მიმდინარე წლის 2 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგარადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ზაფხულის ტურისტული სეზონი შეაჯამა. მისი განცხადებით, "რვა თვეში ტურისტთა რაოდენობა 17.4%-ით, საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა კი, 8.2%-ით გაიზარდა".
ფაქტ-მეტრმა აღნიშნული განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
მიმდინარე წლის რვა თვის მონაცემებით,ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობამ 4 248 ათასი შეადგინა, რაც 8.2%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთაშორისო მოგზაურთა შორის 1 852 ათასი ტურისტი იყო, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლზე 17.4%-ით მეტია. ტურისტებად ის ვიზიტორები მოიაზრებიან, რომლებიც ქვეყანაში 24 სააათზე მეტი დროით რჩებიან.
ჩვენ გადავამოწმეთ, თუ როგორი ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წინა წლებში.
გრაფიკი 1:
საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა და ზრდის ტენდენცია, 2006-2015 წლები
როგორც ცხრილშია ნაჩვენები, 2006 წლიდან დღემდე ვიზიტორთა რაოდენობის ყველაზე დაბალი ზრდის ტემპი 2014 წელს დაფიქსირდა, რაც რეგიონში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობით და, ასევე, გამკაცრებული სავიზო პოლიტიკით იყო გამოწვეული. 2015 წლიდან, საქართველოს სავიზო პოლიტიკის გამოსწორების შედეგად, ვიზიტორების რაოდენობა კვლავ დასტაბილურდა და პროცენტული ზრდის ტემპი 7%-მდე გაიზარდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის რვა თვეში დაფიქსირებულ 8%-იან ზრდას, უნდა აღვნიშნოთ, რომ ზაფხულის სეზონზე ვიზიტორების ნაკადის ზრდას რეგიონში არსებულმა ვითარებამ შეუწყო ხელი, კერძოდ, რუსეთსა და თურქეთს შორის არსებულმა მდგომარეობამ. მიმდინარე წლის აგვისტოს თვის მონაცემებით, რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა და 179 ათასი შეადგინა.
გრაფიკი 2:
საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობა, 2011-2016 (9 თვე) წლები
როგორც აღვნიშნეთ, ტურისტებად ის ვიზიტორები მოიაზრებიან, რომლებიც ქვეყანაში 24 საათზე მეტი დროით რჩებიან. თუ წინა წლების მონაცემებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მიმდინარე წელს ტურისტების რაოდენობის პროცენტული ზრდა ბოლო სამი წლის მანძილზე დაფიქსირებულ მაჩვენებლებს აღემატება.
დასკვნა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზღვრის კვეთის მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წლის რვა თვის სტატისტიკით, ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 8.2%-ით გაიზარდა და 4 მილიონ 248 ათასი შეადგინა.
რაც შეეხება ტურისტებს, 2016 წლის რვა თვის მონაცემებით, ქევეყანაში 1 852 ათასი ტურისტი შემოვიდა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მათი რიცხვი 17.4%-ით გაიზარდა.
ამდენად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება არის სიმართლე.