდან 151 ეხებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს. საქართველოს მთავრობის პასუხიდან არ ირკვევა, თუ კონკრეტულად რამდენ მათგანზე იყო შესაბამისი რეაგირება.
ევროპის საბჭოს კომიტეტი საეჭვოდ მიიჩნევს ციხეებში დაფიქსირებულ უბედურ შემთხვევებსა და პატიმართა დაზიანებებს. კომიტეტი სთხოვს საქართველოს მთავრობას გამოიძიოს ეს შემთხვევებიც.
ზოგადად, კომიტეტის ანგარიშში ნათქვამია, რომ პატიმართა რაოდენობის შემცირება დადებითად აისახა საპატიმრო ადგილებში არსებულ პირობებზე. მიუხედავად ამისა, ყველა პატიმარს არ აქვს საერთაშორისოდ დადგენილი 4მ2სივრცე საკანში. ევროპის საბჭო მოუწოდებს საქართველოს საბოლოოდ აღმოფხვრას ეს პრობლემაც. კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, პატიმრებს მეტ-ნაკლებად აქვთ საკმარისი პირადი ჰიგიენის საშუალებები და საკვები.
ევროპის საბჭოს ანგარიშში მითითებულია, რომ გლდანის მერვე საპყრობილეში სამედიცინო დახმარების კუთხით სიტუაცია გაუმჯობესებულია. კომიტეტის შეფასებით, 2010 წლის ვიზიტთან შედარებით, გაზრდილია სამედიცინო პერსონალისა და ფარმაცევტების რაოდენობა, ასევე გახშირებულია ექიმების ვიზიტები სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტიდან. ანგარიშში დადებითადაა შეფასებული ქუთაისის მეორე საპყრობილეში არსებული სამედიცინო დახმარება.
დასკვნაევროპის საბჭოს პოზიცია გამოკვეთილია მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებთან მიმართებით. დადებითადაა შეფასებული ფართომასშტაბიანი ამნისტია, შეკრებითობის პრინციპის გაუქმება და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გახშირებულ შეხვედრები. უშუალოდ ციხეებში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით წამების წინააღმდეგ კომიტეტი აღნიშნავს, რომ ციხეებში პატიმართა კლება დადებითად აისახა იქ არსებულ პირობებზე. ასევე, ანგარიშში მითითებულია, რომ გაუმჯობესებულია ციხეებში არსებული სამედიცინო დახმარება. მიუხედავად ამისა, კომიტეტი აღნიშნავს, რომ ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემა გადაუჭრელი რჩება და საქართველოს მთავრობამ მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგას.
კონტექსტის გათვალისწინებით, დეპუტატი ელისო ჩაფიძე განცხადებაში კონკრეტულად წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კუთხით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას გულისხმობდა. ევროპის საბჭოს წამების წინააღმდეგ კომიტეტის ანგარიშის მიხედვით, პატიმრებთან საუბრის შედეგად 2012 წლის 18 სექტემბრის შემდეგ ქუთაისის მეორე და გლდანის მერვე საპყრობილეში არ ფიქსირდება წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები. მიუხედავად ამისა, წამების წინააღმდეგ კომიტეტი არ აფიქსირებს საკუთარ მოსაზრებას ამ კუთხით ციხეებში დღეს არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით.
შესაბამისად, ჩვენ ვასკვნით, რომ ელისო ჩაფიძის განცხადება, “ევროკავშირის შეფასებით მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა ციხეებში არსებული მდგომარეობა”, არის ნახევრად სიმართლე.