რუსთავი 2-ის ეთერში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად ძიძიგურმა, მთავრობის ცვლილების შემდეგ საქართველოში შექმნილ ხელსაყრელ ბიზნესგარემოზე ისაუბრა. მისი თქმით: "[წინა მთავრობის დროს] ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში ბიზნესი დავას 100%-ით აგებდა. ბოლო ორი წლის სტატისტიკის მიხედვით, დავების 44%-ში ბიზნესმა გაიმარჯვა, 40%-ში სახელმწიფომ და 16% მორიგებით დასრულდა".
ფაქტ-მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
დავების საბჭოსაქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ საგადასახადო დავების განმხილველ ორგანოს წარმოადგენს. საბჭოს თავმჯდომარე საქართველოს ფინანსთა მინისტრია, ხოლო მისი წევრები აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები არიან.
საქართველოს საგადასახადო კოდექსისმიხედვით, დავების საბჭო საჩივრის განხილვისას სამართლიანობის, ობიექტურობის და მხარეთა თანასწორობის პრინციპებით ხელმძღვანელობს. საგადასახადო დავა ორ ეტაპიანია და საჩივრის შემოსავლების სამსახურში წარდგენით იწყება. შემოსავლების სამსახურში, მომჩივანისთვის არასასურველი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მომჩივანს უფლება აქვს ეს გადაწყვეტილება დავების განხილვის საბჭოში გაასაჩივროს. ასევე, დავის ნებისმიერ ეტაპზე მომჩივანი უფლებამოსილია საქმის განსახილველად სასამართლოს მიმართოს.
დავების საბჭოში საჩივარი ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შეაქვთ. ქვემოთ მოცემული გრაფიკი 2009 წლიდან 2014 წლის ჩათვლით საბჭოში შესული საჩივრების სტატისტიკას ასახავს.[1]გრაფიკი 1:
საჩივრების რაოდენობა წლების მიხედვით (%)
სტატისტიკის მიხედვით, 2009-2012 წლებში დაუკმაყოფილებელი საჩივრების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009 წელს (57%), ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2011 წელს დაფიქსირდა (19%).
რაც შეეხება 2013 და 2014 წლებს, 2013-ში განხილული საქმეებიდან მომჩივანთა სასარგებლოდ 51% დასრულდა, ხოლო სახელმწიფოს სასარგებლოდ კი - 30%. გასულ წელს, ბიზნესმენთა მიერ შეტანილი საჩივრები 1 062 (42%) შემთხვევაში სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, 1 052 (41%) მომჩივანს უარი ეთქვა, ხოლო 436 (17%) შემთხვევაში საჩივარი განუხილველი დარჩა (მომჩივნის მიერ სხვადასხვა პროცედურული მოთხოვნის ან დავის შეწყვეტის გამო).
სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის დავებზე ფაქტ-მეტრი ადრეც წერდა. დასკვნასტატისტიკა გვიჩვენებს, რომ 2014 წელს კერძო პირების სასარგებლოდ მეტი საჩივარი დაკმაყოფილდა ვიდრე სახელმწიფოს სასარგებლოდ. ანალოგიური ვითარება იყო 2012 და 2011 წლებშიც. 2009 და 2010 წლებში საჩივრების დიდი ნაწილი არ კმაყოფილდებოდა, თუმცა ბიზნესის მიერ წაგებული დავების 100%-იანი მაჩვენებელი არასდროს დაფიქსირებულა.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, ზვიად ძიძიგურის განცხადება არის მეტწილად მცდარი.
ავტორის შენიშვნა: 2014 წლის სტატისტიკა მხოლოდ მიმდინარე წლის აპრილში გახდა ცნობილი. სწორედ ამიტომ, სტატია დაგვიანებით გამოქვეყნდა. ამასთან, 2009 წლამდე ანალოგიური სტატისტიკური მონაცემები არ მოიპოვება.