ბოლო პერიოდში 20%-ით გაიზარდა იმ მგზავრების რაოდენობა, რომლებიც აეროპორტმა გაატარა".
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობა 2011 წლის ნოემბერში დაიწყო და განახლებული სახით ექსპლუატაციაში 2012 წლის 27 სექტემბერს შევიდა. აეროპორტის მფლობელი შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა". აღსანიშნავია, რომ ქუთაისის აეროპორტში აქცენტი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიების მოზიდვასა და სამგზავრო ბილეთების დაბალ ფასზე გაკეთდა. გახსნის დღიდან, აეროპორტი 3 331-ზე მეტ საჰაერო რეისს მოემსახურა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით,ქუთაისის აეროპორტის მიერ მიღებული მგზავრთა ნაკადი 2012-2014 წლებში ყოველწლიურად იზრდებოდა.
ცხრილი 1:
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა ნაკადის წლიური სტატისტიკა
წელი | რაოდენობა | პროცენტული ცვლილება |
2010 | 7 557 | |
2011 | 4 489 | –41% |
2012 | 13 019 | 190 % |
2013 | 184 246 | 1315 % |
2014 | 213 839 | 16 % |
2015 | 183 804 | –14% |
როგორც ცხრილშია ნაჩვენები, მგზავრთა ნაკადის ყველაზე მაღალი ზრდა 2013 წელს დაფიქსირდა. 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი შემცირდა.
გაიზარდა თუ არა ბოლო პერიოდში მგზავრთა რაოდენობა, ამ კითხვაზე საპასუხოდ 2016 წლის ექვსი თვის მონაცემი გასული ორი წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს შევადარეთ.
ცხრილი 2:მგზავრთა ნაკადი 2014-2016 წლების I-II კვარტლებში
წელი | შემოსვლა | გასვლა | სულ | პროცენტული ცვლილება |
2014 | 55 397 | 54 161 | 109 558 | |
2015 | 38 310 | 40 505 | 78 815 | –28% |
2016 | 46 196 | 50325 | 96 521 | 22.4% |
მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში მგზავრთა ნაკადი 22.4%-ით არის გაზრდილი, ის 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს მაინც ვერ უტოლდება (მაშინ ქუთაისის აეროპორტმა 109 558 მგზავრი გაატარა). რაც შეეხება გასულ, 2015 წლის ორი კვარტლის მონაცემს, მგზავრთა ნაკადი საგრძნობლად შემცირდა (–28%).
ვინაიდან ქუთაისის მერი ქალაქში უცხოელი ტურისტების მომრავლებაზეც საუბრობდა, ჩვენ საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკაც გადავამოწმეთ. გარდა მგზავრთა საერთო რაოდენობის ზრდისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2015 წლამდე მზარდი იყო საერთაშორისო მოგზაურთა ნაკადიც (საუბარია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე). 2015 წელს კი, 28%-იანი კლება დაფიქსირდა.
ცხრილი 3:
საერთაშორისო მოგზაურთა წლიური ნაკადი ქუთაისის აეროპორტში
წელი | შემოსვლა | გასვლა | სულ | პროცენტული ცვლილება |
2010 | 2 018 | 2453 | 4 471 | |
2011 | 1 504 | 2132 | 3 636 | –19 % |
2012 | 4 145 | 3964 | 8 109 | 123% |
2013 | 68 568 | 66115 | 134 683 | 1561 % |
2014 | 83 665 | 82523 | 166 188 | 23 % |
2015 | 59 195 | 60341 | 119 536 | –28 % |
ცხრილი 4:
საერთაშორისო მოგზაურთა სტატისტიკა 2014-2016 წლების I-II კვარტლებში
წელი | შემოსვლა | გასვლა | სულ | პროცენტული ცვლილება |
2014 | 43 766 | 41 029 | 84 795 | |
2015 | 26 734 | 25 353 | 52 087 | –39 % |
2016 | 33 277 | 32 120 | 65 347 | 26 % |
როგორც მე-4 ცხრილშია ნაჩვენები, 2015 წლის იანვარ-ივნისში საერთაშორისო მოგზაურთა რაოდენობა 2014 წელთან შედარებით 39%-ით შემცირდა. თუმცა, 2016 წელს, ორ კვარტალში, მათი რიცხვი 26%-ით (13 260-ით) გაიზარდა.
დასკვნატურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მგზავრთა გადაყვანის წლიური სტატისტიკა და ასევე კონკრეტულად საერთაშორისო ვიზიტორების (შემოსული/გასული) რაოდენობრივი მაჩვენებლები ზოგადად მზარდია. თუმცა, ხაზგასასმელია ისიც, რომ 2015 წლის მონაცემები საგრძნობლად ჩამორჩა 2014 წლის მაჩვენებლებს. ასევე, 2016 წლის I-II კვარტალში დაფიქსირებულ მგზავრთა და საერთაშორისო მოგზაურთა რიცხვი 2014 წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს კვლავ ჩამოუვარდება.
შესაბამისად, ფაქტ-მეტრის დასკვნით, შოთა მურღულიას განცხადება არის ნახევრად სიმართლე.