ოქტომბერს, ფინანსთა სამინისტრომ პარლამენტში მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი წარადგინა. პროექტთან დაკავშირებით, კითხვები მას შემდეგ გაჩნდა, რაც გაირკვა, რომ მასში "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებებიდან თითქმის არცერთი ინიციატივა ასახული არ არის.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჟურნალისტებს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველადი ვარიანტის გამოქვეყნების თაობაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომ ახალი ინიციატივები აღნიშნულ პროექტში ვერ აისახებოდა, რადგან ეს საარჩევნო კანონმდებლობით აკრძალულია.
„ჩვენ საბაზისო ვერსია კანონმდებლობით საქართველოს მთავრობაზე განვიხილეთ, თუმცა ახალი ინიციატივები მასში ვერ იქნება ასახული საარჩევნო კანონმდებლობიდან გამომდინარე და მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ, ჩვენ შევძლებთ, რომ შევიტანოთ შესაბამისი ცვლილებები. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, იქნება ის, რაც ჩვენ განვაცხადეთ, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც აუცილებლად განხორციელდება“ - განაცხადადიმიტრი ქუმსიშვილმა.
ფაქტ-მეტრი აღნიშნული განცხადების სიზუსტით დაინტერესდა.
საქართველოს ორგანული კანონი „საარჩევნო კოდექსის” 49-ე მუხლის მე-3 ნაწილი ადგენს:
„არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით აკრძალულია ისეთი პროექტების/პროგრამების განხორციელება, რომლებიც მანამდე არ იყო გათვალისწინებული საქართველოს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში,გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტები/პროგრამები ფინანსდება არჩევნების დღემდე არანაკლებ 60 დღით ადრე შესაბამისი ბიუჯეტის სათანადო პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების ფარგლებში ან/და ამ ასიგნებებიდან გამოყოფილი სახსრებით, აგრეთვე დონორების მიერ გამოყოფილი სახსრებით. “
ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა/განხორციელება საარჩევნო კანონმდებლობით წინასაარჩევნო პერიოდში მართლაც აკრძალულია, თუმცა ეს ნორმა უკვე არსებულ ბიუჯეტზე ვრცელდება და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს არ ეხება, რადგან მომავალი წლის ბიუჯეტის კანონპროექტი წინასაარჩევნო პერიოდში რაიმე პროექტების ან პროგრამების განხორციელებას არ ითვალისწინებს და პარლამენტის მიერ მისი დამტკიცების შემთხვევაში, ძალაში მხოლოდ მომავალი წლიდან შევა.
ფაქტ-მეტრი ასევე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთასორისო გამჭვირვალობა - საქართველოს და სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების იურისტებს ესაუბრა, რომლებმაც ასევე დაგვიდასტურეს, რომ საარჩევნო კანონმდებლობა მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვასთან დაკავშირებით შეზღუდვებს არ აწესებს.
ჩვენ ასევე ბიუჯეტთან დაკავშირებულ სხვა სამართლებრივი აქტების მიმოხილვას გთავაზობთ.
საქართველოს კონსტიტუცია ქვეყნის ძირითად კანონს წარმოადგენს და ბუნებრივია, ის ბიუჯეტის საკითხსაც ეხება.
კონსტიტუციის 92-ე მუხლი ადგენს, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შედგენისა და მიღების წესი განისაზღვრება კანონით და ამასთანავე 93-ე მუხლი განმარტავს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს მთავრობას გააჩნია, რომელიც ვალდებულია მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი პარლამენტს საბიუჯეტო წლის დასრულებამდე არაუგვიანეს სამი თვისა, ანუ სექტემბერში წარუდგინოს. ბიუჯეტის პროექტს საქართველოს მთავრობა ადგენს და პარლამენტისთვის წარდგენამდე ბიუჯეტის პრიორიტეტების განსაზღვრა, მასში ინიციატივების ასახვა და ა.შ. სწორედ მთავრობის პრეროგატივაა.
კონსტიტუციაში მოცემული ზოგადი წესებისგან განსხვავებით, უფრო ვიწროდ და კონკრეტულად ბიუჯეტთან დაკავშირებულ საკითხებს - როგორიცაა საქართველოს საბიუჯეტო სისტემის ფორმირების პრინციპები, ბიუჯეტის პროექტის მომზადების, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტის შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის წესები და ა.შ. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი” არეგულირებს.
საბიუჯეტო კოდექსის მე-3 მუხლი საქართველოს საბიუჯეტო სისტემის სამართლებრივ საფუძვლებს განსაზღვრავს, რაც ნიშნავს, რომ მოცემული მუხლი იმ სამართლებრივი აქტების სიას ადგენს (გარდა აღნიშნული კანონისა), რომელთა საფუძველზეც საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საბიუჯეტო უფლებამოსილებანი ხორციელდება. საბიუჯეტო სისტემა, თავის მხრივ, საქართველოს ცენტრალური, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი ხელისუფლებების ფუნქციების შესასრულებლად ფულადი სახსრების მობილიზებისა და გამოყენების მიზნით სამართლებრივი აქტებით რეგულირებულ საბიუჯეტო ურთიერთობათა ერთობლიობაა.
საბიუჯეტო კოდექსის მე-7 მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, რომ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისთვის პასუხისმგებელია მთავრობა, ხოლო განხილვისთვის საქართველოს პარლამენტი.
ამავე კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, საქართველოს საბიუჯეტო სისტემის მონაწილეთა საქმიანობა, რომელიც მოიცავს ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს, საბიუჯეტო პროცესს წარმოადგენს.
33-ე მუხლი ადგენს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესს კოორდინაციას უწევს და პასუხისმგებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
საბიუჯეტო კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საბიუჯეტო განაცხადებს და სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებს იხილავს და არა უგვიანეს 15 სექტემბრისა საქართველოს მთავრობას განსახილველად წარუდგენს.
დასკვნა
საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონის „საბიუჯეტო კოდექსის” თანახმად, საქართველოს მთავრობის ვალდებულებას და უფლებამოსილებას პარლამეტისთვის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენა წარმოადგენს, რომლის მომზადება და მასში ნებისმიერი კომპონენტის, ახალი თუ ძველი ინიციატივის ასახვაც მთავრობის პრეროგატივაა.
საქართველოს საარჩევნო კოდექსის 49-ე მუხლის მე-3 ნაწილის მართლაც კრძალავს არჩევნების დღემდე მე-60 დღიდან არჩევნების დღის ჩათვლით ისეთი პროექტების ან პროგრამების განხროციელებას, რომელიც მანამდე სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული არ ყოფილა. თუმცა, ეს კონკრეტული მუხლი უკვე არსებულ ბიუჯეტზე ვრცელდება და მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს არ ეხება.
ფაქტ-მეტრის დასკვნით, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადება, რომ მომავალი წლის (2017) ბიუჯეტის პროექტში „ქართული ოცნების” მიერ გაცემული წინასაარჩევნო დაპირებები და ახალი ინიციატივები ვერ აისახებოდა, რადგან ეს საარჩევნო კანონმდებლობით არის აკრძალული, არის ტყუილი.