მიმდინარე წლის 2 ივლისს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ, ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ საქსტატის მონაცემები მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით არადამაჯერებელია. „მე საქსტატის მეთოდოლოგიასთან მაქვს კითხვები, რომელიც გამოკითხვას ეფუძნება. მინიმალური ვალიდური რაოდენობის ადამიანებს გამოკითხავენ, ბოლო ხანებში აფთიაქში მისვლა რომ მოუწიათ, გაძვირდა თუ გაიაფდა მდიკამენტები და სტატისტიკა ამ პასუხებზე არის დაფუძნებული. რეალურად, წამლის ფასების მონიტორინგი ხდება ე.წ. ლოტების მეთოდით. ვერ დავადასტურებ, რომ მედიკამენტები გაძვირდა, არამედ პირიქით გაიაფდა“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
ფაქტ-მეტრი დაინტერესდა ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით და გადავამოწმეთ რა მეთოდოლოგიას იყენებს საქსტატი მედიკამენტებზე ფასების ცვლილების დასადგენად.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის განმარტებით, ის მედიკამენტებზე (ფარმაცევტულ ნაწარმზე) ფასების პროცენტული ცვლილების დასადგენად სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგიას იყენებს. აღნიშნული მეთოდოლოგია გულისხმობს საქონლისა და მომსახურეობის ფასებზე დაკვირვებას. სამომხმარებლო ფასების რეგისტრაცია ხორციელდება ყოველი თვის 10-დან 20 რიცხვის ჩათვლით საქართველოს ხუთ ქალაქში (თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი). ფასებზე ადგილობრივი დაკვირვებისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდოლოგიები:
- ფასების რეგისტრატორი პირადად მიდის დაკვირვების ობიექტზე და აფიქსირებს წინასწარ შერჩეული კონკრეტული საქონლის ან მომსახურეობის ფასს.
- ფასების რეგისტრატორი სატელეფონო ზარის საშუალებით იგებს შესაბამისი საქონლის ან მომსახურეობის ფასს. სწორედ ამ უკანასკნელი მეთოდით ხორციელდება მედიკამენტების ფასებზე დაკვირვება.
საქსტატი ყველაზე ფართო მოხმარების მედიკამენტების ფასებს აკვირდება. ესენია: სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები. „მედიკამენტების ფასების შესახებ ინფორმაციას აფთიაქები გვაწვდიან“ - ამბობს ჩვენთან საუბრისას საქსტატის წარმომადგენელი და კატეგორიულად უარყოფს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას, სადაც აღნიშნულია, რომ საქსტატი მედიკამენტების ფასების ცვლილებას მოსახლეობის გამოკითხვით ადგენს.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2014 წლის პირველ 6 თვეში (იანვარ-ივნისში), გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასების საშუალო ზრდამ 6% შეადგინა. 2014 წლის მაისში წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, მედიკამენტებზე ფასები 8%-ით, ხოლო ივნისში 7.6%-ით გაიზარდა.
2014 წლის იანვარში გასულ თვესთან შედარები მედიკამენტები 0.4%-ით გაიაფდა, თებერვალში მედიკამენტების ფასების მკვეთრად გაიზარდა, ასევე გაიზარდა მარტში. აპრილში, მაისში და ივნისში მედიკამენტების ფასები გასულ თვესთან შედარებით თითქმის უცვლელია.
დავით სერგეენკო თავის განცხადებაში მედიკამენტების გაიაფების ტენდენციაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 ივლისიდან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები 60%-ით გაიაფდა. თუმცა, ეს პროგრამა ჯამში 10 000 ბენეფიციარზე იყო გათვლილი და შესაბამისად, დიდ გავლენას მთლიან სააფთიაქო ბაზარზე ვერ მოახდენდა. მიუხედავად იმისა, რომ საქსტატის მონაცემებით ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა, ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ, რომ მედიკამენტების სხვა ჯგუფებში (მაგ. ძვირადღირებული ან კონკრეტული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები) გაიაფების ტენდენცია მართლაც რეალობა იყოს. სრული სურათის დასანახად, ჩვენ მიმდინარე წლის 14 ივლისს ჯანდაცვის სამინისტროსგან მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოვითხოვეთ, თუმცა, მათგან აღნიშნულ ინფორმაციაზე პასუხი არ მიგვიღია.
დასკვნა
სტატისტიკის ეროვნული სამსახური მედიკამენტების იმ ჯგუფს აკვირდება, რომელიც სამომხმარებლო კალათაში შედის. ესენია ყველაზე ფართო მოხმარების მედიკამენტები: სისხლძარღვთა გამაფართოებელი მედიკამენტები, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, ვიტამინები, საჭმლის მომნელებელი სისტემის პრეპარატები, ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები.
საქსტატი მედიკამენტებზე ფასების პროცენტული ცვლილების დასადგენად სამომხმარებლო ფასების ინდექსის გაანგარიშების მეთოდოლოგიას იყენებს, რომელიც საქონლის ფასებზე დაკვირვებას გულისხმობს. როგორც სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში განგვიმარტეს, მედიკამენტების ფასების შესახებ ინფორმაციას ისინი უშუალოდ აფთიაქებისგან იღებენ. შესაბამისად, ჯანდაცვის მინისტრის განცხადების პირველი ნაწილი საქსტატის მეთოდოლოგიასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.
საქსტატის არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასები გაიზარდა. 2014 წლის მაისში ფართო მოხმარების მედიკამენტებზე ფასები წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8%-ით, ხოლო ივნისში 7.6%-ით გაიზარდა. 2014 წლის პირველ 6 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მედიკამენტებზე ფასების საშუალო ზრდამ 6% შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 1 ივლისიდან C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები 60%-ით გაიაფდა. შესაძლოა, ასევე გაიაფდა მედიკამენტები სხვა ჯგუფებშიც (მაგ. ძვირადღირებული ან კონკრეტული დაავადების სამკურნალო მედიკამენტები). ფაქტ-მეტრი ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა და მედიკამენტების ფასების ცვლილების სტატისტიკური მონაცემები ოფიციალურად გამოითხოვა. თუმცა, აღნიშნული ინფორმაცია ვერ მივიღეთ.
ჩვენ ვასკვნით, რომ დავით სერგეენკოს განცხადება არის მეტწილად მცდარი.