თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ, ტელეკომპანია "მაესტროში" სტუმრობისას მერიის მიერ განხორციელებულ პროექტებზე, მათ შორის "მილიონი ხის" პროექტზეც ისაუბრა: "ნახევარ მილიონამდე ხე ჩვენ ნამდვილად დავრგეთ და ეს არის აბსოლუტურად რეალური მონაცემი. ჩვენ გამწვანების ღონისძიებები ჯერ კიდევ 2014 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ. ხეები დაირგო ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, საბავშვო ბაღებისა და სკოლების ეზოებში. დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე რამდენიმე ათეულ ათასობით ხე დაირგო. ასევე, ხეები დაირგო თბილისის ზღვის ტერიტორიაზე".
მკითხველის თხოვნით, ფაქტ-მეტრმა ამ განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
დავით ნარმანიას წინასაარჩევნო პროგრამაშიქალაქის გამწვანება ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო. "ჩვენ ვიზრუნებთ ქალაქის ეკოლოგიაზე, ტყის აღდგენასა და რეკრეაციული ზონების გაფართოებაზე. ჩვენ დედაქალაქში დავრგავთ და გავახარებთ მილიონამდე ხეს" - აღნიშნავდა ნარმანია.
ფაქტ-მეტრმა თბილისის მერიას წერილობით მიმართა და პროექტ "მილიონი ხის" მიმდინარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია გამოითხოვა. მერიის ინფორმაციით,მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ 2014-2015 წლებში დედაქალაქში 480 200 ძირი ხე დაირგო, საიდანაც 452 190 ერთეული ნერგი შესყიდულია, დანარჩენი კი სხვადასხვა კომპანიისგან საჩუქრად არის მიღებული. ნერგების დიდი ნაწილი თბილისის დენდროლოგიური პარკის და ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე არის დარგული.
საკითხის საფუძვლიანად შესწავლის მიზნით, ფაქტ-მეტრი პროექტ "მილიონი ხის" ფარგლებში გაფორმებულ ხელშეკრულებებს გაეცნო. პროექტის ფარგლებში სულ 23 ხელშეკრულება გაფორმდა. მათგან, გამარტივებული შესყიდვის წესით 4 ხელშეკრულება, ხოლო დანარჩენი 19 კი ელექტრონული ტენდერის საფუძველზე გაფორმდა. ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება 1 264 436 ლარია. ყველაზე ძვირადღირებული ხელშეკრულება თბილისის მერიასა და სსიპ "ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას" შორის 2015 წლის 15 სექტემბერს გაფორმდა. ხელშეკრულების ღირებულება 270 700 ლარია და 269 100 ცალი ნერგის შეძენას ითვალისწინებს. სსიპ "ეროვნულ სატყეო სანერგე მეურნეობას" და მერიას შორის "მილიონი ხის" პროექტის ფარგლებში სულ 4 ხელშეკრულება გაფორმდა და ჯამში 315 720 ნერგი იქნა შესყიდული. ნერგები თბილისის დენდროლოგიური პარკის და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დასარგავად იყო განკუთვნილი.
ჩვენ თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურს დარგული ნერგების მონიტორინგთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ. მათი ინფორმაციით, დარგული ხეების მონიტორინგს თავად ახორციელებენ, მაგრამ ნერგების გახარების კოეფიციენტთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაცია გაზაფხულზე, ვეგეტაციის პერიოდის დამთავრების შემდეგ გახდება ცნობილი. მათივე თქმით, ხელშეკრულების თანახმად, კონტრაქტორ კომპანიებს მათ მიერ დარგული ხეების 2 წლიანი მოვლა-პატრონობა 100%-იანი გახარებით ევალებათ. ნარგავების ხმობის ან დაზიანების შემთხვევაში კონტრაქტორი ვალდებულია დაზიანებული ნერგები რგვის სეზონზე ახლით ჩაანაცვლოს.
ფაქტ-მეტრის მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, "მილიონი ხის" პროექტის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებების ნაწილი ნერგების შესყიდვას დარგვით, ნაწილი კი დარგვის გარეშე, მხოლოდ შესყიდვას ითვალისწინებდა. ხელშეკრულებების მიხედვით, 330 720 (მთლიანად დარგული ნერგების 76%) ნერგის მხოლოდ შესყიდვა იყო გათვალისწინებული. მათ შემდგომ დარგვა-გახარებაზე მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურს უნდა ეზრუნა. აქედან გამომდინარე, კონტრაქტორი ფირმები მთლიანი ნერგების მხოლოდ 24%-ის გახარებაზე იყვნენ პასუხისმგებელნი. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ხელშეკრულებების უმრავლესობის მოქმედების ვადა ერთ წელს არ აღემატება. 2015 წლის აპრილში შვიდ ხელშეკრულებას ვადა უკვე ამოეწურა (20 220 ნერგი). კონტრაქტორების ინფორმაციით, ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ გახარებულ ნერგებზე უკვე მერიას უნდა ეზრუნა. ამასთან, "მილიონი ხის" პროექტის ერთ-ერთმა მსხვილმა კონტრაქტორმა გვითხრა, რომ გახარების 100%-იანი მაჩვენებელი უტოპიურია და ყველაზე უკეთეს შემთხვევაში ნერგების გახარების 80%-იანი მაჩვენებელი შეიძლება დაფიქსირდეს. ამ თემაზე ჩვენ განმარტება მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურსაც ვთხოვეთ, მაგრამ, მცდელობის მიუხედავად, პასუხი ვერ მივიღეთ.
ფაქტ-მეტრმა "მილიონი ხის" პროექტთან დაკავშირებით კომენტარი ორგანიზაცია "პარტიზანული მებაღეობის" დამფუძნებელს, ნატა ფერაძესაც სთხოვა. "მერიის მიერ დარგული ნერგების უმრავლესობა ეს არის ე.წ. სტარტერები ანუ ჩითილები, რომლებიც შემდგომი ზრდისთვის სხვა სანერგეში უნდა გადაირგოს და დაახლოებით 2-3 წელი სჭირდება იმისთვის, რომ დასარგავ ნერგად იქცეს. ქალაქში დასარგავი ნერგი 1.5-2 მეტრი სიმაღლის მაინც უნდა იყოს. გარდა ამისა, იმისთვის, რომ ახლადდარგულმა ნერგმა გაიხაროს, კვირაში 2-3-ჯერ მორწყვა მაინც სჭირდება. ეს, რა თქმა უნდა, მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურს და არც მის კონტრაქტორ კომპანიებს არ განუხორციელებიათ. ჩვენ ვნახეთ დენდროლოგიურ პარკში დარგული ნერგები, რომლებიც არანაირ სტანდარტს არ შეესაბამებიან (ეს იყო პატარა ჯოხები და არა ნერგები). დარღვეულია ხის დარგვის სტანდარტიც. ქალაქში დარგულ ნერგებს შორის მანძილი 5 მეტრი მაინც უნდა იყოს. იქ დარგული ნერგები კი ერთმანეთისგან მხოლოდ 0.5 მეტრით არიან დაშორებულნი. ერთადერთი, ნორმალური ხეები მელიქიშვილის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო. აქედან გამომდინარე, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია განვაცხადო, რომ დარგული ნერგებიდან მხოლოდ ძალიან სიცოცხლისუნარიანმა ნერგმა შეიძლება გაიხაროს, ანუ მხოლოდ 0.5%-მა" - განაცხადა ჩვენთან საუბრისას ფერაძემ.
ნერგის გახარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა მის ზომას ენიჭება. ჩვენ თბილისის მერიის მიერ შესყიდული ნერგების ზომითაც დავინტერესდით. გაირკვა, რომ შესყიდული ნერგებიდან (452 190) 41 260 ნერგი 120-160 სმ სიმაღლისაა, 170-220 სმ სიმაღლის კი მხოლოდ 7 500 ნერგია. დანარჩენი ნერგების, ანუ მთლიანად შესყიდული ნერგების 89%-ის სიმაღლე 0.25-1 მეტრს შორის მერყეობს.
ჩვენ ნერგების ზომასთან და ნერგებს შორის დაშორების მანძილთან დაკავშირებით კომენტარი მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურსაც ვთხოვეთ. სამსახურის ინფორმაციით, ურბანული გამწვანების სამუშაოების შესრულებისას მათი სამსახური ბოტანიკური ბაღის და ბოტანიკის ინსტიტუტის რეკომენდაციებით ხელმძღვანელობს. მათი რეკომენდაციის მიხედვით, ე.წ. სტარტერები სტანდარტული განაშენიანების 2-3 წლიანი ნერგებია, რომელთა გახარების კოეფიციენტი მაღალია. რაც შეეხება დენდროლოგიურ პარკში დარგულ ნერგებს შორის მანძილს, იქ ნერგები ტყის გაშენების დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, 1-1.5 მეტრის დაშორებით არის დარგული. ქალაქში, გამწვანების პროგრამის ფარგლებში დარგულ ხე-მცენარეებს შორის მანძილი კი 2.5-3 მეტრია.
ფაქტ-მეტრი "პარტიზანული მებაღეობის" წარმომადგენელთან ერთად დენდროლოგიური პარკის და გლდანის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, სადაც "მილიონი ხის" პროგრამის ფარგლებში დარგული ნერგები ნახა (სრული ფოტომასალა იხილეთ ამ ბმულზე).ნერგების დიდი ნაწილი არის მცირე ზომის (დაახლოებით 0.5-0.7 მ), მათ შორის მანძილი დაახლოებით 0.6 მეტრია და დარგული ნერგების უმეტესობა უკვე გამხმარია (ძირითადად კვიპაროსები). რაც შეეხება შესყიდული ნერგების ღირებულებას, ერთი ნერგის ღირებულება 0.5-10 ლარს შორის მერყეობს, რაც ნერგის სიდიდეზეა დამოკიდებული. დენდროლოგიურ პარკში დარგული ნერგებიდან ყველაზე იაფი 0.5 ლარი, ხოლო ყველაზე ძვირი - 5 ლარი (1 000 ცალი ჰიმალაის კედარი) ღირს.
[gallery columns="4" link="file" ids="21365,21366,21367,21368,21369,21370,21379,21380"]
დასკვნა
მერიიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, დედაქალაქში 2014-2015 წლებში სულ 480 200 ძირი ხე-მცენარე დაირგო, რისთვისაც ბიუჯეტიდან 1 264 436 ლარი დაიხარჯა. დარგული ნერგების 89%-ის სიმაღლე 0.5-1 მეტრს შორის მერყეობს.
თბილისის მერიის ეკოლოგიის და გამწვანების სამსახურის ინფორმაციით, გაფორმებული ხელშეკრულებების თანახმად, კონტრაქტორ კომპანიებს მათ მიერ დარგული ხეების 2 წლიანი მოვლა-პატრონობა 100%-იანი გახარებით ევალებათ. თუმცა, ხელშეკრულებების მიხედვით, ასეთი ნერგები მთლიანად დარგული ნერგების მხოლოდ 24%-ს შეადგენენ. ასევე, ხელშეკრულებების უმრავლესობას ვადა 2015 წლის აპრილში ამოეწურა.
შეძენილი ნერგების 76%-ის დარგვა-გახარება მერიას უნდა განეხორციელებინა. დარგული ნერგების მონიტორინგსაც ასევე მერიის გამწვანების სამსახური ახორციელებს. ამ სამსახურის ინფორმაციით, ნერგების დარგვა შესაბამისი სტანდარტებით განხორციელდა. მათივე ინფორმაციით, ის თუ რამდენმა გაიხარა დარგული ხეებიდან, ზუსტად გაზაფხულზე, ნერგების ვეგეტაციის პერიოდის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.
"პარტიზანული მებაღეობის" პოზიციის მიხედვით, შესაძლოა თბილისში ნახევარი მილიონი ხე ნამდვილად დაირგო, თუმცა, დარგული ხეების უმრავლესობა სავარაუდოდ ვერ გაიხარებს. ჩვენ დენდროლოგიური პარკის ტერიტორიაზე თავადაც ვიმყოფებოდით, სადაც ვნახეთ, რომ დარგული ხეების დიდი ნაწილი უკვე გამხმარია, უმეტესობა მცირე ზომისაა და მათ შორის დაშორებაც მინიმალურია.
ფაქტ-მეტრი არ გამორიცხავს, რომ ნახევარი მილიონი ნერგი დაირგო, მაგრამ მთავარი კითხვა - დარგული ნერგებიდან რამდენმა გაიხარა, (ანუ, რამდენად შესრულდა მერის დაპირება და რამდენად მიზნობრივად დაიხარჯა ბიუჯეტიდან 1 200 000 ლარი) ოფიციალურად კვლავ პასუხგაუცემელია. მიმდინარე წელს მერია 180 000 ნერგის დარგვას და ამ მიზნით 900 000 ლარის დახარჯვას აპირებს. იმედს ვიტოვებთ, რომ 900 000 ლარი მიზნობრივად დაიხარჯება და 180 000 ნერგის დარგვა მხოლოდ "მილიონი ხის" პროექტის სტატისტიკას არ მიემატება.
ფაქტ-მეტრი მომავალშიც გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობას და შედეგების შესახებ საზოგადოებას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდის. ამ ეტაპზე კი ვასკვნით, რომ დავით ნარმანიას განცხადება არის მცდარი.